რეპრესირებული ქართველი მწერლების განსხვავებული ცხოვრების გზა და ერთნაირი ტრაგიკული აღსასრული - კვირის პალიტრა

რეპრესირებული ქართველი მწერლების განსხვავებული ცხოვრების გზა და ერთნაირი ტრაგიკული აღსასრული

გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებმა საბჭოთა საზოგადოების ყველა ფენა და ჯგუფი მოიცვა. რეპრესიები არ იყო ქაოტური და შემთხვევითი: ის ერთი ცენტრიდან, კრემლიდან, კონკრეტულად კი სტალინის კაბინეტიდან იმართებოდა. 1934 წლის 1 დეკემბერს, სერგეი კიროვის მკვლელობის შემდეგ, რეპრესიები სტალინის პოლიტიკური ოპოზიციისთვის "საქმეების შეკერვით" დაიწყო და სამი წლის შემდეგ ისინი თითქმის ყველა დახვრიტეს. დაუნდობელი ტერორი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით პარალელურად ვითარდებოდა. "პარტიული ბლოკი", "სამხედრო ბლოკი", "სპეცსამსახურების ბლოკი", "მეცნიერებისა და განათლების მუშაკთა ბლოკი", "მწერლების ბლოკი". "ტექნიკური ინტელიგენციის ბლოკი" - ამგვარი იყო გასანადგურებელი ”მიზნობრივი ჯგუფები". ჯალათი "ჩეკისტების" მონდომებით ამ "ბლოკებს" შორის ცრუ ჩვენებებით "გამყარებული" "კონტრრევოლუციური ხიდებიც" გაიდებოდა ხოლმე: მაგალითად მეგობრული ურთიერთობა ან ნათესაობა "ძველ ბოლშევიკსა" და ცნობილ მწერალს შორის საკმარისი იყო ორივეს დასახვრეტად და მათი ოჯახების ასაწიოკებლად!

რეპრესიებს, რომლებიც მილიონობით საბჭოთ ადამიანს შეეხო, ჰქონდა, როგორც საერთო, ასევე კონკრეტულ-სპეციფიკური მიზეზები. რეპრესირებული ქართველი მწერლების ტრაგიკული ბედის შესწავლის შემდეგ შეიძლება ეს მიზეზები ამგვარად დავაჯგუფოთ: 1. საქართველოში მიმდინარე შიდა პარტიულ ინტრიგებში მწერლების პირდაპირი ან ირიბი ჩართულობა; 2. გრიგოლ რობაქიძის საზღვარგარეთ დარჩენის ფაქტორი;

picture2-1683616284.jpg

გრიგოლ რობაქიძე (1882-1962)

3. 1936 წლის ზაფხულში საქართველოში სტუმრად მყოფი ცნობილი ფრანგი მწერლის, ანდრე ჟიდის ფაქტორი. მან 1936 წლის ზაფხულში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, სტუმრობდა საქართველოსაც: მას მასპინძლობდნენ ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, მ. ჯავახიშვილი და სხვ. საფრანგეთში დაბრუნებულმა ა. ჟიდმა 1936 წლის ბოლოს გამოსცა კრიტიკული წიგნი ამ მოგზაურობის შესახებ, რაც მის სტუმრობასთან დაკავშირებულ ყველა მწერალს, როგორც მოსკოვში, ასევე საქართველოში, სახათაბალოდ გაუხდა. 4. პიროვნული ფაქტორი: ლავრენტი ბერიას პირადი დამოკიდებულება მწერლებთან; 5. ვლადიმერ ჯიქიას ფაქტორი: ცნობილი ბოლშევიკი და შემდეგ, საქართველოში მიმდინარე დიდი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის ხელმძღვანელი, ვ. ჯიქია პირდაპირ "მოსკოვზე გადიოდა" და ბერიას ანგარიშს არ უწევდა. ამ ორი პიროვნების ფარულ დაპირისპირებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 6. მწერლებს შორის არსებული პიროვნული დაპირისპირება, რასაც შედეგად საბჭოთა პოლიტიკურ პოლიციაში დაბეზღება მოჰყვებოდა; 7. 20-30 წლებში ნამდვილი პატრიოტი ქართველი მწერლების მონაწილეობა ფარულ ანტისაბჭოთა ჯგუფებში და კავშირი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. ეს საკითხი ფაქტობრივად, შეუსწავლელია და მხოლოდ საბჭოთა არქივებზე დაყრდნობა რეალურ სურათს არ მოგვცემს. საჭიროა ქართული ემიგრაციისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების იმ პერიოდის საარქივო დოკუმენტების შესწავლა. ხშირად ზემოთ ჩამთვლილი ფაქტორები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ (ან "ჩეკისტები" აკავშირებდნენ) და ამ შემთხვევაში გადარჩენა გამორიცხული იყო.

picture1-1683616284.jpg

ვლადიმერ ჯიქია (13.05.1893-11.07.1937)

"დიდი ტერორის" წლებში ასეულობით რეპრესირებული ქართველი მწერლიდან, თუნდაც რამდენიმეს ტრაგიკული ისტორიის გაცნობაც კარგად გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებდა სტალინური რეპრესიების მექანიზმი. ოთხ ქართველ მწერალს: მ. ჯავახიშვილს, ტ. ტაბიძეს, პ. იაშვილსა და ნ. მიწიშვილს განსხვავებული ცხოვრების გზა, თუმცა ერთნაირი ტრაგიკული აღსასრული ჰქონდათ. ეს, განსხვავებული ნიჭის, განათლების, მიზნებისა და ცხოვრების წესის ადამიანები მეტ-ნაკლები გულმოდგინებით თანამშრომლობდნენ ბოლშევიკურ რეჟიმთან: ზოგი ანტისაბჭოთა შეთქმულებებში მონაწილეობის შემდეგ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით (მ. ჯავახიშვილი), იძულებული გახდა შეგუებოდა ახალ ხელისუფლებას. თუმცა იყო განსხვავებული არჩევანიც.

საქართველოში ბოლშევიკების ოკუპაციის დასაწყისიდანვე ზოგიერთმა ქართველმა მწერალმა თავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გააკეთა არჩევანი ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ: მათ შორის ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი და ნ. მიწიშვილიც იყვნენ. მათგან ნიკოლოზ მიწიშვილი (სირბილაძე) იყო ის პიროვნება, რომელიც ყველაზე აქტიურად ჩაერთო ბოლშევიკების მიერ ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ წარმოებულ ღია და ფარულ ოპერაციებში. ამასთან დაკავშირებით ერთ მოსაზრებას გაგაცნობთ.

ჩემი აზრით, საქართველოში 1924 წლის "აგვისტოს აჯანყების” მომზადების წინა პერიოდი და მისი მიმდინარეობა საბჭოთა კავშირის მთავარი სადამსჯელო ორგანოს - გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოსთვის (ОГПУ) კარგად იყო ცნობილი და არაა გამორიცხული მის მიერვე იყო დაგეგმილ-განხორციელებული. ამ მოსაზრების საფუძველი შემდეგია.

საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი დოკუმენტ­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ რუსი ეროვნების ჩეკისტს, პეტ­რე ზუ­ბოვს (1898-1952) მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ას­თან. პ. ზუ­ბო­ვი და­ი­ბა­და ტიფ­ლის­ში 1898 წლის 7 თე­ბერ­ვალს, კარგად ფლობდა ქართულ ენას. ის 1918 წელს გახ­და ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ტე­რო­რის­ტულ აქ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს დემოკრატიული რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი. 1920 წლის მარ­ტში ზუ­ბო­ვი სა­გან­გე­ბო რაზ­მის მე­თა­ურ მე­ქი კე­დი­ას მებ­რძო­ლებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს და ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში გა­ამ­წე­სეს (სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ გა­იც­ნო ლავ­რენ­ტი ბე­რია), თუმ­ცა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1920 წლის 7 მა­ი­სის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს ზუ­ბო­ვი წი­თე­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლებ­თან ერ­თად შე­მო­ვი­და თბი­ლის­ში. იმა­ვე პე­რი­ო­დი­დან ის სა­ქარ­თვე­ლოს ჩე­კას ოპე­რა­ტი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს. 1922 წლის და­საწ­ყის­ში ზუბოვი სა­ქარ­თვე­ლოს ჩე­კას სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის იმ ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რულ­ მუ­შა­ო­ბას ეწე­ო­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის დო­კუ­მენ­ტებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გას­მუ­ლია ზუ­ბო­ვის დამსახურე­­ბა 1922-24 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი სამ­ხედ­რო გა­მოს­ვლე­ბის ჩახ­შო­ბის ოპე­რა­ცი­ებ­ში. ირკვევა, რომ ზუ­ბოვს აგენტურა ჰყავდა სტამბოლში, ქართულ ემიგრანტებს შორის და მას 1922 წლის ივ­ნის­ში ხელთ ჩა­უ­ვარ­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ო­და, რომ საზ­ღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი სამ­ხედ­რო აჯან­ყე­ბას გეგ­მავ­დნენ. ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს - ფე­ლიქს ძერ­ჟინ­სკის წარუდგი­ნა. მან კი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სპეციალური საიდუმლო მოხსენებით მიმართა ბოლშევიკების უმაღლეს პარტიულ ორგანოს - პოლიტბიუროს, სადაც (როგორც საბჭოთა საგარეო დაზვერვის ისტორიის წყაროებშია აღნიშნული) დამტკიცებული ყოფილა შესაბამისი პოლიტიკური და საორგანიზაციო ზომები. ასე რომ, საქართველოში სამხედრო აჯანყების გეგმების ხელში ჩაგდების, ქვეყნის შიგნით ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ემიგ­რა­ცი­ი­დან სოციალ-დემოკრატების ბელადების ჩა­მოტ­ყუ­ე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია მოს­კოვ­ში 1923 წლის გაზაფხულიდან მუშავდებოდა და 1924 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ბოლ­შე­ვი­კე­ბის სის­ხლი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულდა.

ცნობილია, რომ ნ. მიწიშვილი სტამბოლში 1922 წლიდან იმყოფებოდა და ხშირი შეხვედრები ჰქონდა ინტერპარტიული კომიტეტის წევრებთან (მათ შორის ვალიკო ჯუღელთან), ქართველი ემიგრანტები ნ. მიწიშვილს, რატომღაც სრულად ენდობოდნენ და მის ახლო კონტაქტებს ბოლშევიკებთან გამორიცხავდნენ. შეიარაღებული აჯანყების მომზადების საკითხი სტამბოლში მუდმივად განიხილებოდა და სავსებით შესაძლებელია ეს ნ. მიწიშვილისთვისაც გახდა ცნობილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ლ. ღოღობერიძისთვის თბილისში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში მენშევიკების ფიზიკურ განადგურებას მოითხოვდა, ინფორმაციას სამხედრო აჯანყების მზადების შესახებ ბოლშევიკებს არ შეატყობინებდა? რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია, რომელიც დამატებით კვლევას საჭიროებს.

picture4-1683616284.jpg

მარცხნიდან: იოსებ გრიშაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ეული, გრიგოლ რობაქიძე, ნიკოლოზ მიწიშვილი, პაოლო იაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე.1928 წ.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: ლ. ღოღობერიძისთვის უცხოეთიდან გამოგზავნილ წერილებს ნ. მიწიშვილი ამგვარად ასრულებდა - "შენი ნიკოლოზი". ყურადღება მიაქციეთ: არა "ნიკოლო", არამედ - "ნიკოლოზი". ეს სულაც არაა წვრილმანი საკითხი, რადგანაც ბოლშევიკებს არასდროს მოსწონდათ "ცისფერყანწელების" (ისევე, როგორც ქართველი "ფუტურისტების") პოეტური "ახირებები". ამიტომაც იყო, რომ 1936 წელს კრემლში, სტალინთან შეეხვედრაზე (როგორც პოეტი ირაკლი აბაშიძე იხსენებს) ნატა ვაჩნაძისა და პაოლო იაშვილის სახელებს "დიდმა ბელადმა" კვლავ ძველი ჟღერდადობა დაუბრუნა და "ნატოსა" და "პავლეს" უწოდებდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ "ნიკოლო" მიწიშვილი კვლავ ნიკოლოზი გახდა. მით უფრო ოფიციალურ წერილებში. 1934 წელს ნ. მიწიშვილი ლ. ბერიას სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობდა. 1934 წლის 14 სექტემბერს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივან ლავრენტი ბერიასთვის გაგზავნილ წერილში ნ. მიწიშვილი თავის თავზე მესამე პირში საუბრობს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): "ამხ. მიწიშვილი ხომ იმ რამდენიმე მწერალთა შორისაა, რომლებიც 1921 წელს, საბჭოთა მთავრობის მოსვლის პირველივე დღეებში გამოჩნდნენ. . . . მას არ დაუწერია არცერთი სტრიქონი, არ გამოუთქვამს არცერთი ფრაზა, რომლის მიხედვითაც იფიქრებდი, მტერი ყოფილაო: იგი იყო, არის და დარჩება საბჭოთა ადამიანად". წლები გადიოდა, ბოლშევიკებს შორის მიმდინარე შიდა პარტიული ინტრიგები სულ უფრო დაუნდობელ ხასიათს იძენდა და ნ. მიწიშვილსაც, სურდა თუ არა, ამ საბედისწერო მორევში ითრევდა.

ნახეთ ბლოგის წინა ნაწილი

(მეთხუთმეტე ნაწილის დასასრული)