ქართული მოგზაურობის თავისებურებანი ვიეტნამში
(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19)
ქართული მოგზაურობის თავისებურებანი ვიეტნამში
"დიახ მე კომუნისტი ვარ, მაგრამ ჩემი მიზანი ვიეტნამისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაა და არა კომუნისტური ბატონობის დამყარება". ხო ში მინი 1943წ.
ჰანოის გულში
როდესაც ჰანოის ცენტრში დაკარგულები გვიპოვეს, ექსკურსია ვიეტნამის დედაქალაქში გაგრძელდა.
- ახლა ჩვენ ჰანოის სიმბოლოს, უძველეს პაგოდას დავათვალიერებთ - გამოგვიცხადა თოომ (გიდი), რომელმაც გულში ვინ იცის მერამდენედ გადაგვთვალა, კიდევ ვინმე არ დამაკლდესო, - შემდეგ კი ხო ში მინის მავზოლეუმსაც ვნახავთ - დაამატა ამაყად.
- ხო ში მინის მავზოლეუმი არ გვინდა - გაისმა ავტობუსის ბოლო რიგებიდან - კომუნისტურ რეჟიმთან ასოცირებული არაფერი გვაინტერესებს. გვირჩევნია რომელიმე კარგი აბრეშუმის მაღაზია დავათვალიეროთ - აჰყვნენ ჯგუფის სხვა წევრებიც.
ვიეტნამის ბელადის განსასვენებლის ნახვაზე მე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, მაგრამ რადგან უმცირესობაში აღმოვჩნდი, თავი აღარ გამოვიდე.
- თქვენი ნებაა - შევამჩნიე, როგორ ჩაუქრა თვალებში ცეცხლი ჩვენს გიდს (მოგვიანებით, როდესაც მივხვდი, რომ ვიეტნამისთვის ხო ში მინი არა საბჭოთა ლიდერი, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოა, შემრცხვა).
პაგოდა მეფე ლიმ ნამ დემ 541-545 წელს ააშენა წითელი მდინარის ნაპირას, ახლა კი ის ჰანოის შუაგულშია, ე.წ. ცენტრალურ ტბასთან - მოგვიანებით, მდინარის ნაპირის ჩამოშლის შემდეგ, პაგოდა ჰანოიში კიმგუს (ოქროს თევზი) კუნძულზე გადაიტანეს და დღემდე ტურისტებისთვის ერთ-ერთ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილად ითვლება. ეზოში უამრავი ტურისტი თუ ვიეტნამელი ირეოდა. აქაურებს ეროვნულ სამოსში გამოწყობა ქვეყნის სიყვარულის გამოხატულებად მიაჩნიათ. ამიტომ ხშირად შეხვდებით ასე გამოწყობილ ლამაზმანებს. ჩვენს ყურადღებას თუ მათი ჭრელაჭრულა სამოსი იქცევდა, ისინი ქართულ დროშას არ აცილებდნენ თვალს, უფრო გაბედულები კი მასთან ერთად ფოტოს გადაღებას გვთხოვდნენ.
ამბავი აბრეშუმის შარფისა
მოკლედ, ხო ში მინის მავზოლეუმის ნაცვლად, ჰანოის ერთ-ერთ საუკეთესო რამდენიმესართულიან აბრეშუმის მაღაზიაში ამოვყავით თავი. ვიეტნამური აბრეშუმი მსოფლიოში ცნობილია და ძალიან მინდოდა რამე მეყიდა, მაგრამ როგორც კი პირველ სართულზე აბრეშუმის სურათებზე მომუშავე გოგონებს მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ აქაურ აბრეშუმზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო.
- ზემო სართულებზე ტანსაცმელია - საზეიმოდ გამოგვიცხადა მენეჯერმა და წინ გაგვიძღვა. სანამ ჩვენი ჯგუფის წევრები სხვადასხვა ტანსაცმლის არჩევით იყვნენ დაკავებული, საოცარი კოლექციების რიგებში შურით აღვსილი დავდიოდი და თავს იმით ვინუგეშებდი, რომ აქ ჩემი ზომა არაფერი იყო.
- ხომ არ შეგირჩიოთ რამე? - შემომცინა კონსულტანტმა.
- არა! - მოვუჭერი უცბად - მიუხედავად სურვილისა, ვერაფრის ყიდვას ვერ შევძლებ, რადგან ჩემი ზომის არაფერი გაქვთ - რადგან "მისია უკვე შესრულებული იყო", მედიდურად შევხედე.
კონსულტანტმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და თანაგრძნობის ნიშნად თავი დამიქნია. ის იყო, გაცლა დავაპირე, რომ მოულოდნელად სახე გაუნათდა:
- ჩვენ ხომ შარფების კოლექციებიც გვაქვს... ამის გაგონებაზე უცებ დამცხა, თუმცა იხტიბარი არ გავიტეხე და მეზობელ დარბაზებში გავყევი. საოცრად ფერადი, მოფარფატე აბრეშუმების დანახვაზე ნერწყვი მიშრებოდა.
- რომელი მოგართვათ? - მკითხა გამომწვევად.
სხვა გზა აღარ იყო და, ყველაზე პატარა შარფისკენ გავიშვირე ხელი - ცალკე ეკიდა, ქვეშ ვიეტნამური წარწერით, ხელსახოცისხელა თუ იქნებოდა. ვიფიქრე, ამას ცოტა ნაჭერი სჭირდება, თან ეტყობა, ძველი კოლექციიდან არის და კაპიკები ეღირება-მეთქი.
- კარგი არჩევანია - მანიშნა კონსულტანტმა. დიდი რუდუნებით ჩამოხსნა, რამდენჯერმე კარგად დახედა და ლამის სულის შებერვით მიიტანა სალარომდე.
- რამდენი უნდა გადავიხადო? - ვიკითხე არხეინად.
- 80 დოლარი.
თავიდან ვიფიქრე, მომესმა-მეთქი. მინდოდა მეყვირა, რა აქვს ამას 80 დოლარის-მეთქი, მაგრამ დამასწრეს:
- ეს ყველაზე ძვირფასი აბრეშუმია - ამიხსნა მოლარემ და ხელი წარწერისკენ გაიშვირა.
- ბოლო ფასი გვითხარით - მხსნელად მომევლინა თოო.
- ბოლო ფასია, ისედაც 10%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ - გაგვიღიმეს მაცდურად.
ერთი კი გავიფიქრე, ბურჭულაძე, შენი ქედმაღლობა დაგღუპავს-მეთქი, და ხელის კანკალით დოლარის გადათვლა დავიწყე.
ქრთამი "რკინიგზის ქუჩასაც ანათებს"
ჰანოიში არის ადგილი, რომელიც უფრო მეტ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან, ვიდრე მისი კულტურული მემკვიდრეობა. ეს ე.წ. რკინიგზის ქუჩაა, სადაც ჩამვლელი მატარებელი, ფაქტობრივად, ორმხრივად ჩამწკრივებულ სახლების კედლებს ეხება. ტურისტთა ასეთი ყურადღების გამო სახლები არტკაფეებად იქცა, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი საათობით ელოდება მატარებლის ჩავლას, რათა სანუკვარი სელფი გადაიღოს. ხელისუფლებამ ტურისტთა უსაფრთხოების მიზნით რკინიგზის ქუჩა გადაკეტა და მატარებლის ნახვა მხოლოდ კვირასაღამოობით შეიძლება.
რკინიგზის ქუჩაზე მისულებს ლიანდაგზე ბარიერი და ორი მშვიდად მომუსაიფე პოლიციელი დაგვხვდა, შესვლა არ შეიძლებაო, გვანიშნეს.
- როგორ თუ არ შეიძლება?! - ჯერ აღვშფოთდით, მერე კი - იქნებ სულ რამდენიმე წუთით შეგვიშვათ - დავუწყეთ ჯიჯღინი, თუმცა პოლიციელები შეუვალნი იყვნენ.
- აბა, ესენი როგორც შევიდნენ? - საქმეში ჩავერთე მეც, როდესაც ლიანდაგზე მოსიარულე ხალხი შევნიშნე, პოლიციელები კი ვითომც არაფერიო, საუბარს აგრძელებდნენ. მოულოდნელად დავინახეთ, რომ მაღაზიის ეზოდან ამ ვითომდა დაკეტილ ქუჩაზე ტურისტები შევიდნენ, რომლებსაც პოლიციელები "ვერ ხედავდნენ".
- რით ვართ ამათზე ნაკლები? ჩვენ რატომ არ გვიშვებთ?! - ერთხმად აზუზუნდა მთელი ჯგუფი.
- წადით აქედან, თორემ პოლიციის განყოფილებაში დავრეკავ - დაგვემუქრა პოლიციელი.
თოოს ამის გაგონებაზე ფერი ეცვალა, წავიდეთ, თორემ დიდი პრობლემები შეგვექმნებაო, გვეხვეწებოდა.
- ვისაც გინდა, იმას დაურეკე, ბიჭო! - მომესმა საიდანღაც და თავი წამით ჩემს მშობლიურ "ნახალოვკაში" წარმოვიდგინე.
- სხვებს თუ უშვებთ, ჩვენ ვისზე ნაკლები გგონივართ? - ახლა პოლიციელს ეცვალა ფერი. სწორედ იმ მომენტში გაიგო, რას ნიშნავს 15 განრისხებული ქართველი ქალის წინ დგომა - ყველას სახეზე გვეწერა, რომ პოზიციებს არ დავთმობდით, იქ შესვლა უკვე პრინციპის საკითხი იყო და რკინიგზის ქუჩა თავის წილ "დიდგორს" იხილავდა. უცებ მეზობელი მაღაზიიდან გვანიშნეს, აქ მოდითო.
- ორ-ორი შედით - გვითხრა მეპატრონემ - ლიანდაგზე არ იაროთ, პოლიციამ არ დაგინახოთ.
- როგორ არ უნდა დაგვინახოს, როცა გვერდზე უნდა ჩავუაროთ - გავიკვირვე მე.
- არ დაგინახავენ - თვალის მოჭუტვით მიპასუხა.
ერთბაშად ყველაფერი ცხადი გახდა, სქემა მარტივი, მაგრამ კარგად აპრობირებული გახლდათ - ქუჩაზე განლაგებული არტკაფეების მეპატრონეები კლიენტების შეშვების სანაცვლოდ პოლიციელებს ფულს უხდიან, რათა ეზოდან შეპარებული ტურისტები "არ შეამჩნიონ". რკინიგზის ქუჩა საბრძოლველად ნამდვილად ღირდა - კაფეები სავსე იყო ტურისტებით. ლიანდაგზე არ გადახვიდეთო, რა თქმა უნდა, არავის ახსოვდა. თოო უშედეგოდ ცდილობდა ურჩი ჯგუფის წევრების L"ჭუაზე მოყვანას", უფრო მორჩილებმა კი საქვეყნოდ ცნობილი ვიეტნამური კვერცხიანი ყავა დავლიეთ და თან ვამხნევებდით სახეალეწილ თოოს, რომელსაც კაფეების მეპატრონეები საყვედურობდნენ ლიანდაგზე მოპოზიორე ჯგუფის წევრების გამო.
"კუს ტბა"
ავტობუსში რამდენჯერმე საგულდაგულოდ გადათვლის შემდეგ თოომ ექსკურსიის მორიგი მარშრუტი გვამცნო.
- იქნებ გვეჭამა რამე, უკვე მოსაღამოვდა - წამოვიკნავლე.
- რა დროს ჭამაა, ჯერ ყველაფერი მოვიაროთ - ერთბაშად რამდენიმე ხმამ მიპასუხა და მშიერი კუჭის ამოვსების ბოლო იმედიც ჩამიქრა.
- ცოტას ვჭამთ, მალე ვხდებით - ხელი წამკრა ქეთიმ და ასე ნირწამხდარი ბუზღუნ-ბუზღუნით მივედი "დაბრუნებული ხმლის ტბასთან".
ლეგენდის მიხედვით, ჩინელ დამპყრობლებთან მებრძოლ ვიეტნამის მეფე ლე ლოუს გადამწყვეტი ბრძოლის წინ ტბის პატრონმა ოქროს კუმ ხმალი მისცა. გამარჯვების შემდეგ ტბაზე მოსეირნე მეფეს კუმ ხმლის დაბრუნება სთხოვა, მეფემ პირობა შეასრულა და დღესაც ეს ძლევამოსილი ხმალი ტბის ძირას ინახება. ამ ამბის პატივსაცემად ტბაში პატარა ტაძარია აგებული, რომელსაც ხმელეთთან ულამაზესი წითელი ხის ხიდი აკავშირებს. მართალია, გამარჯვების ხმალი ვიეტნამის ისტორიაში მეორედ აღარ გამოჩენილა, თუმცა საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში ამ პატარა კუნძულზე კოშკის თავზე ვიეტნამის რევოლუციური დროშა ამაყად ფრიალებდა როგორც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო.
- მსგავსი ლეგენდა ჩვენც გვაქვს - ვუთხარი თოოს და სხაპასხუპით მოვუყევი ბაზალეთის ოქროს აკვნის ამბავი. ჩვენი ქვეყნის ბედკრულობიდან გამომდინარე უნებურად აღმომხდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ლეგენდებია, დაპყრობილი და უიმედო ერების ოცნებები.
- არა, სიმართლეა! - დამავლო ხელი თოომ და ტაძრის ერთ დარბაზში გამიყოლა... ნახე! - ხელი ვიტრინისკენ გაიშვირა, სადაც გიგანტური კუს ფიტული იდო (ტბაში აღმოაჩინეს, 250 კგ-ს იწონიდა) - ტბის პატრონი ოქროს კუს შთამომავლები ახლაც აქ ცხოვრობენ - გამიღიმა ამაყად.
კუს მზერამ გამაქვავა. ერთხანს მართლა დავიჯერე, რომ ტბის ძირას ის ძლევამოსილი ხმალი მართლაც ინახება. მაშ, როგორ შეძლო ამ პატარა ერმა უამრავი დამპყრობლისგან თავის გადარჩენა, საფრანგეთის ოკუპაციის დამარცხება და ამერიკის წინააღმდეგ 21-წლიან ომში გამარჯვება და ქვეყნის გაერთიანება-მეთქი, ვაჯერებდი თითქოს თავს. სადღაც შემშურდა კიდეც, მაგრამ მერე უცებ თავში დამკრა: თუ ოქროს კუს ხმლის ამბავი ლეგენდა არ არის, მაშინ იქნებ ბაზალეთის ოქროს აკვანიც ქართველი კაცის ოცნება სულაც არ არის და ის თავის პატრონს მართლა ელის?! ამ არეულ-დარეული ფიქრებიდან ქეთის ხმამ გამომარკვია, ნინო, არ ჩამოგვრჩეო. ერთხანს არც შიმშილი მახსოვდა და არც გადაგდებული 80 დოლარი.
ეთნოგრაფიული მუზეუმის და რამდენიმე საინტერესო ადგილის მონახულების შემდეგ თოომ ხელახლა გადაგვთვალა და გამოგვიცხადა, რომ დედაქალაქის დათვალიერება დამთავრებულია, ახლა თავისუფალი დრო გაქვთ, შეგიძლიათ ივახშმოთო. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო.
- სასტუმროში ველორიქშებით მივალთ და თან გზად ქუჩებს დავათვალიერებთ - დაამატა ქეთიმ.
"ოღონდ ეს არა" - გავიფიქრე, როცა თავი ჰანოის ქუჩების ქაოსში ველორიქშაში წარმოვიდგინე... რიქშაში ორნი ვისხედით და მთელი გზა შიშისგან წივილ-კივილით ვიარეთ, თუმცა ჩვენზე მეტს ევროპელი ტურისტები გაჰკიოდნენ. ვფიქრობდი, ალბათ, რომელიღაც წინა ცხოვრებაში ცოდვები მქონდა ჩადენილი და ღმერთმა ველორიქშით მომიკითხა-მეთქი.
...ადრიანად დავიძინეთ, რადგან მეორე დღეს სისხამ დილით ვიეტნამის მთიანეთში, შავი ხონგებისა და წითელი დაოს ხალხის სამფლობელოში მივემგზავრებოდით.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)