რომელი ქართველი მწერალი ფიქრობდა,  რომ  "ევროპა, როგორც  იდეა - გათავდა. ეს ფაქტია... დგება დრო ჩვენი გზების გადასინჯვისა. არჩევანის დრო". - კვირის პალიტრა

რომელი ქართველი მწერალი ფიქრობდა,  რომ  "ევროპა, როგორც  იდეა - გათავდა. ეს ფაქტია... დგება დრო ჩვენი გზების გადასინჯვისა. არჩევანის დრო".

ასი წლის წინათ საქართველოს ოკუპაციას "რუსულ ჩექმასთან" ერთად ყოველივე ქართულის და პატრიოტულის წაშლის მცდელობაც მოჰყვა: ბოლშევიკებს სურდათ სამყაროს ათვლა მათგან დაწყებულიყო, ამიტომაც გაგულისებული ებრძოდნენ ქართულ ენას, ისტორიასა და კულტურას. ამ ბოროტებაში მათ, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველი მწერლებიც ედგნენ გვერდში. საოცარი ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის დიდი ქართველი მწერლები ახერხებდნენ და სათქმელს უსასტიკესი ცენზურის პირობებშიც ალეგორიულად გადმოსცემდნენ. გამგები ყოველთვის იგებდა. ამიტომაც იყო, რომ მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებს" მალევე მოუნახეს გასაღები და "ჯაყოს" უკან ზოგმა ბოლშევიკური რუსეთი, ზოგმა კი პირადად იოსებ ჯუღაშვილი დაინახა. ან კიდევ კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა": უკვდავი რომანი ხელოვანისა და ტირანის უთანასწორო ბრძოლის შესახებ. იგივე ითქმის დიდი გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

"კ. გამსახურდია ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც სახლში პური მიაქვს და უკან კბილდაღრჭენილი ქოფაკი მისდევს. პური რომ შინ მიიტანოს და თავად ძაღლის დაკბენას გადაურჩეს, იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს, დროებით შეაჩეროს და სახლში შეასწროს. მთელი ცხოვრების მანძილზე ასე გაურბოდა მწერალი უკანდადევნებულ საბჭოთა ხელისუფლებას”. ეს ზუსტი შედარება აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის და არა მარტო კ. გამსახურდიას, არამედ სხვა დიდ ქართველ მწერლებს, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილს და "ცისფერყანწელებსაც" ეხება.

"ცისფერყანწელების" ახლო მეგობრობა და თანამშრომლობა ოკუპანტ ბოლშევიკ-კომუნისტებთან მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი. თუმცა ქართული საზოგადოება (მათი პოეზიის მოყვარული არის, თუ არა) ყოველთვის გულის სიღრმეში ფიქრობდა და ფიქრობს, რომ ამ გზით ისინი სიცოცხლის გადარჩენას და ქართულ (თუნდაც "საბჭოთად" წოდებულ) მწერლობაში დარჩენას ცდილობდნენ, რათა სამშობლოს სიყვარული ფარულად, თუ მინიშნებით, ლექსის სტრიქონ-სტრიქონ შეეპარებინათ. გასული საუკუნის 30 იანი წლების დასაწყისამდე ეს "ეშმაკობა" მიზანს ხშირად აღწევდა, თუმცა "ქილერი კრიტიკოსები" სულ უფრო და უფრო დაუნდობელნი ხდებოდნენ. აი, რა ამოცანა დაუსახა "მშობლიურმა პარტიამ" მათ: "პროლეტარულმა მწერლობამ უნდა გააძლიეროს იდეური მეთვალყურეობა, უნდა ამხილოს და ებრძოლოს კლასობრივი მტრების ყოველ ცდას სადაო თანამგზავრებსა და მოკავშირეებზე გავლენის მოსაპოვებლად". "კრიტიკოსებიც" დაუნდობლად ამხელდნენ მწერლების "იდეოლოგიურ გადახვევებს", რაც ხშირად სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ ქართველ მწერლებს.

ჩემი აზრით "ცისფერყანწელებში" გამორჩეული ნიჭის პაოლო, ტიციანი და გოგლა იყვნენ, ამიტომაც უფრო ღრმა კვალი დატოვეს ქართულ მწერლობაში. სხვებივით მათაც უხდებოდათ ბოლშევიკ-კომუნისტების "სოციალისტური რეალიზმის" მოთხოვნების გათვალისწინება. სტალინზეც წერდნენ ლექსებსა და პოემებს. თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი: სამივემ იწვნია სტალინ-ბერიას "სისხლიანი რეპრესიების" სისიასტიკე. პ. იაშვილმა თავი მოიკლა, ტ. ტაბიძეს 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯეს, როგორც საფრანგეთის ჯაშუშს. შემდეგ კი დახვრიტეს. გ. ლეონიძე თავად კი გადაურჩა ციხეს და რეპრესიებს, თუმცა მისი უფროსი ძმა ლეონ (ლევან) ლეონიძე 1937 წლის 10 მარტს დახვრიტეს, როგორც ტერორისტული დაჯგუფების წევრი. "ცისფერყანწელების" უმრავლესობამ იძულებით გააფორმა "კონტრაქტი ეშმაკთან", თუმცა იყვნენ ისეთი მწერლებიც, რომლებიც საკუთარი ნება-სურვილით ჩადგნენ ბოლშევიკ-კომუნისტების "იდეოლოგიური ფრონტის" ჯარისკაცთა რიგებში. პირდაპირ უნდა ითქვას: ისინი ქართულ მწერლობაში განსაკუთრებული ნიჭით არ იყვნენ გამორჩეულნი. შეიძლება მათ ამიტომაც აირჩიეს "ეშმაკის მსახურის" საძრახისი როლი. ეს მათი დიდი ტრაგედიაც იყო.

ნ. მიწიშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლები, რომლებსაც ძალზე უჭირთ ამ მწერლის ნაწარმოებებიდან რაიმე გამორჩეულად მნშვნელოვანით დაგვაინტერესონ, "დიდ მოაზროვნედ" მის წარმოსაჩენად იშველიებენ 1922 წელს სტამბოლში დაწერილ და საქართველოში "წისფერყანწელებისთვის" გამოგზავნილ წერილს: "ფიქრები საქართველოზე". ოცდახუთი წლის ყმაწვილკაცის ( რომლის განათლების " უმაღლესი დონე" ქუთაისის რეალური სასწავლებელი და ორწლიანი სამასწავლებლო კურსები იყო, რომელმაც არც ერთი უცხო ენა არ იცოდა!) აბურდული ფიქრები, ლამის დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" გაუტოლონ. ეს "ფიქრები" 1922 წელს სტამბოლიდან გამოუგზავნია ნ. მიწიშვილს "ცისფერყანწელებისთვის" ჟურნალში დასაბეჭდათ, თუმცა "ყანწელები" მაშინვე მიმხვდარან მის "ფასეულობას" და სრულიად უყურადღებოდ დატოვეს. ამ "ფიქრებმა" ფართო აუდიტორიისკენ გზა თავად ნ. მიწიშვილის დახმარებით გაიკვალა. ეს კი ამგვარად მოხდა. ზოგადად ნ. მიწიშვილის ბიოგრაფიას თარიღების გარეშე ვერ მიყვები და თარიღებს მიღმა სიმართლესაც ვერ დაინახავ.

b2-1684219013.jpg
სხედან (მარცხნიდან): ქრისტეფორე რაჭველიშვილი, კოტე მაყაშვილი, ბართლომე (ბარონ) ბიბინეიშვილი; დგანან: დავით სულიაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი

1925 წლის შემოდგომაზე საფრანგეთიდან, როგორც ბოლშევიკ-პროპაგანდისიტი, გამოძევებული ნ. მიწიშვილი, ტფილისში ლამის გმირად მიიღეს და გაწეული შრომა დაუფასეს: მალევე "იდეოლოგიური ფრონტის" წინა ხაზზე მიავლინეს და სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნ. მიწიშვილი კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო, ამ პოსტზე დანიშვნით მას საბჭოთა ხელისუფლებამ გასაკვირად დიდი ნდობა გამოუცხადა. მალევე საქართველოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ნ. მიწიშვილი სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ახლად დაარსებული, ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალის "ქართული მწერლობა" პასუხისმგებელი რედაქტორად დანიშნა . 1926-1928 წლებში სწორედ ეს ჟურნალი იქცა მისი ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეების პროპაგანდის მთავარ ტრიბუნად. ჩემი დაკვირვებით, მიუხედავად ასაკისა, ნ. მიწიშვილს სურდა საბჭოთა საქართველოში "ბოლშევიკური ქართული მწერლობის" მთავარ თეორეტიკოსად წარმოჩენილიყო და ამიტომაც "ეთამაშებოდა" გლობალურ იდეოლოგიურ საკითხებს.

b3-1684219061.jpg

1926 წლის ივნისში "ქართული მწერლობის" პირველივე ნომერში დაიბეჭდა ნ. მიწიშვილის "სეფე სიტყვა" - ორი წერილი: "მწერლობა და საზოგადოებრივობა" და "ქართული კულტურის ახალი გზები". პირველი იმითა საინტერესო, რომ აქ ავტორი თავის შეხედულებებს აყალიბებს მწერლის როლზე საბჭოთა ეპოქაში და მკითხველს ასე მოძღვრავს: "ცხადია მწერლობას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური, ინერტული ეპოქისა და ხალხის წინაშე. მას არ შეუძლია უსტვინოს მარტო "ტკბილ ხმაზე", როცა საუკუნე ბღავის ბრძოლის საყვირებით". ამგვარი "ეპოქალური" ლოზუნგებითაა დახუნძლული ეს წერილი. გაცილებით საინტერესო და მე ვიტყოდი, გაცილებით მძიმე წასაკითხია ნ. მიწიშვილის მეორე წერილი. ქვემოთ გთავაზობთ მცირე ამონარიდს და თავად განსაჯეთ (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): "საქართველოს ისტორიის უკანასკნელი თექვსმეტი საუკუნე არის მისწრაფება დასავლეთისკენ. ჩვენი ცხოვრება ორი ათასი წლის განმავლობაში იყო ბრძოლა ჩინური კედლის შენგრევისთვის - ევროპაში. აღმოსავლეთიდან მოქნეული - ვახეთქებდით ამ კედელს თავს და ეს კედელი ვერ შევანგრიეთ. .. . .ამ ხანში - ქრისტიანული კულტურა დასავლეთის დაცვდა. ევროპა, როგორც იდეა - გათავდა. ეს ფაქტია. . . ფაქტია, რომ წამება ოცი საუკუნის ვერ გავასაღეთ. ამაში ჩვენ დასავლეთიდან არაფერი შემოგვაძლიეს. ყველაფერი , რაც დღეს ხდება ევროპის საქართველოში შემოთრევისთვის - არის უნიჭო და უპათოსო განმეორება ძველის. ამას გადავატანეთ წარსული ოცი საუკუნე . . . დაგვრჩა რამე კიდევ ევროპაში, თუ უნდა ვიფიქროთ განშორებაზე. გაყრაზე. მაშასადამე იდეურ დაპირისპირებაზე ევროპასთან?" (ციტატის დასასრული). ნ. მიწიშვილის ეს იდეები "პუტინის პროპაგანდისტების" სოლოვიოვ-სიმონიანის ნარატივებს არ გაგონებთ "დასავლეთის სიკვდილზე"?

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ეს წერილი ნ. მიწიშვილს ჯერ კიდევ 1924 წელს დაუწერია პარიზში და საქართველოში გაზეთ "კომუნისტში" დასაბეჭდად გამოუგზავნია, თუმცა იქ არ მიუღიათ. ახალგაზრდა "ყანწელისგან" ანტიევროპული შეხედულებები მით უფრო გასაკვირია, რომ ის, როგორც ლ. ღოღობერიძეს წერდა, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებდა. ასე, რომ მას ევროპა თავისთვის მოსწონდა, ხოლო საქართველოსთვის - როგორც განვითრების ძირითადი მიმართულება, იწუნებდა. აბა რა "გეოპოლიტიკურ ვექტორს" ირჩევდა ნ. მიწიშვილი? აღნიშნულ წერილში ის წერს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): "ძველათ სწამდათ, რომ ხსნა იყო ევროპაში. ჩვენს დროში კი ეს უკვე აღარავის აღარ სწამს. დგება დრო ჩვენი გზების გადასინჯვისთვის. არჩევანის დრო. ძველი რუსეთი მოისპო და თუ სადმე უნდა გათბეს გაციებული გული ლენინის - ეს უნდა მოხდეს დაჩაგრულ ერთა მზის ქვეშ. რუსეთის დიდმა რევოლუციამ და აქედან მძლავრად ამოქმედებულმა კომუნისტურმა მოძრაობამ დღეს დაჰფარა თავისი მნიშვნელობით ყოველგვარი იდეოლოგიური მოძრაობა მსოფლიოში...აქედან იშლება ბრწყინვალე პერსპექტივა ჩვენი მომავლის. . ეს უნდა იყოს დღეს ეროვნული პოლიტიკის მთავარი ხაზი საქართველოში. . მომავლის კულტურის ცენტრად გადაიქცევა აღმოსავლეთ-ევროპის ტერიტორია - ე.ი. რუსეთის დიდი რევოლუციის საბინადრო .. .ცოცხალი საქართველო მოითხოვს ჩვენგან დიდ მსხვერპლს. ეს მსხვერპლი ჩვენ უნდა გავიღოთ". 1937 წლის ზაფხულში ეს სიტყვები საბედისწეროდ აუხდა "რუსეთის დიდი რევოლუციის" მხარდამჭერ მწერალს.

როგორც ხედავთ, სათაურში გამოტანილი წინადადება, არც რომელიმე პრორუსულ არხში გაჟღერებულა და არც საპარლამენტო ტრიბუნიდან უთქვამს "ხალხის ხმას" ( ჯერჯერობით მაინც!). ამგვარად ფიქრობდა ქართველი მწერალი, "ცისფერყანწელთა" ორდენის წევრი ნიკოლოზ მიწიშვილი. თანაც არა მარტო ფიქრობდა, არამედ ცდილობდა, ჯერ კიდევ 1924 წელს, ეს "მეცნიერულადაც" დაესაბუთებინა . ასეთი სიცოცხლისუნარიანია მაშინ ბოლშევიკ-კომუნისტების, დღეს კი რუსი იმპერიალისტების (შინაარსით ორივე ერთია) "ჰიბრიდული ომის" ერთ-ერთი: იდეოლოგიური მიმართულება. ქართველი მწერლები და ზოგადად ინტელიგენცია, ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მტრის შეტევის მთავარი ობიექტი.

ნახეთ წინა ბლოგი

(მეჩვიდმეტე ნაწილის დასასრული)