"ცისფერყანწელების" პოლიტიკური გარდასახვა: ტრაგიკული გზა საქართველოს დამოუკიდებლობიდან საბჭოთა დიქტატურამდე
მკითხველს მინდა შევახსენო, რომ "ცისფერყანწელების" თემა ემიგრაციიდან დაბრუნებული და ეროვნულ-დემკრატიული პარტიის ლიდერ სპირიდონ კედიასთან ფარულად დაკავშირებული "ყანწელის", ლელი ჯაფარიძის, ცხოვრებისა და აღსასრულის საკითხის შესწავლისას წარმოიშვა და შემდეგ ისტორიულ სიღრმეებში გადაგვიყვანა. იქ კი, "ცისფერყანწელების" ცხოვრების შემთხვევით, თუ შეგნებულად "გამრუდებული" (ხშირად განზრახ დამალული) შემოქმედებით-ჩინოვნიკური მოღვაწეობის უამრავი უცნობი ფაქტი და მოვლენა წარმოჩინდა დღის სინათლეზე. ასე რომ შეჩერება და წერტილის დასმა ნაადრევად მიმაჩნია. მკითხველს წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის და შესაძლოა, მთლიანად დაიმსხვრეს 1950 იანი წლების "რეაბილიტაციის პროცესების" შემდეგ, ზოგიერთ "ცისფერყანწელზე" შექმნილი მითი. სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილი მათი ბიოგრაფიები და "გადარჩეული" ლექსები მძიმე წასაკითხია, იმიტომ, რომ იქიდან "გალამაზებულ-გაკრიალებული" და უხინჯო, ბოლშევიკების წინააღმდეგ გაშიშვლებული ხმლით მებრძოლი პატრიოტები "იმზირებიან". თუმცა ასე რომ არ იყო? ისინი საბჭოთა სისტემამ ძალზე შეცვალა, პატივმოყვარეობის "ჭია" იმდენად გაუღვივა, რომ გუშინდელი განუყრელი მეგობრები ერთმანეთს გადაჰკიდა და დაუპირისპირა. მიზეზი რა იყო? დღევანდელი გადასახედიდან, შესაძლოა, ძალზე უმნიშვნელო, თუმცა მაშინ მათთვის გადამწყვეტი: ვინ მიიღო ან არ მიიღო ორდენი; ვინ აირჩიეს მოსკოვში ყრილობის დელგატად და რატომ; ვისი წიგნი ითარგმნა რუსულად და ვისი პროტექციით; ვინ იყო მიმაგრებული სურსათ-ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების "სპეცგამანაწილებელზე" და რა დამსახურებისათვის; ვის დაავალა ლავრენტი ბერიამ სტალინზე პოემის დაწერა და რატომ მაინცდამაინც მას?
დღეს სიმართლის თქმა იმიტომაა აუცილებელი, რომ ყველამ, განსაკუთრებით კი მომავალმა თაობამ, კარგად დაინახოს: დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმების ხელოვნებასთან ბრძოლა, სამწუხაროდ, მუდმივი და დაუსრულებელი დაპირისპირებაა. დაუნდობელი ბრძოლაა ბოროტებასა და სიკეთეს შორის, სიბნელესა და სინათლეს შორის, ჩამორჩენილობასა და ცივილიზაციას შორის.
მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის ყველაზე მძიმე, 20-30 იანი წლები, ღრმა აკადემიურ და კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს. ბოლშევიკურ საქართველოში რეპრესირებული მწერლების ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობა იმდენად განსხვავებული იყო, რომ შაბლონურად და ინდივიდუალური მიდგომის გარეშე ჭეშმარიტებას ვერ დავადგენთ. ლამაზი პორტრეტებიდან და პედესტალიდან "ცისფერყანწელების" ჩვენთან ახლოს "ჩამოყვანა" და მათი, თავიდან ლაღი, შემდეგ კი ტრაგიკული, ცხოვრების მკითხველისთვის ჩვენება, "ყანწელების" დაკნინება როდია. ისინი არ იყვნენ პურიტანები და ასკეტები: რომანტიკულ-სასიყვარულო თავგადასავლებიც ბევრი ჰქონდათ (დაოჯახებულებსაც) და ლხინ-ქეიფიც. გასული საუკუნის 20-იანი წლების პარიზში ბოჰემური ცხოვრება იქნებოდა მათთვის შესაფერი, თუმცა საამისო ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნდათ. პაოლო იაშვილს, რომ ეკითხებოდნენ რითი ცხოვრობო, "ჯიბოს ჯიბითო" პასუხობდა: მისი მამა - ჯიბრაელ (ჯიბო) იაშვილი ქუთაისში აფთიაქს ფლობდა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა პაოლოს. რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ "ცისფერყანწელებმა" ლექსების წერა და ბოჰემური ცხოვრება საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც სცადეს, თუმცა "წითელი ცერბერი" ( "ჩეკა" და "ქილერი კრიტიკოსები") არ თვლემდა. "ყანწელები", ისევე, როგორც მ. ჯავახიშვილი და კ. გამსახურდია, ე.წ. "პროლეტერული" მწერალ-კრიტიკოსების თარეშის მსხვერპლნი არა ერთხელ გამხდარან.
ტ. ტაბიძისა და პ. იაშვილის ნაადრევად ჩამქრალი ბობოქარი ცხოვრება განუყრელად იყო დაკავშირებული პოლიტიკასთან. "ქუთაისური დესანტი" ტფილისში ცდილობდა ერთად ყოფილიყო და ერთმანეთს დახმარებოდა. ნიჭიერ ახალგაზრდებს თავისუფლება სწყუროდათ და მათთვის თვითგამოხატვის ტრიბუნად პოეზიასთან ერთად პოლიტიკაც იქცა. რა არჩევანი დახვდათ მათ ეთნიკურად "ჭრელ", თუმცა პოლიტიკურად "ღარიბ" ტფილისში? მძლავრი "მემარცხენე" პარტიები ("მენშევიკები", "ესერები", "ფედერალისტები" და სხვ.) და ჯერ კიდევ სუსტი, გამოღვიძება-ფორმირების პროცესში მყოფი ერთადერთი "მემარჯვენე" : ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ).
ქართველი "სიმბოლისტების" თავისუფლებისადმი სწრაფვა "მემარცხენეების" იდეოლოგიასა და მკაცრ ცენტრალიზმს ვერ შეეგუებოდა. ამიტომაც დაიწყო "ცისფერყანწელთა" ძირითადი ბირთვის ედპ-ში გაერთიანება. ჩემი აზრით, ამ არჩევანში, იდეოლოგიურ თანხვედრასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებასაც, რომ ედპ-ს ერთ-ერთ დამფუძნებელი და მომავალი ლიდერი "ყანწელების" ახლო მეგობარი გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე,1892-1926 ) გახლდათ. ამ, ტრაგიკული ბედის ადამიანმა ხანმოკლე და წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება განვლო. ამჯერად გ. ვეშაპელის პოლიტიკური მოღვაწეობის მხოლოდ 1917-1921 წლების პერიოდზე შევჩერდეთ.
მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გ. ვეშაპელი საქართველოში დაბრუნდა და 1917 წლიდან აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში: იგი იყო ახლად დაარსებული ედპ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მთავარი კომიტეტის წევრი, თავმჯდომარის მოადგილე და ამავე პარტის გაზეთის, "საქართველოს" რედაქტორი. 1917 წელს გრიგოლ ვეშაპელი არჩეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმის წევრად. ასევე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გრიგოლ ვეშაპელი არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად - საქართველოს პარლამენტის დეპუტატად. შემდეგ იყო გ. ვეშაპელის ედპ-დან "გასვლა-დაბრუნების" პერიოდი და 1921 წლიდან ემიგრაციაში წასვლა. ვფიქრობ, რომ სწორედ გ. ვეშაპელმა გაუკაფა პოლიტიკისკენ გზა "ცისფერყანწელთა" ორდენის წევრებს. ქვემოთ გაგაცნობთ ერთ პატარა ბარათს, რომელიც კარგად აჩვენებს "ყანწელებისა" და გ. ვეშაპელის მეგობრულ ურთიერთობებს. 1916 წლის 25 ივნისს ტ. ტაბიძე ვ. გაფრინდაშვილს წერდა (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა): "ძვირფასო ჭიჭიკო! მომწერე ერთი წერილი, რა ამბებია ქუთაისში, ამ თვის დამლევს მე მანდ ვარ. პაოლო რას შვება, ან გრიშა ვეშაპიძე თუ ნახე მანდ და სალდთობის რა ქნა. ველი თქვენ ნახვას. გაკოცებ შენი TiticTabize"
1917 წლიდან ედპ-ს ბეჭდვითი ორგანოს "საქართველოს" სარედაქციო კოლეგიის წევრები გახდნენ "ყანწელები": ტიციან ტაბიძე და ლელი ჯაფარიძე, რომლებიც იმავე წლის ნოემბერში პარტიის მთავარი კომიტეტის წევრებადაც აირჩიეს.
ტ. ტაბიძე აქტიურად იყო ჩართული ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის მომზადებასა და მის მუშაობაში, ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის დროს გამართულ დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ: გ. ვეშაპელი, მ.ადამაშვილი (ჯავახიშვილი) და სხვ.
გაზეთ "საქართველოს" ფურცლებზე იმდროინდელ რთული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური მოვლენების ამსახველი პუბლიკაციები ქვეყნდებოდა. მათ შორის იყო ლელი ჯაფარიძისა და ტ. ტაბიძის წერილებიც. 1918 წელს "ცისფერყანწელებს" ნ. მიწიშვილი შეუერთდა და ამ ლიტერატურული გაერთიანების აქტიური წევრიც გახდა. 1919 წლის გაზაფხულზე საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების წინ "ცისფერყანწელთა" ერთმა ნაწილმა (პ.იაშვილი, ტ. ტაბიძე და ალი არსენიშვილი) დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფი "ესთეტიური ლიგა პატრიოტებისა" შექმნა. ცალკე გავიდა გ. ვეშაპელიც ("ეროვნული პარტია"), ლ. ჯაფარიძე კი ედპ-ში დარჩა. საყოველთაოდაა ცნობილი სოციალ-დემოკრატებისა და ედპ-ის ლიდერების პოლიტიკური და პიროვნული დაპირისპირების ისტორიები და მათზე დღეს არ შევჩერდები. მხოლოდ ერთ ამონარიდს დავიმოწმებ 1920 წლების ბოლოს გამოცემული ნ. მიწიშვილის წიგნიდან "ეპოპეია" , სწორედ ამ სათაურით დაიბეჭდა პირველად წიგნი (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): "ჩვენ ხშირად ვიტყოდით ხოლმე: "გაუმარჯოს საქართველოს" და როცა გავიარდით ეტლით სასახლესთან ტფილისში, დავიძახებდით: "ძირს მთავრობა". . . ჩვენ ვიყავით ოპოზიცია მთავრობის და პოზიცია საქართველოსი. რატომღაც საქართველოს ცნება ვერ იყო მისადარებელი მენშევიზმთან". 1923 წელს პარიზში მყოფი ნ. მიწიშვილი უკვე საბჭოთა რეჟიმის პროპაგანდისტი ხდება და "პოზიცია საქართველოსი" ავიწდება. როდის იყო გულწრფელი მწერალი?
ზემოთ უკვე ავღნიშნე, რომ ტ. ტაბიძე აქტიურად იყო ჩართული ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის მუშაობაში და მხურვალედ უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას. ოცი წლის შემდეგ კი, 1936 წლის 15 აპრილს დაწერილ "ავტობიოგრაფიაში" ტ. ტაბიძე წერს: "სამმა წელმა, რომელმაც განვლო ოქტომბრიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებებამდე, და სიახლოვემ ახალგაზარდა ბოლშევიკ მეგობრებთან, რომლებიც საქართველოში იატაქვეშ მუშაობას ეწეოდნენ, შეგნებაში გარკვეული სინათლე შეიტანა".
ტიციანის ახალგაზრდობის "ბოლშევიკი მეგობრები" ((ბ. ლომინაძე, ლ. ღოღობერიძე, ვ. ჯიქია და სხვ.) საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და რუსი ბოლშევიკების სასარგებლოდ იბრძოდნენ. მკითხველს შევახსენებ: 1937 წლის "დიდი ტერორი" ჯერ დაწყებულია არაა, პირიქით, ტ. ტაბიძე დიდ პატივშია, მოსკოვსა და ლენინგრადში იმართება მისი შემოქმედებითის საღამოები, სიტყვით გამოდის პირადად "დიდი ბელადის" წინაშე და ა.შ. მაშინ მას წამებით არავინ აიძულებდა "ბოლშევიკური წარსული" ეძია. როდის იყო ტ. ტაბიძე გულწრფლი: 1917 წელს თუ 1936 წელს?
დღესაც, ასი წლის შემდეგ, უცნობი და უხილავი ცენზორი თავის გემოზე ჭრის და კერავს "ცისფერყანწელების" ცხოვრებასა და შემოქმედებას. შეადარეთ ტიციან ტაბიძის მიერ 1921 წელს დაწერილი მოგონება რუს მხატვარ სერგეი სუდეიკინსა და კაფე "ქიმერიონის" მოხატვის ისტორიაზე, როგორც ის დაიბეჭდა მაშინ და დღევანდელი, ინტერნეტში უხვად მოფენილი "ჩალამაზებულ-რედაქტირებული" ტექსტები. რატომღაც ტ. ტაბიძის ამ მოგონებიდან ასევე მალავენ პოეტის შემდეგ ნააზრევსაც (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.): " . . რუსეთი სამი წლის წინ - ეს იყო, რაღაც ფანტასმაგორია, მართლაც ასტრალური მტვერი გაყინული სიცივით სთოვდა მაშინ რუსეთში, სამოქალაქო ომის განადგურება, ჩრდილო პოლიუსის ოკეანის სიცივე, შიმშილი დასული მისტერიამდე და სისხლიანი "ჩეკა", როგორც ეგვიპტის სასჯელი". სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტ. ტაბიძის მოგონების ხელოვნურად "გამოშიგნულ" ვარიანტებში დაკარგულია "ცისფერყანწელების" მაშინდელი ყოველდღიური ცხოვრება, თანაც ტ. ტაბიძის თვალით დანახული (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.): " მაღალ კიბეზე შემდგარი ზის ვერა არტუროვნა (სუდეიკინის მეუღლე- ბ.ა.). ჩვენ ყანწელები მთვრალი კონიაკით, გაშიშით, კოკაინით ღამის 3 საათზე ვსდგავართ კიბესთან".
ვის და რატომ ვუმალავთ, რომ გასული საუკუნის 10-20 წლებში "ყანწელები" და სხვა ქართველი მწერლებიც შემოქმედებითი პროცესის "სტიმულირებისთვის" არ ერიდებოდნენ სხვადასხვა "დამხმარე საშუალებებს": კახური ღვინით დაწყებული და ჰაშიშით დამთავრებული.
ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე, 1916
მწერალ ალექსანდრე ქუთათელმა ამ ფოტოს უკან მხარეს მიაწერა: "ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები. ამ სისულელეს, რომელსაც საერთო არ ჰქონდა იმდროინდელ ქართულ სინამდვილესთან, მათ მალე თავი გაანებეს".
თუმცა, როგორც თავად ტიციანი წერს, ოთხი წლის შემდეგაც თავი არ დაუნებებიათ: 1920 წლის აპრილში კონიაკით, ჰაშიშით და კოკაინით მთვრალნი კაფე "ქიმერიონის" მოხატვის პროცესს უმზერდნენ. ორგანული თუ არორგანული საშუალებებით "ხელოვნებით თრობის" ეს მავნე ჩვევა, ჩანს, იმდენად იყო გავრცელებული ქართველ მწერლებში, რომ დიდი ქართველი პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი პირდაპირ წერს ამის შესახებ. 1933 წელს დაწერილ პუბლიკაციაში: "როგორ ვმუშაობ", ის აღნიშნავს: " წერის დროს გასაბრუებელს არა ვსვამ. მხოლოდ პაპიროსს ვეწევი, დღეში 15-18 ცალს". ასე მარტივად და გასაგებად ხსნის მწერალი თავისი შრომისუნარიანობის საიდუმლოს. კაფე "ქიმერიონის" "ყანწელებისთვის" გადაცემის ისტორიას ტ. ტაბიძე 1921 წელს ძალზე საინტერესოდ აღწერს (ავტორის სტილი დაცულია -ბ.ა.): "მაშინ ჩვენ მოვინდომეთ გვქონოდა ჩვენი საკუთარი კაფე. ბინა აღმოჩენილი იყო, მაგრამ იყო სიძნელე. ქართული მთავრობა ერიდებოდა რეკვიზიციას, ისე კი ვინ დასთმობდა ბინას, მაშინ ქართველი არტისტებისთვისაც არ იყო თეატრი.
ბენია ჩხიკვიშვილი (1880-1924)
თუ შემდეგ ეს თეატრი გაჩნდა ამის ერთადერთი მიზეზი იყო მაშინდელი ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი. უნდა ითქვას პირდაპირ ისტორიული სიმართლით, რომ ქართულ ხელოვნებისთვის, არავის იმდენი არ გაუკეთებია იმ დროს, როგორც ბ. ჩხიკვიშვილს. ამ ადამიანში იყო ბედნიერი გამონაკლისი, მას სძულდა მეშჩანობა, რომელიც მაშინ ძვალში ქონდა გამჯდარი მართველ პარტიას. ნამდვილი ფირალის გამბედაობით და თვითნებობით ის გააკეთებდა, რასაც მოისურვებდა, და მას უყვარდა ქართული ხელოვნება მიმართულების განურჩევლად. იქნებოდა დიდი უმადურობა იმის არ თქმა, რომ ბ. ჩხიკვიშვილი იყო ერთადერთი შეგნებული მეცენატი ქართველ ხელოვანთა. ყოველ იუბილეზე ის გამოჩნდება დონ-კიხოტის ფიგურით და ყველაზე დიდი საჩუქარი და აღტაცებული სიტყვა მისი იყო".
მინდა დავიჯერო, რომ ტ. ტაბიძისა და პ. იაშვილის პოლიტიკური შეხედულებების ცვლილება მხოლოდ გარეგნული და ცხოვრებისეული პრაგმატიზმით გამოწვეული იყო. ისინი არასდროს იყვნენ კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარნი. სამწუხაროდ, ეს კარგად იცოდნენ ბოლშევიკებმაც.
(მეთვრამეტე ნაწილის დასასრული)