"ჩეჩნეთის უშიშროების ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ჩვენი ვოვა იყო" - კვირის პალიტრა

"ჩეჩნეთის უშიშროების ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ჩვენი ვოვა იყო"

ინტერნეტში გავრცელდა ცნობა ვერა პუტინას გარდაცვალების შესახებ. ვერასთან ინტერვიუ 2004 წლის ოქტომბერში ჩავწერე.­ ალბათ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელსაც ვერა გულწრფელად ესაუბრა. წლების მერე მინდოდა მეტეხში ჩავსულიყავი და მენახა, მაგრამ მითხრეს, რომ იქ აღარ იმყოფებოდა.­ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საწოლს მიეჯაჭვა თურმე და საპატრიარქოს ერთ-ერთ თავშესაფარში­ გადაიყვანეს, სადაც მოვლა-პატრონობას არ აკლებენო... ყველა სიკვდილის შვილები ვართ, მით უმეტეს, ვერა 97 წლის იყო უკვე, მაგრამ ძალიან დამენანა და იცით, რატომ? მთელი ცხოვრება ტკივილამდე დარდობდა­ სიყრმის შვილთან განშორებას. ვერა და ვერ მოინელა თავისი საქციელი, რომ 10 წლის ვოვა ისევ რუსეთში, თავის მშობლებთან წაიყვანა, რათა ქართველ ქმართან­ დაძაბული ურთიერთობა აღარ ჰქონოდა. ლამის­ გული ამოაყოლა ამ სიტყვებს: სიზმარშიც არ მცემს ხმას ჩემი ვოვა, გაბრაზებულია, რომ მოვიშორე და ბებია-ბაბუასთან დავტოვე... ვიფიქრე, მშვიდად გაიზრდება მამინაცვლის თვალს მოშორებული. მეც ხშირად ჩავალ და მოვინახულებ-თქო, მაგრამ გამინაწყენდა. მიუხედავად მამინაცვლის ხასიათისა, მაინც ჩემთან და და-ძმასთან ყოფნა ერჩივნაო... ინტერვიუს დასასრულს ვკითხე, რაზე ოცნებობთ-მეთქი? ისე არ მინდა მოვკვდე, ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამო... ამ ქვეყნიდან ვერა ოცნებააუხდენელი წავიდა, გულში იარით, ტკივილით და შეუმშრალი ცრემლით. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ დღეს მსოფლიოს მიერ აღიარებული ბოროტების იმპერიის პირველი პირი, ვლადიმირ პუტინი, ჩემი რესპონდენტის შვილია. დარწმუნებული ვარ, რაც მაშინ ვერამ მიამბო, ყველაფერი სიმართლეა. 2004 წლის ინტერვიუში ბევრი დეტალი სტატიის მიღმა აღმოჩნდა. ახლა კი თავიდან ბოლომდე მინდა გავიხსენო ყველა ეპიზოდი.

როგორ აღმოვჩნდი ვერა პუტინასთან? ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ეპიზოდით დაიწყო. ჩემმა ძმამ ვარკეთილის დასახლებაში ოროთახიანი ბინა შეიძინა და ძველ მეპატრონესთან მოსალაპარაკებლად გაყოლა მთხოვა. თავის დროზე კორპუსი სამხედრო პერსონალისთვის აშენებულა და სახლიკაციც ყოფილი სამხედრო აღმოჩნდა. დიასახლისმა­ თავი წარგვიდგინა:­ ლუბა ოსეფაშვილი ვარო. თბილად დაგვხვდნენ, უცებ სუფრაც გაგვიშალეს და კარგა ხანს შემოვრჩით. სახლიკაცმა რამდენიმე ჭიქის შემდეგ ამაყად გვითხრა: ჩემს ცოლს დააკვირდით, აბა რომელ ცნობილ რუს პოლიტიკოსს გაგონებთო. ღიმილით დავაცქერდი: ლუბას ცისფერი თვალები და ქერა თმა ჰქონდა, მაგრამ ვერცერთ პოლიტიკოსს ვერ მივამსგავსე. ხანმოკლე პაუზა ისევ მისმა მეუღლემ დაარღვია, - ჩემი ცოლი ვლადიმირ პუტინის ნახევარდააო. ჯერ მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ მერე ლუბამ დაიწყო ლაპარაკი და სმენად ვიქეცი:

- ვოვა 5 წლის იყო, როცა მე გავჩნდი. ჩემამდე სოფიკო დაიბადა, მერე მე, მერე ავთანდილი, მარინა და ლია. ვოვას ჩემი მხარზე შემოსმა უყვარდა. პატარა ვიყავი და მათამამებდა. კნუტივით ავეტორღიალებოდი ხოლმე და ასე დამატარებდა. მშობლებმა სახლის მშენებლობა წამოიწყეს, დილიდან გვიანობამდე სულ იქ იყვნენ. მე უფროსი ძმის და დის იმედად მტოვებდნენ. ერთხელ ვოვას შემთხვევით მხრიდან ჩამოვუვარდი. თავით დავასკდი ქვას და გავიტეხე. სისხლი თქრიალით მომდიოდა, ვერაფრით მიჩერებდნენ. ვოვას და სოფიკოს ისე შეეშინდათ, რომ დიდ წყლიან გობში თავით ჩამაყუდეს. წყალი მაშინვე წითლად შეიღება. როგორღაც შემიჩერეს. შინ მობრუნებულმა მშობლებმა სისხლიანი გობი რომ დაინახეს, გული გაუსკდათ და როცა გაიგეს, რაც მოხდა, ვოვა დასაჯეს. იმ შემთხვევის მერე იმხელა ნაიარევი დამრჩა, თმა აღარც მეზრდება (აი, ნახეთ, მეუბნება ლუბა და ხელს იმ ადგილზე მადებინებს,­ სადაც მართლაც დიდი ნაწიბურია).D და-ძმას შორის ყველაზე მეტად მე ვგავდი ვოვას. არა მარტო გარეგნობით, ჩვევებითაც. მაგალითად, ვოვასაც ორი ყბით უყვარდა­ ჭამა და მეც. მამა მიწყრებოდა ხოლმე: იმ ბიჭზე ვბრაზობ, ასე რომ ჭამს და ახლა შენ დამიწყეო. დედა დაკომპლექსებული იყო. მამას გულზე არ ეხატებოდა გერი, ხშირად ტუქსავდა, ზოგჯერ თვეობით ხმას არ სცემდა. თუ დაუყვირებდა, დედა იქაურობას გაარიდებდა ჩემს ძმას და მეზობელთან უშვებდა. როცა ვოვა თავის მშობლებთან წაიყვანა, ძალიან გვენატრებოდა, მაგრამ ვერაფერს ვეკითხებოდით. ვატყობდით, რომ დედა რაღაცას გვიმალავდა. ხშირად გვინახავს, განმარტოებული როგორ ტიროდა. ოჩორადან წერილს რომ მიიღებდა, არავის გვაკითხებდა, ჩუმად იცრემლებოდა. ერთხელ ვეღარ მოვითმინეთ და ვკითხეთ დედას, ვოვა რატომ არ ჩამოდის ჩვენთან-თქო. უცებ გამოვიდა მწყობრიდან და დაგვი­ცაცხანა, თქვენი საქმე არაა, ის ახლა სამხედროა და შორეულ აღმოსავლეთში მსახურობსო­. როცა ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ატყდა ერთი ამბავი. ჩვენს სახლთან სულ ხალხმრავლობა იყო. ვინ აღარ მოდიოდა - ხან ჩვენი, ხან ჩეჩნეთის, ხან რუსეთის უშიშროებიდან. ჩეჩნები ყველაზე ხშირი სტუმრები იყვნენ მეტეხში. შეწუხდნენ ჩვენები. სხვათა შორის, პირველად ჩეჩნებმა გადაიღეს ფილმი და მერე წიგნიც დასტამბეს. იქ ბევრი რამ იყო გაყალბებული,­ სამაგიეროდ, კარგად იყო წარმოჩენილი მსგავსება დედასა და ვოვას შორის: ტანადობა და სიმაღლე, თვალები, სახის ნაკვთები, მიმიკები, სიარულის მანერა... თურმე, გარდა დნმ-ისა, ფოტოთიც შეიძლება დადგინდეს გენეტიკური კოდი, ჰოდა, ჩეჩნეთის უშიშროების ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ჩვენი ვოვა იყო, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. უშიშროების ხშირი­ ვიზიტების მერე ნელ-ნელა გაქრა ვოვას­ ყველა ფოტო, რაც კი ოჯახში გაგვაჩნდა. ორიღა შემოგვრჩა: ერთი, რომელიც მეზო­ბელსა და თანაკლასელს აჩუქა ლამაზი­ ქართული კალიგრაფიით დაწერილი: "სახსოვრად გაბრიელს ვოვასგან", მეორე კი ოჩორადან გამოგზავნილი უკვე წამოზრდილი ვოვასი. ეს ორივე ფილმის გადაღებამდე ჰოლანდიელების ჯგუფს მივეცით. როგორც კი ვოვა გამოჩნდა რუსეთის ხელისუფლებაში და ტელევიზიითაც აჩვენეს, პირველმა მე ამოვიცანი ძმა და და-ძმას გადავურეკე, ეს ჩვენი ვოვაა-თქო. თავიდან დედას ვერ ვუმხელდით, რადგან ვოვას კვალი დაკარგული იყო და დედამ არ იცოდა უფროსი შვილის ასავალ-დასავალი. ბოლოს ვაჩვენეთ პუტინის კადრები. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ვალოდია ამბობს, რომ პატარაობიდან ბებიის ნაჩუქარ ჯვარს ატარებს... ქალი ლამის გადაგვერია, დედაჩემმა აჩუქა ეგ ჯვარიო. თურმე ბებო ძალიან მორწმუნე იყო.…დედამ იმდენი იტირა, ცუდად გახდა და ძლივს მოვაბრუნეთ. მამაჩემი რამდენიმე წლის წინ სარკომით გარდაიცვალა. ბოლო თვეს ლოგინად ჩავარდა, დედას გარდა ვერავის გვცნობდა. მე რომ შევიდოდი მის ოთახში, ვოვა ეჩვენებოდა და დედას ეუბნებოდა: ბიჭი (სახელს არ ეძახდა არასოდეს!) დგას კუთხეში და დაუძახე, მოვიდეს, პური ჭამოსო...

იმ საღამოს შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა დავტოვე მასპინძლების ბინა და გამომშვიდობებისას ლუბას ვთხოვე ვერა­ს­თან შეხვედრა. ლუბამ კი, არც აცია, არც აცხელა, მოსაწვევი გადმომცა და მითხრა: ზეგ არის ჰოლანდიელების ფილმის პრემიერა, იქ მოდი, დედაც იქნება, მე ვთხოვ და ინტერვიუს მოგცემსო... წაიკითხე სტატია სრულად