თეირანის კონფერენციის შემდეგ რუზველტი უფრო ხშირად სტალინს ეთანხმებოდა და მის მხარეს იჭერდა, ვიდრე - ჩერჩილისას - როგორ "მონუსხა" "კობამ" რუზველტი - კვირის პალიტრა

თეირანის კონფერენციის შემდეგ რუზველტი უფრო ხშირად სტალინს ეთანხმებოდა და მის მხარეს იჭერდა, ვიდრე - ჩერჩილისას - როგორ "მონუსხა" "კობამ" რუზველტი

მალე ოთხმოცი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 1943 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში, თეირანში მიმდინარეობდა სამი მოკავშირე სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) მეთაურთა შეხვედრა. სტალინი, როგორც ყოველთვის წინასწარ ემზადებოდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. "დიდი დიქტატორისთვის" წვრილმანები არ არსებობდა: შეხვედრის ადგილი და დრო თვეების მანძილზე განიხილებოდა სტალინ-ჩერჩილ-რუზველტის საიდუმლო მიმოწერაში. სტალინმა გადაწყვიტა ომის მსვლელობაში მიღწეული გარდატეხა "სამეულის" შეხვედრის დროს გეოპოლიტიკურ გამარჯვებაში გარდაესახა. სტალინგრადთან გამარჯვების შემდეგ სტალინი უფრო მომთხოვნი და ფიცხი გახდა მოკავშირეებთან ურთიერთობაში. დაპირისპირების მთავარი საკითხი ჩრდილოეთ საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნა იყო: სტალინი მოითხოვდა მოკავშირეების ჯარები დასავლეთ ევროპაში 1944 წლის მაისამდე შეჭრილიყვნენ, ჩერჩილ-რუზველტის "დუეტი" კი 1944 წლის ზაფხულ-შემოდგომისთვის გეგმავდა საფრანგეთის ტერიტორიაზე დესანტის გადასხმას. სწორედ ამ უთანხმოების განსახილველად აპირებდა "დიდი სამეული" შეხვედრას.

შეხვედრის დროზე (1943 წლის ნოემბრის ბოლო დღეები) უფრო ადვილად შეთანხმდნენ ვიდრე შეხვედრის ადგილზე. 1943 წლის 25 ოქტომბერს რუზველტი საიდუმლო შეტყობინებაში სტალინს "დიდი სამეულის" შეხვედრის ადგილად სთავაზობდა: ბაღდადსა და ბასრას (ერაყი) და ანკარას (თურქეთი). სტალინი უარზე იყო და 1943 წლის 5 ნოემბერს რუზველტს შეხვედრის ადგილად კვლავ თეირანს ურჩევდა. სამი დღის შემდეგ, 8 ნოემბერს, რუზველტმა დათმო და გადაწყდა, რომ "დიდი სამეულის" შეხვედრები თეირანში გაიმართებოდა იმავე წლის 28 ნოემბრიდან. ასე რომ შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო გაირკვა მხოლოდ 1943 წლის 8 ნოემბერს.

იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ეს უნდა ყოფილიყო სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის პირველი ერთობლივი შეხვედრა. სტალინმა ჩერჩილის მრავალწლიანი ანტიკომუნისტური განწყობებისა და ჯიუტი ხასიათის შესახებ კარგად უწყოდა, ამიტომ "ორი იმპერიალისტიდან" სუსტ "რგოლად" საბჭოთა დიქტატორმა ამერიკის პრეზიდენტი ჩათვალა. რუზველტის "დამუშავებისთვის" კი სტალინს დრო და სივრცე სჭირდებოდა: ის ფიქრობდა, რომ რაც უფრო მეტი არაოფიციალური საუბარი და კომუნიკაცია ექნებოდა აშშ-ის პრეზიდენტთან, თანაც ბრიტანელი "ბებერი მგლის" - უინსტონ ჩერჩილის გარეშე, მით უფრო გაიტანდა თავის შორსმიმავალ გეგმებს. ბევრი უცხოელი სახელმწიფო მოღვაწე, თუ ქართველი მწერალ-ფილოსოფოს-მოცეკვავე იხსენებს, რომ სტალინს შეეძლო თანამოსაუბრის "მონუსხვა" თავისი უბრალოებითა და ყურადღებით, ღვინის სმით, ქართული სიმღერითა და კარგი მასპინძლობით. ეს ყველაფერი "დიდი დიქტატორის" მიერ წლების მანძილზე კარგად დამუშავებული ქცევის მოდელი იყო, რომელსაც წარმატებითაც იყენებდა. სტალინმა გადაწყვიტა კონფერენციის დღეებში რუზველტი მაქსიმალურად ჩამოეცილებინა ჩერჩილისგან და პირადი კომუნიკაციისთვის "ახლოს ჰყოლოდა". ამისთვის კი აუცილებელი იყო როგორმე აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ამალის საბჭოთა საელჩოში განთავსება. სწორედ აქ გამოჩნდა ლავრენტი ბერიას ალღო. ჯერ საბჭოთა დაზვერვამ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ გერმანელებს ჰქონდათ განზრახვა, თავს დასხმოდნენ სტალინს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილსა და აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს. მეორე ეტაპზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანში ამერიკის საელჩოში (რომელიც კილომეტრ-ნახევრით იყო დაშორებული კონფერენციის ჩატარების ადგილს) მივიდა, მან სტალინისგან საიდუმლო წერილი მიიღო, რომელშიც ის სთავაზობდა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საბჭოთა საელჩოში გადასვლას და კონფერენციის დასრულებამდე იქ დარჩენას. პარალელურად, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მოლოტოვი არწმუნებდა ამერიკელ და ბრიტანელ დიპლომატებს თითქოს მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გერმანელთა სპეცრაზმები გეგმავდნენ თავდასხმას "დიდ სამეულზე". გერმანელების დივერსიული სპეცრაზმების თეირანში "მობილიზებაზე" და შესაძლო "თავდასხმის” შესახებ ინფორმაციას (უფრო სწორად - დეზინფორმაციას) საბჭოთა დაზვერვა მუდმივად აწვდიდა უცხოელ კოლეგებს. აშშ-ის პრეზიდენტის და მთლიანად მათი დელეგაციის საბჭოთა საელჩოში გადაყვანას ჰქონდა კიდევ ერთი, შესაძლოა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც. ის ოთახები, რომლებიც ამერიკელებს საცხოვებლად გამოუყვეს, წინასწარ იყო აღჭურვილი ფარული მიყურადების აპარატურით და სტალინი, კონფერენციის მიმდინარეობის მანძილზე, სისტემატურად ეცნობოდა აშშ-ის დელეგაციისა და მათი ბრიტანელი სტუმრების საუბრების ფარულ ჩანაწერებს.

1943 წლის 28 ნოემბერს რუზველტი და მისი თანმხლები პირები აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობიდან საბჭოთა საელჩოს ერთ-ერთ ნაგებობაში დასახლდნენ. არ გასულა თხუთმეტი წუთიც, რომ რუზველტს სტალინი ესტუმრა. ამის შემდეგაც სტალინი რამდენჯერმე ეწვია რუზველტს, ტახტზე ჩამოუჯდებოდა და ძველი მეგობარივით ებაასებოდა, რასაც რუზველტის ვაჟი ელიოტი, მამის სიტყვებზე დაყრდნობით, ადასტურებს. ამგვარად "მონუსხა" "კობამ" რუზველტი, რასაც შორსმიმავალი შედეგები ჰქონდა. თეირანის კონფერენციის შემდეგ რუზველტი უფრო ხშირად სტალინს ეთანხმებოდა და მის მხარეს იჭერდა, ვიდრე - ჩერჩილისას. აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი არც დაეჭვებულა სტალინის ცბიერებაში. კონფერენციის შემდეგ ის სტალინს მეგობრულად წერდა: "მე ვჩქარობ, რომ პირადად გადაგიხადოთ მადლობა თქვენ მიერ გამოჩენილი ყურადღებისა და სტუმართმოყვარეობის გამო, რომელიც გამოიხატა თეირანში, თქვენს საელჩოში საცხოვრებელი ფართობის შემოთავაზებაში. იქ მე არა მარტო უკიდურესად კომფორტულად ვცხოვრობდი, არამედ - ვაცნობიერებ, თუ რამდენად ბევრის გაკეთება მოვასწარით ასეთ მცირე პერიოდში იმის წყალობით, რომ ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ასეთი ახლო მეზობლები ვიყავით". სწორედ ეს უნდოდა სტალინსაც: მან შეძლო რუზველტის განწყობაში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა - თუ მანამდე იგი სტალინს, როგორც მხოლოდ დაუნდობელ "დიდ დიქტატორს", ისე აღიქვავდა, აშშ-ის პრეზიდენტმა "ბიძია ჯოს" ადამიანური მხარეც დაინახა. კონფერენციის შემდეგ ამერიკული და განსაკუთრებით ბრიტანული მედია არ ისვენებდა: მთავარი კითხვა ამგვარი იყო - "რა მიზეზების გამო გადავიდა აშშ-ის დელეგაცია საბჭოთა საელჩოში?" ეს გასაგებია, რადგანაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი თავიდანვე ძალზე უკმაყოფილი იყო რუზველტის გადაწყვეტილებით. აშშ-ის პრეზიდენტს თავის მართლება მოუწია.

უკვე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1943 წლის 17 დეკემბრს გამართულ პრესს-კონფერენციაზე რუზველტმა განცხადება: "მარშალმა სტალინმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა კონფერენციის მონაწილეებზე მოხდეს თავდასხმა. მან მთხოვა საბჭოთა საელჩოში გაჩერება იმ მიზნით, რომ მე აღარ დამჭირვებოდა ქალაქში მგზავრობა. გერმანელებისათვის საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა, თუ ისინი მარშალ სტალინს, ჩერჩილსა და მე თავიდან მოგვიშორებდნენ თეირანის ქუჩებში მგზავრობისას, რადგან საბჭოთა და ამერიკის საელჩოები ერთმანეთისგან ერთი მილით არიან დაშორებული.” შემდეგ ჩერჩილმა მემუარებში დაწერა: "თეირანში რუსებმა მოიტაცეს პრეზიდენტი". ეს ინფორმაცია საბჭოთა გაზეთმა "პრავდამ" მეორე დღესვე გაავრცელა.

"მოსალოდნელ თავდასხმაზე" ჩერჩილიც იყო ინფორმირებული, თუმცა მას ამის არ სჯეროდა. ჩერჩილი მემუარებში წერს, რომ როდესაც სტალინმა ამაყად განაცხადა "თავდასხმის" თავიდან აცილებისა და "გერმანელი დივერსანტების" დაკავების შესახებ, ჩერჩილმა იკითხა: "არ შეიძლება ისინი ვნახოთ?", "არა, ისინი დაკითხვაზე არიან მოსკოვში წაყვანილები" - იყო სტალინის პასუხი.

აშშ-ის პრეზიდენტის "მონუსხვა" კარგად გამოიყენა სტალინმა: რუზველტის მხარდაჭერით ჩერჩილი დაითანხმა და მეორე ფრონტის გახსნის ზუსტი თარიღი (არაუგვიანეს 1944 წლის მაისისა) ერთობლივ დეკლარაციაში მკაფიოდ დააფიქსირებინა; ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა (ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) საბჭოთა კავშირის გავლენის ზონაში დაატოვებინა; სტრატეგიულ გერმანულ ქალაქ კიონინსბერგზე (დღევანდელი კალინინგრადი) საბჭოთა კავშირის პრეტენზიები დაადასტურებინა და სხვ. ჩერჩილი წინააღმდეგობას უკვე ვეღარ უწევდა სტალინ-რუზველტის ტანდემს და ამ გადაწყვეტილებებს ცალყბად იწონებდა. ნახეთ ბესიკ ალადაშვილის ბლოგი სრულად