"ჩვენებური" სეპარატისტების განადგურება ზაპოროჟიეს სტეპებში...
რუსეთ-უკრაინის ომში ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიების მაცხოვრებლებიც რომ აქტიურად მონაწილეობენ, არახალი ამბავია - თუკი ქართველები, აზერბაიჯანელები, ბალტიისპირელები, ბელარუსების ნაწილი უკრაინის დამოუკიდებლობის დამცველებს ამოუდგნენ გვერდში, იმ სეპარატისტული წარმონაქმნებიდან (ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან, დნესტრისპირეთიდან), რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა "კა-გე-ბემ" შექმნა, რუს აგრესორებს ეხმარებიან უკრაინის მიწების დაპყრობაში...
მაგრამ ოკუპანტები, განურჩევლად ეროვნებისა, ძალზე მტკივნეულ პასუხსაც იღებენ და ერთი ასეთი დიდი დანაკლისი მათ ორიდე დღის წინ განიცადეს ზაპოროჟიეს ფრონტის მონაკვეთზე, დასახლებულ პუნქტ პიატიხატკისთვის ბრძოლაში...
პიატიხატკის სახელის მატარებელი ათიოდე სოფელია უკრაინის სხვადასხვა ოლქში, მაგრამ დიდი ბრძოლა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევსკის რაიონის სოფელ პიატიხატკიში გაიმართა, რომელშიც სამასიოდე ადამიანი თუ ცხოვრობს, მაგრამ ეს მიმართულება მნიშვნელოვანია უკრაინის არმიის კონტრშეტევის გასავითარებლად სამხრეთით - მელიტოპოლისკენ...
ეტყობა, ამიტომაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ პატარა უკრაინულ სოფელში გამაგრებას და ძალ-ღონეს არ იშურებდა ამისთვის, მაგრამ უკრაინული მოიერიშე ჯავშანჯგუფების რამდენიმედღიანმა შეტევებმა მაინც თავისი შედეგი გამოიღო და ოკუპანტებს მოუწიათ იქიდან უკან დახევა, თუმცა - დიდი დანაკლისით...
.png)
რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება სინანულის პოსტები, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში გლოვის გამოცხადებას აპირებენ იმის გამო, რომ სწორედ ამ უკრაინულ სოფელში ჩაიხოცა რუსი ოკუპანტების შემადგენლობაში მებრძოლი "Шторм.Осетия"-ს ბატალიონის პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ეროვნებით ოსები გახლდნენ.
მათი ახლობლები ინტერნეტის საშუალებით მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთის არმიის სარდლობას, რომელმაც დახმარება არ გაუგზავნა პიატიხატკიში მებრძოლ მათ თანამემამულეებს და ოსების მთელი ბატალიონი სასიკვდილოდ გასწირა, რადგან არც არტილერია და არც ავიაცია არ დაახმარა...
რუსეთის არმიის ბატალიონის შტატში სამასზე მეტი ადამიანი ირიცხება, მაგრამ საეჭვოა, რომ "Шторм.Осетия"-ს ბატალიონი მთლიანად დაღუპულიყო პიატიხატკიში ბრძოლისას, თუმცა ეტყობა, დანაკარგი მაინც ძალზე დიდია.
ოკუპირებულ ცხინვალში ძალიან განიცდიან, რომ ამ ბრძოლებში დაიღუპა "Шторм.Осетия"-ს ბატალიონის მეთაურის მოადგილე აივენგო ტეხოვი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის ფრონტზე იმ "ჩვენებურ" სეპარატისტებს ანადგურებენ, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის პროცესში...
2022 წლის 22 აგვისტოს ჩემს ბლოგში "ჰაიმარსმა" "ჩვენებურ" სეპარატისტებსაც მიაგნო ოკუპირებულ დონეცკში?" ვწერდი იმ სეპარატისტებზე აფხაზეთიდან, რომელთა ბაზას უკრაინელმა არტილერისტებმა დონეცკის ყოფილ ჰიპერმარკეტში მიაგნეს:"... ეს შეიძლება უკრაინელი მზვერავებისა და არტილერისტების მორიგ საბრძოლო წარმატებად ჩაგვეთვალა, თუმცა ამ კონკრეტულ სარაკეტო დარტყმას, წესით, საქართველოშიც უნდა ჰქონდეს გამოძახილი, რადგან ყოფილი "აშანის" ჰიპერმარკეტის ბაზაზე განთავსებული იყო პრორუსული "ინტერნაციონალური ბრიგადის - "პიატნაშკას" შტაბი, ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა, სწორედ იმ "პიატნაშკასი", რომელშიც ბევრი "ჩვენებური" სეპარატისტიც იბრძვის ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან...
სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" შეიარაღებული ფორმირებების რიგებში მე-15 ინტერნაციონალური ბატალიონი "პიატნაშკა" 2014 წლიდან ყალიბდებოდა და მისი ერთ-ერთი პირველი მეთაური გახლდათ ახრა (ახრიკ) ავიძბა, სახმისით «Абхаз».
2016 წელს საკუთარი სახლის ლიფტში დონეცკელი სეპატარატისტების კიდევ ერთი ოდიოზური საველე მეთაურის ("გივის" შემდეგ) - "მოტოროლას" აფეთქებისთანავე ავიძბა დონეცკიდან სასწრაფოდ გაქრა და თავის მშობლიურ გუდაუთას შეაფარა თავი, რადგან "მოტოროლას" თანამებრძოლები მასაც განიხილავდნენ თავიანთი მეთაურის აფეთქების სავარაუდო მომწყობად...
სანამ ავიძბა აფხაზეთს აფარებდა თავს, "პიატნაშკას" მეთაური ოსი ეროვნების ოლეგ მამიევი, სახმისით «Мамай» გახდა, რომელიც აგვისტოს ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა ცხინვალში.
მამიევის მეთაურობა 2018 წელს დასრულდა, როდესაც ავდიევკასთან ბრძოლაში ავტომატური ყუმბარსატყორცნის ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა.
"პიატნაშკას" ბატალიონი (სიტყვა "ბატალიონი" ნამდვილად არ შეესაბამებოდა პირადი შემადგენლობის იმ მცირე რაოდენობას, რაც ამ სეპარატისტულ შეიარაღებულ რაზმში იყო გაწევრებული) შემდგომ გაერთიანებული იქნა "დონეცკის სახალხო რეპუბლიკის" ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში და მის მეთაურად ისევ ახრიკ ავიძბა დაბრუნდა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 2021 წლის ზაფხულში დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ეტყობა, მოსკოვიდან ბრძანებით ჩუმად გამოუშვეს..."უკრაინასთან გახანგრძლივებულ ომში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლება უფრო და უფრო აქტიურად იყენებს თავისი მე-7 (აფხაზეთი) და მე-4 (ცხინვალის რეგიონი) საოკუპაციო სამხედრო ბაზების პირად შემადგენლობასა და სამხედრო ტექნიკას, ასევ ამ ბაზებში მომსახურე აფხაზი და ოსი ეროვნების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. გარდა ამისა, იმავე ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კონტრაქტს აფორმებს ე.წ. მოხალისეთა დანაყოფებში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ძირითადად, შეპირებული მაღალი ანაზღაურების გამო. მართალია, ეს სეპარატისტები უკრაინის ფრონტზე კარგ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ, მაგრამ ის ბევრ მათგანს უკვე აღარ დასჭირდება...