ედუარდ შევარდნაძე: "ვიცი, რომ იპარავენ, მაგრამ ვინც ისინი უნდა დაიჭიროს, თვითონ არიან დასაჭერი"
კორუფცია ყველა პოლიტიკური სისტემისთვის დახასიათებელი "ფარული სენია". ავტორიტარულ და დიქტატორულ ქვეყნებში ის "მართვის სტილში" ჰარმონიულად ჯდება და "კორუფციასთან ბრძოლას" მხოლოდ პიარისთვის, ასევე გაურჩებული ჩინოვნიკებისა და პოლიტიკური ოპოზიციის დასასჯელად იყენებენ. ნამდვილი (და არა მოჩვენებითი) დემოკრატიული სისტემისთვის კორუფციის შემთხვევები იშვიათია: არა იმიტომ, რომ იქ "ფრთიანი ანგელოზები" ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, არა - გადასახადების დამალვა იქაც ისევე სურთ, როგორც, მაგალითად, სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთ ქვეყანაში, "ჯორჯლანდია" რომ ჰქვია. უმკაცრესი ადმინისტრირება და მაღალი ხელფასები: აი კორუფციისა და "ჩრდილოვანი ეკონომიკის" დამარცხების ფორმულა. თუმცა ესეც არ იქნება საკმარისი, თუ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ამ ფარული პროცესების მუდმივი და მკაცრი კონტროლი. ეს "ბეწვის ხიდზე" სიარულს წააგავს: უკანონოდ ბიზნესი არ უნდა დაიჩაგროს და თავად მონიტორინგის პროცესი ბიზნესის "ტერორად" არ უნდა იქცეს. მოკლედ, ურთულესი პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც ყველა ქვეყნა თავისებურად ცდილობს.
კორუფციასთან ბრძოლის კა-გე-ბეს მეთოდი
სიმართლე - სიმართლეა და უნდა ვაღიაროთ, რომ კა-გე-ბე, საბჭოთა, კორუფციით მთლიანად დაავადებულ სისტემაში, წლების მანძილზე ერთადერთი გამონაკლისი იყო, სადაც კორუფცია მხოლოდ საზღვარგარეთის მივლინებიდან დაბრუნებული თანამშრომლის მიერ, კადრების განყოფილების ქალბატონებისა და სხვა კოლეგებისთვის წვრილ-წვრილი სუვენირების დარიგებით თუ გამოიხატებოდა. ისიც "მაღალი” ხელმძღვანელებისაგან ჩუმად. ამ სპეცსამსახურის სათავეში იური ანდროპოვის მოსვლის შემდეგ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების შიგნით უფრო გამკაცრდა. პარალელურად 1960-იანი წლების ბოლოს კა-გე-ბემ სცადა დაეწყო "ჯვაროსნული ლაშქრობა” ამ, ყველა სისტემისათვის თანაბრად საშიში სენის წინააღმდეგ. ამჯერად კა-გე-ბეს ერთ-ერთ ანტიკორუფციულ სპეცოპერაციაზე მოგითხრობთ, რომელშიც, არ გაგიკვირდეთ და იაპონელებიც მონაწილეობდნენ. გასული საუკუნის 60-იანი წლები სამართლიანად ითვლება იაპონური "ეკონომიკური სასწაულის” დაწყების ხანად. "სამურაების შთამომავალნი" ენერგიას და ფულს არ იშურებდნენ ახალი ბაზრების ასათვისებლად. გამონაკლისი არც მათი უშუალო მეზობელი - საბჭოთა კავშირი იყო. იაპონელები მალევე დარწმუნდნენ, რომ ეს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ბირთვული სახელმწიფო, "დათვივით” მოუქნელი იყო საყოფაცხოვრებო ტენიკისა და უმარტივესი ელექტრონიკის წარმოებაში. ამიტომაც, გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, იაპონელ ბიზნესმენთა დიდი "დესანტი” ახალი ბაზრების ასათვისებლად მოსკოვში ჩაფრინდა და ხელსაყრელი კონტრაქტების გასაფორმებლად საბჭოთა სამინისტროებს "შეუტია”.
საერთოდ თავშეკავებულ იაპონელებს მოსკოვში ვერ იცნობდით, ისე დაეწაფნენ ამქვეყნიურ სიამოვნებებს ("ღვინო, დუდუკი, ქალები”) , რომ შაბათ-კვირას "საგულაოდ" ჩასულ ბევრისმნახველ ქართველებსაც კი უკვირდათ. იაპონელები თან საქმესაც ასწრებდნენ: დილიდან სამინისტროებს ჩამოირბენდნენ ახალთ-ახალი მინიმაგნიტოფონებითა და რადიომიმღებებით დატენილი პორტფელებით, მოინახულებდნენ საბჭოთა მოხელეებს და მერე უკვე "შემსუბუქებულნი”, რესტორნებში იწყებდნენ "გრიალს”.
ბუნებრივია ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან იაპონელებს კა-გე-ბეს მე-7 სამმართველოს (გარე თვალთვალი) "ოპერები” ყველგან "მწყემსავდნენ” და სწორედ მათ მიაქციეს ყურადღება იაპონელთა პორტფელების სისტემატურ "შემსუბუქებას”. საბჭოთა სპეცსამსახურის ხელმძღვანელები მალევე მიხვედნენ, რომ საბჭოთა ჩინოვნიკები, იმ დროისთვის საკმაოდ ძვირფასი საჩუქრების სახით, ქრთამს იღებდნენ იაპონელი ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების გასაფორმებლად.
კა-გე-ბემ დაგეგმა ოპერაცია, რომლის მიზანი კორუმპირებული მოხელეების გამოვლენა, კანონის მიხედვით დასჯა ან "დავერბოვკება” იყო. იაპონელებს ჩხრეკას ვერ დაუწყებდნენ, ამიტომაც ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს.
იაპონელების მორიგი "გრიალის” დროს კა-გე-ბეს ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს "ჯადოქრებს” არ გასჭირვებიათ მათ სატუმრო ნომერში შეღწევა და "სონის” მარკის რადიომიმღებებში და მაგნიტოფონებში რადიოაქტიული ნივთიერების მინიატურული ნაწილაკების ჩამონტაჟება. გარე თვალთვალის "ოპერებს” კი ჯიბის გეიგერის აპარატები დაურიგეს, რომლებიც 3-5 მეტრის მანძილზე რადიაციულ ფონს უხმოდ, მხოლოდ ვიბრაციით აფიქსირებდნენ.
სულ მალე კა-გე-ბემ დადგინა ყველა ის ჩინოვნიკი, ვინც საჩუქრები აიღო. მათი ნაწილი მკაცრად დაისაჯა, ხოლო მეორე ნაწილმა. . . .უფრო სწრაფად და კარგად გააგრძელა კარიერული წინსვლა, რადგანაც ამ უკანასკნელთა ოპერატიული ფსევდონიმები მხოლოდ კა-გე-ბეს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებმა იცოდნენ. შეიძლება იკითხოთ: ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყოო? ახლადდანიშნული ანდროპოვისთვის მთავარი იყო პოლიტბიუროსთვის ეპატაკა კორუფციასთან ბრძოლაში "გამარჯვება" და ამ დროს ვინმეს რადიაციით შესაძლო დასხივება რა მოსატანი იყო! საბჭოთა კავშირში კორუფციასთან ბრძოლას კამპანიური ხასიათი ჰქონდა და წლების შემდეგ ამ სენმა საბჭოთა უშიშროების სისტემაშიც შეაღწია.
კორუფციასთან ბრძოლის უფრო "ჰუმანურ" მეთოდს იყენებენ ამერიკელები.
მაღალჩინოსან მოხელეებში კორუფციის გამოსავლენად აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ძალზე აქტიურად იყენებს "მართვადი პროვოკაციის” მეთოდს. არაბი შეიხის მოსასხამში გადაცმული გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები უახლესი იარაღის შესასყიდად დახმარების სანაცვლოდ ათი ათასობით დოლარის ქრთამს სთავაზობდნენ სენატისა და კონგრესის წევრებს, პენტაგონის ჩინოვნიკებს და თან ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერებს აწარმოებდნენ. ამ პროვოკაციას წამოგებულ პირებს წინ დიდი უსიამოვნებები, თვით დაპატიმრების ჩათვლით, ელოდებათ.
უნდა ითქვას, რომ კორუფციასთან ბრძოლაში "მართვადი პროვოკაციისა” და "საკონტროლო შესყიდვების" მეთოდებს საბჭოთა მილიციაც იყენებდა. გავიხსენოთ გამოჩენილი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის უკანასკნელი რომანი "მარადისობის კანონი": გახსოვთ როგორ ცდილობენ მილიციის "ოპერები" ქრთამით აცდუნონ რედაქციის თანამშრომელი? მესამე მცდელობის შემდეგ მიზანს მიაღწიეს, თუმცა ეს არა იმდენად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდებოდათ, რამდენადაც "მექრთამეობასთან ბრძოლის" გაპიარებისთვის.

ნოდარ დუმბაძე და ედუარდ შევარდნაძე": მწერალი და მილიციელი
კორუფციული ფაქტების დადგენა და გადასახადების დამალვის შემთხვევების დაფიქსირება ურთულესი პროცესია, რადგანაც ორივე დანაშაული ფარული სახისაა და მასში მონაწილენი მაქსიმალურად ცდილობენ კრიმინალის დამალვას. ამიტომ სანდო ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ ოპერატიული გზებითაა შესაძლებელი. ეუს აპარატის სტატუსი საშუალებას გვაძლევდა მიგვემართა საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ოპერატიული სახის ინფორმაციის მოპოვებისა და მიწოდების თხოვნით. 1996 წლის აპრილის ბოლოს ჩემს ხელთ იყო ოპერატიული ინფორმაცია "ქ. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული საცალო საქონლით ვაჭრობების ბაზრობების ხელმძღვანელების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტისაგან შემოსავლების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვის ფაქტებთან დაკავშირებით". უშიშროების სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ თბილისის ერთ-ერთ ბაზრობაზე მიღებული შემოსავლებიდან ბიუჯეტს ყოველწლიურად უმალავდნენ დაახლოებით ერთ მილიონ ლარს. ამგვარი სასურსათო ბაზარი და სამრეწველო ბაზრობა თბილისში იმ დროს ოცამდე, საქართველოში კი დაახლოებით ორმოცდაათამდე იყო.
გარდა აღნიშნული სახის ინფორმაციისა, ჩემს მიერ ჩატარდა შესაბამისი გაანგარიშებები, რომლებიც ეყრდნობოდა: ა) მოსახლეობის მოხმარების ყველაზე მინიმალურ ნორმებს კვების პროდუქტებზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, სასმელზე და თამბაქოზე, ფართო მოხმარების სხვა საგნებზე; ბ) მოსახლეობის რიცხოვნობის რეალობასთან მიახლოებულ მაჩვენებელს-4.5 მლნ ადამიანი (1995წ.) ; გ) ფინანსთა სამინისტროდან, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებიდან, ეკონომიკის სამინისტროდან, მრეწველობის დეპარტამენტიდან, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმციის ანალიზს; დ) სხვა ქვეყნების გამოცდილებას.
პრეზიდენტ შევარდნაძის დავალებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ (ბუნებრივია ამ პერიოდში სხვა დავალებებიც არ მაკლდა) "ანალიტიკური ცნობის" ("საქართველოში არსებული საბაჟო და საგადასახადო რეჟიმის ძირითადი ნაკლოვანებების შესახებ" - სახელწოდებით) სამუშაო ვარიანტი მზად იყო. წინასწარი განხილვისთვის "შეფთან" შევიკრიბეთ. აი რა ეწერა პრეზიდენტისთვის მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტში:
" 1995 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (გრანტებისა და ტრანსფერების ჩათვლით) 271.2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა 469.4 მლნ ლარი, დეფიციტი 198.2 მლნ ლარი იყო, საიდანაც 180.6 მლნ ლარი საერთაშორისო ორგანიზებისგან მიღებული კრედიტებით დაიფარა. გრანტების საშუალებით ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის შევსება არასასურველ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც გარკვეულწილად დამოკიდებულს გვხდის უცხოეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მათი მიღება არასტაბილურია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის შევსება ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე უნდა ხდებოდეს.
ამჟამად მოქმედი მაღალი საგადასახადო განაკვეთები (საბაჟო გადასახადი, დღგ, აქციზი და მოსაკრებლი), ხელს უშლის კანონიერ იმპორტს და ბიზნესმენები იძულებული არიან პროდუქციის შემოტანისას მიმართონ ისეთ ხერხებს, რის შემდეგაც საქართველოს ბიუჯეტისთვის განკუთვნილი თანხა ან სხვა ქვეყნების ბიუჯეტში შედის ან მებაჟეების ცხოვრების დონეს აუმჯობესებს.
საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით 1995 წელს იმპორტმა 404.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ბიუჯეტში საბაჟო გადასახადების სახით მხოლოდ 9 მლნ მოხვდა.
სათანადო ანალიზისა და გათვლების შედეგად დადგინდა, რომ 1995 წელს იმპორტის რეალური მოცულობა შეადგენდა სულ მცირე 1130.0 მლნ ლარს, საიდანაც ბიუჯეტს (ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში) უნდა მიეღო მინიმუმ 205 მლნ ლარი. ფაქტიურად კი ბუჯეტში მხოლოდ 9 მლნ ლარი ჩაირიცხა. ჩატარებული ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ 1995 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული შემოსავლების (გრანტებისა და ტრანსფერების გარდა) მიღება (დაფარვა) საბაჟო გადასახადების საშუალებით შესაძლებელი იყო.
ბიუჯეტის შევსების უმნიშვნელოვანესი წყაროა ასევე შიდა გადასახადების განაკვეთების ისეთი ოპტიმალური დონის განსაზღვრა, რომელიც აამოქმედებს გაჩერებულ წარმოებას (1996წ. თებერვლისთვის გაჩერებული იყო 758 სამრეწველო საწარმო ანუ საერთო რაოდენობის 49.4%) და გაზრდის დასაბეგრ ბაზას.
ამავე დროს მეწარმეებიც არ ეცდებიან დამალონ და აღრიცხვაში არ გაატარონ შექმნილი პროდუქციის ნახევარზე მეტი (რასაც დღეს აქვს ადგილი), რომელიც შემდეგ ”მარცხენა” გზებით იყიდება.
ამ "ჯაჭვური პროცესის" დროს, (”მარცხენა პროდუქცია” - ”მარცხენა რეალიზაცია”-”მარცხენა შემოსავალი”), რასაც ამჟამად საქართველოში მასიური ხასიათი აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს, როგორც დღგ-დან, აქციზიდან, მოგების გადასახადიდან და ა.შ. მისაღებ თანხებს, ასევე ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადიდან მისაღებ თანხებს. ჩვენი გაანგარიშებით 1995 წელს მრეწველობის მთლიანი პროდუქცია სულ მცირე სამჯერ უფრო მეტი იყო, საიდანაც ბიუჯეტში უნდა შესულიყო 250-300 მლნ ლარი. (1995წ. ბიუჯეტში საგადასახადო ინსპექციიდან შევიდა 122.9 მლნ ლარი.)
ასე, რომ 1995 წელს გადასახადების განაკვეთების ოპტიმალური დონის განსაზღვრით (იმპორტი 10-30%, ადილობრივი გადასახადები 5-25%) და მკაცრი კონტროლის განხორციელებით შესაძლებელი იყო ბიუჯეტში მოგვეზიდა ოთხჯერ მეტი - 455-505 მლნ ლარი (ნაცვლად 130 მლნ ლარისა), რაც მთლიანად დაფარავდა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დააბალანსებდა ბიუჯეტს და საერთაშორისო ორგანიზაციების კრედიტი საჭირო აღარ იქნებოდა.
დღეისათვის საქართველოში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო რეჟიმი მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ხელს უწყობს ფაქტიური იმპორტის დამალვას და კორუფციის გაღრმავებას.
საგადასახადო, საბაჟო და მაკონტროლებელ ორგანიზაციებში კორუფციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იქ მომუშავე სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურების მაღალი განაკვეთის დაწესება და მისი პირდაპირი დაკავშირება საბაჟოზე დაფიქსირებული ტვირთებიდან მიღებული თანხის მოცულობასთან. განსაკუთრებულ კონტროლს მოითხოვს იმპორტის ტრანზიტისა და რეექსპორტის ოპერაციები.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით 1996 წლის პირველ კვარტალში 1995 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში ლუდის წარმოებამ 25.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს - 49.4%. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა არაალკოჰოლური სასმელების წარმოებაც. ამავე დროს ჩატარებული კვლევის შედეგად აღნიშნული პროდუქტების დეფიციტი საქართველოში ნამდვილად არ შეიმჩნეოდა. ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ადგილი აქვს წარმოებული პროდუქციის მოცულობის ხელოვნური შემცირების (დამალვის) ფაქტს - გადასახადების გადახდიდან თავის დაღწევის მიზნით. პირობითად თუ ავიღებთ, რომ ამ პერიოდში ლუდისა და თამბაქოს ფაქტიური წარმოება 1995 წ. I კვარტალის დონეზე დარჩა, მაშინ ბიუჯეტმა უკვე დაკარგა სულ მცირე 0.5 მლნ ლარი ლუდის წარმოებიდან და 2.2 მლნ ლარი თამბაქოს წარმოებიდან.

ედუარდ შევარდნაძე: "ძალიან ჰგავს პეპსის"
საწარმოებში "ორმაგი ბუღალტერიის” არსებობის დაფიქსირება საგადასახადო ინსპექციის მუშაკებს არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ ადგილი აქვს დანაშაულებრივი გარიგების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხები კორუმპირებული მუშაკების ხელში ხვდება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნულმა ფაქტებმა კატასტროფული მასშტაბები მიიღო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მობილიზაციისათვის გაწეული მუშაობა არადამაკმაყოფილებლად უნდა მივიჩნიოთ. ჩვენი აზრით, აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელების მართვისა და კონტროლის მეთოდები და სტილი არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტის მოთხოვნებს.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლეგალური გადასახადის რაც არ უნდა მინიმალური დონე იყოს, ”ჩრდილოვანი ეკონომიკა” მაინც იარსებებს, თუ არ გატარდა მკაცრი საქსპორტო და სავალუტო კონტროლი. საგადასახადო, საბაჟო და მაკონტროლებელ ორგანიზაციებში კორუფციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იქ მომუშავე სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურების მაღალი განაკვეთის დაწესება და მისი პირდაპირი დაკავშირება საბაჟოზე დაფიქსირებული ტვირთებიდან მიღებული თანხის მოცულობასთან. აღნიშნული ღონისძიებები პარალელურად უნდა განხორციელდეს".
ჩემი კოლეგები ყურადღებით მისმენდნენ, ზოგჯერ შეკითხვებით აზუსტებდნენ ცალკეულ საკითხებს. უკვე მაშინ ისინი გამოცდილი პროფესიონალები იყვნენ: პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პარტიულ და კომკავშირულ მუშაობას ეწეოდნენ, როდესაც ი. ანდროპოვის გადაწყვეტილებით კა-გე-ბეს გასაძლიერებლად 1983-1984 წლებში ახალგაზრდა კადრების მასიური მიღება დაიწყეს. ისინიც "ანდროპოვის გაწვევაში" მოხვდნენ. ჩემს კოლეგებს კა-გე-ბეს მოსკოვის, კიევისა და მინსკის სკოლები და კურსები ჰქონდათ დამთავრებული, ჩემზე 6-7 წლით წლით უფროსი პოლკოვნიკები იყვნენ, ამიტომაც ხუმრობით "შავი პოლკოვნიკები" შევარქვი (ბერძენი "კოლეგების" ანალოგიურად), არ სწყინდათ, რადგანაც იუმორის დიდი ნიჭი ჰქონდათ. ეუს აპარატში მისვლისთანავე მათთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც დღესაც გრძელდება.
წლების შემდეგ ამგვარი კანონზომიერება შევამჩნიე: საქართველოს სსრ სუკ-ში ძირითადად გე-პე-ის კურსდამთავრებულებს იღებდნენ და უმეტესად ოპერატიულ თანამდებობებზე ნიშნავდნენ. სახელმწიფო უნივერსიტეტის კუსდამთავრებულები გაცილებით ცოტანი იყვნენ და უპირატესად ანალიტიკურ სამუშაოს ასრულებდნენ.
აქ თემიდან ცოტას გადაუხვევ. "შავი პოლკოვნიკების" გაცნობამდე სულ ერთხელ მქონდა საბჭოთა სუკთან გადაკვეთა. 1984 წლის შემოდგომაა, "ეკონომიკის ინსტიტუტში" ვმუშაობ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, თან ასპირანტურაში ვსწავლობ, ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოსაც ვხელმძღვანელობ. ჩემი თაოსნობით თავისუფალ დროს მეგობრებთან "ვერის ბაღში" ფეხბურთსა და კალთბურთს ვთამაშობთ. შემდეგ ინსტიტუტში ცხელ ჩაისა და "სუხარიკებს" მივირთმევთ და ცხარედ ვკამათობთ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, სპორტზე და ა.შ.
ერთ დღესაც ინსტიტუტის კადრების განყოფილებიდან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. ოთახში მხოლოდ 35 წლამდე უცნობი ახალგაზრდა სათვალიანი კაცი დამხვდა, ქართულად მომესალმა, თუმცა სლავური აქცენტი იგრძნობოდა. უშიშროების კომიტეტის კადრების განყოფილებიდან ვარ, კაპიტანი "პ" ( უკრაინული გვარი დაასახელა). თქვენთან გასაუბრება მინდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებითო. კი ბატონო - ცოტა არ იყოს ირონიულად მივუგე. საქაღალდე გადაშალა, მერე მე შემომხედა: "სუკ-ში სამუშაოდ შეგარჩიეთ, კარგად შეგისწავლეთ , ახალგაზრდა კადრები გვჭირდება". პაუზა. ერთმანეთს ვუყურებთ.
"ვიცით, რომ თადარიგის ლეიტენანტი ხართ, ინსტიტუტშიც დადებითად გახასიათებენ, ჩვენთან სამსახურში უფროსი ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხებით, ორჯერ მეტი ხელფასი გექნებათ ვიდრე გაქვთ, ორ წელიწადში ბინას მიიღებთ, ტელეფონს დაგიდგამთ, ავტომობილის შეძენაშიც დაგეხმარებით. მალევე დაწინაურდებით" - კაპიტანი "პ" თვალს არ მაცილებს. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ საბჭოთა იმპერიაში კა-გე-ბე "სახელმწიფოა სახელმწიფოში" და რაც მან ჩამოთვალა ყველაფერს შეასრულებდნენ. ეს ჩამონათვალი კი იმ, უპერსპექტივო საბჭოთა პერიოდში, არ დაგიმალავთ და ახალგზარდა კაცისთვის ძალზე დიდი ცდუნება იყო!
უარყოფით პასუხი მზად მქონდა, თუმცა ბოლო წამს გადავიფიქრე: "შეიძლება ხვალამდე მოვიფიქრო ?" - იყო ჩემი პასუხი. სამსახურის ტელეფონი ფურცელზე დამიწერა და მომაწოდა, თან მთხოვა ჩვენი საუბარი საიდუმლოდ დარჩენილიყო. მეორე დღეს დავურეკე და უარი ვუთხარი: ასპრანტურაში ვსწავლობ და მეცნიერებას მინდა გავყვე მეთქი. კარგიო, მომიგო აშკარა დანანებით. ასე, რომ მაშინ სუკ-ში, რომ გადავსულიყავი, ეუს აპარტში, არა დოცენტის და მეცნიერ-ანალიტიკოსის, არამედ მეც "შავი პოლკოვნიკის" სტატუსი მექნებოდა. თუმცა ნამდვილად არ ვნანობ. . . .
"ანალიტიკური ცნობას" ჯერ ნ. საჯაია გაეცნო, შემდეგ კი პრეზიდენტი. თუმცა არც საკადრო და არც საკანონმდებლო გადაწყვეტილება არ მიუღია: კვლავ მაღალი გადასახადები დარჩა, საბაჟო და საგადასახადო დეპარტემენტების ხელმძღვანელებს კი პირიქით - მადლობა გამოუცხადა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილში კი სიღარიბე და სოციალური დაძაბულობას სულ უფრო ღრმავდებოდა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე კი ლეგენდარული "თურქული კრედიტის" საკითხი უნდა გასულიყო. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მთავარი მომწოდებელი რუსული "იტერაც" სასწრაფოდ ითხოვდა დავალიანების გადახდას.
(მერვე ნაწილის დასასრული)