"თუ ასე გაგრძელდება, მალე ყოველი ქორწინება განქორწინებით დამთავრდება!"
(გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #31)
„დემოგრაფიული ვითარება მეტად მძიმეა და საგანგაშო!“
ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციაზე ვესაუბრებით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, დემოგრაფ, პროფესორ ანზორ თოთაძეს.
- განქორწინებების რიცხვიც ხომ გავლენას ახდენს დემოგრაფიულ ვითარებაზე.
- უკანასკნელ წლებში ქვეყანაში პერმანენტულად მცირდება ქორწინების რაოდენობა და, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად იზრდება განქორწინების მაჩვენებელი. თუ მოვლენას დინამიკაში განვიხილავთ, უკანასკნელ 30 წელიწადში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქორწინებისა და განქორწინების რაოდენობრივ მახასიათებლებში. 1959 წლიდან დაწყებული თითქმის განუწყვეტლივ მცირდებოდა 1 განქორწინებაზე მოსულ ქორწინებათა რიცხვი. სახეზეა ოჯახის კრიზისი, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს და უპირველესად ამცირებს შობადობას.
სხვა დემოგრაფიული მონაცემებიც მიგვანიშნებს, რომ ქართველი ხალხი დემოგრაფიული კატასტროფის პირზე დგას. 1960-1990 წლებში ქვეყანაში 2 569 718 ბავშვი დაიბადა, ხოლო შემდეგ, ისევ 30-წლიან პერიოდში, 1991-2021 წლებში - 1 655 900 ბავშვი, ანუ 913 818 ბავშვით ნაკლები. ამრიგად, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილებები მოხდა დემოგრაფიულ პროცესებში, რაც პერსპექტივაში ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს მოსახლეობის აღწარმოებაზე. საგრძნობლად შემცირდება შობადობის სიხშირე და, მაშასადამე, მისი ინტენსივობის შეფარდებითი სიდიდეც.
მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც საგრძნობლად შეიცვალა აღნიშნულ პერიოდებში. ის დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის სხვაობის აბსოლუტურ სიდიდეს წარმოადგენს. 1960-1990 წლებში ქვეყანაში მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 1 503 389 კაცი შეადგინა. ხოლო 1991-2021 წლებში - მხოლოდ 106 264 კაცი, ანუ 1 397 125 კაცით ნაკლები. ასეთი მძიმე ვითარება ძირითადად შობადობის უაღრესად დაბალი დონის გამო დაფიქსირდა. ცალკეულ წლებში უკვე ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი კლებაც აღირიცხა, განსაკუთრებით უპირატესად ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. მაგალითად, 1991-2021 წლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ყოველ წელს მოსახლეობის ბუნებრივი კლება იყო; გურიაში 30 წლიდან 26 წელი ბუნებრივი კლება აღირიცხა, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ასევე ყოველწლიურად ბუნებრივად იკლებდა მოსახლეობა 1997-2021 წლებში. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად მცირდება სოფლის მოსახლეობა. ქართულმა სახელმწიფოებრიობამ გამოხატულება უპირველესად სოფელში პოვა. სოფელმა განსაზღვრა ქართული ცხოვრების წესი, კულტურა, ტრადიციები, ქცევის ნორმები, ადათი და რიტუალები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მდიდრდებოდა და საბოლოოდ ქართველი ხალხის ფსიქიკურ წყობასა და ერთობაში იჩენს თავს. სოფლად შექმნილი ტრადიციები თანდათანობით იხვეწებოდა და მთელი ხალხის კუთვნილება ხდებოდა. მეფე-პოეტი არჩილი ამკვიდრებს გლეხობის დაცვის იდეას: "თუ ამოსწყდეს გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდა" (სხვა ვერსიით, ეს სიტყვები ბაადურ ციციშვილმა წარმოთქვა მარაბდის ბრძოლის წინ. - რედ.), ხოლო არსებული სოფლების გამო სასოწარკვეთილი მეფე თეიმურაზ პირველი კი ამბობდა: "სახელმწიფო დამეკარგაო".
ამჟამად ერის სულიერ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სოფლის როლი სულ უფრო ქვეითდება. ბოლო 30 წელიწადში უაღრესად შემცირდა სოფლის მოსახლეობა. 1960 წელს საქართველოს სოფლებში 2 მილიონ 385 ათასი კაცი ცხოვრობდა, 30 წლის შემდეგ, 1990 წელს კი - 2 მილიონ 426 ათასი. ე.ი. სულ მოსახლეობა ამ პერიოდში 41 ათასი კაცით გაიზარდა, 30 წლის შემდეგ კი ასეთი დემოგრაფიული სურათი გვაქვს: 1991 წელს სოფლის მოსახლეობა 2 მილიონ 449 ათას კაცს უდრიდა, 2021 წელს კი - 1 მილიონ 513 ათას კაცს, ე.ი. შემდგომ 30 წელიწადში სოფლის მოსახლეობა 936 ათასი კაცით შემცირდა. ამჟამად საქართველოში ბევრი სოფელია გაუკაცრიელებული - გაცივდა უკანასკნელი კერა. მოსახლეობა 2014 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად 223 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ამასთან, 39 ოჯახი ერთკაციანია, 46 ოჯახში კი 2 კაცი ცხოვრობს და ა.შ. 10 კაცი და უფრო ნაკლები მოსახლეობაა 255 სოფელში, ხოლო 1083, ანუ თითქმის ყოველ მესამე სოფელში, მხოლოდ 100 კაცამდე მცხოვრებია. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე, ძირითადად, მოხუცები არიან დარჩენილი, რომლებიც უიმედოდ ითვლიან დარჩენილ დღეებს. ისიც აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მცირდება მსხვილი სოფლების რაოდენობა. 2002 წელს საქართველოში 28 სოფელში მოსახლეობა ცალ-ცალკე აღებული 5 ათას კაცს აღემატებოდა. ეს რიცხვი 2012 წელს 12 სოფლამდე შემცირდა.
საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ მოსახლეობის დაბერების დონე ძალიან მაღალია. ქვეყანაში 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20%-ს უდრის (მამაკაცების 16,5% და ქალების 23,1%). განსაკუთრებით მცირერიცხოვან მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვნად დარღვეულია სქესობრივი სტრუქტურა. 20-35 წლების ასაკობრივ ჯგუფში, როგორც წესი, მამაკაცები და ქალები თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ, ფაქტობრივად კი მამაკაცები მნიშვნელოვნად სჭარბობენ ქალებს. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალები დიდ ქალაქებში თხოვდებიან და ადგილზე მკვეთრად იგრძნობა საპატარძლოების დეფიციტი. ამასთან, მცირერიცხოვან მუნიციპალიტეტებში ძალიან მაღალია მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი. ახალგაზრდობა მასობრივად ტოვებს მშობლიურ ადგილებს. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 60 წლისა და უფროსი ასაკის ქალები შეადგენენ ქალი მოსახლეობის 23,1%-ს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი 45%-ს უდრის. სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გავლენით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 20-35 წლების ასაკის მხოლოდ 530 ქალი ცხოვრობს - ანუ მთლიანად ქალი მოსახლეობის 9,3%, მაშინ როდესაც ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 20%-ზე მეტიცაა. ასეთ ვითარებაში სრული საფუძველი გვაქვს აღვნიშნოთ, რომ შემდგომ წლებში სოფლად შობადობა განუწყვეტლად შემცირდება.
დემოგრაფიულ ვითარებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ოჯახის სიმტკიცე. ქართული ოჯახი ისტორიულად მყარ ეროვნულ ფასეულობათა სისტემას ეფუძნებოდა. თავის მხრივ, იგი მრავალი საუკუნის განმავლობაში იდენტობის შენარჩუნების მოთავე იყო, ქართული ცხოვრების წესსა და ეროვნულ ზნე-ჩვეულებებს ამკვიდრებდა. ამჟამად ქართული ოჯახი კრიზისს განიცდის და იგი გამოიხატება არა მარტო ოჯახური ფუნქციების შემცირებაში, როგორიცაა, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის აღწარმოება და ახალი თაობების აღზრდა, არამედ ერის სულიერი ცხოვრების, რბილად რომ ვთქვათ, შეფერხებაში. ამავე დროს, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ადამიანი შვილსა და ნაშიერში თავისი თავის გაგრძელებას ხედავდა და, ამდენად, მას უკვდავების ყოფნა-არყოფნის - მარადიული კითხვა, რომელიც დღემდე აწვალებს ადამიანის გონებას, თავის სანუგეშოდ დადებითად სურდა გადაეწყვიტა. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ამის შესახებ აღნიშნავდა: "მამრისა და მდედრის თანაყოფის შედეგი შობაა, ხოლო ჩასახვასა და შობას ღვთაებრივ აქტს ვუწოდებ მე, როგორც უკვდავი საწყისის მოვლენა მოკვდავ არსებაში... შობა ანიჭებს უკვდავებას მოკვდავ არსებას".
- არადა, სტატისტიკა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განქორწინებების მაჩვენებელი თვალნათლივ იზრდება...
- ასეა. ბოლო წლებში საქართველოში განუწყვეტლივ იზრდება განქორწინების მაჩვენებელი. მაგალითად, 2022 წელს ქვეყანაში 26 088 ქორწინება მოხდა და 14 098 განქორწინება, ანუ ერთ რეგისტრირებულ ქორწინებაზე 1,8 რეგისტრირებული ქორწინება მოდიოდა. თბილისში ეს მაჩვენებელი 1,6-ს უდრიდა. თუ ასე გაგრძელდა, მალე ყოველი ქორწინება განქორწინებით დამთავრდება! საინტერესოა, რომ 1950 წლის ერთ განქორწინებაზე 73 ქორწინება მოდიოდა, 1960 წელს - 30 ქორწინება. შემდეგ პერიოდში ეს მაჩვენებელი განუწყვეტლივ მცირდებოდა და 2020 წელს უკვე ერთ განქორწინებაზე 2 ქორწინება მოხდა. ხოლო 2022 წელს, როგორც აღვნიშნე - 1,8 ქორწინება. ამის გამო მცირდება შობადობა, ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება ერთ-ერთი მშობლის (ძირითადად, დედის) ამარა. ყოველივე ეს იწვევს აუნაზღაურებელ, მეტად უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ბოლო ნახევარ საუკუნეში თითქმის 200-250 ათასი ბავშვი იზრდებოდა ძირითადად დედის ან მამის მეთვალყურეობით. ახლა თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ საბავშვო ბაღებში ქალები მუშაობენ აღმზრდელებად, სკოლებში კიდევ მასწავლებელთა 80% ქალია, ამასთან, ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 8-9 წლით მეტია მამაკაცისაზე და ძირითადად ბებიები ზრუნავენ ბავშვთა მოვლა-პატრონობაზე, ბავშვები მოკლებული არიან მამებთან, ბაბუებთან, საერთოდ, მამაკაცებთან ურთიერთობას, მამაკაცურ ხასიათთან ზიარებას, მათ უმუშავდებათ არამყარი ხასიათი და ჩვევები, უძნელდებათ ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ მამაკაცებისა და ქალების თანასწორობაზე. უფრო მეტიც, როგორც ამერიკაში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, "სკოლამდელები, რომელთა აღზრდაშიც აქტიურად მონაწილეობენ მამები, იზრდებიან განსაკუთრებით კეთილები, გულითადები და მგრძნობიარეები".
ახლახან, 2023 წლის თებერვალ-მარტში ჩავატარეთ სტუდენტი ახალგაზრდობის პრობლემური კვლევა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, ანალოგიური კვლევა ჩავატარეთ 2003 და 2013 წლებში, რაც საშუალებას გვაძლევს ახალგაზრდების ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები და პროცესები დინამიკაში განვიხილოთ. სულ 2023 წელს წელს გამოვიკითხეთ 208 სტუდენტი (77 ვაჟი და 131 გოგონა). ამ გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ოჯახის ინსტიტუტი, ქართველი სტუდენტების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სტუდენტების 56,7%-ისთვის, მათ შორის რესპონდენტი ვაჟების 44,2%-სა და ქალების 64,1%-ისთვის. ამასთან, ეს მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა ვაჟებისთვის როგორც 2003, ისე 2013 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ძალიან მაღალია სტუდენტთა ემიგრაციული განწყობა. საგანგაშოა, რომ მხოლოდ 44 სტუდენტი (21,1%) არ აპირებს საზღვარგარეთ წასვლას. დანარჩენები სწავლის დამთავრების შემდეგ აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას სწავლის გასაგრძელებლად, დროებით სამუშაოდ და მუდმივად საცხოვრებლად. სტუდენტი ქალების 10% აპირებს საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად წასვლას მაშინ, როდესაც ვაჟ სტუდენტებს ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ. ეს არა მარტო გაზრდის დემოგრაფიულ დანაკარგებს, არამედ დაოჯახების პრობლემასაც შექმნის.
გამოკითხულ სტუდენტთა 10% იზიარებს მოსაზრებას, რომ ქორწინება მოძველებული ინსტიტუტია, ხოლო 30%-ს ამ საკითხზე არ ჰქონდა გამოკვეთილი აზრი. დანარჩენი 60% არ იზიარებს აზრს, რომ ქორწინება მოძველებული ინსტიტუტია.
სტუდენტთა დიდი უმრავლესობა უახლოეს მომავალში არ აპირებს დაოჯახებას და ამის მიზეზად სწავლასა და მომავალში მყარად ფეხზე დადგომას ასახელებს. ამის მიზეზიცაა, რომ ქალების საშუალო საქორწინო ასაკი 1994-2022 წლებში 23 წლიდან 31 წლამდე გაიზარდა, რაც სხვა უარყოფით მოვლენებთან ერთად ამცირებს შობადობას.
სტუდენტი ვაჟების 41,5%-ისა და სტუდენტი გოგონების 37,4%-ისთვის მეუღლის ეროვნებას არა აქვს მნიშვნელობა.
ალკოჰოლურ სასმელებს სისტემატურად ეტანება სტუდენტი ვაჟების 7,8%, ხოლო ქალების 3,1%. ნარკოტიკულ ნივთიერებებს სისტემატურად მოიხმარს სტუდენტი ვაჟების 1,3%, ხოლო ზოგჯერ - 18,2%, სტუდენტი ქალების კი, შესაბამისად, 1,5 და 9,2%. მოყვანილი მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია და თუ გაითვალისწინებთ, რომ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში 67 ათასი სტუდენტი სწავლობს, მაშინ 900 სტუდენტი მაინც მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს სისტემატურად.
უკანასკნელ ხანს ჩვენს ქვეყანაში ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირების ზრდა, სტუდენტი ვაჟების აზრით, განაპირობა: მწვავე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა 10,4%-ით, საზოგადოებრივ შეხედულებებში ცვლილებებმა - 77,9% და საზოგადოებრივი კონტროლის შესუსტებამ - 11,7%. სტუდენტი ქალების მოსაზრებით, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 8,3%, 80,9% და 10,8%-ს უდრის.
სტუდენტი ვაჟების 41,6%-ის აზრით, საჭიროა პროსტიტუციის ლეგალიზება, ამ მოსაზრებას იზიარებს სტუდენტი ქალების 35,1%.
დაუქორწინებელი ვაჟების 75,3%-ს ჰქონდა სქესობრივი კავშირი. გაუთხოვარი სტუდენტი ქალების 33%-ს, ანუ გამოკითხული ქალებიდან ყოველ მესამეს ასევე ჰქონდა სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება. ეს მაჩვენებლები წინა წლებში მნიშვნელოვნად დაბალი იყო. კერძოდ 2003 წელს სტუდენტი ქალების მხოლოდ 11,6%-ს ჰქონდა სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება, ხოლო 2013 წელს - 18,9%-ს.
* სტუდენტთა უმრავლესობას აღარ მიაჩნია საჭიროდ სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება დაქორწინებამდე. ასე ფიქრობს გამოკითხული ქალების 38,2%. 2013 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15,5%-ს შეადგენდა. სტუდენტი გოგონების 31,3% კი თვლის, რომ სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება დაქორწინებამდე მოძველებული, გაუმართლებელი მოთხოვნაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხული სტუდენტი ვაჟების ნახევარზე მეტის (52%) აზრით, თუ მის მომავალ მეუღლეს ქორწინებამდე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, ამას მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, ეს მაჩვენებელი 2013 წელს 14,3%-ს უდრიდა.
ჩვენ მიერ მოყვანილი ციფრები უკვე თავისთავად ყვირის და შეუძლებელია, ვისაც თავისი დიდი ისტორია გაუთავისებია, გული მაინც მშვიდად უცემდეს და სამშობლოს ასეთმა ვითარებამ არ შეაშფოთოს, მოახლოებული დასასრული არ შეიცნოს და შეცნობილ მწვავე რეალობას არ დაუპირისპირდეს. და ეს სრულებითაც არ არის მოჩვენებითი პატრიოტიზმი. გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებით რთულია მცირერიცხოვანი ერისთვის თავისი მიწა-წყლის, კულტურის, ეროვნული სულიერი ცხოვრების დაცვა, როდესაც კოსმოპოლიტიზმის ამღვრეული მორევი შთანთქმას გიპირებს, როდესაც ამ სენით იწამლება ახალგაზრდობა და როდესაც ამ ყველაფერს არა მარტო უცხო ძალები უტიფრად გვახევენ თავზე, არამედ შენი სისხლი და ხორციც ჩართულია ამ პროცესში; თავგამოდებით იბრძვის იმ ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ, რისთვისაც ღირს ერის სიცოცხლე. მძიმე დემოგრაფიული ვითარებისა და ოჯახის კრიზისის პირობებში მიზანშეწონილია საპატრიარქოში შეიქმნას პრობლემის შემსწავლელი ცენტრი.
დასასრულ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს - დემოგრაფიული ვითარების მყისიერად გაუმჯობესება, რაც უნდა დიდი ფინანსური სახსრები დახარჯოთ, შეუძლებელია. პირველ რიგში უნდა ვეცადოთ შევანელოთ შობადობის შემცირების პროცესი და შემდეგ ვიზრუნოთ მის გაზრდაზე, რადგან დემოგრაფიული პროცესების ცვლილება გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული - დაქორწინება შეიძლება მხოლოდ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ბავშვი ვერ გაჩნდება 9 თვეზე ადრე, შეუძლებელია მრავალშვილიანობის (3-4 ბავშვი) მასობრივი გავრცელება და სხვ. ამდენად, დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება საუკეთესო ხელშეწყობის პირობებშიც კი, თუნდაც 10 წელიწადში, სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, მით უმეტეს, უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების პირობებში. ამიტომ აუცილებელია დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება ხანგრძლივი პერიოდისათვის. საფრანგეთში სწორედ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი დემოგრაფიული ღონისძიებების გატარების შედეგად გაუმჯობესდა დემოგრაფიული ვითარება. არც ისე იშვიათად, სწორედ ეს მომენტი ეღობება წინ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას, რადგან არსებული ხელისუფლების მიერ დაწყებულ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების დადებით შედეგებს საბოლოოდ სხვა ხელისუფლება იღებს. დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების ინიციატორ ხელისუფლებას კი, ასე ვთქვათ, "უქმად ეხარჯება" გაწეული საკმაოდ სოლიდური ფინანსური რესურსები. ის მხოლოდ ნაწილობრივ იმკის მის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებს, თუმცა მყარ საფუძველს უქმნის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას და საბოლოოდ, მოგებული მთელი ერი რჩება. ამიტომ ხელისუფლება უფრთხის მძიმე დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისთვის კოლოსალური თანხების გაღებას და ამით დიდი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა ხდება. მხოლოდ მაღალი პატრიოტული შეგნების ხელისუფლება იწყებს გონივრული აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელსაც სამშობლოს სიყვარული, ერის გამრავლება და მისი ფიზიკური უწყვეტობის უზრუნველყოფა ყველაზე დიდ ფასეულობად მიაჩნია. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბოლოს და ბოლოს, მაღალი პატრიოტული შეგნების ხელისუფლება გვყავს.