"18 აგვისტოს, ღმერთმა ის მეორედ მაჩუქა..." - თათია შარანგიას ემოციური პოსტი
ტელეწამყვანი თათია შარანგია შვილის, პატარა ანდრუშას ვიდეოს აქვეყნებს და რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს კიდევ ერთხელ იხსენებს.
„3 წლის წინ ამ დღეს, ანდრიმ თქვა, რომ ეს დღე მისი დაბადების დღეა, არადა, ივლისის ულამაზეს დღეს დაიბადა. ღმერთმა 18 აგვისტოს, ის, მეორედ მაჩუქა, მადლობა უფალო, ამ საოცარი ადამიანისთვის, რომლის ამ ქვეყნად მოვლენის ფუფუნება, მე მხვდა წილად! უდიდესი მადლობა Luka Murvanidzeს, რომელიც ღმერთის მიერ გამოგზავნილი მხსნელი აღმოჩნდა ჩვენთვის.
მას ცხოვრებაში მუდამ გაუმართლებს, რადგან რისკის ფასად, მე დამიბრუნა შვილი. მადლობა არ დამელევა, ანდრუშა გამორჩეულ მადლობას ეტყვის, როცა დიდი ბიჭი გაიზრდება, დღეს თქვა, მის თავს ვფიცავ – მე მინდა ლუკა მერქვასო. მის შვილს დაარქმევს ალბათ – ლუკას.
რამდენიმე დღის წინ ლუკას და Lorena Buavaს გაუჩნდათ პატარა ანგელოზი. ჩემი მუდმივი ჩუმი ლოცვა ოდნავ მაინც მონაწილე გახდეს ამ ანგელოზის კეთილდღეობაში გილოცავთ“, – წერს თათია შარანგია.
2012 წელს, "სთორის" ახალ სეზონზე თათია შარანგიამ გაიხსენა ინციდენტი, როდესაც მისი მცირეწლოვანი ვაჟი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
შარანგიას თქმით, შემთხვევა 18 აგვისტოს მოხდა, მისი ყოფილი მეუღლის - სანდრო შელიას დაბადების დღეზე, რომელიც წყვილმა და მათმა შვილებმა აუზზე აღნიშნეს. სწორედ მაშინ, 3 წლის ანდრუშა წყალში ჩავარდა და ბავშვი აუზიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ამოიყვანეს... თუმცა, შარანგიას შვილი სიკვდილს ახალგაზრდა მამაკაცმა გადაარჩინა.
"18 აგვისტოს ღამით, დგებოდა სანდროს დაბადების დღე და უცებ ანდრუშამ თქვა: ეს ჩემი დაბადების დღეა და უნდა ჩავაქრო სანთელი... არ მივაქციე მაშინ ყურადღება ამ სიტყვებს. მართლაც, მან ჩააქრო სანთელი და თქვა, რომ მამამ აჩუქა ეს დაბადების დღე... დღეს თამამად ვამბობ, რომ მართლა ეს არის მისი დაბადების დღე და მოვყვები, რატომაც... როდესაც გათენდა 18 აგვისტო, გადავწყვიტეთ ოჯახურად აღგვენიშნა, სამივე ბავშვი, მე და სანდრო წავედით აუზზე. ბავშვები წყალში თამაშობდნენ, ანდრუშას ეკეთა საცურაო ჟილეტი და მშვიდად ვგრძნობდი თავს, ვერანაირად საფრთხეს ვერ ვხედავდი. მართლა ვერ ვიხსენებ, ის 1 წუთი სად ვიხედებოდი, არც ტელეფონი მეჭირა ხელში, არც ყავას ვსვამდი... უცებ არანორმალური ხმა მესმის ჩემი შვილის, სანის: დე, ანდრუშა! და როცა გამოვიხედე, ერთადერთი, რაც შემიძლია გავიხსენო - ჩემი ხუჭუჭა შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა... ეს არის, რაც მახსოვს...
ამოვიყვანე უსიცოცხლო, ლურჯი იყო, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა... ხალხს ვთხოვდი - მიშველეთ, დამეხმარეთ! მოდიოდნენ და ამ სილურჯეს რომ ხედავდნენ, ყველა მაღლა სწევდა ხელს... ყველას თვალებში ვცდილობდი წამეკითხა - ცოცხალია შენი შვილი. ვიძახდი, ვყვიროდი: სანდროს დაუძახეთ! მან იცის პირველადი დახმარება! 30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი უყურადღებობით ჩემი შვილი, და მე ჩემი შვილი მოვკალი მისი მამის დაბადების დღეს...
...მერე მახსოვს, რომ მორბის ბიჭი თეთრი პერანგით, მოვარდა დაკიდა ფეხებით და სიცოცლის ნიშნები გამოუჩნდა ბავშვს. ლუკა მურვანიძის მადლობელი ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება, რომელმაც გადაარჩინა ჩემი შვილი და მართლა ამ დღეს დაიბადა ჩემი შვილი ხელახლა! ჩემს თვალწინ, ლურჯ კიდურებს დაუბრუნდა ფერი, სახეს ნელ-ნელა დაუბრუნდა ფერი...
ნახევარი წუთი წყვეტს ყველაფერს... ყველას გთხოვთ, გაატარეთ მათთან დრო, ერთი წამით არ დატოვოთ, მით უმეტეს როცა პატარა ბავშვია... მივხვდი, რომ ძალიან ვყვარებივარ ღმერთს და არაფერი მაქვს საწუწუნო, თუმცა მე ეს საშინელება გავიარე..." - ტირილით გაიხსენა უმძიმესი ისტორია თათია შარანგიამ ("ყველას თვალებში ვცდილობდი წამეკითხა - ცოცხალია შენი შვილი. მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი უყურადღებობით ჩემი შვილი")