"გოგი ხარაბაძემ დიდი ტრაგედია ვერ მოინელა, ბოლომდე ამ ტკივილით იცოცხლა..." - როგორ იხსენებენ მეგობრები მსახიობს - კვირის პალიტრა

"გოგი ხარაბაძემ დიდი ტრაგედია ვერ მოინელა, ბოლომდე ამ ტკივილით იცოცხლა..." - როგორ იხსენებენ მეგობრები მსახიობს

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა...

"რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!", - წერია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში... გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი...

მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ცნობილმა ხელოვანებმა გაგვიზიარეს...

ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი:

- კიდევ ერთი დანაკლისი, ძალიან მძიმე - ჩემთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის... გოგისთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს და ამიტომაც ყველაფრის გახსენება განსაკუთრებით მტკივნეულია...

ნამდვილი არტისტი, პროფესიონალი და ძალიან გულთბილი ადამიანი... წავიდა კიდევ ერთი ისეთი პიროვნება, ვინც ჩვენს ცხოვრებას რაღაცნაირად ალამაზებდა...

lana.png

- გოგი ხარაბაძე სცენიდან ძალიან ადრე წავიდა...

- დიახ, მისი შვილის დაღუპვა მთელი ოჯახის უდიდესი ტრაგედია იყო... ის მოუნელებელი ტკივილი მე რუსუდან კიკნაძესთან ერთად გადავიტანე, რადგან მაშინ მასთან ახლოს ვიყავი. საშინელი რამ, რაღაც გაუგებარი მოხდა, სხვა ქვეყანაში... ვფიქრობ, გოგიმ ვერასოდეს მოინელა, ამ ტკივილით იცხოვრა...

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- გოგი ხარაბაძე მართლაც შესანიშნავი მსახიობი, პიროვნება იყო... ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი ეროვნული შეგნება ჰქონდა და გამოხატავდა კიდეც! როცა საქართველოს უჭირდა, ქვეყანას თავის მეგობრებთან ერთად გვერდით ედგა და ყველაფერს აკეთებდა, სიმართლე ნათქვამი ყოფილიყო...

მეტსაც გეტყვით: ტელეფილმების სტუდიაში მან ბიბლიის მიხედვით შესანიშნავი ციკლი შექმნა, სადაც ჭეშმარიტებაზე, სულიერებაზე, რწმენაზე მიდიოდა საუბარი...

kokochasgvili.jpg

გოგი ხარაბაძის პირველივე - ოთარის როლი მახსოვს, ოთარ იოსელიანის მიერ გადაღებულ ფილმში „გიორგობისთვე“... ბრწყინვალედ ითამაშა, გამორჩეული მსახიობი იყო, დიდი მეგობარი და ნამდვილი, ღრმა ქართველი... უდიდესი დანაკლისია ქართული თეატრისთვის, კულტურისთვის, საქართველოსთვის...

გოგი ხარაბაძე ხელოვნებიდან არასოდეს წასულა! როგორც უკვე მოგახსენეთ, მან ტელეფილმების სტუდიაში ციკლი შექმნა - თხრობა ბიბლიის შესახებ და ამით ნათქვამია, რომ ხელოვნება, კულტურა არასოდეს მიუტოვებია...

xarabadze.jpg

გოგი დოლიძე, კინომცოდნე:

- გოგი ხარაბაძე მხოლოდ დრამის მსახიობი კი არა, დიდი მოქალაქე იყო! შეუფასებელია, რაც მან გააკეთა თეატრში, კინოში... ინიციატივიანი პიროვნება გახლდათ, საეკლესიო ამბები ჩაწერა, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი წვლილი იყო. რაც მან შექმნა ბიბლიის შესახებ, ისტორიულია, ყველგან უნდა ისწავლებოდეს, ხალხს აჩვენონ...

ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მისი ნაადრევად წასვლის გამო, დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის... ნაადრევს იმიტომ ვამბობ, რომ მე 90 წლის ვარ და გოგი ჩემთან შედარებით ბევრად უმცროსი იყო...

dolidze.jpg

მსახიობი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს:

"გოგი ხარაბაძეც წავიდა...

ჩემი თაობის მსახიობებიდან თითზე ჩამოსათვლელებიღა დარჩნენ...

გოგი 1967 წელს გავიცანი, დავით რონდელის „ჩემი მეგობარი ნოდარის“ გადაღებისას. ნოდარის როლს გოგი თამაშობდა, მე კი - ია ვაჩაძისას, რომლის ოქროსფერი თმის ხელზე დახვევას ნოდარი მთელი ფილმის მანძილზე ოცნებობდა.

გამოგიტყდებით, სულ მეგონა, რომ გოგი ვერ მიტანდა, რადგან ია ვაჩაძის როლში ულამაზეს რუსიკო კიკნაძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ რატომღაც მე გადამიღეს, ალბათ რუსიკოს არ უნდოდა და - იმიტომ... მახსოვს, რა სახით მიყურებდა ხოლმე გოგი, განსაკუთრებით - ფილმში კოცნის სცენის გადაღებისას... ნეტავ, მისი გამომეტყველების გადმოცემა შემეძლოს... ალბათ, ფიქრობდა, ამ 13 წლის ბღარს როგორ ვაკოცო, ნეტა რუსიკო გადაეღოთო... დღეს კი რუსიკოც აღარ არის...

მოკლედ, ფილმის გადაღებისას ბევრჯერ ვიჩხუბეთ, სულ შენიშვნებს მაძლევდა, სულ რაღაცას მისწორებდა, მასწავლიდა... როცა გავიზარდე, მერე მივხვდი, რამხელა ბედნიერება მარგუნა ღმერთმა, რომ იმ დონის კორიფეებთან, მათ შორის - გოგი ხარაბაძესთან ერთად გადამიღეს ფილმში... მადლობის მეტი რა მეთქმის?

გავიდა წლები და მე და გოგი ჩემს ძმასთან ვხვდებოდით ხოლმე, ბევრ რამეს ვიგონებდით და ვიცინოდით... დღემდე მომყვებოდა მისდამი მოწიწება და პატივისცემა... სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ის ხომ ძალიან დიდი პიროვნება და ჩემი საყვარელი პოეტებისა თუ მწერლების ნაწარმოებების საოცარი წამკითხველი იყო... თან - როგორი ხმით!!!

გოგი, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, რომელიც შენ ძალიან გიყვარდა... იმიტომაც წახვედი მარიამობის მარხვაში, რომ სასუფევლის კარი ღია დაგხვედროდა!!!"

xarabadegogi-1692289216.jpg

ნანა ღონღაძე (ამონარიდი ინტერვიუდან):

- ამერიკაში რუსუდან კიკნაძეს ორჯერ ვესტუმრე. დიდი სახლი ჰქონდა აუზით. მისი მეუღლე - მატვეი შატცი ჰოლივუდში მუშაობდა ტექნიკურ სფეროში, ფილმების განახლებასთან დაკავშირებით. რუსიკო ძალიან უყვარდა, ნიკუშას (ხარებას) როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცეოდა, მისთვის არაფერი ენანებოდა. კარგი განათლება მიაღებინა, სასწავლებელი კინოს განხრით დაამთავრებინა და შემდეგ თავისი კომპანია გაახსნევინა, სადაც ნიკუშა ფილმების გადაღებას აპირებდა. ნიკუშას, პარტნიორი, მგონი შუა აზიიდან იყო, საკმაოდ მდიდარი. მას, როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ჰქონდა გარკვეულ დაჯგუფებასთან, მათ ჯერ ნიკუშას პარტნიორი მოიტაცეს და ოჯახს მილიონ დოლარს სთხოვდნენ, მერე 25 წლის ბუღალტერი გოგო გაიტაცეს და ბოლოს - რუსიკოს ვაჟი. ნიკუშამ დედას დაურეკა და უთხრა, მიყვარხარო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნიორის ოჯახმა მილიონი გადაუხადა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, მათ ყველა მოკლეს, ცხედრები ერთ - ერთი ტბის ფსკერზე პარკებით გაგუდული იპოვეს. ეს საშინელი, ენით აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის!

ასევე დაგაინტერესებთ: "ამერიკაში დიდი სახლი ჰქონდა აუზით, მეუღლე ჰოლივუდში მუშაობდა... აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის შვილის დაღუპვა" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ცხოვრება

(სპეციალურად საიტისთვის)