"ცხინვალში არის ცენტრი, საიდანაც ისმინება ჩვენი სატელეფონო საუბრები...რუსული ცენტრი საქართველოში კი სკანდალშია გახვეული" - მამუკა არეშიძის მძიმე პროგნოზი - კვირის პალიტრა

"ცხინვალში არის ცენტრი, საიდანაც ისმინება ჩვენი სატელეფონო საუბრები...რუსული ცენტრი საქართველოში კი სკანდალშია გახვეული" - მამუკა არეშიძის მძიმე პროგნოზი

საქართველოში ერთ წელიწადში არჩევნებია და ამ უმნიშვნელოვანესი პროცესისადმი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესი ძლიერდება. საინტერესოა, რა მხრივ შეიძლება გააქტიურდნენ რეგიონში რუსული ან სხვა დაინტერესებული მოთამაშეების სპეცსამსახურები ისე, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ზეგავლენა შეძლონ. რომელია ამ ჯგუფში ყველაზე ანგარიშგასაწევი და უხეში მოთამაშე, ვისგან გვემუქრება სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის საფრთხე და როგორია საარჩევნოდ სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები, ამ კითხვებზე პასუხს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუში ამოიკითხავთ:

- არჩევნები ამა თუ იმ პოლიტიკური­ მოთამაშის პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცების, ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის, საკუთარი ინტერესების გატარების საშუალებაა. საქართველო ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეშია, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონკრეტული მოთამაშის გავლენის გაძლიერება ჩვეულებრივი ფორმულაა - ისტორიულად სულ ასე ხდებოდა. ხანდახან გვიკვირს, რატომ მოიწევდნენ დიდი ძალები საქართველოს დასაპყრობად სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან, სწორედ იმიტომ, რომ განლაგება აქვს მომგებიანი - ერთბაშად აკონტროლებ შავი და კასპიის ზღვის აუზებს... არჩევნები დასკვნითი ეტაპია და გავლენის სივრცეების მომზადება­ წლების განმავლობაში მიდის.­ არსებობს სხვადასხვა ტიპის: სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ როგორც ამომრჩევლები და მათთან მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია.

- როგორი მეთოდოლოგიით მუშაობენ პოლიტიკური მოთამაშეები?

- მაგალითად, მეხუთე კოლონის მსგავ­სად - მუშაობენ ინტერესის, გავლენის ჯგუფების მეშვეობით ღიად თუ ფარულად, ფულით და იდეოლოგიით. საქართველოში ეს ყველაფერი გამოიყენება, პლუს ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საქართველო მსოფლიოში ბევრისთვის სუსტი სახელმწიფოა, მას არა აქვს დემარკირებულ-დელიმიტირებული საზღვრები და აქვს დაკარგული ტერიტორიების პრობლემა. ყველა მოთამაშე დაინტერესებულია კავკასიაში პოლიტიკური ამინდის შექმნით. შემიძლია ჩამოვთვალო ეს მოთამაშეები: ყველა ჩვენი მეზობელი (ნაკლებად სომხეთი, მას თავისი პრობლემები აქვს, თუმცა მისი გავლენა მაინც იგრძნობა, განსაკუთრებით ოკუპირებულ აფხაზეთში), განსაკუთრებით აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, შორეული მეზობელი ევროკავშირი, ამერიკა, უფრო შორეული ქვეყანა, ჩინეთი.

- დამეთანხმებით, რუსეთ-უკრაინის ომმა რეგიონში ძალიან დაასუსტა რუსეთის­ გავლენა, ამიტომ შეგვიძლია თუ არა ამ სიიდან­ ამოვიღოთ ოკუპანტი ქვეყანა­, თუ რაღაც ხრიკებით შეეცდება "ფორმაში ჩადგომას"?

- რუსეთის გავლენა მართლაც ძალიან­ შესუსტდა და ის რევანშის აღებას ცდილობს. ყველაზე მსხვილი მოთამაშე და უხეში­ ამ ჯგუფში რუსეთია. სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ყველაზე მეტი საფრთხე მისგან მოდის. რუსეთის პოლიტიკა­ დაფუძნებულია ძალის დემონსტრირებაზე, რისი მაგალითიც უკვე გვაქვს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტიც - თავის დროზე რუსეთმა დიდი ძალისხმევა­ დახარჯა, რათა შეემცირებინა შავი და კასპიის ზღვის აუზებში სამხრეთელი მეზობლების, პირველ რიგში, მაშინდელი სპარსეთისა და თურქეთის გავლენა. 1920 წელს თავისი დიპლომატიისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების უმძიმესი შეცდომების გამო 100-წლიანი პაუზის შემდეგ სამხედრო-პოლიტიკური­ თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში თურქეთი დააბრუნეს, სადაც ის ზეაქტიური მოთამაშე გახდა და ახლა მისი აქედან გაყვანა ძალზე პრობლემატურია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს ეფლირტავებიან, რუსული პოლიტიკა, ისევე როგორც თურქული, რეგიონიდან ერთმანეთის განდევნაზეა ორიენტირებული - და არა მარტო რეგიონიდან, უპირველესად შავი ზღვის აუზიდან.

- რუსეთს აქვს ბერკეტები, თურქეთი განდევნოს და სიტუაცია მართოს რეგიონში?

- დიახ, აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები და უპირატესობა სხვებთან შედარებით - ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და სიტუაციის მართვის ცდები. ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებულია რუსეთის ძალიან სერიოზული სადაზვერვო სისტემა, მათ შორის ელექტრონული დაზვერვის უახლესი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთისთვის ძალიან მარტივია საკომუნიკაციო სისტემების გაკონტროლება. მაგალითად, კონკრეტული პირების სატელეფონო საუბრებისაც. ცხინვალში არის ცენტრი, რომელიც აანალიზებს საქართველოს ყველა მსხვილი ტელევიზიის პოლიტიკურ გადაცემებს, კითხულობს ქართულ პრესას და სწავლობს საზოგადოებრივ აზრს სოცქსელების მეშვეობით. ძალზე სერიოზული ინსტიტუტებია არა მარტო სამხრეთ, არამედ ჩრდილო ოსეთშიც, ასევე აფხაზეთშიც.

- ჰყავს ე.წ. მეხუთე კოლონაც...

- რასაკვირველია, რუსეთს, აქ ჰყავს­ სხვადასხვა ტიპის "მეხუთე კოლონა", რბილ ძალასაც ამუშავებს,­ ოღონდ რუსული­ რბილი­ ძალა დაბალეფექტურია იმის გამო, რაც გაუკეთა მან საქართველოს - საზოგადოების დიდ ნაწილში რუსეთით გაღიზიანებაა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფცია. მაგალითს მოვიყვან: საქართველოში ფუნქციონირებს კულტურული ხასიათის რუსული ცენტრი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყანაში რუსული ენისა და კულტურის გავლენის აღდგენაზე. ეს ორგანიზაცია ფინანსდება "რუსსკი მირის" მეშვეობით - ეს არის რუსული იდეოლოგიის გამტარებელი ქსელი მსოფლიოში. კიდევ არის ასეთივე ორგანიზაციები. მათი ამოცანაა რუსული იდეოლოგიის ტირაჟირება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ეს ორგანიზაცია, რომელიც საქართველოშია, ახლა სკანდალშია გახვეული­ - აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან მიღებული ფულით ანტირუსულ ღონისძიებებს აფინა­ნსებს. ეს იმიტომ, რომ კორუფციული სისტემა ეფექტურად მუშაობს. როგორც სკანდალიდან ჩანს, ამ ორგანიზაციის წევრები შეკრული არიან იმ ჩინოვნიკებთან, მათ შორის რუსულ წარმომადგენლობასთან საქართველოში, რომლის ხელშიც გადის ფული. პრაქტიკულად, ეს ორგანიზაცია კი მუშაობს და იღებს ფულს მოსკოვიდან, მაგრამ მისი საქმიანობა რუსეთის ინტერესების გატარებისთვის დაბალეფექტურია. მოსკოვში ეს იციან და ამიტომ არის, რომ ყურადღებას უფრო სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უთმობენ და გავლენის აგენტებს ეყრდნობიან. გავლენის აგენტები ყველა დონეზეა საქართველოში - საზოგადოებაში, პოლიტიკურ ელიტაში.

განაგრძე კითხვა