"ჰალუცინაციები დამეწყო, ხმები ჩამესმოდა: გამოდი, სახლს ცეცხლი უკიდიაო" - პოლონეთში წასული ქართველის მძიმე ისტორია, რომელიც სიკვდილს ძლივს გადაურჩა
ნარკომანიაზე არაერთხელ დაწერილა, თუმცა "ტკბილი სიკვდილის" წინააღმდეგ, ალბათ, იმაზე მეტი ბრძოლა და დროა საჭირო, ვიდრე ჩვენ გვგონია. ის მეტისმეტად მაცდურია. ადამიანებს ისე იზიდავს, რომ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ერთიმეორის მიყოლებით გვართმევს. თუმცა, ალბათ, სიკვდილზე არანაკლები უბედურება ნარკომანიის კიდევ ერთი სენია: ნარკოდამოკიდებულ ახალგაზრდობაში მასობრივად გავრცელებული ფსიქიკური დაავადება. ამ ზაფხულს იმერეთის ჩემს პატარა სოფელში, სადაც 25 კომლი ცხოვრობს, 3 ახალგაზრდა დაავადდა ფსიქიკურად. მათ შორის ორმა უმაღლესი სასწავლებელი მიატოვა და უცხოეთში წავიდა ე.წ. დასაქმებისათვის. თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ რამდენიმე თვე უსაქმურად იყვნენ და ძირითადად ნარკოტიკებთან "ურთიერთობდნენ". საქმე იქამდე მივიდა, რომ უცხოეთიდან დამოუკიდებლად ვეღარ ჩამოვიდნენ. აქ კი ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამის შემსწრე თავად გავხდი: სახლის კარი ჩაკეტა, ყველაფერს ლეწავდა და ყვიროდა, მახრჩობენო. კლინიკაში წასვლამდე მასთან გასაუბრება შევძელი.
- შეგიძლია გამაგებინო, უნივერსიტეტში სწავლა რატომ მიატოვე და პოლონეთში სამუშაოდ რატომ წახვედი, მით უფრო, რომ შენს ოჯახს არ უჭირს?
- არ ვიცი, ყველა ჩემი ძმაკაცი წავიდა და მეც წავედი. მინდოდა ცოტა ფული მქონოდა, მანქანა მეყიდა, მაგრამ პოლონეთში ჩასულმა დიდხანს ვერ ვიშოვე სამსახური, - ტაქსისტობა ვერ დავიწყე, მანქანის მართვა კარგად არ ვიცი, მშენებლობაზე მუშაობა კი არ მინდოდა, მძიმეა.
- ამ დროს ვისთან ერთად ცხოვრობდი, რომ ნარკოტიკს შეეჩვიე?
- ქართველებთან ერთად, ოთხი ვიყავით, ორი მუშაობდა. სახლში ორი ვიყავით და "არჯკოტიკს" ის ყიდულობდა.
- როგორ მიგაჩვია?
- უბრალოდ, მითხრა, თუ გინდა, გასინჯეო და მეც გავსინჯე.
- სამუშაო როდის იშოვე?
- 5 თვის შემდეგ, მუყაოს დამჭრელად ვიმუშავე, მაგრამ მიხვდნენ, რომ ნარკომომხმარებელი ვიყავი და გამომიშვეს.
- ჰალუცინაციები იმ დროს დაგეწყო?
- არა, უფრო გვიან. მარტო რომ დავრჩი, ჩემი სახელი გავიგონე. ვიფიქრე, ვიღაც მეძახის-მეთქი. გავედი, მთელი ქუჩა მოვათვალიერე, მაგრამ არავინ მეძახდა. ბინაში რომ დავბრუნდი, ისევ დამიძახა ვიღაცამ. ყვიროდა, გარეთ გამოდი, სახლს ცეცხლი ეკიდებაო. მეც გავედი, მაგრამ ცეცხლი არ იყო, ამიტომ გავცოფდი და ყვირილი დავუწყე იმ ვიღაცას, რატომ მატყუებ-მეთქი. ძმაკაცმა მითხრა მერე, რომ არ მოვსულიყავი, პოლიცია აგიყვანდაო.
- ამის შემდეგ გადაწყდა შენი სამშობლოში გამომგზავრება?
- არა, ცოტა დრო გავიდა და კიდევ რომ მომესმა ხმები, მამაჩემს დაურეკეს, ჩამოვიდა და წამომიყვანა.
- რომელ ნარკოტიკს მოიხმარდი?
- რომელსაც ვიშოვიდი, ეგ აქაც ასეა. უბრალოდ, პოლონეთში ნარკოტიკის შოვნის შესაძლებლობა უფრო მქონდა, ვიდრე აქ არის. აქ ხანდახან მარიხუანაც ძნელი საშოვნელია.
- ანუ შენსავით კიდევ ბევრი ქართველი ზის ნარკოტიკზე უცხოეთში?
- კი, გოგოებიც და ბიჭებიც, ოღონდ მარიხუანაც ჭირს, იმიტომ, რომ მოვლა უნდა. ზოგი სახლში ზრდის ქოთნებში. ჩემსავით ბევრს დაემართა რაღაცები.
- გაოცებული ვარ, ყველაფერს საუკეთესოდ აცნობიერებ და მაშინ იმ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებაზე რატომ ამბობ უარს, რომელიც ექიმებმა დაგინიშნეს?
- გიჟი არა ვარ, წამალი არაფერში მჭირდება, თანაც ვიცი, რომ წამალი აქეთ მომწამლავს. დედაჩემი ვერც კი ხვდება, რომ წამლები მომწამვლელია. ამიტომ არაფრით არ დავლევ...
ამ სიტყვებით დამემშვიდობა ჩემი მოსაუბრე, რომელსაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის კიდევ ერთი კურსის გავლა დასჭირდა. თუმცა ამანაც ვერ დაარწმუნა, რომ მისთვის ფსიქოტროპული წამლების მიღება აუცილებელია. მისი ჯანმრთელობა, ისევე როგორც ორი ჩემი თანასოფლელის, დღითი დღე უარესდება...