"რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, მით უფრო იოლია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის იქ შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, მით უფრო იოლია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის იქ შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა"

"საქართველოს პოლიტიკური სისტემა რომ სერიოზულადაა ავად, ამაზე თუნდაც­ პარლამენტის სხდომებზე გაჩაღებული რეგულარული მუშტი-კრივი მეტყველებს. ამას თუ დავუმატებთ ორ ასეულზე მეტ რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას და პრეზიდენტობის ამბიციის მქონე უამრავ "ლიდერს", დიაგნოზი კატასტროფული იქნება - რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, მით უფრო იოლია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის იქ შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა", - ამბობს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი.

- ათწლე­ულების განმავლობაში ჩვენი­ სპეცსამსახურების პროფესიონალი­ზმი, ტექნიკური აღჭურვილობა და დაფინა­ნ­სება მკვეთრად ჩამორჩებოდა ყოფილი საბ­ჭ­ოთა­ კავშირის რესპუბლიკების დონეს. XXI საუკუნეში, მსოფ­ლიოში სპეცსამსახურების როლისა და მნიშვნელ­ობის არნახული­ გაძლიე­რების ხანაში,­ ჩვენთან ამ საკითხების შესწავლა და ანალიზი­ კვლავ თვითდინებაზეა მიშვებული. ქართული სპეცსამსახურების­ დაუძლურება­ მტრული ძალების მიერ მიზანმიმართული პროცესია, რადგან ცნობილია, რომ ძლიერ სახელმწიფოს სუსტი სპეცსამსახურებით ვერ ააშენებ.

- დღეს ძირითადად რომელი ქვეყნის­ აგენტურა მოქმედებს ჩვენს პოლიტპარტიებში?

- საქართველოში ბევრი ქვეყანა ცდი­ლობდა­ და ცდილ­ობს პოლიტელიტა­ში, ბიზ­ნესე­ლიტაში,­ მასმედიაში, სამეცნიერო­ წრე­ებში­ და ა.შ. დასაყრდენი ჰყავდეს.

პოლიტპარტიებში აგენტურის შეგზავნით დაინტერესებული არიან: 1. კონკურენტი­ პოლიტპარტიები; 2. ადგილობრივი სპეცსამსა­ხურები; 3. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები.

ლოკალურ დონეზე პოლიტიკური შპიონაჟით კონკურენტი პოლიტპარტიები "ერთობიან". მათ აგენტურას მიზნებიც და შესაძლებლობებიც ლოკალური აქვთ და ბევრიც რომ ეცადონ, ჩვენი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარეშე ქვეყნის სტრატეგიულ კურსს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან. მათი საქმიანობის სფეროა ფარული კავშირები ხელისუფლებასა და სხვა პარტიებთან; არაფორმალური ურთიერთობები; კომპრომატების შეგროვება პარტიის ლიდერებზე და ა.შ.

გაცილებით სახიფათოა ადგილობრივი­ სპეცსამსახურების "აგენტურული თამაშები". საქართველოში­ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ოპერატიული მიზნით შექმნილი ბევრი პარტიაა. ამ პარტიების მოქმედების სცენარები სპეცსამსახურებში იწერება, მაგრამ­ საკითხავია, ვის ინტერესებს ატარებენ? დღეს ეროვნული სპეცსამსახურების არსე­ბობის გარეშე შეუძლებელია გარკვევა,­ ვისი კონტროლით მოქმედებენ­ ჯერ კიდევ საბჭოთა სუკ-ის შექმნილი ან თუნდაც ახალწამოჩიტული პარტიები.

სპეცსამსახურებისთვის პარტიებში აგენტურის შეგზავნის მიზნები­ და მეთოდები საერთოა. განსხვავებულია მხოლოდ ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის რეალიზაციის მიმართულებები. ჩვენს სპეცსამსახურებს კანონით ეკრძალებათ შიდაპარტიულ ორომტრიალში მონაწილეობა, აგენტურის მეშვეობით ოპოზიციის დაშლა და ერთმანეთზე წაკიდება, რადგან "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით აკრძალულია ფარული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში­. მათი მოვალეობაა, გამოავლინონ და აღკვეთონ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული შეღწევა პარტიებსა და პოლიტელიტაში, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სხვ.

- ახლახან გაირკვა, რომ ყოფილი გენპროკურორი ეფ-ეს-ბეს აგენტი გვყოლია, რის გამოც აშშ-მ დაასანქცირა კიდეც ოთარ ფარცხალაძე. სავარაუდოდ, ეს აგენტურული წრე არც ისე ვიწროა... მსგავსი ფაქტის წინაშე რომ არ დადგეს ქვეყანა, ალბათ, უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს...

- სანამ პირი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე­ დაინიშნება, შემოწმების ობიექტი უნდა იყოს. ის ერთგვარ ფილტრს­ გადის, არსებობს­ თუ არა დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის ორგანიზაციებსა და სპეცსამსახურებთან. არ შეიძლება ასეთი პირის მოსვლა სახელისუფლებო შტოში. დღეს არა მარტო სახელისუფლებო შტო, ყველა სფერო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სამიზნეა. არ არის აუცილებელი გადაბირებული პირი იყოს მაინც და მაინც მინისტრი, საკმარისია გადაიბირონ, მაგალითად, მინისტრის მდივანი ან დამლაგებელი, რომელიც შეძლებს ფარული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას, ინფორმაციის გამოტანას... დღეს სპეცსამსახურებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდების გადაბირება, რადგან მათ აქვთ ზრდის პერსპექტივა (პოლიტიკაში,­ ეკონომიკაში...).

რაც შეეხება კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, მას აქვს ყველა საეჭვო პირის შემოწმების ვალდებულება. სუს-ის დებულებაში წერია, რომ კონტრდაზვერვამ უნდა გამოავლინოს ყველა ასეთი პირი - უნდა შემოდიოდეს ოპერატიული ინფორმაცია და ამის მიხედვით დაიწყოს საქმე. ამისთვის გამოიყენება ფარული მოსმენაც, მაგრამ სამხილების საფუძველზე და სასამართლოს თანხმობით. ეს ყველაფერი ფარულად ხდება. ქვეყნის უსაფრთხოების უცხო ქვეყნის აგენტურისგან თავდაცვის უმთავრესი სტრუქტურა კონტრდაზვერვის დეპარტამენტია.

- ინტერნეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი­ ფაილი აიტვირთა. რატომ არ არსებობს საიდუმლო მასალების კონტროლის მექანიზმი ან რა გზით ხერხდება მათი გასაჯაროება? დაიწყო გამოძიებაც, მაგრამ შედეგი არავინ იცის...

იხილეთ სრულად - „ჩვენი კონტრდაზვერვის შემყურე, ისღა დაგვრჩენია,­ იმ ბედნიერ დღეს დაველოდოთ, როდის გაშიფრავენ აგენტები საკუთარ თავს“