"ეს სცენარიც კრემლშია დაწერილი და ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ, ბრიყვია!" - რას ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი "იარე ლიზას" შესახებ
რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც 27 სექტემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები.
ამ საკითხს "ფეისბუქზე" კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა:
"ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე... მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვეთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს. ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია", - წერს თეა წულუკიანი.
წულუკიანის სტატუსს მოჰყვა პოლიტიკოსების, მწერლებისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლების სტატუსები და ფილმის შესახებ პოლიტიკური დებატები გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი - ირაკლი მანაგაძე თავის აზრსა და აღშფოთებას გვიზიარებს ფილმთან დაკავშირებით.
ირაკლი მანაგაძე:
- ჩემი აზრით, მთელი ფილმი არის მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარებელი. ისეთ რეჟისორს, როგორიც ნანა ჯანელიძეა, არ ვიცი, როგორ მოუვიდა აზრად ამ ფილმის გადაღება. მთელი ფილმის განმავლობაში, უამრავჯერ არის აღნიშნული, რომ ამ ომის მთავარი დამნაშავე რუსეთია, თუმცა, საბოლოო ჯამში, კაციჭამია, მკვლელი, ნაძირალა, მოღალატე, ბოროტი და დამპყრობელი მაინც ქართული სახელმწიფო გამოდის, ქართული ჯარი კი - სადისტი, უსაქმური და ბაქია მძარცველი. ეს ყველანაირ აზრს უკარგავს რუსეთის კრიტიკას. ფილმში ერთმანეთს ენაცვლება ქართული და აფხაზური მხარეების პოზიცია.
როცა საუბარია აფხაზური მხარის პოზიციაზე, მოყოლილი და განხილულია ქართველების დანაშაულები და როცა საუბარია ქართული მხარის პოზიციაზე, იქ აფხაზური მხარის დანაშაულებზეც საუბრობენ და ქართული მხარისაზეც. აშკარად, ბალანსია დარღვეული. აფხაზური მხარის დანაშაულებიც არის მაქსიმალურად შეფუთულად გადმოცემული. მაგალითად, თითქოს აფხაზები თავის მიწას იცავდნენ მომხვდური მტარვალებისგან, რომ თავად არც ისე სასტიკები იყვნენ - კაცებს ხოცავდნენ და ქალებს ინდობდნენ, რაც არის დიდი ტყუილი.
ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის მომენტი, როცა აჩვენებენ, როგორ გადმოდიან დევნილები უღელტეხილზე და ამ კადრებს ადევს ტექსტი, რომ ქართველებმა თავიანთი ცოდვებისთვის ზღეს. ან ის, რომ აფხაზები სამშობლოსთვის იბრძოდნენ და ქართველებისთვის აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიაა. ეს ხომ, ფაქტობრივად, რუსული იმპერიალისტური რიტორიკაა!
გულანთებული ახალგაზრდა ბიჭები იბრძოდნენ, 16-17 წლის ჩემი ახლობლები, სკოლაში სამხედრო საქმის გაკვეთილებზე რომ ააწყვეს და დაშალეს პირველად იარაღი და ფრონტზე მოხვდნენ. ათასობით ქართველი მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის, 22 წლის ბიძაჩემი, თითით საჩვენებელი ახალგაზრდა, ასეთი უამრავი იყო, გულანთებული პატრიოტი მეომარი.
ეს ფილმი უკიდურესად შეურაცხმყოფელია ყველა იქ მებრძოლი დაღუპული ახალგაზრდა მეომრის ხსოვნისთვის, მათი ოჯახებისთვის და ჩვენთვის, დევნილებისთვის.
სამხედრო დანაშაულის აღიარება მტკიცებულებებით ხდება სასამართლოში და არა - ფილმების გადაღებით, სადაც ყველა ქართველი ჯარისკაცი ერთ ქვაბშია მოხარშული! ეს სცენარიც კრემლშია დაწერილი და ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ, ბრიყვია! ეს არის აფხაზეთის აღიარებისკენ მიმავალი რუსული "სპეცოპერაცია"!
ასევე წაიკითხეთ: რა ხდება ნანა ჯანელიძის ფილმში "იარე, ლიზა", რომელმაც პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია - ინტერვიუები სცენარისტთან, მწერლებთან და კინომცოდნეებთან