"სანდრამ გაიცინა, ეჰ, გიორგი, მაგ კაცს მეც მარტო ტელევიზორში ვხედავო" - რას ჰყვება ცნობილი კონცერტმაისტერი მიხეილ სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"სანდრამ გაიცინა, ეჰ, გიორგი, მაგ კაცს მეც მარტო ტელევიზორში ვხედავო" - რას ჰყვება ცნობილი კონცერტმაისტერი მიხეილ სააკაშვილზე

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ვრცელ ინტერვიუში პიანისტი, რუსთაველის თეატრის ყოფილი კონცერტმაისტერი ლეილა სიყმაშვილი სტალინის შთამომავლებზე, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და მათი გაცნობის ეპიზოდებს იხსენებს. როგორც აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში, მისსავე თეთრ სასახლეში გაიცნო, სადაც საგასტროლო სპექტაკლის შემდეგ მიიპატიჟეს დასი, სააკაშვილების ოჯახში კი პედაგოგად იყო მიწვეული და სანდრა რულოვსს პიანინოზე დაკვრასა და ქართულ სიმღერებს ასწავლიდა.

მიხეილ სააკაშვილი, ქართული პოლიტიკა და ფეხბურთი

- მე რომ მოსკოვში ვცხოვრობდი, იმ 10 წლის განმავლობაში საქართველოს სააკაშვილი მართავდა. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ერთხელ მყავს ნანახი. სანდრა რულოვსს და მათ ვაჟს, ედუჩის ვასწავლიდი მუსიკას, ქართულ სიმღერებს­. მაშინ საბურთალოზე ცხოვრობდნენ­ და ოჯახში რომ დავდიოდი, სანდრამ მითხრა, შენი შვილიშვილიც წამოიყვანე, გიორგი, და ედუჩის გავაცნოთო, ტოლები არიან. წავიყვანე და სანამ სანდრას ვამეცადინებდი, ბავშვები მაგიდის ქვეშ მანქანებს აბღუილებდნენ. ამ დროს კარზე ბრახუნის ხმა გაისმა, გააღო ნუნუმ (ოჯახის დამხმარემ) და შემოვიდა მთასავით უზარმაზარი კაცი. მაშინ მიშა მგონი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. გიორგი მაგიდის ქვემოდან გამოძვრა, უყურებს და, ბებო, ტელევიზორში როა, ის კაცი მოვიდაო. მიშამ ხელი გაუწოდა, მოდი, ჩამომართვიო. მე შენ ტელევიზორში მინახავხარო, და სანდრამ გაიცინა, ეჰ, გიორგი, მეც მარტო ტელევიზორში ვხედავ მაგ კაცსო. სანდრა ნიჭიერი მოსწავლე იყო, არაჩვეულებრივი ადამიანია.

- მიხეილ სააკაშვილი ახლა პატიმარია, ამაზე რას ფიქრობთ?

- მსგავსი რამ არ გამიგონია... როგორც გითხარით, მე მისი პრეზიდენტობის დროს აქ არ ვცხოვრობდი, მაგრამ სტალინზე უარესი რა უნდა დაეშავებინა.

- რომელიმე პოლიტიკოსი თუ მოგწონთ მთავრობასა და ოპოზიციაში?

- იცით რა, კი ამბობენ, ასეთია, ისეთიაო, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი რაღაცნაირი ტიპაჟია, ჩემს გულთან მოვიდა. ბიცოლა მყავდა ხაბეიშვილი, ვგიჟდებოდი ვენერაზე.

კახა კალაძე, როგორც ფეხბურთელი, ძალიან კარგად თამაშობდა. ვგიჟდები ფეხბურთზე, 5 წლიდან სტადიონზე დავდი­ვარ. როცა მსოფლიო პირველობაა,­ მე და ჩემი შვილიშვილი ჩავუსხდებით ხოლმე. კვარაცხელიას მატჩებსაც ვუყურებ, სუპერბიჭია. "დინამოს" მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი ჩემი უახლოესი ოჯახის ნათლიაა. ჩემი შვილიშვილის მამა იუნიორებში თამაშობდა არველაძეებთან ერთად.

იხილეთ ინტერვიუ სრულად - რას ჰყვება უბინაოდ დარჩენილი ცნობილი კონცერტმაისტერი სტალინის შთამომავლებზე, სააკაშვილსა და ივანიშვილზე