რას "ერჩის" ზელენსკი საქართველოს და ვინ ან რა არის მთავარი "მურმანის ეკალი" კიევისა და თბილისის ურთიერთობებში?! - კვირის პალიტრა

რას "ერჩის" ზელენსკი საქართველოს და ვინ ან რა არის მთავარი "მურმანის ეკალი" კიევისა და თბილისის ურთიერთობებში?!

როგორ წავიკითხოთ სხვისი აზრები? - არ გეგონოთ, რომ პროფილი შევიცვალეთ და მკითხავებზე ან ნათელმხილველებზე­ ვწერთ. უბრალოდ, ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი, მედიამენეჯერ-პოლიტიკოს-ყოფილი პროკურორი თუ ექსპერტი დახელოვ­ნდა იმაში, რომ აგვიხსნას, ესა თუ ის პოლ­იტიკ­ური ფიგურა რეალურად რას გულ­ისხმობს, რას ფიქრობს და რას მღერის­ გულში. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა: "ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა უკრაინასთან, მოლდოვასთან, მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული", - ზელენსკიმ ეს განცხადება ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში გააკეთა. ახლა გინდა ზემოდან შევხედოთ ამ განცხადებას, გინდა გვერდიდან და მარჯვნიდან მარცხნივაც რომ წავიკითხოთ, ფაქტი ერთია - ზელენსკიმ საქართველო და ბელარუსი ერთ სიბრტყეში დააყენა, ანუ ჯერ თურმე უკრაინა და მოლდოვა უნდა გაწევრდნენ ევროკავშირში, "მომავალში" კი საქართველო და ბელარუსი.

"ნაცმოძრაობის" წევრებმა (მაგ. ზურაბ ჭიაბერაშვილმა და სხვებმა), ნიკა გვარამიამ, გია ნოდიამ და მსგავსმა ექსპერტ-პოლიტიკოსებმა მაშინვე დაიწყეს ზელენსკის "გაპრავება". ააფეთქეს“ "ფეისბუქი" - ზელენსკი იმას კი არ გულისხმობდაო, რომ საქართველო და ბელარუსი ერთი და იგივე არისო, არამედ იმასო, რომ საქართველოში­ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უფრო დაჩქარდება ევროინტეგრაციის პროცესიო. ჩვენაო (წერენ ზემოხსენებული ვაჟბატონები), ბელარუსი კი არ ვართო, მაგრამაო ბელარუსის გზით მივდივართო. ერთი კითხვა­ მაქვს ამ პოლიტიკოს-ექსპერტებთან: დაურეკეს ზელენსკის ფბ პოსტების გამოქვეყნებამდე და ჰკითხეს, აბა, ერთი გვითხარი, ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, რას გულისხმობდითო, თუ აპარატი გამოიგონეს, რომელიც ადამიანის აზრებს კითხულობს?

ნუთუ არ შეიძლება, როდესაც შენს ქვეყანას ეხება საქმე, შავზე შავი თქვა და თეთრზე თეთრი? მაგალითად, თქვენი მონა-მორჩილი არასოდეს ყოფილა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების (რბილად­ რომ ვთქვათ) მხარდამჭერი. თუმცა,­ როდესაც რუსული მედია (განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ) სააკაშვილის დაცინვით იყო დაკავებული, ეს იყო მიუღებელი, რადგან ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. ზელენსკის მიერ საქართველოსა და ბელარუსის ერთ სიბრტ­ყეზე მოხსენიება უკიდურესად შეურაცხმყოფელია. როგორ?! საქართველო უნდა დასვა ბელარუსის სიხშირეზე, საიდანაც უკრაინაში რუსული ტანკები შევიდნენ და ამ ქვეყნიდან დღემდე იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა?! ბოლოს და ბოლოს, რას გვერჩის ზელენსკი? შეგახსენებთ, რომ უკრაინას დღემდე ელჩი არ ჰყავს საქართველოში და ასე მხოლოდ მტრულ ქვეყნებს ექცევიან.

რას ითხოვს ჩვენგან ზელენსკი? რუსულ ბაზებს შევუტიოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე?„"ქართულმა ოცნებამ" "მეორე ფრონტის" თემა აქცია პროპაგანდი­სტულ იარაღად და შესაბამისად, ჩამოყალიბდა სიტუაცია - თუ ამ თემას განიხილავ, მოგაკერებენ იარლიყს, რომ მინიმუმ მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამ წყალს. თქვენს მონა-მორჩილს ეს არ აინტე­რესებს და კიდევ ერთხელ სვამს კითხვას: ნუთუ ამას ითხოვენ ზელენსკი და მისი გარემოცვა ჩვენგან? ეს აშკარად იკითხება ზელენსკის გარემოცვის განცხადებებში. ნეტავი გვქონდეს იმის ძალა (დარწმუნებული ვარ, მომავალში გვექნება), რომ ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ ოკუპირებუ­ლი ტერიტორიები. თუმცა დღეს ასე არ არის და შესაძლოა საქართველოსთვის ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდეს.

თუ უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია­, რომ ოფიციალური თბილისი რუსეთს ფარულად ეხმარება შავი სქემების გამოყენებაში, მაშინ კეთილინებონ და წარმოადგინონ ფაქტები. ჯერ ერთი ფაქტიც არ წარმოუდგენიათ. თუ გახდება ცნობილი ფაქტი­ (დიახ, ფაქტი და არა აღქმა, ვერსია ან ჩამოყალიბებული აზრი), რომ საქართველოს ხელისუფლება ფარულ გარიგებებშია კრემლის რეჟიმთან, ეს იქნება კატეგორიულად­ მიუღებელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის და შესაბამისად, დასასრულის დასაწყისი მმართველი პარტიისთვის. თუ ზელენსკი იმის გამოა გაღიზიანებული, რომ საქართველომ უკრაინას სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინა, მაშინ ჩვენი ქვეყნის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. ჯერ ერთი, საქართველოს მწირი შესაძლებლობები აქვს და მეორეც - პუტინს მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ თბილისი ომში მხარედ გამოეცხადებინა და... საქართველოსა და ბალტიისპირეთთან პარალელების გავლება არ შეიძლება, რადგან ამ ქვეყნებს ნატოს სამხედრო ქოლგა იცავს.

თუ სააკაშვილის ფაქტორია მთავარი­ "მურმანის ეკალი", მაშინ პრეტენზიები ზელენსკის ოდესის ყოფილ გუბერნატორთან უნდა ჰქონდეს. სააკაშვილი კიევიდან­ არავის­ გაუტაცებია და თბილისში­ მანქა­ნის საბარგულით არ ჩამოუყვანია.­ მიშა თვითონ ჩამოვიდა აქ რევოლუციის მოსა­წყობად­. უბრალოდ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და დაიჭირეს. იანუკოვიჩი რომ შეეგზავნა კიევში ქართულ მხარეს, საინტე­რესოა, ვინ იქნებოდა მტყუანი და ვინ მართალი.

სხვათა შორის, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ევროინტეგრაციას და არასოდეს ამოუგდია ის სამეულ­იდან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) და არ დაუყენებია ბელარუსის ან რუსეთის გვერდით. მაშინაც კი, როდესაც უკრაინაში პრორუსი იანუკოვიჩი იყო ხელისუფლებაში. უმადურობა ძალიან ცუდი თვისებაა, გინდაც ორი ადამიანის ურთიერთობას ეხებოდეს საქმე და გინდაც ორი ქვეყნის.

ხაზს ვუსვამთ - გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს რუს ბარბაროსებთან ბრძოლაში. საქართველოს საზოგადოებაში ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ უდიდესი მხარდაჭერა.

განაგრძე კითხვა: ზელენსკის „ლოდები“ ქართულ ბოსტანში და ახალი სკანდალი ოპოზიციაში - ვინ „უთხრის“ ძირს სტატუსს?!