"ყოველღამე მესიზმრება გიგა... ზოგჯერ მინდა ვინმეს რამე შევეკითხო და... აღარც გიგაა, აღარც მარიკა" - რას ჰყვება ქეთევან კიკნაძე თეატრზე, დათა თუთაშხიაზე, გიგაზე... - კვირის პალიტრა

"ყოველღამე მესიზმრება გიგა... ზოგჯერ მინდა ვინმეს რამე შევეკითხო და... აღარც გიგაა, აღარც მარიკა" - რას ჰყვება ქეთევან კიკნაძე თეატრზე, დათა თუთაშხიაზე, გიგაზე...

"თანაცხოვრების ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯეთ მე და ჩემმა მეუღლემ, გიგა ლორთქიფანიძემ, კარგი ოჯახი შევქმენით, მოსიყვარულე და მზრუნველი. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ოქროს ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ჯანმრთელობამ გვიღალატა. არადა, 56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა... ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ, მაგრამ ხელიდან გამისხლტა", - წერს მსახიობი ქეთევან კიკნაძე-ლორთქიფანიძე წიგნში "ჩემი ცხოვრების თანამგზავრი", რომელიც უძვირფასეს მეუღლეს მიუძღვნა.

ქალბატონი ქეთევანი ბოლო დროს პრესის ფურცლებზე არ გამოჩენილა და როდესაც მას ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, სიამოვნებით დამთანხმდა - დიდი ხანია, ინტერვიუს აღარავის ვაძლევ და კი დამიგროვდა სათქმელიო. შინ ვესტუმრე და ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თეატრზე, თენგიზ არჩვაძესა და "დათა თუთაშხიას" ფენომენზე, ბიძინა ივანიშვილზე, უძვირფასეს ქალბატონზე, მარიკა ლორთქიფანიძეზე, ბებიობაზე და, ცხოვრებაზე ბატონი გიგას შემდეგ...

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა".

- როგორია ცხოვრება დღეს, ბატონი გიგას გარეშე?

- ჩვენ ყოველთვის საერთო ინტერესები გვქონდა - ოჯახი და ჩვენი საქმე. იყო ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის გაფუჭებას ცდილობდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტი იყო, ჩვენ უფრო მეტად შეკრული ვიყავით. გიგაზე თუ ვინმე რამეს იტყოდა ოდნავ გადაკრულს, ცხოვრების ბოლომდე არ ვპატიობდი, მაგრამ მე თუ ვინმემ რამე მაწყენინა, უცებ მავიწყდება ხოლმე.

lortkipanidze-1-1699647473.jpg

- გენატრებათ ხოლმე მასთან საუბარი?

- ზოგჯერ მინდა ვინმეს რამე შევეკითხო და ვის ვკითხო? აღარც გიგაა, აღარც მარიკა... ყოველღამე მესიზმრება გიგა... ზოგჯერ მინდა აღარ დამესიზმროს. გიგას 40-ზე, მახსოვს, მემორიალური დაფა გავაკეთეთ და იმ ღამით მესიზმრა, კართან დამიხვდა, შუბლზე მაკოცა და წავიდა... მინდა დავიჯერო, რომ რაღაც არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის...

გიგას საიუბილეო თარიღებს ყოველთვის აღვნიშნავთ, მის სიცოცხლეშიც ყოველთვის ასე იყო, არასოდეს გამომიტოვებია და ახლაც ვაგრძელებთ. თვითონ ისეთი ყურადღებიანი იყო, საჩუქრებს მჩუქნიდა, ხელფასს კაპიკ-კაპიკ ჩამითვლიდა ხოლმე. ერთხელ გიგამ შვილებთან თქვა, მე რომ ჩემს ცხოვრებაში ქეთინო არ მეპოვა, რა მეშველებოდაო.

lortkipanidze-1699647413.jpg

- ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე ვახსენეთ, თქვენ მასთანაც გამორჩეული ურთიერთობა გქონდათ, როგორც რძალ-მულს.

- მე და მარიკამ სტერეოტიპი დავამსხვრიეთ, რძალ-მული კი არა, უდიდესი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთის უახლოესი ადამიანები. როგორც ერთი ოჯახი, ისე ვიყავით, მარიკას შვილები ჩემს ხელში გაიზარდნენ.

სტატია სრულად და ფოტოები იხილეთ ლინკზე - „ასე თუ ვიქნებოდი თეატრიდან მოკვეთილი, ვერ წარმოვიდგენდი“