"ტი მნე ნე მაც, ია წებე ნე დოჩ" - სვეტლანა ამ ამბავს რომ მომიყვა, თვალები სულ ცრემლით აევსო, დამნაშავე ვარო"
ლეილა სიყმაშვილი წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის კონცერტმაისტერი იყო, ყველა სპექტაკლი მისი აკომპანემენტით მიმდინარეობდა და იმ დიდ ოჯახთან ერთად, ბევრი ქვეყანაც მოიარა გასტროლებით. როგორც იცით, საკუთარი ბინის დანგრევის შემდეგ, ლეილა სიყმაშვილმა 10 წელი მოსკოვში, სტალინის ცოლის ნათესავებთან - კირა ალილუევას ოჯახში გაატარა, მანამდე კი, როცა ბელადის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა თბილისში ცხოვრობდა (1984-86 წლებში), ის 14 წლის ოლიას მუსიკას ასწავლიდა.
ლეილა სიყმაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ვრცელ ინტერვიუში სვეტლანა ალილუევასთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებს.
- ქალბატონო ლეილა, მოდი, ალილუევებთან თქვენი ურთიერთობა გავიხსენოთ. თბილისში ჩამოსვლისთანავე სვეტლანამ შვილის პედაგოგად მიგიწვიათ. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება მათთან პირველი შეხვედრის შემდეგ?
- შესანიშნავი. პატივისცემით მიმიღეს. ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს ჩემი მანქანით დავდიოდი მათთან, ჭავჭავაძეზე. სვეტლანა უგემრიელეს საჭმელებს მახვედრებდა, კულინარიის ნიჭი ჰქონდა და სულ განსხვავებულ კერძებს აკეთებდა, ამერიკაში ნაცხოვრები ქალი. ღომის და საცივის მომზადება აქ ისწავლა და ეგეც შესანიშნავი გამოსდიოდა. ნანი ბრეგვაძეზე გიჟდებოდა. ოლიჩკამაც ყველაფერი კარგად ისწავლა, ნიჭიერი ბავშვი იყო. რომ ვეკითხებოდი, მეზობლის ბავშვებთან თამაშობ-მეთქი? არა, გრუზინკები კეკელკები არიანო. ეგ სიტყვა საიდან იცი-მეთქი და ბებიაჩემმა მასწავლაო... უწესიერესი ბავშვი იყო - ქართულზე დადიოდა, მუსიკაზე, იპოდრომზე ცხენზე ჯირითს სწავლობდა... ქართული კარგად ისწავლა, მანამდე რუსული და ინგლისური იცოდა. მერე ამბობდა, ფუ, ეს რუსული რა საზიზღარი ენააო.
- სვეტლანას სხვა შვილებიც ხომ ჰყავდა სხვა ქმრებისგან და მათ თუ იცნობდით?
- ისინი მოსკოვში იყვნენ. იოსები 17 წლის იყო, როცა სვეტლანამ ყოფილი ქმრის ოჯახში დატოვა, კატია ჩუკოტკაზე გათხოვდა. იოსები ექიმი იყო და ანევრიზმით დაიღუპა, ვერ უშველეს...
სვეტლანა წიგნის ქალი იყო, მეცნიერი, ფილოლოგი, კითხვა ძალიან უყვარდა, ბევრს წერდა. შვილებისთვის არასდროს ეცალა, მათ მამები და ძიძები ზრდიდნენ.
- მის ნაწერებს თქვენ თუ კითხულობდით?
- კი, მის წიგნშიც მოვხვდი, როგორც მისი შვილის პედაგოგი. კირას (სვეტლანა ალილუევას ნათესავი) სახლში რა წიგნებიც იყო, ყველაფერი წავიკითხე. წიგნი კირამაც დაწერა და მასაც ნახსენები ვყავარ, მე მის სახლში ვცხოვრობდი მოსკოვში...
- კირა ალილუევასგან რაიმე ნივთი თუ ჩამოგყვათ სახსოვრად?
- სანამ კირასთან ვცხოვრობდი, ყველაფერი მისი მქონდა - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა ნივთები და ყველაფერი წამოვიღე. კირა რომ გარდაიცვალა, დავასაფლავე და წამოვედი. ბინა ძმებს დარჩათ. სტალინის ნივთები კირას კი არა, სვეტლანასაც არ დარჩენია. უფროს ვაჟს დაუტოვა, რომელსაც ებრაელი ცოლი ჰყავდა.
- კირა სტალინზე რას ჰყვებოდა? ვიცით, რომ ის პირდაპირ სცენაზე დააპატიმრა...
- კი, 19 წლისა იყო და როცა კირას ვკითხე, რატომ დაგიჭირეს-მეთქი, ბიძაჩემმა თქვა, "მნოგო ზნაიუტ, მნოგო ბალტაიუტო", ცოლის ნათესავებმა ბევრი იციან და ბევრს ტლიკინებენო. ყველა დაიჭირა. მშიშარა კაცი იყო, თორემ განა რა უნდა ეთქვა ამ ხალხს მასზე ისეთი? სვეტლანა მეუბნებოდა, მამაჩემი ნაკითხი კაცი იყო, მაგრამ მშიშარაო - "ტრუს ონ ბილ, ტრუს", ქართველ კაცს კი ასეთი რამ არ ახასიათებსო. ბევრს მიყვებოდა მამაზე, მერე წიგნიც დაწერა, რომელშიც მილიონი დოლარი აიღო.
- სტალინი მკაცრი მამა იყო?
- ქართული "წიკები" ჰქონდა... მაგალითად, მუხლი არ უნდა გამოგიჩნდესო...
- მამამ გვარი რომ ჩამოართვა, ამაზე რას ამბობდა?
სტატია სრულად იხილეთ ლინკზე - რას ჰყვება უბინაოდ დარჩენილი ცნობილი კონცერტმაისტერი სტალინის შთამომავლებზე, სააკაშვილსა და ივანიშვილზე