"არაერთხელ "დავამარცხეთ" რუსთაველზე რუსეთი, არაერთხელ "შევუტიეთ" აფხაზეთს რუსთაველზე, სინამდვილეში კი დავკარგეთ ტერიტორიები" - კვირის პალიტრა

"არაერთხელ "დავამარცხეთ" რუსთაველზე რუსეთი, არაერთხელ "შევუტიეთ" აფხაზეთს რუსთაველზე, სინამდვილეში კი დავკარგეთ ტერიტორიები"

პოეტმა დავით მაღრაძემ "კვირის პალიტრის" 13 ნოემბრის ნომერში, სხვა ყველაფერთან ერთად, იმაზეც ისაუბრა, შეამცირებს თუ არა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას.

- როგორ ფიქრობთ, სტატუსი ურთიერთსიძულვილს და პოლარიზაციას შეამცირებს?

- ჩემთვის ყბადაღებული პოლარიზაცია ნიშნავს, როდესაც დაახლოებით ორი თანაბარი ძალის მქონე მხარე პოლიტიკურად უპირისპირდება ერთმანეთს. საქართველოში დღეს პოლარიზაციის პრობლემა არ ჩანს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ახორციელებს ხელისუფლებას ძალიან მტკიცე პოზიციითა და ხალხის მხარდაჭერით და მოპირისპირე მხარე არ გამოირჩევა ხალხის მხარდაჭერით, ამდენად, ვერ დავარქმევ ამას პოლარიზაციას. თუ სიძულვილის ენას გულისხმობთ, არიან ჩვენში ადამიანები, რომლებიც კანდიდატის საფეხურიც რომ გამოტოვოს ევროკავშირმა და პირდაპირ წევრობა მოგვანიჭოს, სიძულვილის ენას მაინც არ მოიშლიან. მათთვის ჩვენი ევროინტეგრაცია არ არის მნიშვნელოვანი, მათთვის მნიშვნელოვანი ხელისუფლებაში ყოფნაა და ამდენად, არც განწყობას შეცვლიან და არც ფრაზეოლოგიას გამოიცვლიან. ისინი ჩარჩებიან წარსულში, რომელიც არანაირად არ გულისხმობს ჩვენს ხვალინდელ დღესა და ევროინტეგრაციის გზას.

- თამაზ გინტურის მკვლელობაზეც ვისაუბროთ. როდის და როგორ უნდა დამთავრდეს საქართველოში რუსების თარეში?

- მოხდა მკვლელობა, ქართველი კაცი გამოაკლდა წუთისოფელს. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და თანაგრძნობის განცდა ისადგურებს ჩვენში. კარგი იქნებოდა, ეს ტრაგიკული შემთხვევები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ სიტყვებს ,,ერთხელ და სამუდამოდ" არც პოლიტიკა და არც წუთისოფელი არ ცნობს... რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიას, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის, ხელისუფლების, ერის, ბერის, ყველასი, ერთი დიდი განზრახვა და მიზანია, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამ ტრაგედიების პოლიტი­კური მიზნით გამოყენება ძალიან უსუსური და შემზარავია. საოკუპაციო ხაზი ამ ხელისუფლებას არ მოუტანია იქ, სადაც დღეს გადის. ეს პრობლემა ამ ხელისუფლებას დახვდა. მხოლოდ ამ ხელისუფლების დადანაშაულება ასეთ ტრაგედიებში უზნეობაა და მრჩება განცდა, რომ ასეთ დროს მავანში თანაგრძნობა კი არ ისადგურებს, უფრო ანგარიშსწორების ვნება. რა თქმა უნდა, ჩვენი საზრუნავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს რომ ერთ-ორ დღეში არ მოხდება, მგონი, გავიაზრეთ. პოლიტიკა იმის არის, რომ რეალობას, მოგვწონს თუ არა, გათვალისწინება სჭირდება და რეალობიდან გამომდინარე უნდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიღება, თორემ, რა თქმა უნდა, მიზანი ისაა, რომ დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებით აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა­ და საზღვრები ისე იყოს დაცული, ვერავინ ბედავდეს ლეკიანობას, თანასწორ ურთიერთობაზე იფიქრონ და არა კოლონიურ მმართველობაზე. სხვა რა შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში იყო პათეტიკა - არაერთხელ დავამარცხეთ რუსთაველზე რუსეთიც, არაერთხელ შევუტიეთ აფხაზეთს რუსთაველზე, არაერთხელ შევუტიეთ ცხინვალს რუსთაველზე, სინამდვილეში კი დავკარგეთ ტერიტორიები. რუსთაველზე დიდ წარმატებებს ვაღწევდით, რომლებიც არ აირეკლა რეალობაზე. ამ ეიფორიიდან და პათეტიკიდან უნდა გამოვიდეთ. ჩემი აზრით, ხშირად ეს იმის ბრალია, განათლების პრობლემა რომ არსებობს საქართველოში. რაც საქართველო გათავისუფლდა, მას მერე განათლების რეფორმაზეა ლაპარაკი, თუმცა დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს რეფორმა, რა გზით მიდის. ინფორმაცია არ გადადის განათლებაში. ბევრი ორატორი ვიცით, რომელიც ინფორმირებულია, მაგრამ არ ტოვებს განათლებულის შთაბეჭდილებას. ინფორმაცია რომ განათლებაში გადავიდეს, ამას კულტურა სჭირდება და როცა ინფორმაცია ვერ გადადის განათლებაში, შემდეგ ქარტეხილი ვერ გადადის გამოცდილებაში.

ბოლო ხანს გამიჩნდა განცდა, პირველად ვტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ რაღაც გამოცდილება უკვე შევიძინეთ და მხოლოდ პათეტიკისა და შეძახილების იმედად აღარ ვართ. გააზრებული რისკის ფასად მტკიცე პოზიციისა და პოლიტიკის ნიშნები დავინახეთ. ეს მაძლევს იმედს, რომ პრობლემას გააზრებულად და გამოცდილებით შევხვდებით, როცა ქარტეხილი გამოცდილებაში გადავა. ვისურვოთ, რომ ეს ტრაგედიები დასრულდეს, დღედაღამ ვიმუშაოთ ამაზე, ეს საზოგადოებასაც ეხება და ხელისუფლებასაც. პრობლემები მარტო ჩვენ არა, ევროპასაც აქვს, მნიშვნელოვანი პრობლემები ახლავს მის დღევანდელობას, ამიტომ ვისურვოთ, რომ გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩეს.

განაგრძე კითხვა:"ნუ ჩათვლის ჩვენი საზოგადოება, ამოვხტით ჩვენი გეოპოლიტიკიდან, სამეზობლო შეგვეცვალაო"