"სოხუმში დაბრუნება" გავუგზავნე წარწერით: ჩემო მეგობარო, შენ თუ ფიქრობ, რომ მე ვარ ბრალში, მაშინ მე მომიხდია ბოდიში"
ჩვენი ინტერვიუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების წინა პირობას - ევროკომისიის რეკომენდაციის გაცემასა და საქართველოს თანმდევი სულის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა. ამ ერთ დღეს თითქოს ერთად მოიყარა თავი საქართველოს წარსულმა და აწმყომ, რათა მათმა კავშირმა მომავალში სანუკვარი მიზნის მისაღწევად "ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემ მოძრაობას და მხოლოდ მოძრაობას" კიდევ ერთხელ ჩაჰბეროს სული.
მწერალ გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუს სწორედ ამ ისტორიული დღის მნიშვნელობაზე საუბრით ვიწყებთ.
- მართლაც დიდი მოვლენაა და იშვიათი დღეა ჩვენთვის... ის, რომ ევროკავშირის სტატუსი ილიას დაბადების დღეს დაემთხვა, სიმბოლურია. ილიას მთელი შემოქმედება და მოღვაწეობა ევროპისკენ იყო მიმართული. ის არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს მოყვასი და როგორ ჩაახედო სარკეში. ილია ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესთანაც კი აგრძელებს დიალოგს და ამას ემოციით, აგრესიითა და ყვირილით კი არ გამოხატავს... ოლღამ სასამართლოზე მოსამართლეს სთხოვა, ილიას მკვლელები ჩამოხრჩობით არ დაესაჯათ, რადგან ილია ამის წინააღმდეგი იყო და მათი სიცოცხლის მოსპობა მის სულს ეწყინებოდა. ეს არის სრულიად სხვა ჰუმანიზმი, ლიბერალიზმი, რომელიც მაშინ ვერ იკვლევდა გზას და ცოტა ხანში კომუნისტური რეჟიმის ქვეყანაში მოვხვდით, სადაც იყო სისასტიკე, დახვრეტები... სანამ აქამდე მოვიდოდით, ბევრმა რამემ გადაიარა ჩვენს თავზე. ძალიან მიხარია ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ასე თუ ისე, ვიცი ევროპა, ბევრ ქვეყანაში ჩემი წიგნებიც გამოვიდა, იქ ხშირად ვარ და ვიცი მისი ფასეულობები, ევროპული დემოკრატია. უნიკალური არც ერთი დემოკრატია არ არის, მაგრამ უკეთესი დედამიწაზე არ გვაქვს, ჩვენ ჯერ დემოკრატიას, განვითარებული ქვეყნების დონეს უნდა მივაღწიოთ, მერე ყველაფერი დაიხვეწება, ეს ჩვენთვის იქნება ახალი გზაჯვარედინი. ახლა ისეთი პერიოდია, მთელი პლანეტა გამოცდის წინაშეა და ჩვენ გამარჯვებული უნდა გამოვიდეთ.
- სანამ ამ დღემდე მოვიდოდით, მუდმივად ომებში ვიარეთ, მუდმივად დასაცავია ჩვენი სამშობლო, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ერთთავად ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული და ჩვენი უღელტეხილები გვაქვს გადასავლელი... რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ერს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს. როგორი გესახებათ ეს მომავალი?
- უპირველესად, ერთი რამის მჯერა და ესეც ილიასეულია - ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ. ჩვენი დამოუკიდებლობა ისე დაიწყო, მძიმე დღეები გავიარეთ. აფხაზეთის ომს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ - ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რუსეთ-საქართველოს ომი, ზოგიც ამერიკა-რუსეთის ომს ამბობდა. ყველა ამ შეფასებაში ჭეშმარიტების მარცვალი დევს. ჩვენ და აფხაზები მარტო რომ ვიყოთ ამ პლანეტაზე, აქამდე მოვრიგდებოდით კი არა, ომიც არ გვექნებოდა. მაგრამ პლანეტა მეგა, საშუალო და პატარა სახელმწიფოებისგან შედგება, ყველას თავისი მიზანი და ინტერესები აქვს. ჩვენი ისტორია ომების ისტორიააო, ამასაც ილია წერდა. ბარბაროსული პერიოდიდან მოყოლებული, ყველა სახელმწიფო ცდილობს, ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას პრობლემა და ამაში მოვხვდით ჩვენც. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შეერქვა და ამავე დროს ჩვენ გვქონდა და გვჭირდა ერთი უბედურება - ქართულ-ქართული კონფლიქტი, შეიარაღებული სისხლიანი კონფლიქტი ჩვენ დედაქალაქის გულში, რუსთაველის პროსპექტზე გვქონდა, როდესაც ერთმანეთს ვესროლეთ. პირველ ყოვლისა, გასაანალიზებელია, რაც გამოვიარეთ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთად. ისინი როცა ერთად მუშაობენ, ამას ჰქვია ორი ხელით მუშაობა. მოქანდაკე ცალხელა არ არსებობს, ორი ხელით მუშაობს და როცა ხელისუფლება და საზოგადოება ჰარმონიაშია, მაშინ კარგად გამოდის საქმე. ამ ორმა ხელმა უნდა გამოიძიოს, რა იყო აფხაზეთის ომი, რა და როგორ იყო ცხინვალის რეგიონში, ვთქვათ სიმართლე და ამასობაში ჩვენს შეცდომებსაც აღმოვაჩენთ. რუსეთს რომ უამრავი ცოდვა აქვს და ამ კონფლიქტებში მისი როლი დიდია, ეს პატარა ბავშვებმაც იციან. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც ჩვენ დავუშვით. გავარკვიოთ, რატომ და როგორ დაიწყო ეს ომები, ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ, ოღონდ, ისევ ილიასეულად, კარგად საუბარი უნდა ვისწავლოთ, უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს მეორე მხარე...
- რუსულ ოკუპაციას დასასრული არ აქვს... ევროპის კარის გაღებამდე კიდევ ერთი ქართველი მოგვიკლეს ოკუპანტებმა. მათ მიერ ამოქოლილი ლომისას მონასტრის კარის გაღებას შეეწირა თამაზ გინტური...
- ეს არის ზუსტად არაადამიანური მოპყრობა. ევროპული კულტურა და დემოკრატია, პირველ რიგში ითხოვს იმას, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი და განუმეორებელია. დაპყრობითი პოლიტიკისთვის კი ის ერთი კაცი, ეკლესიის ეზოში რომ მოკლეს, ერთი კაცია და მეტი არაფერი, სტატისტიკაა და ამას შეჩვეული ვიყავით. არადა, ამ ერთეულისგან შედგება ერი, ხალხი, მისი ტრადიცია, ღირსება. ჩვენ ღირსება გვაქვს დასაბრუნებელი და განსაკუთრებულად უნდა ვიცავდეთ ნებისმიერი მოქალაქის სიცოცხლეს და კეთილდღეობას, ისე, როგორც ებრაელები აკეთებენ ღირსებასა და სახელზე სწორებას. ერთმანეთში თუ აირია სიკეთე და ბოროტება, კარგი და ცუდი, შავი და თეთრი, მერე დაიკარგება ის ღირებულებები, რომლითაც ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და რაც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ. ერი რომ გადარჩეს, ამიტომ გვჭირდება დიდი დიალოგი. ერთმანეთს არ ვინდობთ, მკვლელ სიტყვებს არ ვიშურებთ და რამდენს გაუსკდა გული ამ სიტყვების გამო? სიტყვით მკვლელები მომრავლდნენ ჩვენში და ეს უკვე დანაშაულია. ეს ახალ თაობაში თუ გადავიდა, პოლარიზაცია წალეკავს ხალხს, ვერც სახელმწიფოს შევინარჩუნებთ. აზრთა სხვადასხვაობის გარეშე ღმერთმა ნუ ამყოფა ჩვენი ქვეყანა, ჩვენ სხვადასხვა აზრით, ოღონდ, ერთ დიდ უმრავლესობად უნდა ვიცხოვროთ. ასეთი ერი და სახელმწიფო მოწინააღმდეგეებსაც უყვართ, თუ არ უყვართ, აფასებენ მაინც და ანგარიშს უწევენ. ერთიანობა თუ არა, ყველა აბუჩად აგიგდებს.
მეგობრები არა, მაგრამ კარგი სოხუმელები და ნაცნობები ვიყავით მე და გურამ გაბისკირია - ბიჭობაში კარგი ბიჭი, კარგი ფეხბურთელიც და დიდობაში - კარგი მერი. მან იცოდა, რომ მოკლავდნენ და სიკვდილის წინ, როცა უთხრეს, დაიჩოქეო, მისი ბოლო სიტყვა იყო - "არასოდეს!" ეს არის ღირსება, რაც იმავე ილიას ჰქონდა, ამასთან, ილიას ჰქონდა დიპლომატიური ნიჭიც - სადაც ხმლით და იარაღით არ შეიძლებოდა, სიტყვით უნდა მოგვეგო. სიტყვა არის პირველი, სიტყვა არის ღმერთი ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ამ სიტყვებს ხშირად გვეუბნებოდა ილია და როცა ბევრი მწარე სიტყვა თქვა, უთხრეს, არ გიყვარს შენი ხალხიო, რაზეც მიუგო: "ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართვლისას ამბობს,/ ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!.. /ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს - /ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" ეს არის განვითარების საფეხურები, რომლებიც შემდეგ ჩვენთან საბჭოთა ტერორმა გააჩერა...
იხილეთ სტატია სრულად - „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!“