შეცდომა, რომელმაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს - რა სცენარით სურს დასავლეთის ნაწილს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება?!
გასული კვირა მძიმე იყო, რადგან უკრაინაში მებრძოლ ქართველთა შორის დიდი დანაკარგია. ისინი უკრაინაში მსოფლიო ბოროტებას ებრძვიან. ბოროტებას, რომელიც დანებებას არ აპირებს, მეტიც, იგონებს ათასგვარ შავ სქემას, რათა გაძლიერდეს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ომს შეჩვევა სცოდნია, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას. ეს მოსალოდნელიც იყო. მთავარია, მსოფლიო და პირველ რიგში, დასავლეთი არ შეეჩვიოს აზრს, რომ ბოროტების დამარცხება შეუძლებელია და მასთან შესაძლებელია რაღაც გარიგება-მორიგება. ამ მხრივ კი დასავლეთიდან საგანგაშო მესიჯები ისმის.
რატომ „გოდებს“ დასავლური პრესა?!
თვეების განმავლობაში დასავლური პრესა წერს უკრაინის ჩაშლილ კონტრშეტევასა და იმაზე, რომ ომი ჩიხში შევიდა. ასევე დასავლური პრესა წერს, რომ ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონში განიხილავენ ომის დასრულების პერსპექტივას.
-0:03 სულ ერთი წლის წინ ომის დასრულების სცენარად განიხილებოდა პუტინის საბოლოო მარცხი და რაშიზმის, როგორც მოვლენის, აღმოფხვრა. დღეს, სამწუხაროდ, სულ სხვა სცენარები მუშავდება. პარალელურად, ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან ისმის განცხადებები, რომ უკრაინის შეიარაღებაში პრობლემებია, ჭურვები აღარ არის და ა.შ.
გარკვეულ დასავლურ პოლიტიკურ წრეებს ომის დასრულება ასე წარმოუდგენიათ - პუტინს მიაქვს ის ყველაფერი, რაც უკვე დაიპყრო, უკრაინის დანარჩენი ნაწილი კი დასავლური დაცვის ქოლგის ქვეშ მოექცევა. არ ვიცით, ამ სცენარზე რა აზრის არის პუტინი და რაც მთავარია, რჩება შთაბეჭდილება, რომ არ ეკითხებიან უკრაინელებს.
პირველ რიგში, ის ვთქვათ, რამდენად მორალურია ამაზე მსჯელობა. წარმოვიდგინოთ რიგითი უკრაინული ოჯახის ყოველდღიურობა - არ იციან, რომელი მხრიდან მოფრინდება "შაჰიდი" თუ რუსული რაკეტა, ლამის ყოველდღიურად მისდით ცნობები, რომ ფრონტზე დაიღუპა ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, ახლობელი და... ამ დროს კომფორტულ ევროპასა და ამერიკაში მსჯელობენ იმაზე, რომ ომი სასწრაფოდ დასასრულებელია უკრაინული ტერიტორიების ხარჯზე. ომს მხოლოდ იარაღი არ იგებს, ომს მოსახლეობის მორალური მდგომარეობაც იგებს და იმედია, დასავლური სახიფათო მესიჯები "მეხუთე კოლონის" როლს არ შეასრულებენ.
გარდა ამისა, სად აქვს დასავლეთს გარანტია, რომ პუტინი პაუზას არ გამოიყენებს გაძლიერებისთვის და "მეორე წრეზე" არ წავა?! იყო ასეთი პერსონაჟი მსოფლიო ისტორიაში - ადოლფ ჰიტლერი. მაშინდელ ლიდერებსაც ეგონათ, რომ დათმობებით ადოლფი დაწყნარდებოდა და საბოლოო ჯამში, მიიღეს მეორე მსოფლიო ომი - განადგურებული ევროპა, ათეულმილიონობით დაღუპული ადამიანი და ა.შ. უნდათ დღევანდელ მსოფლიო ლიდერებს, რომ 70 წლის შემდეგ (რა თქმა უნდა, თუ გადარჩა პლანეტა) ისტორიის წიგნებში დაწერონ, მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, მესამე მსოფლიო ომი არ იქნებოდაო?!
უკრაინის კონტრშეტევა რომ ჩაფლავდა, ამაში თავისი წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის. რომ მიეცათ საკმარისი რაოდენობით თვითმფრინავები, შორსმსროლელი რაკეტები და დიდი რაოდენობით ტანკები, რამდენჯერმე გაიზრდებოდა უკრაინის არმიის წარმატების შესაძლებლობა. ამიტომ ამის ზიდვა დასავლეთსაც მოუწევს, ბოროტებასთან კი დიალოგი არ შეიძლება.