"კვირის პალიტრის" რეპორტაჟი ნეაპოლიდან - "დიდი მადლობა საქართველო" ანუ როგორ უხსნიდნენ იტალიელები სიყვარულს ქართველ ჟურნალისტს - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრის" რეპორტაჟი ნეაპოლიდან - "დიდი მადლობა საქართველო" ანუ როგორ უხსნიდნენ იტალიელები სიყვარულს ქართველ ჟურნალისტს

ფეხბურთის ექსპერტად ნამდვილად არ გამოვდგები, შევეცდები მოყვარულის თვალით დანახულ ნეაპოლსა და ნეაპოლელების შესახებ მოგიყვეთ. ჩემი მოგზაურობა და თავგადასავალი საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" უკავშირდება. ქართველებს ფეხბურთი გვიყვარს, თუმცა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები განებივრებული არა ვართ ჩემპიონის სტატუსით. ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენამ ქართველ საზოგადოებაში დიდი გადატრიალება მოახდინა. ფეხბურთის მოყვარულებს რწმენა დაუბრუნდათ, რომ შესაძლოა ქართულმა ფეხბურთმა ისევ გაიბრწყინოს. ბავშვებმა ფეხბურთის თამაში კვარას გამო დაიწყეს. ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებდა, ახლა ყოველ უქმეებზე­ "ნაპოლის" თამაშებს ტელევიზორის წინ სულგანაბული ელოდება. ჰოდა, მეც რიგით ქართველს, მინდოდა ამ "ვარსკვლავბიჭუნას" სანახავად იტალიაში ჩავსულიყავი და მისი გაბრწყინება საკუთარი თვალით მენახა... როგორც ამბობენ, ვერც ერთი სპორტი ვერ აერთიანებს ადამიანებს ისე, როგორც ფეხბურთი და ამ ფრაზის სიცხადე ნეაპოლში შევიგრძენი.

როდესაც თბილისიდან ნეაპოლში ბინა დავჯავშნეთ და მასპინძელს მივწერეთ, რომ მატჩზე ("ნაპოლი"-"მილანი") დასასწრებად საქართველოდან ჩავდიოდით, მოსული მესიჯის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვეულებრივ ხალხთან არ მქონდა საქმე. ბინის პატრონი გვწერდა, რომ სუპერფანია "ნაპოლის", უყვარს ხვიჩა და ბინაში განსაკუთრებულ საჩუქრებს დაგვახვედრებდა.

"ნაპოლისთან" დაკავშირებული პირველი თავგადასავალი რომის აეროპორტში, პასპორტის კონტროლის გავლის დროს დაიწყო. მესაზღვრემ საბუთებს ჩახედა და როდესაც ნახა, ბინა ნეაპოლში გვქონდა აღებული, გვკითხა, მატჩზე მიდიხართო. ცოტა დავიძაბე, რომში მესაზღვრეს, წესით, "ნაპოლი" არ უნდა უყვარდეს, დიდი ალბათობით, "რომას" ან "ლაციოს" გულშემატკივარი უნდა იყოს. მორიდებით ვუთხარით, რომ კვარაცხელიას თამაშზე ჩამოვედით. უცებ იღებს ტელეფონს და გვანახებს­ თავის ფოტოებს, სელფებს "ნაპოლის" მაისურში, თან ამბობს. "ნაპოლის" გულშემატკივარი ვარ, სულ ვესწრები თამაშებს, თქვენ სად სხედხართო. გაოგნებული ვაჩვენებ ბილეთს. ის მეუბნება, თქვენ ლურჯებში გქონიათ ადგილი, მე ყვითლებში მაქვს. იქნებ მაინც შევხვდეთო. მოკლედ, ერთმანეთს "ფორცა "ნაპოლის" შეძახილით დავემშვიდობეთ.

ნეაპოლში ჩასვლისთანავე მატარებლის ბაქანზე როგორც კი ფეხს დადგამ, ოსიმენისა და კვარაცხელიას უზარმაზარი ფიგურები გეგებებიან. ადამიანებს სიამაყის გრძნობა ყოველდღიურობაში, ალბათ, უფრო ნაკლებად გვაქვს. რომ იამაყო, რამე განსაკუთრებულიც უნდა გააკეთო. თუმცა, როდესაც ნეაპოლში ჩადიხარ, ეს გრძნობა თავისით მოდის მხოლოდ იმ ერთი ფაქტის გამოც, რომ ამ პატარა ბიჭის მიწიდან ხარ. ყველა გამჩნევს, მოდიან, გესალმებიან, სიყვარულს გიხსნიან, შენც ბედნიერი ხარ.

განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი იყო მატჩის დღე. სტადიონთან ქართულ დროშამოფარებულს რომ გხედავენ, იწყება შეძახილები: "კვარა, კვარა!" შენც იღიმი და გული გიჩუყდება. შევეცადე რამდენიმე ადამიანი ჩამეწერა. ბევრმა ინგლისური არ იცოდა, თუმცა იმის თქმას, რომ კვარა საუკეთესოა, ახერხებდნენ:

- კვარა საუკეთესოა, გვიყვარს კვარა!

- ლამაზი მოთამაშეა, იდეალურად ფლობს ბურთს!

- კვარა ისეთივე მშვენიერია, როგორიც მისი ქვეყანა. საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა, კვარა ფანტასტიკური მოთამაშეა, სხვა საუკუნიდან.

- ის ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში!

- კვარას გარეშე "სკუდეტოს" ვერ მოვიგებდით, ბედნიერი ვართ, რომ გვყავს.

- კვარას გადმოსვლის შემდეგ, გუნდმა­ თამაშის სტილი შეცვალა, უფრო სწრაფი­ გახდა.

- კვარას გადმოსვლის შემდეგ "ნაპ­ოლის"­ თამაში უფრო სწრაფი და შემტევი­ გახდა, მადლობელი ვართ საქართველოსი­ იმ ტალანტისთვის, რომელიც გამოგვიგზავნა.

ჩვენი ემიგრანტები ამაყობენ კვარათი, ამიტომ რამდენიმე მათგანს გავესაუბრე.

"რომ გაიგეს ქართველი ვიყავი, კვარას და კვარადონას მეძახდნენ"

ნონა სამუშია: - ხვიჩა ნეაპოლში თითქმის დიეგო მარადონასთან არის გატოლებული. მე სხვა ქალაქში ვცხოვრობდი­ და როცა კვარაცხელია გადმოვიდა "ნაპოლიში", გადავწყვიტე მეც აქ გადავსულიყავი, რათა მეც ვყოფილიყავი საერთო ზეიმის ნაწილი. ნეაპოლელებს მატჩის საყურებლად დიდი ტელევიზორები აქვთ გარეთ გამოტანილი. მე დავდიოდი დროშაშემოხვეული, მოდიოდნენ ჩემთან და მეკითხებოდნენ, კვარაცხელიას ქვეყნიდან ხართო, მეხუტებოდნენ, და რაღაცებს მჩუქნიდნენ. იმ უბანში, სადაც ვცხოვრობდი, რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, კვარას და კვარადონას მეძახდნენ. ხვიჩამ პირველი გოლი რომ გაიტანა, იმავე საღამოს დამიკავშირდა "ნაპოლის" გულშემატკივარი ლუიჯი ფერერო და მითხრა, ხვიჩას გულშემატკივრების ჯგუფის გაკეთება მინდაო, და მე, რიგითი ქართველი, ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ჯგუფის წევრი გახდა. მთელმა იტალიამ შეიყვარა კვარა.

განაგრძე კითხვა