ქართული პოლიტიკური "ასტროლოგია" - რომელი პარტია რამდენ მანდატს მიიღებს პარლამენტში IRI-ს, Edison Research-ის, GORBI-ის და ISSA-ს კვლევები რომ "ახდეს"?! - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკური "ასტროლოგია" - რომელი პარტია რამდენ მანდატს მიიღებს პარლამენტში IRI-ს, Edison Research-ის, GORBI-ის და ISSA-ს კვლევები რომ "ახდეს"?!

ოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევები, სადაც პარტიებს განსხვავებული რეიტინგები აქვთ, რაც, ცხადია, ბევრ კითხვასაც ბადებს და რაც მთავარია, ჩამტარებლის პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს... ისიც ცხადია, რომ ეს მხოლოდ მიახლოებით სურათს იძლევა­ და არჩევნების დღეს შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს ვითარება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს როგორც ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, ასევე არჩევნების პროცესზე. თუნდაც ის, რომ ეს კვლევები ჩატარებულია 8 ნოემბრამდე, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა, აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამ მონაცემებს მნიშვნელოვნად შეცვლიდა ხელისუფლების სასარგებლოდ, რაც არ უნდა თქვას ახლა ოპოზიციამ, რომ ეს რეკომენდაცია ხელისუფლების დამსახურება არ არის.

ასეა თუ ისე, გვაქვს ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სამი კვლევა: IRI-ს, "გორბისა" და "ედისონ რისერჩისა" და მანამდე ცოტა ადრე გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA - იაგო კაჭკაჭიშვილი) ჩაატარა.

პარტიების ეს რეიტინგები დათვლილია იმის მიხედვით, ხვალ არჩევნები რომ იყოს, ამომრჩევლები ვის მისცემდნენ ხმას. შესაბამისად, საინტერესოა, თუკი არჩევანი დაახლოებით ასე გაკეთდება, მაშინ პარლამენტში ადგილები როგორ გადანაწილდება. როგორც ზემოთ ითქვა, ეს არის კვლევების შედეგები და რაც არ უნდა ობიექტურად იყოს ჩატარებული, განსხვავებული იქნება მომავალში ჩასატარებელი არჩევნების შედეგებისგან. თუმცა ინტერესის გამო ზოგადი სურათის შესაქმნელად გთავაზობთ ამ მონაცემების მიხედვით საპარლამენტო მანდატების გადანაწილების ალბათობას.

აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2024 წელს პარლამენტის არჩევნები პირველად იქნება სრულად პროპორციული, რაც ნიშნავს, რომ 150 მანდატი გადანაწილდება­ მხოლოდ პარტიული სიების მიხედვით. ცხადია, ეს დადებითი ფაქტია და ამის მისაღწევად წლები დასჭირდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ პატარა პარტიების შემთხვევაში ზრდის რეგიონებში­ ხმების დაკარგვის ალბათობას, რადგან პატარა პარტიას, რომელსაც ადგილზე არც წარმომა­დგენლობა ჰყავდა, და არც იმის რესურსი, რომ ადგილზე აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჩაეტარებინა, შანსი ჰქონდა, მაჟორიტარობის კანდიდატად ისეთი ადგილობრივი დაესახელებინა, რომელიც­ პატივისცემით სარგებლობდა და შესაძლოა მას მაჟორიტარად ვერ გაემარჯვა, მაგრამ პარტიისთვის მოჰქონდა მცირე შედეგი მაინც, რაც საერთო ჯამში არცთუ ცუდ შედეგს იძლეოდა. დღეს კი პატარა პარტიებს ამ "მანიპულაციის" საშუალება აღარ ექნებათ, რაც აისახება მათ პარტიულ შედეგებზე. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვისთვის მნიშვნელოვანი იქნება არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობაც. 2020 წელს არჩევნებზე თითქმის 2 მილი­ონი კაცი მივიდა და კიდევ უფრო მე­ტი იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა, რომელმაც 2 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისად, თუკი 2024 წელს არჩევნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ 5%-იანი ბარიერის­ გადასალახად საჭირო იქნება 100 ათასი ხმა; 1 მილიონ 900 ათასის შემთხვევაში - 95 ათასი ხმა; 1 მილიონ 800 ათასი - 90 ათასი; 2 მილიონ 200 ათასი - 110 ათასი ხმა და ა.შ. რაც შეეხება ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მანდატების განაწილებას, ამ 4 კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდება:

IRI: "ქართული ოცნება" - 92 მანდატი; "ნაციონალური მოძრაობა" - 58 მანდატი;

Edison Research: "ქართული ოცნება" - 77 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" - 44 მანდატი, "საქართველოსთვის (გახარია)" - 19 მანდატი და "ლელო" - 10 მანდატი;

GORBI: "ქართული ოცნება" - 110 მანდატი და "ნაციონალური მოძრაობა" - 40 მანდატი;

ISSA: "ქართული ოცნება" - 118 მანდატი და "ნაციონალური მოძრაობა" - 32 მანდატი.

თუკი ჩავთვლით, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვას 5 პარტია მაინც მოახერხებს, მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდება. აქ მესამე, მეოთხე და მეხუთე პარტიისთვის ვიღებთ მხოლოდ ბარიერის გადალახვის მაჩვენებელს. თუმცა, ცხადია, მათი მაჩვენებლები ასე ზუსტი შეიძლება არ იყოს. ეს გვაძლევს მხოლოდ იმ სურათს, თუ მანდატები როგორ გადანაწილდება, თუკი პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიების მონაცემები ისეთივე იქნება, როგორც ამ კვლევებშია.

განაგრძე კითხვა: როგორ გადანაწილდება მანდატები პარლამენტში ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით