აფხაზური პანიკა: "გაუთავებლად ამბობენ, რომ გაგრა მოსკოველმა ქართველებმა შეისყიდეს და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას" - მამუკა არეშიძის ანალიზი - კვირის პალიტრა

აფხაზური პანიკა: "გაუთავებლად ამბობენ, რომ გაგრა მოსკოველმა ქართველებმა შეისყიდეს და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას" - მამუკა არეშიძის ანალიზი

გთავაზობთ ეპიზოდს "კვირის პალიტრის" 1-ელი იანვრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელშიც რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების მისაკუთრების საკითხია განხილული. ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რუსეთის დამოკიდებულება, აფხაზებზე წნეხი აფიქრებინებს - ბიჭვინთის აგარაკი არ იქნება ერთადერთი ობიექტი, რომელიც რუსეთმა მოითხოვა.

- აპარტ-ოტელების საკითხის გააქტიურებას მალე უნდა ველოდოთ?

- აუცილებლად გააქტიურდება. ბიჭვინთა რუსეთისთვის სულაც არ იყო ისეთი მნიშვნელობის, როგორიცაა აპარტ-ოტელების საკითხი. ბიჭვინთა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე და მთავარი იქნება აპარტ-ოტელების საკითხი.

აფხაზები ცდილობენ არ შეიმჩნიონ, მაგრამ უკვე ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსსაც ვერ აკონტროლებენ. რუსები მატერიალური კულტურის ძეგლების საკითხშიც კი არიან ჩარეული. მთელი აფხაზეთი ხომ ამაყობს, რომ ბაგრატ მესამე აფხაზი მეფეა, რადგან ის ლეონის შთამომავალი იყო, ამ დროს კი რუსებმა სწორედ აფხაზი მეფის ფრესკა გადაღებეს.

- შეძლებს კრემლი ბიჭვინთის მსგავსად აპარტ-ოტელების საკითხშიც გაიმარჯვოს და აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის 30 000 აპარტამენტი აშენდეს?

- უფრო დიდი ვნებათაღელვა იქნება. თუმცა აფხაზები ყველაფერზე მხოლოდ სიტყვიერად ებრძვიან რუსებს, თორემ მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ.

აპარტ-ოტელებთან დაკავშირებულია კიდევ ერთი საკითხი. აფხაზებს ჰგონიათ, ამ ამბავში ქართველები არიან ჩართული. ოპოზიციონერი ნატალია სმირი გაუთავებლად იმას ამბობს, რომ გაგრა მოსკოველმა ქართველებმა­ შეისყიდეს, თანაც გულისხმობს, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას... ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აფხაზები ფიქრობენ, მოსკოვმა თუ ყარაბაღი დათმო, შესაძლოა დათმოს აფხაზეთიც... ეს ყველაფერი, არასერიოზულია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში უფრო გამკაცრდა. როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლეს და მოჰბეზრდათ იმ ხალხის გამოკვება, ვინც მუდმივად ჯიბრში უდგას.

- საინტერესოა, ბიჭვინთის გარდა, სხვა რომელიმე აგარაკზე თუ აქვს თვალი დადგმული კრემლს? მაგალითად, მოსალოდნელია მიუსერაში გორბაჩოვის ყოფილი რეზიდენციაც მოითხოვონ?

- პრაქტიკულად, მიუსერაც რუსეთისაა. უბრალოდ, დე ფაქტო ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ როდესაც აფხაზეთში საპატიო სტუმარი ჩამოდის, რუსული მხარე უფლებას აძლევს ამ აგარაკზე უმასპინძლონ.

- აფხაზებსა და რუსებს კიდევ რამდენიმე­ სადავო საკითხი აქვთ. მაგალითად, სოფელი აიბღა, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს და ამ სოფლის გამო საზღვარი დემარკირებული არ არის; ასევე კოდორის ხეობა,­ სადაც რუსეთს გზის გაყვანა სურდა და აფხაზებმა არ დაანებეს. ამ სადავო საკითხებზეც მოსალოდნელია კრემლის გააქტიურება?

- სოფელი აიბღა ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა ექსტრემალური ვითარებაა. ბოლო წლებია აფხაზებისგან მაინცდამაინც დიდი აქტიურობა, აიბღა დაგვიბრუნეთო, არ მსმენია. კოდორის ხეობაზე გზის გაყვანაც რუსეთისთვის უფრო სასპეკულაციო თემაა, მგელი მოდისო, მსგავსად. გზის გაყვანის იდეა არსებობს, მაგრამ აფხაზებმა სასწრაფოდ ნაკრძალად გამოაცხადეს ხეობა. თუმცა, თუ რუსეთს ძალიან მოუნდა ეს გზა, ან სხვა რამე და აფხაზები ხელის შეშლას დააპირებენ, მაშინ სოხუმის აეროპორტი არ აშენდება, პენსიები არ დარიგდება და ა.შ. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. აფხაზები ყველაფერზე მხოლოდ სიტყვიერად ებრძვიან რუსებს, თორემ მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ. როდესაც აფხაზებს სოციალურად და ეკონომიკურად უჭირთ, მაგალითად, როდესაც ზამთარში დენი იშვიათად მიეწოდებათ და რუსეთიდან ელიან ელექტროენერგიას, ან როცა ტრანშები არ ირიცხება, ხელფასები და პენსიები უგვიანდებათ, მაშინ ჩუმად არიან. ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ, როცა ეკონომიკურად ცოტათი კარგად გრძნობენ თავს, მაშინ უფრო ხმამაღლა იციან ლაპარაკი. ვითარება არ შეიცვლება, აფხაზების რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი ძალიან მაღალია. შეუძლიათ ქუჩაში გამოვიდნენ და იყვირონ, მაგრამ იციან, რომ სიტუაციას ვერ შეცვლიან და მორჩა. რუსების იქით გზა არა აქვთ.

განაგრძე კითხვა:"აპარტეიდი" აფხაზებისთვის?!