„მეომარ ქალს არ შეშვენის თავის ტრაგედიაში ჩაკეტვა - ჩემს დროს ველოდები, ჯერ დამკვეთი უნდა ვიპოვო“ - კვირის პალიტრა

„მეომარ ქალს არ შეშვენის თავის ტრაგედიაში ჩაკეტვა - ჩემს დროს ველოდები, ჯერ დამკვეთი უნდა ვიპოვო“

"ჩემი შვილი ისე გავზარდე, რასაც კარგს ვუყიდდი - ტანსაცმელი იქნებოდა,­ ფეხსაცმელი თუ სათამაშო, ვეუბნებოდი, მამაშენმა გამოგიგზავნა-მეთქი. მან ასე იცოდა, რომ მამამისი უგზავნიდა და ის უცხოეთში ცხოვრობდა. ჩემი შვილის მკვლელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მე ბუმბულის­ ჩამომყრელი ქალი არა ვარ", - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი, "მხედრიონის" ლიდერი, "რკინის მაგნოლია", დოდო გუგეშაშვილი­ ჩვენთან ვრცელ ინტერვიუში. მამა-შვილის პირველი "შეხვედრა" დაკრძალვაზე,­ ცხოვრება "მხედრიონამდე" და მას შემდეგ, ჯაბა იოსელიანის ფენომენი, ომი აფხაზეთში,­ გმირობისა და სისასტიკის მაგალითები, დარჩელი, პატიმრობა ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ციხეში და გაუტეხელი მეომარი ქალის ყოველდღიურობა - ეს ის თემებია, რომელთაც "კვირის პალიტრის" მკითხველი რამდენიმე ნაწილად გაეცნობა.

- მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა და ინტერვიუ შედგა, რადგან დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილხართ მასმედიით. როგორ ხართ?

- მაქსიმალურად ვცდილობდი მოვრიდებოდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. უპირველეს ყოვლისა, ჩემს შვილს არ ესიამოვნება, რომ მისი დედა დაგლახავებული გამოიყურებოდეს, შეიძლება ყველაფერი დამთავრდა, სიხარული, მაგრამ არ მინდა იფიქრონ, რომ ეს დასასრულია. სამწუხაროდ, უამრავი გამწარებული და სიხარულდაკარგული დედაა ქვეყანაზე. ბევრისგან მიმიღია მაგალითი, თუნდაც ჩვენი გმირი ბიჭების დედებისგან, თუ როგორ უჭირავთ თავი. ისედაც, მეომარ ქალს არ შეშვენის თავის ტრაგედიაში ჩაკეტვა. ვცდილობ ვიდგე ფეხზე, ჩემთვის, ჩემი შვილისთვის და ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, უცხო თვალისთვისაც. ჩემს ბედს ვერავინ შეცვლის, მაგრამ არ მინდა სხვას უსიამოვნება და ტკივილი მივაყენო, ამიტომ ჩემს თავს როგორღაც ვიმორჩილებ.

- ყოველთვის ძლიერი ქალი იყავით, რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად, რომ მტკიცე ხასიათი ტრაგედიის დროსაც შეგენარჩუნებინათ?

- ქართველები ისეთი მოდგმისა ვართ, ნამდვილი გმირი წინაპრები გვყავდა, კაცებიც და ქალებიც, მათთან ჩემი შედარება დიდი კადნიერება იქნება და არც მაქვს ამის ამბიცია, მაშინ მთლად გონზე არ უნდა ვიყო. ჩვენი ქალები ცალ ხელში­ მახვილით, მეორე ხელით კი აკვნის დამ­რწევი დედები, თავიანთ შვილებსა და საქართველოს ეფარებოდნენ. გმირობისა და ძლიერი ქალის მაგალითზე როცა ვსაუბ­რობთ, თუნდაც დედა ქეთევანი გავიხსენოთ, ჩვენ კი თანამედროვე დედა ქეთევანი გვყავს - ქალბატონი ბელა ზალდასტანიშვილი, რომელმაც ოთხი ვაჟკაცი შესწირა სამშობლოს ომში და დღეს ყველას მხარში­ უდგას, იქით იძლევა უდიდეს მაგალითს, რომ ადამიანი ძლიერი უნდა იყოს. გაჭირვებაში­ სიმყარის შენარჩუნება ძალიან რთულია, მაგრამ საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა და ეს მოახერხო. მე არავისგან არაფრით გამოვირჩევი, უბრალოდ, ჩემი ხასიათი მაქვს, ჩემი გამძლეობის უნარი. ღმერთმა ყველა დედას კარგად უმყოფოს შვილი და, როდესაც­ დედა შვილს კარგავს, თვალში ის სხივი ქრება, რომელსაც სიხარულის გამოხატვა შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ თვალებიც უნდა დამალო, რომ სხვას გული არ გაუტეხო.

- საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, ემოცია მოგძალებიათ?

- ცრემლი შვებაა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კი შვებას არ უნდა ეძებდეს, თვალებიც უნდა დაიმორჩილოს, ხმაც, სხეულიც, იმიტომ, რომ დედა, რომელიც ტრაგედიაშია, თავის თავს შვების უფლებას ვერ მისცემს და თუკი შვება­ ცრემლებშია, ის ცრემლებიც სადღაც თვალის გუგის მიღმა უნდა დაიმორჩილო.

- ადრე აღნიშნეთ, ალბათ, იმიტომ გადავრჩი, რომ ჩემი შვილის მკვლელები, დამკვეთები ვიპოვოო. შურისძიების განცდა გაქვთ?

- როგორც იცით, კილერი დაჭერილია,­ თუმცა დამკვეთი ჯერ კიდევ უცნობია. რომ გითხრათ, უფრთო ანგელოზი ვარ და არაფერზე ვფიქრობ-მეთქი, გულწრფელი არ ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ჩემს მტერს და ჩემი ძალიან კარგი შვილის ამ სამყაროსგან მოცილებას ისე არ გავუბოროტებივარ, რომ ვინმეს შვილზე რაიმე მზაკვრული განზრახვა ჩავიდო გულში. შვილი მშობლისთვის სიცოცხლის საწყისიცაა და სიხარულის დამთავრებაც. სამწ­უხაროდ, გასულ წლებში საქართველოს ბედი სხვაგვარად წარიმართა და ამ ავბედითობაში მეც ვიყავი ჩართული. ვამაყობ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პატარა წვლილი მაინც შევიტანე. მიუხედავად ყველაფრისა, არ მახსოვს­, ჩვენს რომელიმე მეომარს გასჩენოდეს სურვილი, თუნდაც ფრონტის ხაზზე, რომ მტრის შვილისთვის ანგარიში­ გაესწორებინა. თუმცა, ვინც ჩემს სამშობლოს ესრ­ოდა, მე მათზე ლირიკული ფიქრები და სენტიმენტები არ მქონია,. როცა მტერი შენს სამშობლოს ტყვიას ესვრის, მისი ლიკვიდირება აუცილებელია. მე მეტისმეტი ლირიკით არ გამოვირჩევი.

- რატომ გაჭიანურდა დამკვეთის გამოაშკა­რავება?

- თავიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოძიება მკვლელს იპოვიდა, ორი წელი ელოდებოდა ყველა და ერთხელ არ გამომიხატავს მოუთმენლობა. ჩემი არც ერთი ბრიფინგი არ ყოფილა ისეთი, რომ რაიმე ზედმეტი მეთქვა. თუ სამშობლოს არ ენდე, იქ არც უნდა იცხოვრო. დარწმუნებული ვიყავი, რომ იპოვიდნენ. აპარატი­დან რომ მომხსნეს, მითხრეს, რომ ჩემი თანამებრძოლი უკრაინელები ჩამოსულან (მე ხომ იქაც ვიბრძოდი) და უთქვამთ, ჩვენ წავიყვანთო, მაშინ ხომ იქ ასე გართულებული არ იყო სიტუაცია. უარი განვაცხადე, რა გამოდიოდა - უკრაინას ვენდობოდი და საქართველოს არა? აბა, რისთვის ვიბრძოლე? მე ჩემს სამშობლოს ვენდობი... კილერი არ ამბობს, ვინ არის დამკვეთი. მას 20 წელი აქვს მისჯილი­ და დაახლოებით 4 წელი გავიდა. თუ ჭკუა აქვს, უნდა თქვას. არც მისი შვილები მაინტერესებს და არც მისი ოჯახი, მათ რა დააშავეს? მაგრამ თვითონ აზრზე უნდა მოვიდეს და ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მე ბუმბულის ჩამომყრელი ქალი არა ვარ.

- თქვენი შვილის მკვლელს შეიძლება აპატიოთ?

- არასოდეს! ჩემს დროს ველოდები, ჯერ დამკვეთი უნდა ვიპოვო, გავიგო, ვინ არის.

- ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ ნოდარიკო და მისი მამა პირველად დაკრძალვაზე "შეხვდნენ" ერთმანეთს... თქვენ ეს ადამიანი­ ღირსეულად მოიხსენიეთ, ასე კი ხშირად არ ხდება, როცა ურთიერთობა ვერ შედგება...

- ჩემი შვილი ისე გავზარდე, რასაც კარგს ვუყიდდი - ტანსაცმელი იქნებოდა, ფეხსაცმელი თუ სათამაშო, ვეუბნებოდი­, მამაშენმა გამოგიგზავნა-მეთქი. მან ასე იცოდა, რომ მამამისი უგზავნიდა და ის უცხოეთში ცხოვრობდა. ღმერთმა დამიფაროს, მამამისზე ერთი სიტყვა მაინც მეთქვა გადაბრუნებული. არ შეიძლება შვილს ცუდი უთხრა მშობელზე. ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთად არც გვიცხოვრია, მაგრამ ის ღირსეული ადამიანია და სულ ვამბობ, ვინმემ არ გაბედოს მისი აუგად მოხსენიება!

- სად გაიცანით და ვინ არის?

- თბილისში გავიცანი, ჩვენ სხვადასხვა­ მენტალიტეტი გვქონდა. მაშინაც ძალიან კარგი ადამიანი იყო და ახლაც ასე ვთვლი. შესაძლოა ერთმანეთი არ გვიყვარდა საიმისოდ, რომ ერთად ვყოფილიყავით და მორჩა, ან არ შევეფერებოდით ერთმანეთს. მე ერთი რამ არ მესმის, თუ ადამიანი გიყვარს ან მოგწონს და მისგან ბავშვს აჩენ, მერე რაღას ლანძღავ?რაც შეეხება დაკრძალვის დღეს, როდესაც მე ტაძარში მიმიყვანეს, მძიმედ დაჭრილი ვიყავი,­ მილები მქონდა­ მთელ ტანზე... კარგად მახსოვს, იქ ვიღაცამ თქვა, თითქოს ეს პანკისელების გაკეთებული ამბავი იყო, აქეთ უნდოდათ საქმის წაყვანა ვიღაცებს... იქ ვახა მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ჩემი ძმადნაფიცია. მაშინ ასეთი რამ ვთქვი: ეს კაცი ჩემი ძმადნაფიცია და პანკისელები ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უკეთესი ქართველ­ები არიან-მეთქი. პანკისელებისგან გამორიცხული იყო მსგავსი რამ, მე ვენდობოდი მათ. მაშინ ყველას გაუკვირდა, გამწარებული დედა რას ამბობსო, მაგრამ იმ მომენტშიც ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩვენ შორის შუღლი არ გაღვივებულიყო, რისი მცდელობაც აშკარად იყო.

მერე სიტუაცია კვლავ დაიძაბა და კლინიკაში ყოფნისას, როდესაც აპარატიდან მომხსნეს და პალატაში გადამიყვანეს, მცირე ბრიფინგი გავმართე. გამაგებინეს, რომ ავბედით სამოქალაქო ომში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიძლებოდა კვლავ დაძაბულიყო ურთიერთობა და მაშინ განვაცხადე, რომ სრულიად გამოვრიცხავ, დასავლეთი საქართველო რაიმეში იყოს ჩარეული-მეთქი. ამით მე ის სიტუაცია დავაცხრე. რაც უნდა რთულ მდგომარეობაში იყო, პასუხისმგებლობა უნდა აიღო შენს სიტყვებსა და ქცევაზე, პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე, რათა შენი უყურადღებობით რაიმე არ აირიოს...

- თქვენი ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპებზეც ვისაუბროთ. საზოგადოებამ, ძირითადად, "მხედრიონიდან" გაგიცნოთ. რა იყო მანამდე? ვინ იყო დოდო გუგეშაშვილი?

- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ძმა მყავს­ და ისიც აფხაზეთში იბრძოდა. ღვთის მადლით, ცოცხალია. ჩვენი მშობლები ისტორიკოსები იყვნენ, მამა ჟურნალისტი, დედა - პედაგოგი. ჩვენთვის ჰეროიკული თემა ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. მე და ჩემი ძმა ბევრს ვკითხულობდით. დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახში რა არის მთავარი იდეალი. ჩვენთან, ძირითადად, საქართველოს თემა იყო მთავარი და მიუხედავად იმისა, ადრე პარტიული მუშაკები იყვნენ, 9 აპრილს დადეს მანდატი დედაჩემმა, დეიდამ და ბებიამ - მაშინვე უარი განაცხადეს. დედა პარტიის რაიკომში მუშაობდა და როდესაც კვერცხს წითლად შეღებავდა, მერე საათობით იბანდა ხელს, რომ საღებავი მოეცილებინა... სამწუხაროდ, მამა ადრე გარდამეცვალა.

- პირველად როდის მიიღეთ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში?

- 1978 წელს, ენის საკითხთან დაკავშირებით. მე, ჩემი ძმა და ორსული რძალი­ ერთად ვიდექით იქ. მაშინ ჩვენს საწინააღმდეგოდ მერვე პოლკი გამოიყვანეს, დემონსტრანტები კი მანქანებზე გადავდიოდით და ისე ვცდილობდით პარლამენტის შენობასთან მისვლას. ამის შემდეგ იყო ეროვნული მოძრაობა­. მაშინ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში ვიყავი და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ დამიჭირა ხელისუფლე­ბის წინააღმდეგ მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის, 206-ე­ მესამე პრიმა მუხლით გამასამართლეს და ვინაიდან ეს მუხლი პოლიტიკური იყო, მაღიარეს პოლიტიკურ პატიმრად. მაშინ ედპ-ის წარმომადგენლები­, ძმები გუდავები გერმანიასა და აშშ-ში იყვნენ და მათი ხელშეწყობით მოხდა ეს. იმ დროისთვის ჩემი და ჩემი ძმის პოლიტიკ­ური გზები გაიყარა, ის გამსახურდიას მომხრე იყო, მე კი - ოპოზიციაში. ამის მერე პატიმრობა არ დამკლებია. 9 აპრილის აქციის ორგანიზატორობისთვისაც დამაკავეს, მაგრამ საქმე პატიმრობამდე არ მისულა, ჯარიმა დამეკისრა. გურიაში ვარ გაზრდილი და მაშინ იქ დავგეგმეთ ყვე­ლაფერი,­ ერთნაირი იდეით გამსჭვალული ადამიანები­ ვიყავით შეკრებილი. დასავლეთ საქართველოში უძლიერესი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გვქონდა. 9 აპრილს მოწამლულები რომ შიმშილობდნენ, მერე ჩვენ ჩავენაცვლეთ.

- როგორ აღმოჩნდით გია ჭანტურიასთან?

- გია ჭანტურია 9 აპრილის აქციამდე­ გავიცანი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან განათლებული, ემოციური ტიპი იყო, ჩემგან განსხვავებით - მე რაჭველ-გურული ვარ. ამ პატარა ასაკის ბიჭმა შეძლო და ედპ აღადგინა. იმ დროისთვის მისი ნაწარმოებები წაკითხული მქონდა. მეამაყება, რომ მე ედპ-ის წევრი ვიყავი.

- "მხედრიონი" როდის გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში? როგორ გაიცანით ჯაბა იოსელიანი?

- იმ პერიოდში ტყუპი ძმისგან - გია (რომელიც ახლა გენერალია) და დათოსგან­ (გარდაცვლილია) გავიცანი ბატონი ჯაბა იოსელიანი. მისი ნაწარმოებები, პიესები და "სანიტარული მატარებელი" წაკითხული მქონდა. პროფესიით ფილოლოგი ვარ, მუსიკალური განათლებაც მაქვს ორი განხრით - ფორტეპიანო და ხალხური შემოქმედება;­ ასევე, მაქვს არასრული იურიდიული განათლება - დიპლომი არ ამიღია ომის გამო. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჯაბა იოსელიანის პერსონამ. ადამიანი, რომელმაც 180-გრადუსით შემოაბრუნა თავისი ცხოვრება ე.წ. შავი სამყაროდან - დისერტაცია დაიცვა (არა საქართველოში), თანაც, ერთდროულად ორი - ლიტერატურასა და თეატრმცოდნეობაში, პროფესორი გახდა და როდესაც მძლავრი ქვედინებები დაიწყო საქართველოსთვის, ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა... კარგად მახსოვს,­ თეატრში ბატონი­ ჯაბას პიესა იდგმებოდა,­ "დედოფალი მარიამი", რომელიც წაკითხული მქონდა და როდესაც ის სცენაზე ვიხილე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ეს კაცი მთლად­ მატერიალურ სივრცეში არ იყო და საბოლოოდ ასეც აღმოჩნდა. ჩემთვის ბატონი ჯაბა იყო მაგალითი გამძლეობისა და დიდი ნებისყოფის, როდესაც ადამიანს რადიკალურად შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება. იცით, რომ ტრაგიკული ბედის იყო. ხშირად მითქვამს, ვადაზე ადრე იყო-მეთქი დაბადებუ­ლი, რადგან მისი ნაწერები­ და ნაფიქრი, რაც დრო გადის, უფრო აქტუალურია. იმ პერიოდისათვის ამას ვერ იგებდნენ და გაოგნებული იყვნენ. ჯაბა იოსელიანი იყო უმამაცესი, ამასთანავე, ძალიან შემწყნარებელი, რაც ხშირად გამკვირვებია კიდეც, რადგან მისი ბიოგრაფია მე კარგად ვიცოდი...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ინტერვიუს მეორე ნაწილი იხილეთ ლინკზე - „უფრთო ანგელოზი არა ვარ, რაღაცების პატიება არ შემიძლია“