ფეხბურთი, პოლიტიკა და ქართველი "ჯოკერი" - როგორ გადაიზარდა "დინამოს" მატჩი ლამის ამბოხებაში, "კაგებეში" დაბარებული კოტე მახარაძე, "გაგორებული" რუსეთი და ომი მატჩის გამო
თუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, ყველა ქართველი ფეხბურთელი ეროვნული გმირი გახდება. ვთხოვთ, კიდევ ერთხელ მოინდომონ, თუ საჭიროა, საკუთარ თავს გადაახტნენ და გვაჩუქონ დღე, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. თუ დღესასწაული შედგა, თითოეული ქართველი ფეხბურთელის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში და კარიერის დასრულების შემდეგ გზა ხსნილი ექნებათ ყველა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკაში. ჩვენი „ჯოკერი“ ხვიჩა კვარაცხელიაა და თუ მან, სხვებთან ერთად, სასწაული ჩაიდინა, თამამად შეუძლია კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობაზე განაცხადოს პრეტენზია... ვხუმრობთ, რა თქმა უნდა. რა დროს ხვიჩას კარიერის დასრულებაა და რა პოლიტიკა და რის პოლიტიკა.
თავი დავანებოთ კვარაცხელიას და ვთქვათ, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, ფეხბურთი მაინც ყველაზე დიდი პოლიტიკაა. იცით, ალბათ, რომ ფეხბურთის გამო ქვეყნებს შორის ომიც დაწყებულა (1969 წელს ჰონდურასსა და სალვადორს შორის საზღვრის გამო შორეულ წარსულში დაწყებული უთანხმოება, ერთი საფეხბურთო მატჩის გამო, საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა).
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მოასპარეზე თბილისის „დინამო“ მხოლოდ სპორტული მოვლენა იყო? არა, რა თქმა უნდა. ის იყო ქართული იდენტობის გამოხატვა და სტადიონი იყო ლამის ერთადერთი თავისუფალი სივრცე ავტორიტარულ სახელმწიფოში. 1977 წლის 23 ივლისს მსაჯის არაობიექტურობით აღშფოთებულმა მაყურებელმა ფეხებზე დაიკიდა საბჭოთა კავშირიც, კა-გე-ბეც, სტადიონზე შეიჭრა და დაშლას არ აპირებდა - რომ არა ცეკას მაშინდელი მდივნის ედუარდ შევარდნაძის უშუალო ჩარევა (რომელიც სტადიონზე გადავიდა და პირადად მიმართა მაყურებელს), დიდი ტრაგედია მოხდებოდა.
"შემიძლია წარმოვიდგინო, რაც ახლა თბილისში ხდება, საქართველოს დედაქალაქი ზეიმობს, მთელი ქვეყანა ზეიმობს", - ეს ფრაზა თქვა კოტე მახარაძემ მას შემდეგ, რაც 1981 წელს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო. ამის გამო ის კა-გე-ბეში დაიბარეს და დაინტერესდნენ, რას გულისხმობდა "ქვეყანაში" (ანუ ლეგენდარულმა კომენტატორმა გამოყო თუ არა თავის გონებაში საქართველო საბჭოთა კავშირისგან).
ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლობის გამოცხადება დაასწრო მთელ ქვეყანას. 1990 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. სტადიონზე აღიმართა არა საბჭოთა საქართველოს, არამედ სამფეროვანი დროშა, რომელიც ქვეყნის ოფიციალური სიმბოლო მხოლოდ წლის ბოლოს გახდა. ეს ნაბიჯი წმინდა პოლიტიკური აქტი იყო. ისიც გვახსოვს, რომ იმ პერიოდში ის ფეხბურთელი, ვინც რუსეთში გადადიოდა სათამაშოდ, ლამის მოღალატედ ცხადდებოდა.
საქართველო-რუსეთის 2003 წლის მატჩი გახსოვთ? ესეც წმინდა პოლიტიკა იყო. მაშინდელი პოლიტიკური პარტიები (მათ შორის, ორგანიზაცია "კმარა") ყველანაირად ცდილობდნენ ამ ისტორიული მატჩით ქულების დაწერას და მსვლელობებიც გამართეს სტადიონიდან. და გამარჯვებაც ყველას მხოლოდ იმიტომ არ გაგვიხარდა, რომ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა საქართველოს ნაკრებმა - რუსები გავაგორეთ. აგერ სულ რამდენიმე წლის წინ თბილისის "ლოკომოტივმა" ევროტურნირებიდან მოსკოვის "დინამო" გამოაგდო - თბილისურ გუნდს მადრიდის "რეალი" რომ დაემარცხებინა, თქვენს მონა-მორჩილს ასე მაინც არ გაუხარდებოდა.
თუ თქვენ ამ სტატიას, მაგალითად, ოთხშაბათს კითხულობთ, უკვე იცით, თუ როგორ დასრულდა საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება. თუ მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ეს იქნება უდიდესი დადებითი ფსიქოლოგიური მუხტი მთელი ქვეყნისთვის და შედეგს აუცილებლად მოიტანს ყველა სფეროში (აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რამხელა ნახტომს გააკეთებს ქართული ფეხბურთი). ეს მთელ ერზე მოახდენს გავლენას. დავრწმუნდებით, რომ საბოლოო გამარჯვებების მიღწევა შეგვიძლია და ერთხელ და სამუდამოდ მოვიხსნით იმ კომპლექსებს, რაც გაჭირვებამ და ათასმა უბედურებამ გაგვიჩინა. ჩვენ, ყველამ ერთად, საკუთარი თავის რწმენა თუ დავიბრუნეთ, ჩვენი გამჩერებელი არავინ იქნება. თუ დავმარცხდით... ეს საშინელება იქნება. თუმცა ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ადრე თუ გვიან, ჩვენს ქუჩაზეც აუცილებლად დადგება გაზაფხული.