ზურიკო დავითაშვილის შვილი გაქრისტიანდა - პატარა დათის ერთ-ერთი ნათლია ხვიჩა კვარაცხელიაა (ფოტოები)
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა. პატარა დათის ერთ-ერთი ნათლია, ხვიჩა კვარაცხელიაა.
ოქტომბერში ფრანგული "ბორდოსა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი მამა გახდა. ზურიკომ და მისმა მეუღლემ, მია გზირიშვილმა ვაჟს დათი დაარქვეს.
ზურიკო მეუღლის მშობიარობას არ დასწრებია, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იყო.
ფეხბურთელის დედამ, თამუნა წიწილაშვილმა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში შვილის კარიერასა და დაოჯახებაზე ვრცლად ისაუბრა:
"ვერ ვიტყვი, რომ 2 წლის ბავშვს მამის გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც ბურთი ხელში აიღო, მისთვის მთავარი ნივთი გახდა. რომ ამბობენ, ბურთით იძინებდაო, ზუკას შემთხვევაში მართლა ასე იყო. ბურთით ჩაეძინებოდა და საწოლიდან მერე ვიღებდი. რომ გაიღვიძებდა, მოიკითხავდა და მერე სულ ბურთით თამაშობდა... პირველივე ვარჯიშზე სასწაულები ჩაიდინა. მშობლები გვეკითხებოდნენ, აქამდე სად დაგყავდათ, ვინ ავარჯიშებდაო? მისმა მოძრაობებმა, ილეთებმა ყველა გააოცა. ზუკასთვის ფეხბურთი გახდა ცხოვრების პრიორიტეტი. ისე ძალიან, როგორც ფეხბურთი, არაფერი აინტერესებდა".
"მია არაჩვეულებრივი გოგოა. ხელი მოულოდნელად მოაწერეს, საფრანგეთში საბუთებისთვის სჭირდებოდათ. მია იმდენად საყვარელი გოგოა, ვეუბნები, - შენი სახით მეოთხე შვილი შევიძინე-მეთქი. გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა, მეც ეს გზა გამოვიარე და ვიცი. ის ამბობს, რომ მზად არის ამ სირთულისთვის. ზუკას ძალიან აფასებს, უყვარს, ბედნიერები არიან".