"სტალინთან შეხვედრაზე უმეტესად "ნახალოვკელები" შეიკრიბნენ, მუშათა პარტიის ავანგარდი. სტალინი ცდილობს უქადაგოს, რომ ეს იყო არა ოკუპაცია, არამედ, გათავისუფლება, მაგრამ ამას მოჰყვა შეძახილები, სტვენა..." - კვირის პალიტრა

"სტალინთან შეხვედრაზე უმეტესად "ნახალოვკელები" შეიკრიბნენ, მუშათა პარტიის ავანგარდი. სტალინი ცდილობს უქადაგოს, რომ ეს იყო არა ოკუპაცია, არამედ, გათავისუფლება, მაგრამ ამას მოჰყვა შეძახილები, სტვენა..."

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #12 - "წითელი ტერორიდან" დიდ ტერორამდე)

1921 წელს საქართველოს ანექსია ბოლშევიკური აგრესიით მოხდა და მას შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება პროპაგანდით, შავი პიარით, საბჭოური მითებითა და ძალდატანებით შეცვლილი მოგონებებით ცდილობდა საზოგადოების მეხსიერებაში გაექრო საქართველოს დამოუკიდებლობის 3 წელი და მისი სიდიადე. როგორ გავხდით რუსეთის "ისტორიული ტერიტორია" 103 წლის წინ, როგორ დაგვიპყრო ბოლშევიკურმა რუსეთმა, რომელიც პატარა­ სახელმწიფოების დაპყრობას მუშურ-გლეხური სახელმწიფოს შექმნის სურვილად ასაღებდა, ამაზე სხვა, უფრო მართალი ისტორია გვიამბობს."კვირის პალიტრა" აგრძელებს თხრობას,­ თუ რა ტიპის ტერორი და რეპრესიები დაიწყო საქართველოში ავადსახსენებელი ოკუპაციის მომენტიდან 1921 წლის ბოლომდე, ვინ ხდებოდა "ცელით შემოსული სიკვდილის" ტერორის მსხვერპლი და როგორი იყო საერთო მდგომარეობა ქვეყანაში. ისტორიკოსი, თსუ-ს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ბევრ ისეთ დეტალს გვიყვება, რომელსაც აქამდე ტაბუ ედო.

ტერორის მანქანა

- საქართველოს ოკუპაციასთან ერთად იწყება მასობრივი პოლიტიკური ტერორი, რომელიც ფართო მასებისთვის უცნობი და დაკარგული ისტორიაა. მივყვეთ 1921 წლის მოვლენებს და ვნახოთ, ვის წინააღმდეგ რა ტიპის რეპრესიები იყო და პოლიტიკური ლიდერებიდან ვის შეეხო. მითია, რომ რეპრესიებს თავიდან არ ჰქონდა მასობრივი სახე, თითქოს რეჟიმი რბილი­ იყო, რეალობა სრულიად საპირისპირო გახლდათ. მოხდა ოკუპაცია და ბოლშევიკურ რეჟიმს ჩვენს საზოგადოებაში, ფაქტობრივად, დასაყრდენი არ ჰქონდა. რესურსი არ ჰყოფნიდა, რომ გაეკონტროლებინა ეს პატარა ქვეყანა. ამიტომ საოკუპაციო რეჟიმის სიმყარეს განაპირობებდა დამპყრობელი ძალა, ხოლო მისი მთავარი იარაღი რუსული საბჭოთა არმია და მისი სპეცსამსახურები იყვნენ. ანუ ტერორის მანქანას შიშითა და რეპრესიით უნდა დაემორჩილებინა მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც იდეოლოგიურად იყვნენ ამ სისტემის მოწინააღმდეგეები. ამას ემატებოდა ეროვნული განზომილება, რომ რუსეთი არის უცხო ქვეყანა, რომელიც წინა საუკუნის განმავლობაში იყო კოლონიზატორი, ყველანაირად უშლიდა ხელს ეროვნული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას და ახლა ახალი ქურქით, როგორც წითელი რუსეთი, მოვიდა და დაიპყრო უკვე შემდგარი თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ რეჟიმს სჭირდებოდა მაქსიმალურად მკაცრი, ტერორზე დაფუძნებული პოლიტიკა. რეჟიმი ანგარიშს უსწორებდა ყველა მოწინააღმდეგეს.

პირველი ქართველი მსხვერპლი

- პირველ ეტაპზე რეჟიმმა დაიწყო საქართველოში თავშეფარებული ჩრდილო კავკასიიდან და რუსეთის სხვადასხვა მხარიდან საბჭოთა რუსეთთან მებრძოლი ძალების გამოვლენა-დასჯა-განადგურება - ოფიცრების, ჯარისკაცების, თეთრგვარდიელი ოფიცრობისა. მათ აღრიცხავდნენ, აპატიმრებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ. მათ რიგს მიამატეს ქართველი ოფიცრების და მაღალი რანგის სამხედროები. მათ შორის ყველაზე ტრაგიკულია სტეფანე ახმეტელის (ახმეტელაშვილის) ბედი, რომელიც პირველსავე კვირებში დააპატიმრეს, ომის დამთავრებისას ჯერ ტყვედ აიყვანეს, შემდეგ კი გადაგზავნეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ტიფით დაიღუპა. სტეფანე ახმეტელი­ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი ქართველი მსხვერპლი და დამფუძნებელი კრების დეპუტატების, ლადო და სიმონ ახმეტელის ძმა იყო. შემდეგ იწყება დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურების ოფიცრებზე ნადირობა, დაპატიმრება და განადგურება, რომლებიც ლეგალურად ან არალეგალურად დარჩნენ საქართველოში (იგულისხმება არმიის გენშტაბის, დაზვერვის და კონტრდაზვერვის ოფიცრები, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და ოფიცრები, განსაკუთრებით ისინი, ვინც წინა წლებში თავი ისახელა საბჭოთა რუსული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში). მათ სჯიდნენ ძალიან მკაცრად. მათ შორის იყო გენშტაბის კონტრდაზვერვის უფროსი პეტრე ფავლენიშვილი. ის დააპატიმრეს და რამდენიმეთვიანი გამოძიების, წამებისა და დაკითხვების შემდეგ დახვრიტეს. ვლადიკავკაზში დააპატიმრეს საქართველოს საკონსულოს ყოფილი თანამშრომელი სიო სეფერთელაძე, ყოფილი ბოლშევიკი. ის რუსეთის სამოქალაქო ომის დროს დაბრუნდა და ჩადგა საქართველოს რესპუბლიკის სამსახურში. ის თავის ძველ რეპუტაციას იყენებდა და აქტიურად მუშაობდა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში. რასაკვირველია, სიო სეფერთელაძე დახვრიტეს. ამავე რიცხვს მიეკუთვნება საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფიგურა, კონსტანტინე მარკოზაშვილი - რუსეთის სამოქალაქო ომის გმირი, წითელი არმიის საშუალოზე მაღალი რანგის მეთაური, დამსახურებული მებრძოლი ჩრდილო კავკასიაში თუ დასავლეთის მიმართულებაზე. მას გაცნობიერებული ჰქონდა,­ რომ საბჭოთა რუსული რეჟიმის მორიგი სამიზნე იქნებოდა. მარკოზაშვილს წითელმა­ არმიამ ჩრდილო კავკასიაში დაავალა ქართველი მოხალისეების შეკრება და ცხენოსანი ნაწილის დაკომპლექტება, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოზე თავდასხმაში. მარკოზაშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ ღონისძიების ჩასაშლელად - კონტაქტში შევიდა ქართულ დაზვერვასთან, ფაქტობრივად, ჩაშალა რაზმის დაკომპლექტება, დაზვერვის წარმომადგენლებს მისცა საშუალება გაეტაცებინათ ცხენოსანი ნაწილის დასაკომპლექტებელი მთელი ფონდი, ანუ ბიუჯეტი. ამის გამო ჩეკამ დააპატიმრა, მაგრამ ეტაპირებისას მარკოზაშვილმა­ მოახერხა გაქცევა და თავი შეაფარა საქართველოს. აქ გვარდიის სამსახურში ჩადგა და 1921 წელს საქართველოს დასაცავად იბრძოდა. ოკუპაციის დასრულების შემდეგ მალევე დააპატიმრეს, რამდენიმეთვიანი წამების შემდეგ დახვრიტეს. ესეც იყო ტერორის პირველი ტალღის თვალსაჩინო და ტრაგიკული ნიმუში.

გათამაშებული სცენარი

- მაისისთვის იწყება პირველი მასობრივი პოლიტიკური დაპატიმრებების სერია, რაც უკავშირდება მომავალ დღესა­სწაულებს - 1-ლ მაისს (მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე) და 26 მაისს (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე). საოკუპაციო რეჟიმს ეშინია, რომ საყოველთაოდ მიღებული საზეიმო დღეები­ დიდი დემონსტრაციების გზით ოკუპაციის გასაპროტესტებლად იქნება გამოყენებული, განსაკუთრებით 26 მაისი. ამიტომაც რეჟიმი იწყებს მასობრივ დაპატიმრებებს, რისთვისაც გაითამაშეს: ქუთაისში რევკომის და ბოლშევიკური პარტიის ცეკას ერთ-ერთ წევრს, საშა გეგეჭკორს თითქოს მოკვლა დაუპირეს, ყუმბარა ესროლეს. ეს პროპაგან­დისტული სცენარი იყო, რათა მასობრივი დაპატიმრებებისთვის საბაბი შეექმნათ და გამოაცხადეს: ჩვენ თავს გვესხმიან, ტერორს გვიწყობენ, ამიტომ პასუხი უნდა გავცეთო, და იწყება ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერების და წევრების­ დაპატიმრება. უკვე ყველა პოლიტიკური პარტიის ლეგალური არსებობა გაუქმებულია. საოკუპაციო რეჟიმმა არ დაუშვა, რომ ბოლშევიკური პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც ლეგიტიმურად არ აღიარებდნენ და არ თანამშრომლობდნენ საოკუპაციო ხელისუფლებასთან, ლეგალურად ეარსება. იწყება დაპატიმრების სერია მთელ საქართველოში. ამიერკავკასიაში ამ კურსს ატარებენ საოკუპაციო ჯარები, კავკასიის ცალკეული არმია (უკვე წითელი არმია), რომლის სამხედრო საბ­ჭოს მმართველ პარტიულ ორგანოს სერგო­ ორჯონიკიძე წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ცენტრის - მოსკოვისა და სტალინის მითითებით. სერგო ორჯონიკიძე ასევე წარმოადგენს რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს ლიდერსა და ოკუპირებული საქართველოს დონეზე­ რევკომს (რომელიც აცხადებს, რომ ის არის საქართველოს საბჭოთა მთავრობა და ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტი). რევკომში­ შედიან ბოლშევიკების ელიტა: ფილიპე მახარაძე, შალვა ელიავა, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი და სხვები. საბჭოთა­ რუსეთი უარყოფს, რომ მან მოახდინა ოკუპაცია, ის საგარეო არენაზე ქადაგებს, რომ ეს იყო გადატრიალება, რევოლუცია, შიგნიდან აჯანყება და საბჭოთა რუსეთი მხოლოდ შემდეგ "დაეხმარა" აჯანყებულ მუშებსა და გლეხებს, რომ მას არ დაუპყრია საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი­, ისინი არიან დამოუკიდებელი რესპუბლიკები, ოღონდ საბჭოთა რესპუბლიკები ბოლშევიკური პარტიით სათავეში.

26 მაისის ჩასაშლელად...

- 1921 წლის 26 მაისისთვის რეჟიმმა ტაქტიკა შეიმუშავა: იცის, რომ ვერ შეუშლის ხელს 26 მაისის ზეიმს რესპუბლიკაში,­ ამიტომ გადაწყვიტა, ეს თარიღი პროპაგანდისთვის გამოეყენებინა. გადაწყდა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ 26 მაისი უნდა აღნიშნოს, ოღონდ საბჭოურად, საბჭოთა ლოზუნგებით, ემიგრაციაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დაგმობით, სამწლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის განქიქებითა და იმის წარმოჩე­ნით, რომ თითქოს ეს არ იყო ნამდვილი დამოუკიდებლობა, თითქოს საქართველო ოკუპირებული იყო გერმანიის, ოსმალეთის, ბრიტანეთის მიერ და ახლაა ჭეშმარიტად თავისუფალი. დაიგეგმა 26 მაისის დემონსტრაცია, რაზეც საზოგადოებამ კონტრზომებით უპასუხა - გადაწყდა, რომ 26 მაისს თბილისში ყველა ოფიციალური ღონისძიებისთვის ბოიკოტი დაეპირისპირებინათ, არ გამოსულიყვნენ ქუჩაში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში არ მიეღოთ მონაწილეობა. ეს იყო დაცინვა - შეუთავსებე­ლია ოკუპაცია და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. რეგიონებში კი პირიქით, მასობრივად უნდა გამოსულიყვნენ და გადაეფარათ ფორმალური ღონისძიებები, რამდენადაც იქ საოკუპაციო რეჟიმს ნაკლები რესურსი ჰქონდა. თბილისში ბოიკოტი შედგა, ზეიმში მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ხოლო რეგიონებში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა დამოუკიდებლობის­ აღდგენის მოთხოვნით, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ჩაახშო (ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს. რამდენიმე კაცი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა) და ამასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

სტალინის ფიასკო

- მომდევნო ტალღა აგორდა ივლისში,­ როდესაც რუსეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი, ნაციონალურ საქმეთა კომისარი იოსებ ჯუღაშვილი ჩამოვიდა თბილისში. ფაქტობრივად, სტალინი იყო საბჭოთა რუსეთის კურსის განმსაზღვრელი კავკასიაში. მან ძალიან ბევრი იშრომა საქართველოს ოკუპაციის დაჩქარებისათვის.

იხილეთ სტატია სრულად - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით...“