"ორივე დაპირისპირებულმა მხარემ დავანგრიეთ საქართველო, ქართველებმა ერთმანეთს ვესროლეთ - ეს ყველაზე დიდი ცოდვა იყო, რაც უფლის წინაშე ჩავიდინეთ" - კვირის პალიტრა

"ორივე დაპირისპირებულმა მხარემ დავანგრიეთ საქართველო, ქართველებმა ერთმანეთს ვესროლეთ - ეს ყველაზე დიდი ცოდვა იყო, რაც უფლის წინაშე ჩავიდინეთ"

(დასაწყისი გაზეთი "კვირის პალიტრა" #13 - „მეომარ ქალს არ შეშვენის თავის ტრაგედიაში ჩაკეტვა - ჩემს დროს ველოდები, ჯერ დამკვეთი უნდა ვიპოვო“)

"კვირის პალიტრის" გასულ ნომერში დოდო გუგეშაშვილთან ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი დაიბეჭდა, სადაც ის საუბრობს შვილის მკვლელობასა და საკუთარ ცხოვრებაზე "მხედრიონამდე", ამჯერად კი გთავაზობთ მის მოგონებებს ჯაბა იოსელიანზე, "მხედრიონზე", ომზე ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამოქალაქო ომზე, მაშინდელ ლიდერებზე; როგორი იყო პატიმრობის წლები და რას მიიჩნევს თავის და იმდროინდელი ხელისუფლების ოპოზიციის მთავარ შეცდომად.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა" N14 - „უფრთო ანგელოზი არა ვარ, რაღაცების პატიება არ შემიძლია“

- სამოქალაქო ომზე ვისაუბროთ, რაც ქართველებისთვის უმძიმესი თემაა.

- სამოქალაქო ომი ყველაზე მძიმე რამაა­ ქვეყნის ისტორიაში. ის "მრგვალი მაგიდის" ერთმა ნაწილმა დაიწყო. "მრგვალი მაგიდის" ერთმა ნაწილმა ესროლა მეორეს. ჯაბა იოსელიანი და მთელი "მხედრიონი" მაგ პერიოდში ციხეში იყო. სამოქალაქო ომის დაწყებიდან 5-6 დღის შემდეგ გამოვიდა უშიშროების იზოლატორიდან, ასევე, გია და დათო ვაშაკიძეები, მამუკა გიორგაძე და სხვა ოპოზიციონერები.

- ამ ტრაგედიის და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეცდომად მიაჩნდა.

- გავიხსენოთ, რა იყო მაგ დროს. არსებობდა სამხედრო საბჭო, რომელშიც იყვნენ ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი.­ ამ დროს შევარდნაძე თავისი დიდი ავტორიტეტით მსოფლიოში იყო ცნობილი. საქართველოში ინტელიგენციის დიდმა­ ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ცნობა დასავლეთს სწორედ მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე შეეძლო. 1992 წლის 31 ივლისს გაერომ ერთ-ერთ წევრად მიგვიღო. მაშინ მხოლოდ ჩეჩნეთი, სომხეთი და უკრაინა გვცნობდნენ. შევარდნაძე აქ არავის ჩამოუყვანია იმისათვის, რომ თავისი პარტიული მდგომარეობა გაეძლიერებინა, მაგრამ აქ დახვდა თავისი პარტაქტივი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გააძლიერა. საბოლოოდ მივიღეთ ყველა ის უბედურება და ამ შემთხვევაშიც საჭირო იყო განტევების ვაცი და ესეც ჯაბა იოსელიანს მიეწერა. თუმცა ადამიანს არ უნდა დაუკარგო კარგიც - შევარდნაძე მართლაც დიდი ავტორიტეტი იყო დასავლეთისთვის და მეორე - შევარდნაძე მე ფრონტის ხაზზე შეშინებული არ მინახავს. მახსოვს, როცა სადგურის ტერიტორიას ვიცავდით, მე ვიყავი განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის მეთაური და ისეთი ბიჭები მყავდა, თვალებით გვესმოდა ერთმანეთის, როდის რა მანევრი გაგვეკეთებინა. უმართავმა ნაღმმა გენო ადამიას ფეხი მოწყვიტა, შევარდნაძეს რომ გავხედე, არ გატოკებულა, შუბლი არ შეუჭმუხნია.

- ზვიად გამსახურდიაზე ვისაუბროთ, რატომ იყავით მის მიმართ არაკეთილგანწყობილი?

- ზვიად გამსახურდიას მიმართ არასდროს ვყოფილვარ კეთილგანწყობილი, თუმცა მერაბ კოსტავა ჩემთვის ძალიან დიდი ფაქტორი იყო. კაცი, რომელმაც გულაგი­ კაცურად მოიხადა. მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ურთიერთობა გვქონდა. მერაბის სიკვდილმა ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა საქართველოს ბედ-იღბალზე. ჩემი აზრით, მერაბი და ზურა ჭავჭავაძე რუსულ კა-გე-ბეს უნდა მოეცილებინა ეროვნული მოძრაობისთვის. ორივე უზარმაზარი ავტორიტეტი იყო და შესაძ­ლოა ის უბედურებები არ მომხდარიყო, ქართველი ერი ერთიანი რომ ყოფილიყო. რაც შეეხება გამსახურდიას, არ ვთვლი, რომ მკვლელობა იყო - არ ვფიქრობ, რომ ის მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა მოკლეს. არ მჯერა, რომ ზვიად გამსახურდია ან მარგველანმა მოკლა, ან გუგუშვილმა, ან იმ დაცვის ბიჭებმა. მაშინ რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, ბევრ კითხვას მოეფინებოდა ნათელი. გუგუშვილი დღემდე ითხოვს, პროკურატურამ დამკითხოსო, მაგრამ...

- რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ ცოდვად?..

- თავის დროზე, ორივე დაპირისპირებულმა მხარემ დავანგრიეთ საქართველო, სულ ცოტა, ერთი საუკუნით შევაჩერეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ეს უმძიმესი რამ იყო - ქართველებმა ერთმანეთს ვესროლეთ. სამოქალაქო დაპირისპირებას ვგულისხმობ. ეს ყველაზე დიდი ცოდვა იყო, რაც საქართველოს წინაშე ჩავიდინეთ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დაიწყო, ყველამ ძალიან შევცოდეთ უფლის წინაშე. ფაქტი ფაქტია და ეს არასდროს უნდა განმეორდეს!

გააგრძელეთ კითხვა