ბერიას თბილისის "დინამო", შევარდნაძის გმირობა სტადიონზე, გამსახურდიას მოკავშირე ჩემპიონატი და სააკაშვილის წითელი ბარათი - პოლიტიკური ფეხბურთი - კვირის პალიტრა

ბერიას თბილისის "დინამო", შევარდნაძის გმირობა სტადიონზე, გამსახურდიას მოკავშირე ჩემპიონატი და სააკაშვილის წითელი ბარათი - პოლიტიკური ფეხბურთი

ყველა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ჩაბმული იყო საფეხბურთო თემატიკაში, რადგან კარგად ესმოდათ, რომ ფეხბურთი პოლიტიკის გაგრძელებაა. ლავრენტი ბერია პირადად მფარველობდა თბილისის "დინამოს" და ამისთვის თავის ჩეკისტურ ბერკეტებს იყენებდა. რადიო "თავისუფლების" 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში "ლავრენტი ბერიას "დინამო" მოთხრობილია ისტორია, თუ როგორ მოატაცებინა ბერიამ ჩეკისტებს ფეხბურთელი მიხეილ ჯოჯუა მოსკოვიდან (ის იქაურ "კრილია სოვეტოვში" თამაშობდა), რათა მას თბილისის­ "დინამოში" ეთამაშა.

ბერია­ პირადად აკონტროლებდა, რომ საბჭოთა­ საქართველოს მთავარ გუნდში ძლიერ ფეხბურთელებს ეთამაშათ. დათო ტურაშვილი თავის წიგნში იმასაც წერს, რომ ბერიამ საბჭოთა პერიოდში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა - "დინამოს" ფრანგი მწვრთნელი ჩამოუყვანა­ (უბრალოდ, როგორც ტურაშვილი წერს, ფეხბურთელებმა და უცხოელმა ვერ გაუგეს­ ერთმანეთს... სამაგიეროდ, ლამის ასი წლის შემდეგ კიდევ ერთი ფრანგი ოქროს ასოებით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში). არავინ იფიქროს, რომ ლავრენტი პავლოვიჩის ბიოგრაფიის სისხლიანი ლაქების გათეთრებას ვცდილობთ - უბრალოდ, ფაქტს ვიხსენებთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთი პოლიტიკა იყო, "დინამოს" ჩემპიონობაზე საუბარი ძნელი იყო, რადგან უპირატესობა მოსკოვურ გუნდებს­ ენიჭებოდათ და "დინამო" იჩაგრებოდა. წარმოიდგინეთ, ბორის პაიჭაძის თაობას ჩემპიონობა არ მოაპოვებინეს. სხვათა შორის, ქართულ ფეხბურთს იმის გამოც მოხვდა, რომ სტალინი ქართველი იყო. დიდი ბელადის ლამის პირადმა მასხარამ და ბერიას მლიქვნელობაში დახელოვნებულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის სიკვდილისა და ბერიას დახვრეტის შემდეგ ლამის ყოველივე ქართულს დაუწყო ბრძოლა. ერთ-ერთი პირველი, რაც სულელმა ნიკიტამ სამიზნეში ამოიღო, ფეხბურთი იყო. 1953 წელს თბილისის "დინამომ" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და ორი ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარ­ მოსკოვის "სპარტაკს". თუმცა საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ ქართველებს შარი მოსდო, ქულები დააკლო და დამატებითი მატჩი ათამაშა მოსკოველებთან, რომელიც, სამწუხაროდ, "დინამოს" მარცხით დასრულდა. \

საერთოდ, "დინამოს" საბჭოთა საქარ­თველოს ყველა ყოფილი პირველი პირი მფარველობდა, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ბიოგრაფიაში ფეხბურთთან დაკავშირებულ ამბავს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ერთი მხრივ, ამან შევარდნაძეს პოპულარობა მოუტანა, მეორე მხრივ, ამ ამბავს მისი მომხრეები ხაზს უსვამდნენ როგორც შევარდნაძის სიმამაცის გამოვლინებას (ამას ნამდვილად ვერ წაართმევ მეორე პრეზიდენტს) და მესამე მხრივ, მან ნამდვილად დიდი სისხლის ღვრა ააცილა ქვეყანას.

თბილისის "დინამოს" ჩაგვრას ქართველები ყოველთვის აღიქვამდნენ როგორც ეროვნული თავმოყვარეობის შელახვას, 1977 წლის 23 ივლისს კი მოთმინების ფიალა აივსო. "ზარიას" წინააღმდეგ მატჩში, რომელიც თბილისში იმართებოდა, მსაჯი თავხედურად მხარს უჭერდა სტუმრებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ თამაში ორი წუთით ადრე დაამთავრა, ემანდ დინამოელებმა გოლი არ გაიტანონო. აღშფოთებული მაყურებელი სტადიონზე შეიჭრა. ედუარდ შევარდნაძე მიხვდა, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები - იცნობდა კარგად საბჭოთა კავშირის ბუნებას. შესაბამისად, მაშინდელმა ცეკას მდივანმა უპრეცედენტო რამ ჩაიდინა - გავიდა ხალხში და უთხრა, თქვენ დაიშალეთ და მსაჯებს ჩვენ მივხედავთო. თუმცა ხალხი დაშლას არ აპირებდა და მაშინ შევარდნაძე პირადად გაუძღვა სტადიონზე მყოფებს გასასვლელისკენ, გაიყვანა ქუჩაში და იქ როგორღაც მოახერხა მისი დაცვა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა შევარდნაძე, ამ საქციელის გამო მოსკოვში პოლიტბიუროს ნაწილს მისი შერისხვა სურდა, თუმცა ბრეჟნევმა დაიცვა.

ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ ქართული ფეხბურთი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში ერთ-ერთი პიონერი იყო. ჯერ საბჭოთა კავშირი არ იყო დანგრეული, არც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებული, ქვეყნის სათავეში კვლავ კომუნისტები იყვნენ, როდესაც პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა (1990 წლის მარტი) და სტადიონზე სამფეროვანი დროშა აფრიალდა. ამ პროცესებში ეროვნული მოძრაობის ლიდერები აქტიურად იყვნენ ჩართული. ზვიად გამსახურდია იხსენებდა, რომ მასშტაბური აქციის ჩატარების მიზნით "დინამოს" სტადიონთან­ მომხრეებთან ერთად მივიდა და მატჩის შემდეგ გამოსულ ხალხს შეერთებისკენ მოუწოდა. მიტინგი გრანდიოზული გამოვიდა.

90-იან წლებში ისეთი უბედურება იყო ქვეყანაში, რომ ფეხბურთისთვის ბევრს არ სცხელოდა. თუმცა გამონათებები იყო - საქართველოს ნაკრების პირველი თაობის გამარჯვებები (პირველ შესარჩევ ციკლში უშანსოდ არ ვიყავით: შეგვეძლო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა) ლამის ერთადერთი პოზიტიური მოვლენა იყო ქვეყანაში. 1995 წელს გერმანიის სტუმრობამ კი ქვეყანას რამდენიმე დღით დაავიწყა უშუქობა, უფულობა, სიცივე, სიბნელე და კრიმინალური ბანდების თარეში. წარმოიდგინეთ, "დინამოს" სტადიონზე 110 ათასი კაცი იჯდა და არც ერთი სერიოზული ექსცესი არ მომხდარა. ეს მაშინ, როდესაც ლამის ყოველ მეორე ადამიანს იარაღი ჰქონდა და პოლიცია წესრიგს კი არა, საგზაო მოძრაობას ვერ არეგულირებდა.

რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაგრძელდა საბჭოთა ტრადიცია, ანუ ყველა ხელისუფლება ცდილობდა ეკონტროლებინა ფეხბურთი. ყველაზე ნათლად ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოჩნდა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი რამდენიმე წუთში გადადგა და მაინც ის აირჩიეს პრეზიდენტად, ვისაც მხარს ქვეყნის მაშინდელი პირველი პირი უჭერდა.

არ გვინდა ცუდი მოგონებები. გავიხსენოთ, კარგი ზაფხული გველის - რად ღირს თუნდაც ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და ჩვენი ნაკრები მინიმუმ სამ მატჩს ჩაატარებს, ხოლო თუ სამზე მეტი ჩაატარა, ზეიმი და დიდი დეპოლარიზაცია მერე ნახეთ.

განაგრძე კითხვა