"ბინა დაგირავებული მაქვს და ახლა მდგმურს თანხა უნდა დავუბრუნო...", "სამი შვილი მყავს და შემიძლია სასამართლოში მოვითხოვო მათი წილიც?" - იურისტის პასუხები თქვენთვის აქტუალურ საკითხებზე - კვირის პალიტრა

"ბინა დაგირავებული მაქვს და ახლა მდგმურს თანხა უნდა დავუბრუნო...", "სამი შვილი მყავს და შემიძლია სასამართლოში მოვითხოვო მათი წილიც?" - იურისტის პასუხები თქვენთვის აქტუალურ საკითხებზე

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი­ მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს:

- ბინა დაგირავებული მაქვს და ახლა მდგმურს თავისი თანხა უნდა დავუბრუნო. ისევ ნოტარიუსთან უნდა მივიდე და მისი თანდასწრებით უნდა გადავცე, რომ იპოთეკისგან გათავისუფლდეს ჩემი ბინა, თუ საჯარო რეესტრში მივიდე? ასევე მაინტერესებს, მას შემდეგ, რაც ბინას გადმოვიფორმებ, რამდენ ხანში უნდა დაცალოს მდგმურმა ბინა. ის ახალ ბინას ეძებს და სასურველი ბინა რომ ვერ იპოვოს, ხომ არ შემექმნება პრობლემა? კანონით რამდენი დღე ეკუთვნის?

- სესხის კრედიტორისათვის დაბრუნების ფაქტის ნოტარიუსთან დაფიქსირება აუცილებელი არ არის. მსესხებელს შეუძლია ჩვეულებრივად დაუბრუნოს უნაღდო ანგარიშსწორებით და გადარიცხვის ქვითარი იქნება ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს სესხის დაბრუნების ფაქტს. ბინის გადმოფორმება თუ არის საჭირო, გამოდის, მხარეთა შორის გაფორმებული ყოფილა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. ასეთ შემთხვევაში მხარეები უნდა მივიდნენ საჯარო რეესტრში და მსესხებელმა უნდა გადმოიფორმოს ბინა. რაც შეეხება საკითხს, თუ რა ვადაში უნდა გავიდეს კრედიტორი ბინიდან, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიხედვით. თუ მოცემული ხელშეკრულება წყდება ვალდებულების შესრულებით, ბინის დაცლის თარიღი უნდა დაუკავშირდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებას.

- 60 წლამდე ასაკის მარტოხელა მამაკაცს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, უწევს საქართველოში დაბრუნება. წასასვლელი არსად აქვს, რადგან სახლში დედა და ძმა არ უშვებენ იმ მოტივით, რომ შემდგომ წილი არ მოითხოვოს. არადა, როცა შეეძლო, მთელი ცხოვრება მათ ეხმარებოდა ფინანსურად და აღმოჩნდა, რომ თავისი არაფერი გააჩნია. აქვს თუ არა დედას უფლება ავადმყოფი შვილი ქუჩაში დატოვოს? ბინა დედის სახელზეა. არანაირ წილს არ ითხოვს, მხოლოდ ითხოვს თავშესაფარს. ვიცით, რომ წილი არ ეკუთვნის, სანამ მშობელი ცოცხალია, თან უფროსი შვილია, მაგრამ დროებითაც არ უშვებენ. რას ურჩევთ მას?

- კანონი ადგენს, თუ რა შემთხვევაში უნდა არჩინოს მშობელმა სრულწლოვანი შვილი, საამისოდ უნდა დადგინდეს კანონით დადგენილი წინა პირობების არსებობა, ხოლო აღნიშნულის დადგენა შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით. გარდა ამისა, შეიძლება მხარემ სასამართლო გზით იდავოს იმაზე, რომ მისი გამოგზავნილი თანხებით მოხდა სახლის ან სხვა რაიმე ქონების გაუმჯობესება, რის გამოც უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა.

- ვიცი, რომ მეუღლეთა შორის თანასაკუთრებაში შეძენილი ქონება იყოფა შუაზე, მაგრამ როცა წყვილს შორის ხდება განქორწინება, ბავშვებსაც ეკუთვნით თუ არა თავიანთი წილი? მყავს სამი შვილი და შემიძლია სასამართლოში მოვითხოვო მათი წილიც?

- განქოწინებისას მეუღლეთა შორის გასაყოფი ქონებიდან ბავშვების წილის გამოყოფა არ ხდება, ბავშვები არიან თავიანთი მშობლების მემკვიდრეები. თუმცა კანონი აწესებს შესაძლებლობას, რომ მეუღლეთა შორის გასაყოფი ქონების წილი გაეზარდოს იმ მეუღლეს, რომელთანაც რჩებიან შვილები. აღნიშნული გამომდინარეობს მათი საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან.

- წლების წინ გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა სოფელში და არ არის მისი გარდაცვალების საბუთი იუსტიციაში. სახლის საბუთებიც დაკარგულია. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაიფორმოს მემკვიდრემ ეს ქონება? რეესტრში ეუბნებიან, რომ ვერ გაიფორმებს, რადგან მშობლის გარდაცვალება არ დასტურდება. მეზობელმა გვითხრა, საფლავის სურათები გადაიღე და სოფლის გამგებელმა და მოსახლეობამ დაგიდასტურონ, რომ ნამდვილად გარდაცვლილია და ამის საფუძველზე რეესტრი ვალდებულია გადაგიფორმოთ ქონებაო. ეს რამდენად სწორია? გარდაცვლილის პირადი ნომერიც არა გვაქვს და ვერანაირი ხელჩასაჭიდი ვერ ვიპოვეთ. როგორ მოვიქცეთ?

- ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მშობლის სასამართლო გზით გარდაცვლილად აღიარება. მსგავსი ტიპის სასამართლო წარმოება მიმდინარეობს უდავო წარმოებით - ანუ სასამართლოს უნდა წარედგინოს იმის მტკიცებულებები, რომ მშობელი გარდაცვლილია და გამოაცხადოს გარდაცვლილად, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას წარუდგენთ სამოქალაქო რეესტრს და დააფიქსირებენ როგორც გარდაცვლილს.

- ჩემი ძმის სახელზეა ქონება, რომელიც წლებია ქვეყნიდან წასულია და უგზო-უკვლოდ დაკარგულია. სახლში ცხოვრობს ასაკოვანი მამა და მეუბნება, რომ ქონება ჩემს სახელზე გადავიფორმო. იუსტიციის სახლი მეუბნება, რომ ჩემი ძმის თანხმობაა საჭირო. როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა?

- მოცემულ შემთხვევაში, უნდა მოხდეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის გარდაცვლილად გამოცხადება. კანონის თანახმად, თუ პირის შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არაფერია და ამასთან, პირს 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი მის ოჯახთან, პირი შეიძლება გამოცხადდეს გარდაცვლილად. აღნიშნულის შემდეგ შესაძლებელი იქნება ქონების მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეზე დარეგისტრირება, ანუ ამ შემთხვევაში სამკვიდროს მიიღებს მამა.

- მეუღლესთან არ ვიყავი სამოქალაქო ქორწინებაში, მისი გარდაცვალების შემდეგ ქონება როგორ გავიფორმო?

- არარეგისტრირებული ქორწინება არ წარმოშობს მეუღლეთა შორის არანაირ უფლებას, მათ შორის არც მემკვიდრეობის უფლებას.

- გვაქვს კერძო სახლი, რომელსაც ჰყავს ორი თანამესაკუთრე. მე მინდა ჩემი წილის გაყიდვა, მაგრამ ჩემი და უარზეა, როგორ მოვიქცე ასეთ დროს?

სტატია სრულად იხილეთ გაზეთში "კვირის პალიტრა" ან ონლაინ - რა გზები არსებობს მემკვიდრეობის მისაღებად