"მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს, ამის ძალიან მეშინია... ამჯერად ყველაფერი გაცილებით რთულად არის, პროცესი შეუქცევადია და აღარ გაჩერდება..." - მძიმე პროგნოზი, რომელიც არ უნდა ახდეს - კვირის პალიტრა

"მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს, ამის ძალიან მეშინია... ამჯერად ყველაფერი გაცილებით რთულად არის, პროცესი შეუქცევადია და აღარ გაჩერდება..." - მძიმე პროგნოზი, რომელიც არ უნდა ახდეს

პოზიცია სულ რაღაც ერთი თვის წინ თამაშგარე მდგომარეობაში იყო და "ოცნებას" კონსტი­ტუციური უმრავლესობის აღების რეალური შანსი ჰქონდა. ოპოზიცია სულ რომ ყირაზე­ დამდგარიყო, სიტუაციას ვერ გაამწვავებდა", - ამბობს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე და სვამს კითხვას,­ რაში დასჭირდა ხელისუფლებას ასეთი თავსატეხი?

- მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" კანონი­ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დააინიცირა, უფრო სწორად, ძველი ე.წ. აგენტების კანონი შემოაბრუნა, სულ ვფიქრობ და ლოგიკა ვერ დავინახე. ალბათ, ცოტა ხანში გამოჩნდება, რის გამო მიიყვანეს ქვეყანა აქამდე. მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს, ამის ძალიან მეშინია.

- ასეთი საპროტესტო აქციები "ქართული ოცნების" მმართველობის დროს არაერთხელ ყოფილა. რა არის თქვენი შიშის საფუძველი?

- ამჯერად ყველაფერი გაცილებით რთულად არის. ახლა ქუჩაში ახალგაზრდობა დგას და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ესენი უკან არ დაიხევენ.

- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა­ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იზიარებს ახალგაზრდების სლოგანს "არა რუსულ კანონს, კი ევროპას", ოღონდ სთხოვს ჯერ გაერკვიონ, სად არის რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპასო.

- სიმართლე ვთქვათ, ეს კანონი მართლა არ არის რუსული, მაგრამ ამერიკა და ევროპა ერთხმად მოგვიწოდებენ არ მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავშორდებით დასავლეთს. ჯერ ერთი, ახალგაზრდებს დასავლეთი უნდათ, მეორე - შარშან შეჰპირდნენ, რომ ამ კანონს აღარ შემოიტანდნენ. ეს თაობა გადაგდებას არ ეგუება! მესამე - მდინარაძე ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტი არ არის. საზოგადოდ, ახალგაზრდებს არ მოსწონთ პოლიტიკოსები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი კანონის მიღება, ახალგაზრდებსაც პრინციპულად აქვთ გადაწყვეტილი, რომ არ გაჩერდნენ.

- ახალგაზრდებს ხელისუფლება ეუბნება, რომ ისინი დასავლელი პარტნიორებისგან თანასწორუფლებიანობას, პატივისცემას მოითხოვენ და სურთ საქართველო ევროკავშირში "ღირსებით­ შევიდეს" და არა ცალ ფეხზე დამდგარი...

- ამ რიტორიკის თავადაც არ სჯერათ! ელემენტარული განათლებაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ქვეყნის სუვერენულობა ევროკავშირისთვის ანგარიშის არგაწევას არ ნიშნავს. რუსეთთან მარტო დარჩენილი­ საქართველოს სუვერენიტეტი ძალიან მყიფეა. ჩვენ რომ ძლიერი თავდაცვისა და მდიდარი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვიყოთ, დასავლელი პარტნიორების წინაშე "ოცნების" ბაქიბუქი გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღემდე სული სწორედ ევროპული და ამერიკული ფულით რომ გიდგას, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ამ ხალხს უცხოური გავლენის აგენტები ეძახო და მით უფრო, რევოლუციის მოწყობის ცდაში დაადანაშაულო. ხელისუფლების ქმედებაში ერთი ლოგიკა ნამდვილად არის - ორი წლის წინ საპროტესტო აქციებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იდგნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება საკუთარი პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ მიტინგებზე დგომა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა არასწორია. თუმცა მმართველ გუნდს ეს არ ამართლებს, მაშინ როდესაც ევროინტეგრაციის შანსი გაქვს, პარტნიორებთან ასეთი ტონით საუბარი არაგონივრულია. ხელისუფლების მოქმედებას ახსნა არ მოეძებნება, გარდა იმისა, რომ "ოცნებას" რუსეთის ეშინია.

- მთავრობის მაღალი­ თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის­ პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი საკითხების განსახილველად, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა.

- "ოცნებამ" ამას განმარტებაც მოაყოლა, რომ დათქმებით ვიზიტი არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდესო. ამერიკას ასე არ უნდა ელაპარაკო. შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, მაგრამ როდესაც ძლიერი და მდიდარი მეგობრის დახმარება სასიცოცხლოდ გჭირდება, რაღაც უნდა დათმო.

განაგრძე კითხვა