მამუკა არეშიძის სკანდალური პროგნოზი - "კრემლის მიერ მართულმა ექსპერტმა კარნაუხოვმა განაცხადა, თუ თბილისში დაპირისპირება დაიწყება, რუსეთი სამხედრო ძალით უნდა ჩაერიოსო" - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძის სკანდალური პროგნოზი - "კრემლის მიერ მართულმა ექსპერტმა კარნაუხოვმა განაცხადა, თუ თბილისში დაპირისპირება დაიწყება, რუსეთი სამხედრო ძალით უნდა ჩაერიოსო"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 13 მაისის ნომერში გამოქვეყნდა.

- როგორც ამერიკის, ასევე ევროპის გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფებიდან უმძიმესი შეფასებები ისმის. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მთელი ცივილიზებული სამყარო გვიტევს, კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ მხოლოდ რუსი პოლიტიკოსები იწონებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი თავს უფლებას აძლევს და რეცეპტებს გვიწერს, თუ როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ აქ არეულობა დაიწყება. მაგალითად, რუსმა ექსპერტმა კარნაუხოვმა, რომელიც კრემლის მითითების გარეშე სიტყვას არ ძრავს, უცებ განაცხადა, თუ თბილისში სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, რუსეთი სამხედრო ძალით უნდა ჩაერიოსო.

- სცალია მოსკოვს ახლა ამისთვის?

- რატომ არ სცალია?! რუსეთი დღეს უკრაინის ფრონტზე უპირატესობას ფლობს. დასავლელი მოკავშირეების დახმარებამ ძალიან დააგვიანა, რის გამოც უკრაინელები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. მე მხოლოდ სამხედრო შემადგენელზე არა მაქვს საუბარი, სულისკვეთებაც ძალიან დაეცა, გამოსავალი აღარ ჩანს. ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ უნდა ვთქვა, უკრაინა არ არის მრავალმილიონიანი ქვეყანა. ამ ქვეყნის მოსახლეობა სულ 25 მილიონს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუმინეთს ერთი მდინარე ყოფს, რომელიც ბოლო 8 თვის განმავლობაში 600-მა კაცმა გადაცურა - მათ ჯარში წასვლა არ სურდათ. აქედან 22 დაიხრჩო. დეზერტირობამ მასობრივი სახე მიიღო. არ ვამბობ, რომ ყველა უკრაინელი ასეთ განწყობაზეა, მაგრამ ძალიან შემცირდა მათი რიცხვი, ვინც იდეალებისთვის იბრძვის. უკრაინის თემის განვრცობა არ მინდა, უბრალოდ, ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საკუთარი დღის წესრიგი შექმნას. იცით, ყველაზე ცუდი რა არის? რუსეთი დღეს საერთაშორისო აზრს ანგარიშს აღარ უწევს. აქ რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, რუსეთი აუცილებლად გააკეთებს იმის მოდელირებას, რომ ვითომ ოფიციალურმა თბილისმა დახმარება სთხოვა. არ გაუკეთებია აქამდე ასეთი რამ თუ რა? მე ვშიშობ, ჩვენთან ყაზახეთის მოვლენები არ განმეორდეს. მართალია, იქ ო-დე-კა-ბეს პრინციპი მუშაობდა და მიზეზი ადვილად იპოვა, მაგრამ ახლა რუსეთს მიზეზის ძებნა აღარ სჭირდება, მისი ჯარები კი დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია. ყველაზე ცუდი ის არის, მოსკოვში უკვე საუბრობენ საქართველოს "დახმარებაზე".

- თქვენვე თქვით, რომ რუსეთი საერთაშორისო აზრს აღარ ითვალისწინებს და ინტერვენციისთვის მიზეზების ძებნას არ დაიწყებს. ასეთ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს აქ პოლიტიკური ტემპერატურა როგორია?

- დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ ქვეყანაში დაპირისპირება არ იქნება, მთელი საზოგადოება ორიენტირებული იქნება რუსეთისგან თავის დაცვაზე, სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში კი ყველაფერი გაცილებით გაუიოლდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებული ახალი წინადადებები გაჩნდეს. არც პროვოკაციები უნდა გამოვრიცხოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე.

წაიკითხე ვრცლად .