"ბიჭებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო, თუმცა ამჯერად უთანხმოება ქალის გამო მოხდაო..." - რა დეტალები ხდება ცნობილი სენაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"ბიჭებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო, თუმცა ამჯერად უთანხმოება ქალის გამო მოხდაო..." - რა დეტალები ხდება ცნობილი სენაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე?

სამართალდამცავებმა სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, 2003 წელს დაბადებულ ლევან სახოკიას თორნიკე გოგიას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაკავებულ პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯერჯერობით სამართალდამცავებს არ უსაუბრიათ თუ რა ძველი წყენა იყო მათ შორის და რატომ მივიდა საქმე ამხელა ტრაგედიამდე. უმძიმესი დანაშაული სენაკში, გორის ქუჩაზე წუხელ მოხდა. როგორც ირკვევა, ძმებ გოგიებს სახლში მიუვარდნენ ახალგაზრდები და კონფლიქტი სწორედ მათი სახლის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონფლიქტში 15-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაჭრეს თორნიკე გოგია, მისი ძმა, ალექსი გოგია, ძმების მეზობელი გიორგი მეფიშვილი, რომელიც როგორც ჩანს, ფაქტს შეესწრო და დაჭრილია ასევე კიდევ ერთი სენაკელი ახალგაზრდა, რუსლან კინწურაშვილი, რომელიც ამ დრომდე სენაკის საავადმყოფოში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, კინწურაშვილი დაკავებულს და მის მეგობრებს ახლდა იქ.

"ძალიან შეძრულები ვართ ამ ფაქტით. ძმებ გოგიებს კარგად ვიცნობ. მათი ერთი ძმა არის ნასამართლევი მხოლოდ, წლების წინ კონფლიქტი მოხდა, მგონი დაჭრა ვიღაც, ამის გამო ციხეში მოხვდა, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის საქართველოდან წავიდა და საზღვარგარეთ ცხოვრობს. დანარჩენ ძმებს ვიცნობ, რომლებიც სენაკში არიან. ისინი ძალიან პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ძმებიდან მხოლოდ ერთი, 27 წლის ალექსია დაოჯახებული, დანარჩენს არ ჰყავს ცოლ-შვილი. სულ 6 დედამიშვილი არიან, 5 ძმა და ერთი და. გუშინ რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ, არც თორნიკეს აქვს კრიმინალებთან კავშირი და არც ალექსის. მისი პატარა ძმებიც სკოლის ასაკიდან სულ ფიზიკურად შრომობენ და მართლა პატიოსნად ცხოვრობენ. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი ასე სასიკვდილოდ, ნამდვილად არ ვიცი.

ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ბებიას და ბაბუას დიდი წვლილი აქვს მათ აღზრდაში. ბებო პედაგოგია. ბიჭების დედა აფხაზეთიდან არის და საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ. ამჟამადაც თურქეთში იმყოფებოდა და სწორედ იქ გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი. ახლა დედა მოდის, გზაშია და ამ მწარე რეალობის წინაშე დადგა ეს ოჯახი. ალექსის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ქუთაისში წევს და როგორც მითხრეს, გადარჩება. ღმერთმა გადაარჩინოს, გული მეწვის, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან მორიდებული და მშრომელი ბიჭია, მხოლოდ კარგი შემიძლია მასზე ვთქვა. თორნიკეც კარგი ბიჭი იყო. ამბობენ, თითქოს საზღვარგარეთ მყოფი მათი ძმის გამო მოუხდათ კონფლიქტი. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ძმასთან კონფლიქტის გამო მის ძმებს რატომ გაუსწორდნენ ასე სასტიკად? ძმები რა შუაში იყვნენ? ყველაზე უფროსია ალექსი, 27 წლის და მათი ნაბოლარა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. პატარები არიან ასაკით. ასეთი ტრაგედია არ უნდა დატრიალებულიყო. რა საქმის გარჩევა იყო, ალბათ გაირკვევა ყველაფერი. მთელი დღე ვტირი, თორნიკე, მაღალი, გამხდარი, გარეგნულად ლამაზი ბიჭი იყო, ახალგაზრდას მოუსწრაფა ვიღაცამ სიცოცხლე, დაკავებულს არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, რომ სენაკელია ისიც. თორნიკე ახლა იწყებდა ცხოვრებას და ასე უმოწყალოდ მოუსწრაფეს სიცოცხლე", - ამბობს ჩემთან საუბარში ადგილობრივი.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. უამრავი ადამიანი განიცდის თორნიკეს მკვლელობას.

"როგორ არმინდა რაც ხდება სიმართლე იყოს. უკარგესი იყავი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენისული. მიყვარხარ", - წერს მეგობარი და თორნიკეს ფოტოს აქვეყნებს.

"ძალიან, ძალიან კარგი ბიჭი იყო, გული დაწყვიტა ყველას, ვისაც მასთან ოდნავი კავშირი მაინც ჰქონია, ნათელში ამყოფოს უფალმა თოკო",- დაწერა კიდევ ერთმა ახლობელმა.

"დილით ითქვა, რომ ბიჭებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. გუშინ ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ და ძველი წყენა გაიხსენეს. საქმის გარჩევა კი ამ მძიმე შედეგით დასრულდაო. თუმცა მოგვიანებით კიდევ ერთი ვერსია თქვა ადგილობრივმა ჩვენთან საუბარში. ის ამბობს, მართალია, ძველი წყენა იყო მოკლულის ძმასა და ამ ჯგუფის წევრებს შორის, მაგრამ როგორც გავიგე, ამჯერად მათ შორის კონფლიქტი ქალის გამო მოხდაო".

ახლა ჭორ-მართალი ისეა ერთმანეთში არეული, სიმართლე რა არის, მხოლოდ იცის კონფლიქტში მონაწილეებმა. ფაქტი ის არის, რომ გოგიებს სახლში მიუვარდნენ. დაკავებულის ნათესავის გამო დაწყებულა ეს კონფლიქტი. ისევ უცხოეთში მყოფ მათ ძმას ეხება ეს ამბავი. დიდი ამბავი ყოფილა, 15-20 კაცი ირეოდა თურმე წუხელ მათ სახლთან. ამბობენ დანებით იყვნენ შეიარაღებულები. მეორე მხარესაც არის დაჭრილი. ერთი პირია დაკავებული. მოკლული მშრომელი ბიჭია, მათი მეზობელი გიორგი მეფიშვილიც დაჭრილია, როგორც ვიცი, შემთხვევით მოხვდა ის ამ კონფლიქტში. პატიოსანი ბიჭები არიან ესენი. უბრალოდ მათ ძმას ჰქონდა ხოლმე კონფლიქტები ადრე, ახლაც ამბობენ ძმის გამო მოხდაო. თორნიკეც დაჭრილი მიუყვანიათ კლინიკაში, მაგრამ სისხლისგან დაიცალა თურმე. დანა, "შტირები", ხელნაკეთი რაღაცები ფიგურირებს საქმეში. კონფლიქტის მონაწილეები ყველა სენაკელები არიან. ახლა ითქვა რომ დაკავებულია ლევან სახოკია, კიდევ ვინ იყო ჩართული ამ ჩხუბში და სხვები ვინ დაჭრა, ალბათ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. დაკავებული როგორც ვიცი, ადრე ნასამართლევია. იმასაც ამბობენ, ამ საქმის გარჩევაში კრიმინალური ავტორიტეტები კი იყვნენ ჩართულები და მათ ურჩიეს მოჩხუბრებს დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ მაინც მიუვარდნენ ძმებს სახლში და ეს დატრიალდაო. ძველი წყენაც იყო დაგროვილი ეტყობა, ახალიც დაემატა და მოხდა ეს ამბავი. პატიოსანი ბიჭი იყო თორნიკე, ამიტომ ყველას უკვირს რატომ გაუსწორდნენ მას ასე სასტიკად", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

მისი თქმით, დაკავებული სახოკია მოშორებით ცხოვრობს. უწყების ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს. ალბათ მალე გახმაურდება მისი ჩვენების დეტალები და იტყვის, თუ რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ თორნიკე გოგია. საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაიკითხებიან დაჭრილებიც და მოგვიანებით მათი პოზიციებიც გახდება ცნობილი.

"საქმის გარჩევა მძიმე შედეგით დასრულდა. ბიჭებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. ძველი წყენა გაიხსენეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი სენაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე?

(სპეციალურად საიტისთვის)