ნონა გაფრინდაშვილი მესისთვის გაგზავნილ მოოქრულ ჭადრაკზე, საქართველოს ნაკრებზე და ლონდონში მოსიარულე ეროსი მანჯგალაძეზე - "ჭადრაკის დედოფლის" გულახდილი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

ნონა გაფრინდაშვილი მესისთვის გაგზავნილ მოოქრულ ჭადრაკზე, საქართველოს ნაკრებზე და ლონდონში მოსიარულე ეროსი მანჯგალაძეზე - "ჭადრაკის დედოფლის" გულახდილი ინტერვიუ

"საუბრები საჭადრაკო დაფასთან" - "ნონა თალკს" ლეგენდარული მოჭადრაკის ახალი პროექტია ნონა გაფრინდაშვილის იუთუბ-არხზე, სადაც იგი თავის ვაჟთან და გადაცემის სტუმრებთან ერთად, აქტუალურ სპორტულ მოვლენებს ეხმიანება. მიმდინარე წელი უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენებით არის დატვირთული, თუმცა უახლოესი და ჩვენთვის ისტორიული ტურნირი "ევრო-2024" გახლავთ და ქალბატონ ნონასთან (რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და საუცხოოდ მცოდნეა) ინტერვიუს უმეტესი ნაწილი სწორედ ევროპის ჩემპიონატს დავუთმეთ. ვისაუბრეთ ეროსი მანჯგალაძეზე, 1966 წლის მუნდიალის ფინალსა და ლიონელ მესისთვის გაგზავნილ მოოქრულ ჭადრაკზეც:

- ქალბატონო ნონა, ინტერვიუ 26 მარტის ისტორიულ გამარჯვებაზე საუბრით დავიწყოთ: რა გახსოვთ იმ საღამოდან?

- წარმოუდგენელი ემოცია, რომელმაც მთელი ღამე არ დამაძინა... არც ვიცოდი, როდის გადამიღეს, თუმცა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ჩემი ემოციის ამსახველი კადრები. ეს იყო ახალი ისტორია ქართული ფეხბურთისთვის, უდიდესი სიხარული, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ველოდით. გამახსენდა 1981 წლის 13 მაისის ზეიმი - მაშინაც მთელი თბილისი, სრულიად საქართველო ქუჩაში ზეიმობდა საყვარელი გუნდის გამარჯვებას. სხვათა შორის, დიუსელდორფის ფინალის შემდეგ სატელევიზიო სტუდიაში მისვლა მთხოვეს და "დინამოს" პირველმა მე მივულოცე... მაგრამ ისეთი ბედნიერი საქართველო, როგორიც საბერძნეთის დამარცხების შემდეგ იყო, დიდი ხანია არ მინახავს! იმ დღის დავიწყება შეუძლებელია: ვხედავდით, როგორ მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ტიროდნენ გულშემატკივრები. როგორ ეხვეოდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს სრულიად უცხო ადამიანები... 27 მარტის დილას მთელი საქართველო ერთიანი და ბედნიერი იყო!

- ხვიჩა კვარაცხელია ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობა დამატებით წნეხად ხომ არ დააწვება?

- ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში თამაშითაც დიდი გამოცდილება დააგროვა... მოედანზე მისი ყოფნა ავტომატურად ნიშნავს, რომ მეტოქე მუდმივად დაძაბული იქნება, მინიმუმ 2-3 მცველი კი მსაჯს ყვითელ ბარათსაც გამორჩება და საქართველოს ნაკრები შეტევისთვის გაცილებით მეტ თავისუფალ სივრცეს მიიღებს. კვარაცხელია ნაკრების ლიდერია, თუმცა ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებში ჩვენი ნაკრების ყველა წევრი ძალიან კარგი იყო - მეკარით დაწყებული, სამწვრთნელო შტაბის ჩათვლით.

- ყველამ იცის, რომ ჭადრაკის გარდა, ნონა გაფრინდაშვილს სპორტის სხვა სახეობებიც­ უყვარს და უმეტესობაში კარგადაც ერკვევა­. თქვენი ახალი პროექტი ამის გამოძახილია?

- უახლოეს თვეებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გველის: ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი, ქართველი კალათბურთელების მატჩები ოლიმპიადის საგზურისთვის, პარიზის ოლიმპიური თამაშები და სხვ. მე და ჩემმა ვაჟმა­ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ "ნონა გაფრინდაშვილის იუთუბ-არხზე" გადაცემის გაშვება და დავიწყეთ "ნონა Talks" - "საუბრები საჭადრაკო დაფასთან", რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს.

- თქვენი სახელობის საკოლექციო ჭადრაკი­ (როგორც "ვეფხისტყაოსანი", ისე - "ქართული ცეკვა") ნანახი მქონდა. რამდენიმე დღის წინ კი ჩემთვის უცნობი კიდევ ერთი სიახლე აღმოვაჩინე - საჭადრაკო დაფა თქვენი­ გამონათქვამებითა და ავტოგრაფით! მართლაც ჩინებული საჩუქარია როგორც ბავშვების, ისე - ნებისმიერი ასაკის ჭადრაკის მოყვარულთა­თვის, თუმცა, დავუბრუნდეთ ფეხბურთს: დიდი საფეხბურთო ტურნირებიდან რომელს დასწრებიხართ?

- ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში, ტრიბუნიდან მინახავს არაერთი დიდი ტურნირი და მატჩი: ნამყოფი ვარ არგენტინის ჩემპიონატის შეხვედრაზე, შვედეთში მინახავს ჰოკეი, ლეგენდარულ "უემბლიზე" დავესწარი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს... სხვათა შორის, ინგლისში ტურისტული საგზურით მოვხვდი ძალიან კარგ ჯგუფთან (ეროსი მანჯგალაძე და სხვები) ერთად. საჭადრაკო ტურნირების დროსაც, როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავდი, სპორტის რომელიმე სახეობის საყურებლად მივდიოდი. მახსოვს, ქუთაისის "ტორპედოს" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა ივანო-ფრანკოვსკში - უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს. მამაკაცებიდან ვერავინ დავითანხმე ფეხბურთზე წაყოლაზე და ჩემსავით სპორტის მოყვარული, ლენინგრადელი მოჭადრაკე ლევიტინა ავიყოლიე. სტადიონის საპატიო ლოჟაში გამოგვიყვეს ადგილი და ქართულ კლუბს ისე ხმაურიანად ვქომაგობდით, ადგილობრივი გულშემატკივრები გაოცებულები გვიყურებდნენ, ივანო-ფრანკოვსკში ქუთაისურ კლუბს ასე ემოციურად ვინ ქომაგობსო?!

- ევროპის რომელი პირველობა გახსოვთ გამორჩეულად?

- საფრანგეთში 1984 წელს გამართული ჩემპიონატი. მასპინძლებს მაშინ დიდებული ნაკრები ჰყავდათ და დამსახურებულად მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, მიშელ პლატინი კი 9 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ქართველი გულშემატკივრები პანტიანში მიდიოდნენ, ევროპის ჩემპიონატის მატჩები რომ ენახათ, მე კი იმ დღეებში ბელა-ცერკვას დიდ საჭადრაკო ტურნირში ვმონაწილეობდი და რადგან პარტიები დღის პირველ ნახევარში იმართებოდა, საღამოს კი თავისუფალი ვიყავით, "საფრანგეთი-1984" თავიდან ბოლომდე ვნახე. ფანტასტიკური ტურნირი იყო საფრანგეთის ნაკრების და პლატინის დომინირებით... უამრავი სხვა ტურნირი და მატჩიც მაქვს ნანახი, მაგრამ ყველას გასახსენებლად დიდი დრო დაგვჭირდება...

- ცხადია, თუმცა ფეხბურთის სამშობლოში სტუმრობა და "უემბლიზე" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ნახვა, ალბათ, არასდროს დაგავიწყდებათ, მით უმეტეს, ისეთი ჯგუფის შემადგენლობაში ყოფილხართ...

- ეროსი მანჯგალაძე ლონდონში­ სტუმრობისას გავიცანი. დიდებული მსახიობი და პიროვნება იყო, საოცრად მორიდებული ადამიანი... ჯგუფის სხვა წევრები კემბრიჯის დასათვალიერებლად წაიყვანეს, ჩვენ კი, რადგან უკვე ნანახი გვქონდა, დარჩენა ვამჯობინეთ (სხვათა შორის, ლონდონის ქუჩებში სეირნობისას ბრიტანულ ტურნეში მყოფ "სუხიშვილებს" გადავაწყდით). ეროსიმ მთხოვა, ორსართულიანი ავტობუსის ზედა სართულზე ავიდეთო. ვხედავ, ხელში პატარა წიგნი უჭირავს. ინგლისური სასაუბრო წამოუღია: შემთხვევით ერთმანეთს რომ დავცილდეთ, ვინმეს ხომ უნდა ვთხოვო დახმარებაო. როცა ავტობუსის მეორე სართულზე ავედით, ეროსის ხარხარი აუტყდა. რა გაცინებს-მეთქი? თუ დავიკარგე, ამ სასაუბროს დახმარებით კითხვას კი დავსვამ, მაგრამ პასუხი როგორღა გავიგოო?! ეს კადრი არასდროს დამავიწყდება...

- ფეხბურთზე საუბრის ბოლოს ლეო მესიზე და მასთან დაკავშირებულ საჩუქრებზეც გკითხავთ: 80 წლის იუბილეზე არგენტინელმა­ ვარსკვლავმა "ბარსელონას" მაისური გამოგიგზავნათ მილოცვის წერილითა და ავტოგრაფით. საპასუხოდ მესის თქვენც გაუგზავნეთ უნიკალური მოოქრული ჭადრაკი.

- უნიკალური საჩუქარი შესაბამისი წარწერით მესის 2021 წლის "კოპა ამერიკაზე" გამარჯვების აღსანიშნავად გავუ­გზავნე - ეს არის საქართველოში დამზადებული ჭადრაკი მოოქრული ფიგურებით. სამწუხაროდ, ჭადრაკი ჯერ კიდევ პარიზში, საქართველოს საელჩოშია. პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს მესის საფრანგეთში გადასვლაც დაემატა, ახლა სულაც აშშ-ში თამაშობს და საჩუქარმა ჯერ ვერ მიაღწია ადრესატამდე. მინდა საფრანგეთის საელჩოს ვთხოვო ჭადრაკის ბარსელონაში გაგზავნა, მერე კი დავუკავშირდები მესის ოჯახის წევრებს, რომლებიც კატალონიის მთავარ ქალაქში ცხოვრობენ და იმედია, ლეო მათი მეშვეობით მაინც მიიღებს უნიკალურ ქართულ ჭადრაკს. გული მწყდება, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ მქონდა დაწყებული ჩემი სახელობის საკოლექციო ჭადრაკების გამოშვება, თორემ არგენტინელ ვარსკვლავს "ვეფხისტყაოსნის" და "ქართული ცეკვის" ფიგურებით დამშვენებულ ჭადრაკს გავუგზავნიდი.

წაიკითხე ვრცლად