"იოანე-ზოსიმე საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ეროვნული თვითშეგნება ყველაზე მძაფრად სამშობლოდან შორს იღვიძებს" - კვირის პალიტრა

"იოანე-ზოსიმე საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ეროვნული თვითშეგნება ყველაზე მძაფრად სამშობლოდან შორს იღვიძებს"

დღეს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ლონდონის კრისტის საერთაშორისო აუქციონზე მილიონ გირვანქა სტერლინგად (საწყისი ფასი) შეფასებულმა X საუკუნის ქართულმა ხელნაწერმა, რომლის ავტორიც სინას მთის ქართველი ბერი იოანე-ზოსიმეა.

იოანე-ზოსიმე საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ეროვნული თვითშეგნება ყველაზე მძაფრად სამშობლოდან შორს იღვიძებს.

როგორც ხალხურ თქმულებებში, სადაც გმირი საკუთარი თავის შესაცნობად სახლს ტოვებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასული ქართველი მოღვაწეებიც საკუთარ ეროვნულ იდენტობას სამშობლოდან შორს უფრო მძაფრად აღიქვამდნენ.

საქართველოდან ყველაზე დაშორებული ადგილი, სადაც ქართველები სულიერ და კულტურულ ცხოვრებას ეწეოდნენ, სწორედ სინას უდაბნო იყო, სინას მთაზე, აქ, ბიბლიის მიხედვით, მოსემ ღმერთი იხილა და ათი მცნება მიიღო.

შემთხვევითი არაა, რომ ქართული ენის გამორჩეულობისა და ღვთიურობის ცნობილი საგალობელი - ,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ", იოანე ზოსიმემ სწორედ აქ, საქართველოდან ყველაზე დაშორებულ მონასტერში შექმნა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბერებს შორის ქართველი ბერებიც მოღვაწეობდნენ.

pagewigni-1718095322.jpg

ჩვენამდე შემონახული სინელი ქართველი ბერების ჩამოლოცვის ტექსტი კარგად გვაჩვენებს, თუ რა მგზნებარებით შესთხოვდნენ ისინი ღმერთს შორეული სამშობლოს მფარველობას:

,,საქართველოჲსა მშვიდობისა, საზღვართა განმაგრებისა, მეფეთა და მთავართა დაწყნარებისა, მტერთა გარე-მიქცევისა, ტყვეთა მოქცევისა, ჟამთა დაწყნარებისა, ქრისტიანობის დამტკიცებისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ"

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წმინდა მიწისა და სინას ქართველი ბერებისთვის სამონასტრო ცხოვრება იოლი არ ყოფილა, იერუსალიმის მუზეუმის თანამშრომლებმა შეისწავლეს მე-5 საუკუნის ქართველი ეპისკოპოსის - იოანეს საფლავში აღმოჩენილი ძვლოვანი მასალა, რომლის ანალიზმაც აჩვენა, რომ ქართველი ბერი 66 წლის ასაკში, სახსრების განლევით გარდაცვლილა, რომელიც ხანგრძლივი უდაბნოს ქარებისგან უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

თავად იოანე-ზოსიმე ერთგან წერს:

,,დავჩხრიკე ჴელითა ჩემითა ფრიად ცოდვილისაჲთა წიგნი ესე კანონი დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებისა ჩემისათა დიად ხაშმან და ბრმამან მრავლითა ჭირითა".

აქედან ირკვევა, რომ მოხუცებულ იოანე-ზოსიმეს სიბერეში არა მხოლოდ თვალს აკლდა, არამედ, ხაშმობითაც იტანჯებოდა, ხაშმი - ,,ავი ჰაერისაგან" გამოწვეული ,,ჴორცთ დამარღვეველი" სენი იყო, სინას უდაბნოს ხანგრძლივი ქარების პირობებში, ქართველი ბერის ეს სნეულება ძლიერ ტკივილებთანაც იქნებოდა დაკავშირებული, ისევე, როგორც ხსენებული იოანე ქართველისა, მაგრამ იოანე-ზოსიმე ამ პირობებშიც არ წყვეტდა ქართული ხელნაწერების გადანუსხვის მძიმე შრომას, ძალისხმევის წყარო, უდავოდ მის იმ რწმენაში უნდა ვეძებოთ, რომლის თანახმადაც ქართული ენა, დაწუნებული ზოგი ,,დიდი ენისაგან", სინამდვილეში არის ღვთივრჩეული და კურთხეული, საუფლო ენა.

ასევე დაგაინტერესებთ - შეიძენს თუ არა ქართული სახელმწიფო იოანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომელიც Christie's აუქციონზე მილიონად იყიდება - "საქმის კურსშია პრემიერიც და განათლებისა და კულტურის მინისტრებიც"