"რონალდუს უთქვამს: ავადა ვარ, ავადაო, კარში რომ დგას, მამარდაო... დღეს თამაში მრცხვენიაო, გამბრდღვნის კვარაცხელიაო..." - რა ლექსი მიუძღვნა საქართველო-პორტუგალიის თამაშს კახა სულუაშვილმა - კვირის პალიტრა

"რონალდუს უთქვამს: ავადა ვარ, ავადაო, კარში რომ დგას, მამარდაო... დღეს თამაში მრცხვენიაო, გამბრდღვნის კვარაცხელიაო..." - რა ლექსი მიუძღვნა საქართველო-პორტუგალიის თამაშს კახა სულუაშვილმა

მწერალი, რამდენიმე რომანისა და ლექსების კრებულის ავტორი (1990-იანი წლების ერთ-ერთი ძალიან პოპულარული რომანები - "თბილისს ვტოვებ ალიონზე", "როცა ერთაწმინდაში თოვს" და სხვები), მსახიობი, რეჟისორი (სერიალი "ვარდენის ევოლუცია") კახა სულუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სახალისო ლექსს, რომელიც საქართველო-პორტუგალიის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა და რომელსაც უამრავი მოწონება და დიდი გამოხმაურება აქვს:

"რონალდუს უთქვამს, ავადა ვარ, ავადაო...

რათაო?

კარში რომ დგას, მამარდაო...

პეპეს უთვამს, დღეს თამაში მრცხვენიაო...

რათაო?

გამბრდღვნის კვარაცხელიაო...

პატრისიოს უთქვამს, ო, მონ ძიე - ბოჟინკაო, ბურთს დაგვახევს, ჟორიკაო...

ლეაოს უთქვამს, დღეს ვარ ძლიერ მშფოთვარიო...

რათაო?

გამაბანძებს ოთარიო...

ჟოტას უთქვამს, საქმე იცით, რაშიაო?

რაშიაო?

არ ბერდება კაშიაო...

ნევეშს უთქვამს, დღე გვექნება, რეზულტატით ურიგოო...

რათაო?

"გაგვფლანგავენ" გოჩოლე და ზურიკოო...

ფელიქსს უთქვამს, რაღაც, გლახათ მითამაშებს თვალიო...

რათაო?

დამესიზმრნენ კვერკვე, ლოჩო, დვალიო...

პანილიამ, ჩვენთვის ჭირზე, კიდევ ჭირი დართულაო...

ვის უფრთხიო? ანზორ, ლევან, კვეკვე, წიტა, ალთუნაო...

ისევ "პატრის": ამ ამბავმა, რაღაც ამიჟიმჟიმაო...

რა ამბავმა? ითამაშებს, თურმე, ბუდუ "ჟივჟივაო"...

დალოტმა თქვა, სამი მკვლელი, ვნახე, სიზმრად, დილითაო...

აბ, ვინა? ლობჟანიძე, სიგუა და ქვილითაო...

ნუნესს უთქვამს, აღარ ვფქრობ, ამ თამაშში, შუა ხაზის ჩაკეტვაზეო...

რა აზრი აქვს - აქეთ კიტე, იქით კიდევ, ჩაკვეტაძეო...

ვიტინიამ, ეს რა ხდება, კარის დირე აფიცრესო...

ვის გულისხმობ? გველესიან-ტაბიძესო...

ნეტუს უთქვამს: გავწიწკნიდი, იყოს ქოჩორგაშლილიო:

რა საწვავს წვავს, ნეტა, ქოჩორაშვილიო...

კოშტას უთქვამს, ჩემი მჯობნი, ორიაო...

ჩამოთვალე!

გუგეშა და ლორიაო...

მარტინესმა: ეს წაგება, თან მწარეა, თან იოლიო...

ჰო, დღეს, ჩემზე მაღლა იდგა, სანიოლიო...

P.S. კაცი ბჭობს და ღმერთო, არ გაიცინო...

გევედრები, რაც ვინატრე, ისმინო!"

ასევე დაგაინტერესებთ ინტერვიუ - "წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში. მას შემ­დეგ მივ­ყე­ვი სამ­ხედ­რო საქ­მეს და დღემ­დე ვემ­სა­ხუ­რე­ბი"