"ასეთი გახლეჩილი საზოგადოება ხელს უწყობს იმას, რომ ისევ იმათ ხელში ჩავცვივდეთ და დავკარგოთ ის, რაც სისხლის ფასად მოვიპოვეთ. ახლა იმ დროის ნოსტალგია, უბრალოდ, წარმო­უდგენელია" - კვირის პალიტრა

"ასეთი გახლეჩილი საზოგადოება ხელს უწყობს იმას, რომ ისევ იმათ ხელში ჩავცვივდეთ და დავკარგოთ ის, რაც სისხლის ფასად მოვიპოვეთ. ახლა იმ დროის ნოსტალგია, უბრალოდ, წარმო­უდგენელია"

მისი მოღვაწეობა რამდენიმე სფეროს მოიცავს. არის რეჟისორი, პუბლიცისტი, პოეტი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, წლების განმავლობაში დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობითაც. საკუთარი შემოქმედებიდან განსაკუთრებულად კინოს გამოარჩევს. 60-იანელების სახელით ცნობილი ერთ-ერთი პირველი ქალი რეჟისორი, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე, დღეს ჩვენი სტუმარია. მისი შემოქმედება 10-ზე მეტ მხატვრულ ფილმს ითვლის. ქართული კინოს ისტორიაში მისი კინოენა განსაკუთრებით მწვავე თემებზე გადაღებული ფილმებით გამოირჩევა. "მე ვხედავ მზეს", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "ერთი ცის ქვეშ", "როცა აყვავდა ნუში", "აურზაური სალხინეთში" და სხვა ფილმები ქართული კინოკლასიკაა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქალბატონი ლანა დაბრუნდა ახალი მხატვრული ფილმით "ოქროს ძაფი", რომელსაც მაყურებლის დიდი მოწონება ხვდა წილად.

- სხვათა შორის, ეს რეალური ისტორიაა, რომელიც ზაირა არსენიშვილის მეგობარს შეემთხვა. ერთ დღეს დაურეკა ადამიანმა, რომელიც ამ ქალს 17 წლის ასაკში სიგიჟემდე შეუყვარდა. მერე როგორც ხდება ხოლმე, დაშორდნენ და ამდენი წლის, ამ ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ, ისევ გაიბა მათ შორის დიდი სიყვარული. ორივე მათგანი მიჯაჭვული­ იყო თავის ბინას და მათ შორის გიჟური სატელეფონო რომანი დაიწყო. სწორედ ეს ამბავი გახდა ჩემთვის ამ ფილმის გადაღების საფუძველი, იმის, რომ ასაკს სულ არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია სულიერი ძაფები, რომლებიც შეიძლება აკავშირებდეს ორ ადამიანს. ეს ფერფლიდან აღმდგარი სიყვარული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ახალგაზრდული ვნებებიც, ეჭვიანობა... რაღაც მომენტში სასაცილოებიც კი არიან, მაგრამ საბოლოოდ ეს ის მაღალი რამ არის, რისთვისაც ვცხოვრობთ ამქვეყნად. კოკო შანელს აქვს ნათქვამი, სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გიცავს სიბერისგანო. ძალზე ინტიმური და პირადია ის, რაც ფილმშია მოთხრობილი. რა გითხრათ, ბედნიერი ვარ, რაც ვნახე, იმით. დაიწერა კიდეც, კათარზისი განვიცადეთო, მეუბნებიან, ოპტიმისტური ფილმიაო. სულ არ მქონდა მიზანი, დათრგუნვილი გასულიყო კინოდარბაზიდან მაყურებელი. მაინც მგონია, ურთიერთობებია მთავარი. ყოველი ახალი ადამიანის აღმოჩენა ახალი საჩუქარია. ძალიან საინტერესო რამ თქვა მარკესმა: "იცხოვრე იმისათვის, რომ მოჰყვე" და მართლაც, იმიტომ ვიცხოვრე, რომ მომეყოლა.

ტრაგიკული ბავშვობა

- ყველა ხელოვანი ბავშვობაში გადატანილი ტრავმიდან იბადება და ვგრძნობ, მართლაც ასეა. ის ტრავმები, რომლებიც ბავშვობაში გადავიტანე, სულ ბიძგი­ იყო ჩემთვის ირიბად თუ პირდაპირ. 8 წლის ვხდებოდი, როცა დედა დააპატიმრეს. 10 წელი ისე გავიდა, არ მენახა, შემდეგ კი დაიწყო ჩვენი ერთად ცხოვრება. შემდეგი ეტაპი იყო დედას ნაფიქრალზე ფიქრი და მერე მათი პოვნა. თავიდან იმ სარდაფშიც კი ვეძებდი, სადაც მაშინ ვცხოვრობდით. ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვეთ ჩანაწერები და მივიტანეთ კინოსტუდიაში. დიდხანს მისი ნახვის მეშინოდა, ბოლოს გავბედე და ვნახე. მათთან ერთად შემორჩენილი იყო ძველი ფოტოებიც. მაშინ ჩვენი ბინა რამდენჯერმე გაჩხრიკეს, ყველაფერი წაიღეს, ფოტოები კი სასწაულად გადარჩენილა. ეს იყო დედას გადაღებების დროინდელი ფოტოები, რაც საბუთი იყო იმისა, რომ დედა იყო პირველი კინორეჟისორი ქალი საქართველოში. კიდევ ჩვენი­ რამდენიმე ფოტოც იყო, მაგალითად, სადაც დედას ვეხუტები. ეს ფოტოები დარჩა ჩვენი ურთიერთობის სიმბოლოდ, რომელიც სულ შეხვედრა და დაშორება იყო... ბოლოს და ბოლოს, მაინც შეხვედრად იქცა. მთელ ჩემს სიცოცხლეს გასდევს დედაჩემის სახელი, ხატი. ალბათ, მაშინვე იყო განსაზღვრული, რომ ოდესმე ფილმი გადამეღო დედაზე და იქნებ კინორეჟისორიც იმიტომ გავხდი.

ის დრო, ის სისტემა...

- პირველ კლასში ვიყავი და მახსოვს, ზეიმებზე სულ ლექსებს მათქმევინებდნენ. ერთ დღესაც შემოვიდა მასწავლებელი და სხვა ბავშვებს დაუძახა რეპეტიციაზე. არადა, მე ვემზადებოდი ფრანგული ლექსის წასაკითხად. მახსოვს, როგორ გამიკვირდა მასწავლებლის ეს საქციელი. მან ცალკე გამიყვანა და მეუბნება, იცი, რა, ლანა, არ გეწყინოს, ჩვენ აკრძალული გვაქვს წავაკითხოთ ლექსი ბავშვს,­ რომელსაც მამა ჰყავს დაჭერილი, შენ კი მამაც დაჭერილი გყავს და დედაცო. ეს ყველაფერი იმდენად არანორმალურია ადამიანის ცხოვრებისთვის, რომ რა გითხრათ... მაშინ ეს მილიონობით ადამიანის ხვედრი იყო, უამრავი ბავშვი დარჩა უდედოდ. ამიტომ იყო ის სამყარო­ ასეთი შეუბრალებელი, ტერორსა და ძალა­დობაზე დამყარებული. ამიტომ ახლა იმ დროის ნოსტალგია, უბრალოდ, წარმო­უდგენელია. მერწმუნეთ, არაფერი შეედ­რება შენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. დღევანდელმა ახალგაზრდებმა, ყველამ, უნდა იცოდნენ, რომ ეს ისეთი მონაპოვარია, მისი დაკარგვა არ შეიძლება. ამისათვის გვჭირდება ერთიანობა, რაც დღეს არ არის. ასეთი გახლეჩილი საზოგადოება, ასეთი პოლარიზებული, ხელს უწყობს იმას, რომ ისევ იმათ ხელში ჩავცვივდეთ და დავკარგოთ ის, რაც სისხლის ფასად მოვიპოვეთ.

კინოსამყარო მაშინ და ახლა

- საბჭოთა სისტემა ძალიან პარადო­ქსული იყო. ერთი მხრივ, ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული, რომ დაეთ­რგუნათ თავისუფალი აზრი ანუ შემოქ­მედება, საერთოდ, ადამიანი. მეორე მხრივ, მაინც ყველანაირი შესაძლებლობა­ გვქონდა გამოგვეთქვა ის, რაც გვინდოდა, მიუხედავად უმკაცრესი ცენზურისა,­ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოსკოვში იყო ცენტრალიზებული, განსაკუთრებით, კინო. ჯერ სცენარი, მერე გადაღებული მასალა, მერე ფილმი - ყველაფერი მოსკოვში იფილტრებოდა.

ინტერვიუ წაიკითხეთ სრულად - „ვიცხოვრე იმიტომ, რომ მომეყოლა“