თანამედროვე სენსაციები! - "ოზონის ხვრელი იხურება!.. "მარადი ახალგაზრდობისათვის" კვლევები არაერთი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარეობს... საექსპერიმენტო თაგვების ორგანიზმიდან "სიბერის მოლეკულები" გამოვიდა"
როდესაც გლობალური სტრესული ინფორმაციის წყალობით კოშმარულ სცენარებზე ვფიქრობთ - მაგალითად იმაზე, რომ ოზონის ხვრელი ისე ფართოვდება, დედამიწას ულტრაიისფერ სხივებში ამოგუდვას უპირებს - აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ხვრელი ისე ივსება, რამდენიმე წელიწადში მისგან წერტილიც არ დარჩება. ახლა თურმე დედამიწა ბევრად მწვანდება და ცოცხლობს, ვიდრე თუნდაც 20 წლის წინ... აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიოს გრანდიოზული სამედიცინო ცენტრების მიერ თაგვებზე ჩატარებული მრავალწლიანი ექსპერიმენტებით, მალე მსოფლიოს ეცოდინება, როგორ გაახალგაზრდაოს ადამიანი. თავად თაგუნები უკვე რამდენჯერმე გააახალგაზრდავეს, იმდენჯერ, რამდენჯერაც დაბერდნენ!
ამ და სხვა პოზიტიურ ამბებზე ბიოქიმიკოს ნელი გოგალაძეს ვესაუბრეთ:
- გლობალურმა ნეგატიურმა ინფორმაციამ ბევრი ჩააგდო დეპრესიაში. ამ დროს ირგვლივ სამყარო ცოცხლობს და ვითარდება. კატაკლიზმების გვერდით ყოველთვის იქნება სიკეთის მომტანი მოვლენები. როდესაც ოზონის ხვრელი ინგლისელმა მეცნიერებმა ანტარქტიდაში 1985 წელს აღმოაჩინეს, მართლაც შიში გამეფდა და ის წლების განმავლობაში მძაფრდებოდა. მოგეხსენებათ, ოზონის ფენა ადამიანს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რათა რომელიმე დაავადება არ დაემართოს. ვიცი ხალხი, რომელიც ხვრელის აღმოჩენის პირველ წლებში ყველა დაავადებას მას მიაწერდა. განა მარტო ჩვენთან, ამ ამბავმა იმდენად შეზარა მსოფლიო, რომ პოლიტიკოსები შეიკრიბნენ სამსჯელოდ, რათა ოზონის შრის გაფართოება შეეჩერებინათ და მნიშვნელოვანი ღონისძიებები მართლაც გატარდა. მაგალითად, შეჩერდა ისეთი ნივთიერებების წარმოება, რომლებიც ოზონის გამანადგურებელ აირებს შეიცავს. ამასობაში, 2020 წელს, ოზონის შრის იმავე დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ მორჩა, ოზონის ხვრელი იხურება და კაცობრიობას საფრთხე აღარ ემუქრება. ამ დღეებში წავიკითხე სწორედ, გაეროს გენერალური მდივნის გამოხმაურება ამ თემაზე: ოზონის ხვრელი, რომელიც ამდენ ხანს დაავადებული პაციენტი იყო, ახლა ჯანსაღდებაო.
- დედამიწასაც აქვს თავისი გადამრჩენი მექანიზმები. ჩემი აზრით, ეს ამბავი მხოლოდ ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოების შემცირებას არ გამოუწვევია: უბრალოდ, სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს და "მონსტრი" დაიხურა.
- დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია და, რა თქმა უნდა, როგორ განვითარდება მოვლენები, დაბეჯითებული პროგნოზი შეუძლებელია. მაგალითსაც გეტყვით: დედამიწაზე სულ ორი წლის წინ, 29 ივნისს, იყო ყველაზე მოკლე დღე იმ დროიდან, რაც კი კაცობრიობამ დღეების ხანგრძლივობის აღრიცხვა დაიწყო. მართალია, დღე სულ რამდენიმე მილიწამით ჩამორჩა სხვა საუკუნეების დღეებს, მაგრამ დრო ხომ სწორედ მილიწამებით იზომება. იმხანად მეცნიერებმა ეს მოვლენა იმით ახსნეს, რომ დედამიწამ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა ააჩქარა და დღეც დამოკლდა. თუმცა ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ დედამიწის აჩქარება მოულოდნელად შენელდა და დღეები ისევ დაგრძელდა. თუ რატომ, არავინ იცის.
- როგორც ცნობილია, სიცოცხლესთან დაკავშირებული უამრავი ახალი აღმოჩენაც არის. მსოფლიოს ცნობილ სამედიცინო ლაბორატორიებში ლამის გადამწყვეტ საფეხურებზეა სიბერესთან ბრძოლის ექსპერიმენტების მიღწევები.
- ასე ვთქვათ, "მარადი ახალგაზრდობისათვის" კვლევები არა ერთ ქვეყანაში და არა ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორის მოლეკულური ბიოლოგიის დახმარებით სწორედ მოლეკულების გადაადგილებით მოხერხდა, რომ საექსპერიმენტო თაგვების ორგანიზმიდან, ასე ვთქვათ, "სიბერის მოლეკულები" გამოვიდეს. მიღწევების შესახებ კი ბოლო, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბიოლოგის, გენეტიკის პროფესორ დევიდ სინკლერის კვლევაზე გეტყვით: მისი პირველი კვლევა 2020 წელს გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის შემდეგ დაზიანებული თვალის ბადურით ბრმა თაგვებმა უცებ მშვენივრად დაინახეს. იმდენად კარგად, რომ ეს მათ ნაშიერებსაც შეშურდებოდათ. საილუსტრაციოდ იმ თაგვების ფოტოც კი გამოქვეყნდა, სადაც თანაბარი ასაკის თაგვებიდან ერთი ახალგაზრდაა უკვე შეცვლილი გენეტიკური ასაკით, მეორე კი, მისივე ტოლი, ასაკოვანი და უძლურია. როგორც სინკლერი წერს, თაგვებს მხედველობის დასაბრუნებლად თვალის დაზიანებულ ნეირონებში შეუყვანეს სიბერის მოლეკულებისაგან უკვე გასუფთავებული უჯრედები, რის შემდეგაც სულ რამდენიმე ხანში მათ მშვენივრად დაინახეს. მართალია, ეს პროცესი და ახალგაზრდობა თაგვებში მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, სიბერის უჯრედებმა ისევ შემოუტიათ და დაბერდნენ, მაგრამ მეცნიერს გული არ გაუტეხია და ახალგაზრდობა თაგვებში უკანვე, ისევ იმავე უჯრედების შეყვანით დააბრუნა. მან თქვა, რომ გაახალგაზრდავების პროცესი ბუნებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ არ ვაახალგაზრდავდებით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გენომს არ ახსოვს, ეს როგორ გააკეთოს, თორემ ეს, მაგალითად, ჩვეულებრივმა ხვლიკმა იცის. თუ მას კუდს მოვწყვეტთ, ის ახალ კუდს მალევე გაიზრდის. სინკლერი დაჰპირდა კაცობრიობას, რომ მალე გაახალგაზრდავება ჩვეულებრივი ამბავი იქნება.
წაიკითხეთ სტატია სრულად - „მორჩა, ოზონის ხვრელი იხურება!“