(ექსკლუზივი) თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებზე, ვილი სანიოლზე, არგამართლებაზე  და საკუთარ მომავალზე - "ჯერ არსად მეჩქარება..." - კვირის პალიტრა

(ექსკლუზივი) თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებზე, ვილი სანიოლზე, არგამართლებაზე  და საკუთარ მომავალზე - "ჯერ არსად მეჩქარება..."

- ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას თქვით, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ნაკრები უკვე არის წლევანდელი ტურნირის აღმოჩენაო. თქვენთვის ვინ ან რა იყო აღმოჩენა ჩვენი გუნდიდან? შესაძლოა რომელიმე მოთამაშე ან ტაქტიკური სქემა...

- ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა! ამ დონის ტურნირზე ასეთ მეტოქეებთან სწორედ ასეთი სტრატეგია იყო გამართლებული. ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ხუთი მცველით უკეთ გამოგვდის თამაში. ასეთი განლაგებისას წინ ერთი მოთამაშით ნაკლები რჩება, მაგრამ არაერთხელ დადასტურდა, რომ ხუთმცველიანი ტაქტიკის დროს გაცილებით ეფექტიანად ვიცავთ თავს და კონტრშეტევაზე სწრაფად გადასვლასაც ვახერხებთ. ალბანეთთან თბილისში წაგებულ მატჩში ოთხი მცველითაც არ გვითამაშია ცუდად, წავაგეთ, მაგრამ უპირატესობა გვქონდა, არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ამის მიუხედავად, გამოჩნდა, რომ მეტ-ნაკლებად ჩვენი ძალის მეტოქეებთან შეგვიძლია ასეთი განლაგებით თამაში, ესპანეთის დონის გუნდებთან კი ხუთი მცველი გვჭირდება.

- სავარაუდო იყო, რომ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული აჟიოტაჟისა და ეიფორიის შემდეგ ბიჭებს გაუჭირდებოდათ ერთა ლიგის ახალ საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბედნიეროდ, ამის საპირისპირო სურათი ვნახეთ და სანიოლის გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა ჩეხეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ.

- მით უმეტეს, ერთი დივიზიონით დავწინაურდით და წინა შესარჩევთან შედარებით უფრო ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ბიჭებმა საწყის მატჩებში მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს. სამწუხაროდ, მომდევნო თამაშები წავაგეთ, მაგრამ ვიმეორებ - წასაგები არც ერთი არ იყო. იმედია, დარჩენილ შეხვედრებში უკეთესი შედეგი გვექნება.

- უკრაინასთან წაგებულ შეხვედრაზე რას იტყვით? ბევრი მიიჩნევს, რომ პოზნანის სტადიონის საშინელმა საფარმა საქართველოს ნაკრებს უფრო მეტად შეუშალა ხელი, ვიდრე უკრაინელებს.

- მეტოქეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა და შესაძლოა ამაზე ფიქრმა დათვური სამსახურიც გაუწია ჩვენს გუნდს, მოედანი კი მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო... უპირატესობა გვქონდა ალბანეთთანაც, ის მატჩიც წავაგეთ, მაგრამ თუ გადავხედავთ, რა დონის კლუბებში თამაშობენ ალბანელი ფეხბურთელები, მათი კარგი თამაში აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ასეა თუ ისე, მგონი, მიმდინარე ქვეჯგუფი უკეთესია, ვიდრე დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გვექნება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, პირველი ადგილი დავიკავოთ.

- ბოლოს, როცა ვილი სანიოლმა ოთხმცველიანი ტაქტიკა აირჩია, თბილისში 1:7 წავაგეთ ესპანეთთან. გასაგებია, რომ ალბანეთის ნაკრები პირენელთა დონის არაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ყველა შემტევის ერთად დაყენებამ არ გაამართლა...

- ვფიქრობ, ალბანეთთან წაგების მიზეზი ოთხმცველიანი ტაქტიკა არ ყოფილა - ნახევარდაცვაში ძალიან დაგვაკლდა გიორგი ქოჩორაშვილი... არც მათ ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ ამდენი შემტევის დაყენებას ჯობდა სანიოლს ნახევარდაცვაში დაემატებინა ფეხბურთელი, რომელიც დაცვას დაეხმარებოდა. ალბანეთს რომ დავეჩაგრეთ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ვაჯობეთ, კარგად ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა, უბრალოდ, არ გაგვიმართლა!

- გასაგებია, რომ მოსაგებად ვთამაშობდით, მაგრამ მე შეცდომა მგონია ყველა შემტევის მოედანზე ერთდროულად გაყვანა - სანიოლმა სათადარიგოთა შორის "ვეღარ იპოვა" მოთამაშე, რომელიც შეტევას გააძლიერებდა!

- ამიტომ გვჭირდება თანაბარი დონის ბევრი ფეხბურთელი, აუცილებელია, ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება, რომ მწვრთნელს საქართველოს პირველობიდანაც მეტი მოთამაშის არჩევა შეეძლოს.

- გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის "დინამოდან" "ნიუკასლში" ვახტანგ სალიას გადასვლის ამბავი უკვე გადაწყვეტილია. ინგლისურ კლუბში სამი წელიწადი ითამაშეთ - სალიასთან დაკავშირებით თქვენც გკითხეს აზრი?

- კონკრეტულად ამ თემაზე არავინ დამკავშირებია. თუმცა დღეს უკვე აღარ არის პრობლემა ამა თუ იმ ფეხბურთელზე ინფორმაციისა თუ ვიდეომასალის მოპოვება. ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ქართველი ფეხბურთელების წარმატებულმა თამაშმა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გამოსვლამ ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი გააორმაგა და იმედია, სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებსაც მალე ვნახავთ ევროპის წამყვან კლუბებში.

- ახლა დასვენების რეჟიმში ხართ, მაგრამ გაქვთ შემოთავაზებები? ისევ ფიქრობთ რომელიმე ნაკრებთან მუშაობაზე თუ საკლუბო ფეხბურთი უფრო გიზიდავთ?

- ჯერ მხოლოდ თვე-ნახევარია, რაც კვიპროსის ნაკრებიდან წამოვედი და არსად მეჩქარება. რომელი მირჩევნია? მინიმუმ კიდევ რამდენიმე წელიწადი თავისუფლად შევძლებ საკლუბო დატვირთვის ატანას. ნაკრებში მუშაობა სამწვრთნელო კარიერის ბოლო წლებში უფრო უპრიანად მიმაჩნია. ასე რომ, თუ საინტერესო შემოთავაზება, ამბიციური კლუბის ვარიანტი იქნება, სიამოვნებით დავთანხმდები.

წაიკითხე ვრცლად: „წაგება ოთხმცველიანი ტაქტიკის ბრალი არ ყოფილა“