"დააკვირდით, თუ ვინმე წარმატებულს რაიმე შეეშალა, იქვე ჩაქოლავენ. თვითონ რომ ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში, სხვისი შურთ, ვერ იტანენ, ვერ ეგუებიან და ლან - კვირის პალიტრა

"დააკვირდით, თუ ვინმე წარმატებულს რაიმე შეეშალა, იქვე ჩაქოლავენ. თვითონ რომ ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში, სხვისი შურთ, ვერ იტანენ, ვერ ეგუებიან და ლანძღავენ... უსიყვარულობაა"

"ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, ეს არის დემოკრატიულობა. ყველა მანკიერება ურწმუნობიდან მოდის... თავისუფლებაა, როცა შენი თავის უფალი ხარ და შენი ვნებები კი არ გმართავენ, შენ მართავ მათ", - ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაზე გვესაუბრება, ერთმანეთის შეხედულებების უპატივცემულობაზე, შურზე, ბოროტებაზე, სიძულვილსა და მის გამომწვევ მიზეზშედეგობრიობაზე. იმედი აქვს, რომ სიყვარული და მეგობრობა მაინც გაიმარჯებს, ღვთის შეწევნით ქვეყანა წინ წავა და აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; მიაჩნია, რომ გმირობა თავგანწირვაა, გმირი თანამედროვეობაშიც ბევრი გვყავს და თავგანწირვის მაგალითად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მოჰყავს, რომელიც შადრევანში მეგობრების გადასარჩენად შევიდა და თავად დაიღუპა.

- როგორც ვხედავ, ადამიანები ერთმანეთის აზრს არ ითვალისწინებენ და პატივს­ არ სცემენ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ამაზე საუბრობენ, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი, როგორც მას სურს, ისე იფიქროს, ისე გადაწყვიტოს და მის აზრს პატივი უნდა სცე, რეალურად კი საპირისპიროდ იქცევიან. თუ ვინმე რამეში არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ ის ადამიანი მტერია, მისი მოსმენა არ უნდა და არ აინტერესებს, ის სხვა როგორ ფიქრობს. დემოკრატიულობა რა არის? ადამიანის არჩევანს პატივი უნდა სცე, თუნდაც არ მოგწონდეს, რადგან მას ისე სჯერა და შენ ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის.

mama-shalva-kekelia-1-1733120359.jpg

წარმოუდგენელი რამაა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ - განსხვავებული აზრის გამო ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ. პანდემიის დროსაც კი, ვაქცინის მომხრეები და ანტივაქსერები როგორ ლანძღავდნენ ერთმანეთს. საზოგადოება მაშინაც ორად გაიყო და ეს რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის ტრენდად იქცა. თვითონ ასე ფიქრობს და დამთავრდა, არ აინტერესებს, შენ რა მოსაზრება გაქვს. ყველაზე ცუდი ის არის, ამ შეხედულებების გამო, მეგობრები და დედმამიშვილებიც კი ერთმანეთს კარგავენ, ოჯახები ინგრევა. ადრე პატრიარქი ამბობდა, რომ ყველაზე საშინელი კატეგორიული აზროვნებაა, ანუ მხოლოდ მისი შეხედულებაა მართალი და სხვისი აზრი არ აინტერესებს. ეს თვისება სექტანტებს აქვთ. პირდაპირ იარლიყს გაკრავენ - შენ რუსეთუმე ხარ, შენ ბნელი ხარ და ა.შ.

- ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ პირად წარუმატებლობაზე ან სხვა რამეზე უგროვდებათ აგრესია და მერე სხვაზე ანთხევენ?

- მიზეზი პირადი მანკიერებებია, სულიერი თუ ოჯახური პრობლემები. წარმატებულ ადამიანს რომ დაინახავენ, ვერ ეგუებიან და ლანძღავენ, შური, უსიყვარულობაა. თუ ვინმე წარმატებულს რაიმე შეეშალა, იქვე ჩაქოლავენ. თვითონ რომ ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში, სხვისი შურთ, ვერ იტანენ. ზოგი ცხოველების მიმართ სიყვარულით გამოირჩევა, ადამიანს კი მიწასთან გაასწორებს. ცხოველიც ღვთის ქმნილებაა, მაგრამ ადამიანია უპირველესი,­ ღმერთმა თავის ხატად ადამიანი შექმნა. მთავარი პრობლემაც სწორედ იქიდან მოდის, რომ აგრესიულ ადამიანებს სულიერი აღზრდა აკლიათ. ხომ უფრო მარტივია სხვას გადააბრალო ყველაფერი და შენი თავი გაიმართლო? სხვა რომ ცუდად­ მომექცა, მეც იმიტომ მოვექეცი ასეო. არა, ასეთი ხარ, შენში იყო ეს ყველაფერი და იმიტომ მოიქეცი. როგორიც ხარ, იმას ავლენ.

mama-shalva-kekelia-3-1733121320.jpg

- ზოგჯერ ერთმანეთს უმალავენ კარგ ამბებსაც, წარმატებას, თვალი არ მეცესო.

- თვითონ რომ არის ეგეთი, სხვაზეც იმიტომ ფიქრობს ასე, სხვისი სიკეთე შურს და პირიქითაც იგივე ჰგონია. რა თვალი უნდა მეცეს, რის თვალი უნდა მეცეს?!

წაიკითხეთ სრულად - „თავისუფლება ღვთის ნების აღსრულებაა“