"გული მეგლიჯება! ასე თანაცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ", "მსოფლიო დაგვცინის. ხალხში ზიზღი დათესეს", "ძალიან დავიღალეთ უსამართლობით!" - ქუჩაში გასული პოლიტიკა და საპროტესტო ცუნამი
ოპოზიციურად თუ ანტიოპოზიციურად განწყობილი, აღშფოთებული ხელოვანები თავიანთ პროტესტსა და ემოციებს ჩვენთან საუბარში არ მალავენ და ორად გახლეჩილ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრებიან. მსახიობების ერთი ნაწილი აქციაზე დგას და რამდენიმე დღის წინ მათ სოცქსელში გაავრცელეს განცხადება "გავიფიცე", მეორე ნაწილმა კი მათი პათოსი არ გაიზიარა და წერდნენ, "დავიფიცეო"...
"გული მეგლიჯება! ყველგან ჩვენი მეგობრები არიან, თანაც ისეთი, ერთად რომ გავიზარდეთ"
ზუკა პაპუაშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი:
- ვისაც აქვს მიზეზი და მისი მტკიცებულება, დაამტკიცოს და გაიფიცოს, არ არის პრობლემა. ერთი კაცი არ არის თეატრი, კოლექტივია, დირექცია და უამრავი აზრია, ვიღაც რაღაცაში ეთანხმება, ვიღაც არა. იმ მიტინგებზეც უამრავი ადამიანი დგას, ვიღაც რადიკალია, ვიღაც არა. რუსთაველის თეატრის კარი რომ გაიღო, ხალხი შემოვიყვანეთ, სისხლს ვწმენდდით, ცხელ ჩაის, ყავას ვასმევდით, ვამშვიდებდით ამ პატარა ბავშვებს, სველი ტანსაცმელი ეცვათ, საგრიმიოროში დავუშრეთ. აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავით? ჩვენი შვილების ტოლები არიან. თუმცა ყველანაირ ქცევას ხომ არა აქვს გამართლება და საზღვარიც ხომ აქვს რაღაცას?
ერთიანობამდე უნდა მივიდეთ, თორემ ასე თანაცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, სცენაზე ვერ დავდგებით ერთად და კინოში ვერ ვითამაშებთ. როცა დაბნელდება, კაცმა არ იცის, რას ვუზამთ ერთმანეთს. ეს ჩემთვის მიუღებელია! პოლიტიკური შეხედულება აღარ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა. პოლიტიკა პირადულში გადავიდა და ამას როგორ უნდა მივესალმო? მე მყავს მეგობრები, რომლებიც აქციაზე დგანან, მე ვესროლო თოფი მათ და მათ შვილებს თუ იმათ ესროლონ ჩემსას? კითხვები ყველა მხარესთან მილიონ-მილიონი მაქვს! ამ ძალადობას არც ერთი მხრიდან არ ვეთანხმები! ბევრისგან განსხვავებით, ვუყურებ, რუსთაველზე რაც ხდება და არა ტელევიზორიდან აღქმულს. ზუსტად ვიცი, ვინ, როგორ, რანაირად, სად ისროლა და ვის ესროლა! რამდენი კენჭი და "დუბინკა" მოიქნიეს.
- თქვენი აზრით, ამ მთავრობას ევროპული კურსი აქვს აღებული თუ პრორუსული?
- ევროპული, უბრალოდ, იმ განცხადებით იმ შანტაჟის შეჩერება სურდათ, რაც გამუდმებით გვესმის. ამ შანტაჟში ვერ იცხოვრებ, ახლა მოგცემ ფულს, ხვალ არ მოგცემ, ზეგ თუ მომინდება, მოგცემ; იმას გავუხსნი მოლაპარაკებას, შენ არაო, არ გამოვა! აშშ ჩემი სტრატეგიული მეგობარი რომაა, რას ნიშნავს ეს? ერთი ვიზალიბერალიზაციაც არ გაკეთდა და ქართველები, როგორც გველები, ისე დაცოცავენ მექსიკიდან. ეს არის მეგობრობა?! ისეთ რაღაცებზე მიდის ვაჭრობა, რაც ქართველისთვის მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ პირადად მე, ზუკა პაპუაშვილი, ვარ ორთოდოქსი ქრისტიანი, კავკასიელი ქართველი, შემდეგ მოდის ყველა და ყველაფერი!
- რა არის თქვენთვის მიუღებელი?
- რაც სიბინძურეა, ყველაფერი. რაც კარგი, ფასეული და ღირებულია, კი ბატონო, გადმოიღე, მაგრამ ის რატომ გადმოგაქვს, რაც შენთვის მიუღებელია? შენი დნმ ვერ მიიღებს ვერანაირად. მართალია, ჩემი შვილი უკვე დიდი გოგონაა, მაგრამ მამა ვარ, ხომ? პირობითად, ჩვენს შვილებთან ვიღაც ენჯეოშნიკს, ქოუჩს რა საქმე აქვს, რომ სკოლიდან აქციაზე გაჰყავს, რაღაცებს ელაპარაკება და პლაკატებსა და სასტვენებს აჭერინებს ხელში? ჰკითხა მის მშობელს? ვინ მისცა უფლება? 7 წლის ბავშვი რომ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ეს აღარაფერში წერია, სიგიჟეა!
კონტინგენტს გადახედეთ. ზოგს რომ შეხედავ, ჯუნგლებიდან გამოვარდნილი გეგონება, დგას "ხლაპუშკით" და უბაგუნებს. ასეთი გინდ რუსთაველზე მდგარა, გინდ მანჰეტენზე, გინდ ბოსელთან. ჩემი ქალაქია და მტკივა, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ ვაპირებ სიკვდილს.
- თქვენ ადრინდელი რუსთაველიც გახსოვთ... ერთგვარი შედარება გავაკეთოთ მაშინდელი და ახლანდელი თბილისის...
- წყობიდანაა გამოსული მომიტინგეც და სამართალდამცავიც. წარმოიდგინეთ, სამართალდამცავი ორი საათი რომ იქ დგას და რაღაცებს ესვრიან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რას იზამს? ისიც ადამიანია, რობოტი არ არის. კითხვები ორივე მხარესაა - აქამდე რატომ მივედით?!
- "ოცნების" მომხრეები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ერთმანეთს ცუდი ეპითეტებით ამკობენ, სიძულვილი გაღვივდა. თქვენ რა რეაქცია გაქვთ, როცა ასეთ განწყობას უყურებთ ქუჩაში თუ სოციალურ ქსელში?
- გული მეგლიჯება! ყველგან ჩვენი მეგობრები არიან, თანაც ისეთი, ერთად რომ გავიზარდეთ. იცით, ყველაზე ცუდი რა არის? ძალიან პირადულად მიაყენეს ერთმანეთს შეურაცხყოფა... რაც ეს ამბები დაიწყო, ერთი პოსტი არ გამომიქვეყნებია, არ მინდა კიდევ ნავთი დავასხა ცეცხლზე. ისეთ რაღაცებს წერენ, კოშმარია! ხვალ-ზეგ რას აპირებს ეს ხალხი, არ ვიცი. ისეთი რუბიკონი, ისეთი წითელი ხაზები გადაილახა, რომ მეშინია, ვიღაც-ვიღაცებს პასუხი ცუდად არ მოსთხოვონ... რაც შეეხება გაფიცვა-გამოფიცვებს, ყველა თავის თეატრში გაიფიცოს და რუსთაველის თეატრს თავი დაანებონ.
"ძალიან დავიღალეთ უსამართლობით!"
ანა ამილახვარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი:
- ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, პროცესებს შორიდან უყურებს და მოგვიწოდებს, მშვიდობიანად დავდგეთ, გამოიარონ აქციაზე და ნახავენ, როგორ ესხმიან თავს მომიტინგეებს. გვპრესავენ, ის გაზი კი ისეთი მომაკვდინებელია, დიდი ხნის წინ მიძინებული ალერგია გამიმწვავა. ყველანაირ შეურაცხყოფას გვაყენებენ. ვინც წლებია მიცნობს, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და ვუყვარვარ, ჩემს კოლეგებს, როგორ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ მე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ვემხრობი და იმიტომ ვდგავარ აქციაზე?! ეს ყველაზე მეტად მწყინს. ამ დონის დაპირისპირებებამდე მივიდა ეს პროცესები და რით დამთავრდება, ვეღარ ვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ შეჩერება არ შეიძლება. რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა გქონდეს, მინიმუმ, სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო. ოთხი თვის წინ ერთი სამსახურიდან უკვე გამათავისუფლეს სიტყვის თავისუფლების გამო, არა, ძალადობას-მეთქი, რომ დავწერე. იმავე მიზეზით ვდგავარ ახლა ქუჩაში! სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენს პოზიციას. თავზე დაგვახიეს კონსტიტუციაც და სიტყვის თავისუფლებაც. უხერხულია, კიდევ ჩვენ რომ გვლანძღავენ! სასაკლაოა რუსთაველზე და მოსთხოვონ, რომ შეჩერდეს!
- ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში რაიმე დირექტივები, შეზღუდვები თუ გქონდათ?
- მანამდე არავითარი, რადგან მე დილის გასართობი გადაცემა მიმყავდა. განცხადება როცა დავწერე, არა, ძალადობას-მეთქი, დამიბარეს და სამსახურიდან რომ გამიშვეს, მაშინ მივხვდი, სად ვიყავი.
რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, 24 საათი ჩემს საქმეს ვემსახურები, რომ მე და ჩემმა შვილმა თავი გავიტანოთ. როგორ უნდა მოუბრუნდეს სიტყვა ჩემზე ვინმეს? ყოველთვის ვცდილობდი აპოლიტიკური ვყოფილიყავი და ისეთ ადგილას არ ჩამეყო ცხვირი, სადაც ჩემი საქმე არ იყო, დღეს კი ამის არანაირი შანსი აღარ დაგვიტოვეს. როგორც კი რამეზე პრეტენზია გაგიჩნდება, მოგიტრიალდებიან და, შენ რაღაც ძალიან პროვოკაციულად ხარ განწყობილიო. რას ნიშნავს ეს? მოქალაქე კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი, ესაა ევროპელობა და მე მინდა ევროპელი ვიყო! მე პოლიტიკურს კი არა, ადამიანურ პოზიციას გამოვხატავ. უნდა დაგმო ძალადობა და დაუპირისპირდე მოძალადეებს! წლებია მესმის, არ მოგწონს? მაშინ წადიო. რატომ უნდა წავიდე? ვერ ვაკეთებ ჩემს საქმეს სათანადოდ?
- თქვენი კოლეგები წერდნენ, გავიფიცეთო.
- ამ ეტაპზე სპექტაკლები ისედაც შეჩერებულია. რუსთაველის თეატრში სამი მსახიობი ვართ, ვისაც განსხვავებული განწყობა გვაქვს, ქუჩაში ვდგავართ და პროტესტს გამოვხატავთ. მე არავის გადავკიდებივარ იმის გამო, რომ 41 ნომერი შემოხაზა, მაგრამ თუ უყურებენ, რომ მჩაგრავენ, მირტყამენ, მიჭერენ და ამაზე ხმას არ ამოიღებენ, ეს უკვე ადამიანური დაპირისპირებაა. ზოგი რომ ამბობს, როგორ დააზიანეს სკამები, მინები როგორ ჩაამსხვრიესო და ა.შ., ნივთებს დასდევენ და ერთი წინადადება არ თქვეს, რომ მათი კოლეგები დაგლიჯეს და გაზი აყლაპვინეს. ზუსტად დამოუკიდებლობის ტოლი ვარ - 33 წლის, მას შემდეგ ვცდილობთ როგორმე შევძვრეთ ევროპაში, სხვა გზა არა გვაქვს, გვჭირდება კავშირები, რომ რუსეთისგან დავიცვათ თავი. თუ დღეს ვინმეს კიდევ სჯერა, რომ რუსეთთან კავშირი მომგებიანი იქნება, გონს მოვიდეს! ათასგვარი ყოფითი პრობლემა აქვს თითოეულ ჩვენგანს. კარგია მშვიდობა, მაგრამ მოქალაქეების სასიკეთოდ რატომ ვეღარასდროს მოეწყო ეს ქვეყანა?
- ოპოზიციონერი ლიდერებიდან ვინ არის თქვენთვის მისაღები?
- სიმართლე გითხრათ, არავის ვიცნობ. დააშავა ადრე? დაიჭირე, მიეცი პასუხისგებაში? რა გახდა, რომ მართლა დაესაჯათ? ასე მგონია, ამათ ერთმანეთი აწყობთ და ჩვენ ხმა ვერ ამოგვიღია. ხალხი მაგათი ვნებების მოსამსახურეებად გადაგვაქციეს. მსახიობები კურიერებად მუშაობენ, თავი რომ გადაირჩინონ, მერე თეატრში მიდიან და მთელ ენერგიას დებენ სპექტაკლში. ძალიან დავიღალეთ უსამართლობით!
"ჩემთვის მთავარია, "ქართული ოცნება" აღარ იყოს"
თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:
- "ქართულმა ოცნებამ" რომ დააანონსა, გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს გავანადგურებთ და მათ მომხრეებს დავერევითო, ეს არ იყო მინიშნება, რომ ზუსტად ის მოხდებოდა, რაც დღეს ხდება?! ამას დიქტატურა და ტირანია ჰქვია! ვინც ამხელა ტერორს ამართლებს, საქართველოს ამ ნაწილს რა უნდა ვუთხრა? რა თქმა უნდა, გაოგნებული ვარ და პროტესტი მაქვს. ჩვენ რომ ერთად დავმდგარიყავით, მთელი სამყარო დაინახავდა, რომ არ გვინდა რუსეთი. მე რომელიმე კონკრეტული ადამიანის კი არა, რეჟიმის წინააღმდეგი ვარ, რომელმაც ქვეყნის მართვა არასწორი გზით წაიყვანა. გახსოვთ, მიშა სააკაშვილსაც ოპოზიციაში ჩავუდექი, როცა მანაც შეცდომები დაუშვა. ამიტომაც ვდგავარ დღესაც ოპოზიციაში. ჩემს პირად კეთილდღეობას არ შეიძლება ქვეყანა გადავაყოლო.
ხედავთ, აქციებს უკვე ხალხი მართავს. ჩემთვის მთავარია, "ქართული ოცნება" აღარ იყოს, რომელიც უტიფრად მელაპარაკება და შავზე თეთრს მეუბნება. მერე უფრო გამოჩნდება გზა ხსნისა. მთელი მსოფლიო დაგვცინის. ხალხში ზიზღი დათესეს, ხმები მოგვპარეს, გაგვძარცვეს, ღირსება შეგვილახეს, დაგვცინიან. მაინც იმედი მაქვს, რომ გავერთიანდებით. მე 9 აპრილსაც ვიდექი რუსთაველზე და ყველაფერი კარგად მახსოვს. მაშინ აშკარად გვებრძოდა რუსეთი, ახლა შეფარულად. ჩვენ ქვეყანას ვემსახურებით, თორემ ოპოზიციურ პარტიებს რომ ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული, ეს ძალიან კარგად ვიცით და გგონიათ, ვერ ვხედავთ?
წაიკითხეთ სტატია სრულად - ქუჩაში გასული პოლიტიკა და საპროტესტო ცუნამი