"დავიღუპებით! ჩვენს მტერს უხარია, ასე დაპირისპირებულ ქართველებს რომ ხედავს!", "ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო", "სირცხვილია, როცა საკუთარ ხალხს ებრძვი"
როგორ ეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები:
კირა ანდრონიკაშვილი, მსახიობი:
- ქართველებმა კიდევ ერთხელ გავახარეთ მტრები! მე რუსეთუმეობას ვერავინ დამწამებს, რადგან ჩვენმა ოჯახმა საბჭოთა წყობის დროს დიდი ტანჯვა გამოიარა. რეპრესიები შეეხო ყველას - ჯორჯაძეებსაც და ანდრონიკაშვილებსაც. მამაჩემის დას, ულამაზეს კირა ანდრონიკაშვილს, ასტანის ბანაკში ვირთხებთან ერთად ეძინა. როცა ასეთი გამძვინვარებული მეზობელი გვყავს, რომელსაც შეუძლია გაგვანადგუროს, როგორმე ერთმანეთის გატანა უნდა შევძლოთ! ყველას, ვინც ამას ვერ ხვდება, მთელი გულით ვთხოვ დავით გურამიშვილის "ქართლის ჭირი" წაიკითხოს. ჩვენ ობოლი ერი ვართო, თქვა კიდევ ერთმა დიდმა მწერალმა - ჭაბუა ამირეჯიბმა. მათ სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენს სამშობლოს ნაკლებად დავაზიანებთ! მე არ მეგულება ნორმალური ქართველი, რომელსაც მოსწონს, რუსთაველის პროსპექტი ქართველების დაპირისპირების ადგილად რომ გადაიქცა.
ევროკავშირის წევრობას უკვე რამდენი წელია ველოდებით და უარს გვეუბნებიან. გავძლიერდებით და შევალთ ევროკავშირში, თუ მიგვიღებენ, რა თქმა უნდა... არც ის მესმის, რატომ იგონებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ან იმ ხალხს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას, ვინც ხმა "ოცნებას" მისცა.
რაც რუსთაველზე ხდება მოსაწონი არ არის, მაგრამ პოლიციელებმაც ხომ ბევრი რამ მოითმინეს. მე დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც ამ აქციებზე წრფელი გულითაა მისული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქვე, 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას? აქ რომ შემოვიდნენ, მორჩება ყველაფერი!
ყველას როდი უნდა საქართველო უფრო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა გახდეს?! სწორედ ამიტომ გვებრძვიან შინაური და გარეშე მტრები! სწორედ ჩვენს მტერს უხარია, ასე გაბოროტებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქართველებს რომ ხედავს! თუ ერთად არ ვიქნებით, დავიღუპებით! ვლოცავ საქართველოს და იმედს ვიტოვებ, რომ ღვთისმშობელი თავის კალთას გადმოგვაფარებს.
"საკუთარ ხალხთან დათმობაზე წასვლა სირცხვილი არ არის"
ანა ვასაძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი:
- არ მეგულება ქართველი, რომელსაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადება მოეწონა! ეს რას ნიშნავს? - იმას, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გავურბოდით - ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გავლენის გაძლიერებას! დღეს უკვე ნათელია, რომ რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ. ჩვენ უდიდესი საშიშროება გვემუქრება - რუსეთი! ამიტომ გვჭირდება ძლიერი მფარველი დასავლეთის სახით.
ხელისუფლება თავიდან თითქოს ცდილობდა ხალხის აზრი მოესმინა, მაგრამ ბოლო წლებში ისეთ მანიპულაციებზე გადავიდა, რომ მათი სიტყვა და ქმედება დაცინვას უფრო ჰგავს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას რიგითი მოქალაქეების აზრი არ აინტერესებს, რაც მასვე აზიანებს.
დღეს ჩვენთვის მთავარი ვიღაც პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის, მთავარია, საქართველო რუსულ ორბიტას მოშორდეს, რომ კანონს უფრო მეტი ძალა ჰქონდეს, უფრო სამართლიან, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებს, მხოლოდ ეს გვაინტერესებს და არა კონკრეტული პარტიები ან პოლიტიკოსები. ახლა ჩემთვის მთავარი ქართველი ხალხი და მისი მომავალია. ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა, რომ ეს ქვეყანა რუსეთისგან გათავისუფლებულიყო და ამხელა მსხვერპლმა ტყუილად არ უნდა ჩაიაროს.
ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს - ეს უმრავლესობის აზრია. საკუთარ ხალხთან დათმობაზე წასვლა სირცხვილი არ არის, სირცხვილი ისაა, როცა მას ებრძვი.
"ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო"
ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი:
- უკვე ყველა უკიდურესობა დაგვატყდა თავს: ევროატლანტიკური გზიდან და კონსტიტუციიდან გადახვევა, პუტინის მოლოცვა, აქციის მონაწილეებზე აღვირახსნილი ძალადობა, თავდასხმები ჟურნალისტებზე. ვნახეთ, როგორ ურტყამდნენ წიხლებს წაქცეულ ადამიანს - არაადამიანურობის საზარელი გამოვლინება! კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ თავისუფალმა, ამაყმა ხალხმა, გამარჯვებულმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყველამ ერთად, დაუძლეველი ეროვნული სულისკვეთებით მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა! როცა ამას მივაღწევთ, ჩავატაროთ ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები!
ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო, ამ გოგო-ბიჭების საქართველო, რომელსაც არ ეშინია არც წიწაკის სპრეიგარეული წყლის ჭავლის, არც ქიმიურნივთიერებიანი ცრემლსადენი გაზის, არც მოძალადეთა სისასტიკის. ეს არის სამოქალაქო ეროვნული იდეით და საუკუნეთა წიაღში დაბადებული ევროპული კულტურით შთაგონებული ქვეყანა, რომელმაც დაძლია ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა და იპოვა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ვფიქრობ, ეს ახალი საქართველო ცარიელ ადგილზე არ დაიბადა, და ისევ და ისევ 9 აპრილი მიდგება თვალწინ: როგორ წამოვიდა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავისუფლების მოედნიდან ტანკები, როგორ დაგვდევდნენ ის უცხო ტომის, შემზარავი, ჩაფხუტიანი და მუზარადიანი, ნიჩაბშემართული არსებები, როგორ იდგა ეს ე.წ. საბჭოთა ხალხი ამ საშინელი ძალის წინ და მღეროდა... როგორ შევაფარეთ თავი ქაშვეთის ეზოს და საბოლოოდ, როგორ გადაგვარჩინა ქართულმა მილიციამ (მაშინ ქართული მილიცია ხალხის მხარეს დადგა!)! წლების მერე კი იყო ის დიდი მომენტი: ევროსაბჭოს ფასადის წინ, გერმანიის და საფრანგეთის დროშებს შორის აღიმართა ქართული შინდისფერი დროშა. არასდროს დამავიწყდება, რა მღელვარებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს ზურა ჟვანია, რომელმაც მაშინ წარმოთქვა ეს უკვდავი ფრაზა: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი".
ხათუნა ჩიგოგიძე
სტატია სრულად წაიკითხეთ ბმულზე