"ხევსურეთში ჩავიდა "ამერიკელი ტურისტი", რომელიც სინამდვილეში უშიშროების აგენტი იყო" - ხევსურთა წერილი ამერიკას და საბედისწერო შეცდომა
ამერიკა კეთილდღეობის გარანტად ქართველმა საზოგადოებამ ბევრად ადრე აღიარა, ვიდრე ქართულმა პოლიტიკამ. ამისთვის შეგვიძლია ქართველი ოქროსმაძიებლები ან თუნდაც გურული ცხენოსნები გავიხსენოთ. ასევე ცნობილია, ხევსურთა ე.წ ამერიკული საქმე - 1936 წელს დაწერილი ხევსურთა წერილი ამერიკის მთავრობისადმი, რომელსაც რელიგიისა და კერძო საკუთრების დაცვაში დასახმარებლად, ბოლშევიკების განსადევნად მიმართეს. წერილში ეწერა:
"ბოლშევიკები გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრი ნალოგების გამორთმევა. მოდიან ხშირად, გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სულ არ დავიხოცებით მთელი ხევსურეთი, თანახმა არ ვიქნებით. მართალია, იარაღი კი არა გვაქვს, მაგრამ ხმლითა და ხანჯლით უნდა ვიომოთ მაგრად. ამერიკას გთხოვთ დიდი თხოვნით, ძლიერი სახელმწიფო ხართ მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწიეთ".
საბჭოთა დიქტატურისა თუ პროპაგანდის მიუხედავად, მთაშიც მშვენივრად იცნობდნენ ამერიკულ ღირებულებებს. თუმცა ხევსურებმა წერილის დაწერით მაინც საბედისწერო შეცდომა დაუშვეს: საბჭოთა იმპერიის ბოროტების მასშტაბი ვერ გაითვალისწინეს, რასაც შეეწირნენ კიდეც. ამ ხევსურთა შორის იყო დათვია ლიქოკელი - ხევსურეთის ეროვნული გმირი. დათვია ლიქოკელის შთამომავალი, გოგი ლიქოკელი, ათეული წლების განმავლობაში იცავდა ხევსურეთის საზღვარს რუსეთისაგან. ის ხევსურეთში, ბარისახოში ცხოვრობს, საიდანაც ე.წ. ამერიკული საქმის ფართო საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე მოგვითხრობს:
- ბატონო გოგი, თქვენ ბრძანდებით იმ ადამიანის შვილიშვილი, რომელიც დაუძინებლად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას და შეეწირა კიდეც, უფრო სწორად, ემსხვერპლა ე.წ. ამერიკულ საქმეს, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, სხვაზე მეტი იცით. საგულისხმოა, რომ ხევსურები საუკუნის წინ ირჩევდნენ ამერიკულ ორიენტაციას.
- ძლიერი სახელმწიფოს იმედი რომ უფრო უნდა გვქონდეს, ვიდრე ბოგანოსი, ეს რა გასაკვირია და ხევსურებისთვისაც ნათელი იყო. ამიტომაც დაიწერა ის წერილი, რომელმაც იმსხვერპლა კიდეც მისი შემდგენლები. ბედისწერაა, რომ თითქმის საუკუნის თავზეც იგივე თემა გვაქვს სამსჯელო. ერთ რამესაც დაბეჯითებით ვიტყვი: ჭკუათამყოფელი კაცი, რა თქმა უნდა, ძლიერს უნდა დაეყრდნოს, მაგრამ არა იმგვარად, როგორც ჩვენ - დახმარება გვინდა, საკუთარი თავის პატრონობა და შრომა კი არა. მუდამ ფოჩიანი კანფეტების შემყურე ვართ და შრომა გვიჭირს. სხვათა შორის, როდესაც ხევსურები ამერიკას დახმარებას სთხოვდნენ, იმას კი არ სწერდნენ, მხოლოდ დახმარება გვჭირდებაო, არამედ უთანხმდებოდნენ, თუ დაგვეხმარებით, თქვენთან ერთად ჩვენც ვიბრძოლებთო. მე თუ მკითხავთ, რაიმის იმედი გაქვსო? გიპასუხებთ, კი, მაქვს, იმიტომ, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, საქართველო საკუთარი შვილივით და ზოგჯერ იქნებ შვილზე მეტადაც გვიყვარს, როცა თავს ვწირავთ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ სად ვართ, სამშობლოში თუ სამშობლოს გარეთ, მასზე ფიქრი მუდამ დაგვდევს. ისიც ხომ ვიცით, რომ უმეტესობას სამშობლოს დატოვება სიკვდილივით გვიჭირს, მაგრამ ცხოვრება გვხდის იძულებულს.
პაპაჩემმა დათვიამ სულაც სიკვდილი არჩია სამშობლოს დატოვებას. პაპა ქაქუცას რაზმელი იყო, მის გვერდით ებრძოდა ვეებერთელა სახელმწიფოს, რომელიც სისხლში ახრჩობდა მოწინააღმდეგეებს. 1922 წელს ხევსურების აჯანყებასაც მეთაურობდა, რის გამოც ბოლშევიკები მოსაკლავად დასდევდნენ. ამიტომაც ეუბნებოდა ხალხი, საზღვარგარეთ გაგაპარებთ, წადი, თავი გადაირჩინეო. მაგრამ ვერ დატოვა ქვეყანა და ისე იცოცხლა, სულ ბოლშევიკების ნასროლ ტყვიას ელოდა, ვიდრე მართლაც არ ესროლეს და მოკლეს. პაპა 1936 წელს დაიჭირეს სწორედ ამერიკელებთან მიწერილი წერილის საქმეზე, 17 ხევსურთან ერთად აიყვანეს. დაპატიმრებული ხალხიდან 14 ჩვენი, ლიქოკელის გვარის იყო. მათგან არც ერთი არ გამოსულა ციხიდან ცოცხალი.
- ხევსურთა წერილი ეპოქალური აღმოჩნდა. მისი ასლი 2006 წელს სიმბოლურად გადაეცა ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. როგორ მოხდა, რომ ხევსურებმა მაშველს ამერიკაში დაუწყეს ძებნა, ან რატომ ჰქონდათ იმედი, რომ ამერიკა დაეხმარებოდა?
- მეორე მსოფლიო ომამდე, ვიდრე ამერიკასთან ურთიერთობას გაწყვეტდნენ, ბოლშევიკებს, ასე თუ ისე, კონტაქტები ჰქონდათ ამერიკასთან. მთაშიც ადიოდნენ ამერიკელი ტურისტები. ინფორმაციის და კონტაქტების სრული შეწყვეტა არავის შეუძლია, ვერც ბოლშევიკებმა შეძლეს, თანაც ამერიკიდან ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იწერებოდნენ გურულები, რომლებიც ამ წერილამდე მრავალი ათეული წლით ადრე გაემგზავრნენ ამერიკაში. ეს ხალხი წერილებში აღწერდა ამერიკის სიმდიდრესა და ძლიერებას და ცხადია, ეს ხევსურებმაც იცოდნენ. თანაც, ვნახოთ, უპირველესად რას ითხოვდნენ ხევსურები წერილში - ამერიკელებს სთხოვდნენ კერძო საკუთრების დაცვაში დაგვეხმარეთ, ბოლშევიკები მიწას გვართმევენ, კერძო საკუთრებას ანადგურებენო - ანუ ერთ-ერთი მთავარი ამერიკული ღირებულების, კერძო საკუთრების დაცვას ითხოვდნენ, რაზეც საერთოდ იდგა ამერიკა. ჰპირდებოდნენ, თუ მოგვეშველებით, ჩვენც ტყუილად კი არ ვიქნებით, ვიომებთო.
- წერილი ვისი ინიციატივითაც დაიწერა? ალბათ იცოდნენ, რამდენად სახიფათო საქმეს აკეთებდნენ.
- იცოდნენ და ფრთხილობდნენ კიდეც. ამ ამბის მოთავე ღერანა ლიქოკელი იყო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი. მან მშვენივრად იცოდა ინგლისური ენა, თარგმნიდა ქართულად და პირიქით. სწორედ ის თარჯიმნობდა ხევსურეთში ჩასულ ვინმე "ამერიკელ ტურისტს", რომელიც ხევსურებს წერილის ამერიკაში ჩატანას დაჰპირდა. ის კაცი სინამდვილეში საბჭოთა უშიშროების გამომძიებელი იყო, რომელმაც მზაკვრულად შეასრულა ბოლშევიკების გეგმა და სახელმწიფოს მოწინააღმდეგე ხევსურები გამოააშკარავა. ეს იყო ინგლისურის ბრწყინვალედ მცოდნე საბჭოთა გამომძიებელი, რომელიც ქალთან ერთად ჩავიდა ხევსურეთში და იქ სახელმწიფოს მოწინააღმდეგეების გამოაშკარავებამდე დარჩა.