"სამწუხაროდ, ამის საფრთხე არსებობს": ტრამპის "ქართული გეგმები" - რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს "დიდმა დონალდმა" საქართველოსთან დაკავშირებით?!
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ თენგიზ ფხალაძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 27 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.
- მოგეხსენებათ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც ესწრებოდნენ ტრამპის ინაუგურაციას, რის შემდეგაც ზურაბიშვილი საფრანგეთში ჩაფრინდა და ემანუელ მაკრონს შეხვდა. მან ამ ვიზიტისას ინტერვიუ მისცა "ფრანს 24"-ს, რომლის დროსაც შტატების ინტერესებზე ილაპარაკა და განაცხადა: "დონალდ ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი ძლიერი ამერიკა იყო. ის ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს, მაგრამ რამდენად ძლიერია ამერიკა, თუ 3,7-მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ მიბრუნდეს? რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება? ასე რომ, სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს"...
- ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ძალიან საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, ამერიკის ინტერესებს ყოველთვის უპირველეს ადგილას დავაყენებო. შავი ზღვის რეგიონი გეოგრაფიულად შეიძლება შორს არის შტატებიდან, მაგრამ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ცდილობს შავი ზღვა პარტნიორობის შესაძლებლობა კი არ იყოს, არამედ ერთგვარი წყალგამყოფი, რომელზეც ახალი რკინის ფარდა დაეშვება და კრემლი, ასე ვთქვათ, თავისი გავლენის სფეროებს მოიზომავს, რისი დაშვებაც პრინციპულად მიუღებელია ამერიკისთვის. დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გაძლიერება ნიშნავს მომავალში დიდ საფრთხეს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო უარესი შედეგები მოიტანოს, რადგან შავი ზღვის რეგიონს გავლენა აქვს ევროპაზეც, აზიაზეც და ახლო აღმოსავლეთზეც...
გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამბიცია, რომ მისი პოზიციები უფრო გაძლიერდეს მსოფლიოში, ის აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას შავი ზღვის უსაფრთხოების თემებს, - სწორედ ამას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც.
თუმცა მნიშვნელოვანი იქნება, რეგიონის სახელმწიფოები რამდენად აქტიურები იქნებიან და რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ იმისთვის, რომ უსაფრთხოების ეს მყიფე გარემო, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, და რომელსაც ყოველდღიურად აფეთქებს რუსეთი, დასტაბილურდეს და რუსეთის გავლენა შემცირდეს.
- არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ ტრამპის სიხისტიდან გამომდინარე, მან საქართველოს შესახებ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები მიიღოს და ქვეყანას უმკაცრესი სანქციები დაუწესდეს.
- სამწუხაროდ, ამის საფრთხე არსებობს. მართალია, საქართველო ტრამპის დღის წესრიგში პირველი არ არის, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა შესაძლოა განაპირობოს ჩვენი საკითხის წამოწევა. ერთი არის რეგიონული კონტექსტი, უკვე ვილაპარაკეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, რომელსაც უკავშირდება უსაფრთხოების თემა, უკრაინის ომი, რომელიც ბევრ რამეზე ახდენს გავლენას და ა.შ.; მეორე არის ინტერესი იმ შუა დერეფნის მიმართ, რომელზეც საკუთარი გავლენის გაზრდას ცდილობენ რუსეთიც და ჩინეთიც. აქედან გამომდინარე, იმ ნაბიჯებმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ირანის, ჩინეთის თუ რუსეთისკენ, შესაძლოა განაპირობოს საქართველოს საკითხის აქტუალიზება ტრამპის ადმინისტრაციაში. კიდევ ერთი საკითხია საქართველოში მიმდინარე პროცესები. რაც არ უნდა ილაპარაკოს "ქართულმა ოცნებამ", ამერიკისთვის დემოკრატია ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია... როგორც უკვე ვთქვი, აშშ-ის პოლიტიკა არასდროს არის ერთი პირის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, იქ დიდი როლი აქვს გუნდს. ის პროცესი, რაც ახლა მიდის კონგრესსა და სენატში საქართველოს საკითხზე, თან პროცესი ისეთი ძლიერი პოზიციების მქონე რესპუბლიკელებს მიჰყავთ, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში. გარდა ამისა, იქ არიან ადამიანები, რომლებმაც იმაზე კარგად იციან ქართული რეალობა, ვიდრე თბილისში ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. ასეთია მარკო რუბიო, ასევე ტრამპის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ლაპარაკობდა "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასე რომ, რთული მოცემულობა აქვს "ქართულ ოცნებას". იმ შემთხვევაში, თუ ის ძველებურად გააგრძელებს მოქმედებას, ახალი ადმინისტრაციის რეაქცია იქნება უფრო მძიმე და ხისტი, ვიდრე ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციისას, რომელიც უფრო მეტ სივრცეს ტოვებდა მოლაპარაკებისთვის. ტრამპი გაცილებით მტკიცედ და მკაფიოდ მოქმედებს. შეხედეთ, როგორი განაცხადი გააკეთა რუსეთზე, თუ არ დამთანხმდებით ომის დასრულებას, მაშინ მე გადავდგამ ისეთ ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება თქვენთვისო. პირდაპირ ილაპარაკა ნავთობის ფასის დაწევაზე, უკრაინისთვის გაყინული აქტივების გადაცემაზე და ა.შ. თუ ის რუსეთთან არ ერიდება ასეთ განცხადებებს, რატომ მოერიდება ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას"?!
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, არამედ ქვეყანაც მოექცა მძიმე სანქციების ქვეშ, რა ელის საქართველოს?
- ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელისუფლებაში იმ ძალის ყოფნა, რომელთანაც პარტნიორებს ურთიერთობა არა აქვთ, უკვე პრობლემურია, მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლის რესურსებიც ძალიან შეზღუდულია, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოებისაც. როდესაც ვართ ამ უზარმაზარი გამოწვევებით სავსე რეგიონში, სადაც არსებული საფრთხეები ჩვენს ძალას აღემატება, უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიც ამერიკა და ევროკავშირია. გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, იმავე ჩინეთისთვის, საქართველო საინტერესო იყო, რადგან მას ჰქონდა დასავლური ინსტიტუტების დიდი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად. თუკი აღმოჩნდება, რომ ეს მხარდაჭერა ჩანაცვლდება სანქციებით, მაშინ ჩვენ ვერც იმის იმედად ვიქნებით, რომ დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობას რამენაირად დააბალანსებს "ქართული ოცნება" სხვასთან ურთიერთობით... ეს პირდაპირ დაგვაყენებს იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია რუსეთის პირისპირ დარჩენა. რა მოელის ასეთ შემთხვევაში საქართველოს, არა მგონია, არ გვესმოდეს. ამიტომაც არის ასეთი საშიში ეს კრიზისი და ის ნაბიჯები, რასაც "ქართული ოცნება" ჩვენი სახელმწიფოს დასუსტებისკენ დგამს.