რას სთავაზობდა სააკაშვილის პუტინს და წერილი მედვედევს თბილისიდან - "პუტინს ვუთხარი, რომ მზად ვართ ვთქვათ უარი ნატოზე და ამერიკასთან წინ წასულ ურთი - კვირის პალიტრა

რას სთავაზობდა სააკაშვილი პუტინს და წერილი მედვედევს თბილისიდან - "პუტინს ვუთხარი, რომ მზად ვართ ვთქვათ უარი ნატოზე და ამერიკაზე, თუ თქვენ..."

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიებს განიხილავენ. საინტერესო იყო საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მისვლა. ერთ-ერთი საკითხი შეეხო შემდეგ თემას - ამბობდა თუ არა სააკაშვილის ნატოში გაწევრიანებაზე უარს, თუ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხში რუსეთთან დალაგდებოდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი განცხადება აქვს გაკეთებული.

გთავაზობთ "კვირის პალიტრაში" 2024 წლის 13 მაისს გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც სწორედ ამ ეპიზოდზეა საუბარი.

წერილი მედვედევს ანუ რას სთავაზობდა სააკაშვილი პუტინს

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ახალი ხელისუფლება ავითარებდა ნარატივს, რომ თითქოს თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში მთავარი პრობლემა შევარდნაძე იყო. აქაოდა, შევარდნაძეს რუსები იმდენჯერ ჰყავს "გადაგდებული", მას აღარ ენდობოდნენო. სააკაშვილის ხელისუფლებას­ პუტინთან "დალაგების" იმედი, სავარაუდოდ, "აჭარის რევოლუციამ" გაუმყარა, როდესაც აჭარაში იმ დროს მყოფი რუსული სამხედრო ბაზა არ ჩაერია დაპირისპირებაში და ასლან აბაშიძე რუსული თვითმფრინავით მოსკოვში გაამგზავრეს. "პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს", - ამბობდა მაშინ სააკაშვილი გაზეთ "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

2008 წლის გაზაფხულზე რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა სკანდალური მასალა, რომლის მიხედვით, ქართულმა მხარემ მოსკოვს ნატოში გაწევრებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაბრუნება­ მოსთხოვა

.­ წერილის მიხედვით, თბილისი რუსეთს, ფაქტობრივად, აფხაზეთის ორად გაყოფას სთავაზობდა - ოჩამჩირესა­ და გალს ქართველები აკონტროლებდნენ, კოდორის იქით ტერიტორიას კი დე ფაქტო რუსები.

სააკაშვილის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო "კომერსანტში" გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ...

სააკაშვილმა 2013 წელს "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აპრილში მან წერილი მისწერა პუტინს, რომელიც მაშინ რუსეთის პრემიერი იყო (თუმცა რეალური მმართველი რომ პუტინი იყო, ეჭვი არავის ეპარებოდა).

"ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ ვთქვათ ნატოზე უარი, ჩვენ ხელშეკრულებით­ ვართ მზად, ვთქვათ უარი ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ, თავის მხრივ, დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ.

ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით, რაც ნიშნავდა, ტერიტორიებს ისედაც წაგართმევთო", - აცხადებდა სააკაშვილი 2013 წელს.

სააკაშვილის თქმით, 2008 წლის მაისში მან წერილი უკვე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს მისწერა.

"მივწერე, რომ ვიცი, გაქვთ ინტერესები კურორტებზე, ბაზებზე.… ჩვენ ლტოლვილები­ ვერ შეგვყავს, გადაინაცვლეთ კოდორის ჩრდილოეთით და შევიყვანოთ ლტოლვილები, სანაცვლოდ, დაგიკანონებთ სოხუმის აეროპორტით, რკინიგზით სარგებლობას, დაგიკანონებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ.

პრაქტიკულად ყველაფერს გაგიკეთებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ ომი... ომი არ მიხსენებია, მაგრამ რაც შეიძლება მოვიფიქრო, თუ მათ მართლა ომი არ უნდათ, ყველაფერი მივცეთ და დაწყნარდნენ. ბევრმა უცხოელმა თქვა მაშინ, პრაქტიკულად, ამით აფხაზეთის გაყოფას სთავაზობთო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო აფხაზეთის გაყოფა, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი ჩვენი რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გრძელვადიანად მათ ინტერესებს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში".

მხოლოდ შეგახსენებთ - როდესაც სააკაშვილი წერილებს სწერდა პუტინსა და მედვედევს და ნატოზე უარის თქმას ჰპირდებოდა, საქართველოში უკვე ჩატარებული იყო პლებისციტი (2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად), რომლის თანახმად, ამომრჩეველთა­ 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრებას.

შევარდნაძის არ იყოს, მეტი რაღა უნდა შეეთავაზებინა სააკაშვილს რუსეთისთვის? ფაქტობრივად, ყველაფერს უკანონებდა, რასაც პუტინი ხელს დაადებდა, თუმცა... რამდენიმე თვეში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

წაიკითხე ვრცლად

TOP.GE