"იმ დღეს სახლიდან გამოვიპარეთ, სანაპიროზე უნდა ავსულიყავით. ქუჩაში ტოტი ვიპოვეთ და მას გადავახვიეთ შავი ნაჭერი" - 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია - კვირის პალიტრა

"იმ დღეს სახლიდან გამოვიპარეთ, სანაპიროზე უნდა ავსულიყავით. ქუჩაში ტოტი ვიპოვეთ და მას გადავახვიეთ შავი ნაჭერი" - 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია

18 წლის ნანა მახარაძე 1989 წელს მთელმა საქართველომ იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოთი გაიცნო - ცნობილი კადრია, ახალგაზრდა ქალი შავი დროშით - ფოტო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. ეს სურათი ტრაგედიის მეორე დღეს ფოტოგრაფს ვაკის პარკთან გადაუღია. 9 აპრილიდან მოყოლებული ყველა ფიქრობდა, რომ ამ ფოტოზე გოგონას ხელში დროშა ეჭირა. სინამდვილეში კი ის ხის ტოტზე შემოხვეული შავი ნაჭერი იყო. 18 წლის გოგონა მაშინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ნანა მახარაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში 9 აპრილსა და ცნობილ ფოტოზე საუბრობს:

"მაშინ ფიზიკის ფაკულტეტზე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ყოველდღე, ლექციების შემდეგ, მეგობრებთან ერთად აქციაზე დავდიოდი, მერე ლექციებსაც ვაცდენდით. ეს ფოტო, ალბათ, არის იმ დიდი მრისხანების და პროტესტის გამოხატულება, რომელიც მაშინ ყველა ქართველს ჰქონდა. 9 აპრილი ტკივილით და სიყვარულით სავსე უდიდესი დღეა. ქვეყანას დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოუტანა. რა უნდა იყოს ამაზე მეტი, ვიდრე ადამიანისთვის თავისუფლება და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობაა. მომიტინგეების დარბევის ღამეს მე და ჩემი ბიძაშვილი გოგონა ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა ძალით წაგვიყვანეს სახლში. იმ ცნობილ ფოტოზე რომ ჩანს მანქანაში სათვალიანი გოგონა, ჩემი ბიძაშვილია. იმ დღეს სახლიდან გამოვიპარეთ, სანაპიროზე უნდა ავსულიყავით. ქუჩაში ტოტი ვიპოვეთ და მას გადავახვიეთ შავი ნაჭერი. ამ დროშით მივდიოდით და სწორედ ამ დროს შეგვხვდნენ მანქანით ეს ბიჭები. გვითხრეს, ძალიან საშიშია და ჩვენთან ერთად წამოდითო. ასე აღმოვჩნდით მე და ჩემი ბიძაშვილი იმ მანქანაში. მერე სპონტანურად მოხდა ყველაფერი, მანქანა მანქანას აედევნა და დიდი კოლონა შეიკრა. როგორც მეჩითოვი ამბობს, დაინახა კოლონა და ეს კადრი დაიჭირა.

ეს ფოტო ჩემთვისაც, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, სიმბოლურია რომ ამბობენ, ეს გმირი გოგონაო, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს - ამ ფოტოზე შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი გოგონა, ნებისმიერი ბიჭი, ვინც იმ დროს პროტესტს გამოხატავდა, იყო საშინლად გაბრაზებული იმით, რაც მის ქვეყანაში ხდებოდა. მის ქვეყანაში დახოცეს ადამიანები, მის ქვეყანას ართმევდნენ, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მომავალს. როცა იაზრებ, რომ ისტორიას რჩები როგორც სახე, ნამდვილად საამაყოა. პირველად ეს ფოტო გაზეთში დაიბეჭდა. თბილისში ბიძასთან ვცხოვრობდი. მეზობლად ჟურნალისტ გოგონებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები და მითხრეს, შენი ფოტო დაიბეჭდაო - ასე აღმოვაჩინე ეს კადრიც.

წაიკითხეთ ასევე: "11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი!“