"სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, საქართველოში აღარც შემოუშვან" - ვახტანგ ძაბირაძის სკანდალური პროგნოზი: როგორ დასრულდება 7-თვიანი პოლიტიკური კრიზისი?! - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, საქართველოში აღარც შემოუშვან" - ვახტანგ ძაბირაძის სკანდალური პროგნოზი: როგორ დასრულდება 7-თვიანი პოლიტიკური კრიზისი?!

თავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.

ა ხელისუფლება ცდილობს რაღაცები გააკეთოს საპროტესტო მოძრაობოს ჩასახშობად, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც მიაღწიოს, რომ რუსთაველიდან რამენაირად ალაგმოს. ოპოზიცია კი ცდილობს, გარე ფაქტორების გამოყენებით აიძულოს ხელისუფლება, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ გარდამტეხ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს.

ფაქტობრივად, ნერვების ომია, მაგრამ გამრღვევი სვლის გაკეთება ამ ეტაპზე, მგონი, არც ერთ მათგანს არ შეუძლია. ამიტომაც ეს სიტუაცია, ალბათ, ერთხანს გაგრძელდება. შემდეგ ვნახოთ, პროცესები რას მოიტანს.

ბევრი რამ საგარეო ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად გაძლიერდება ზეწოლა ხელისუფლებაზე ან როგორი იქნება დასავლეთის, კერძოდ, ამერიკის რეაქცია, რა ვითარება შეიქმნება უკრაინაში.

დღეს ჩვენს საზოგადოებაზე რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. ეს არის სანქციები,­ ოპო­ზიციური ანუ შიდაპოლიტ­იკური და გარე ფაქტორები. გარე ფაქტორებია­ სწო­რედ­­ რუსეთ-უკრაინის ომი და ამერიკის­ გადაწყვეტილებები.­ ყველა ვხედავთ,­ რომ ტრამპი რაღაც გადაწყვეტი­ლებებს იღებს, მაგრამ ამას ჩვენთვის რეალური შედეგები არ მოაქვს, თუნდაც ეკონომიკურად, მაგ­რამ თავისთავად ესეც მუშაობს. ვერ გეტყვით, რომ რომელიმე მხარეს აქვს პლუსი. ცხადია, ასე ვერ გაგრძელდება და, ალბათ, დაახლოებით ერთ თვეში მაინც გამოიკვეთება რაღაცები და შემდეგ უნდა დაველოდოთ, რას მოიტანს ეს პროცესი.

- სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა აქ არსებულ პრობლემებსა და საფრთხეებზე და თქვა, რომ "ევროკავშირისგან პასუხი მეტისმეტად ჩუმია". რას ველით ევროკავშირისგან, რისი გაკეთება შეუძლია, რომ აქ ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს?

- ევროპა, როგორც წესი, ჩამორჩება­ ხოლმე გადაწყვეტილების მიღების ტემპით. ახლა გააქტიურდა ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის და პროცედურულად უფრო მარტივად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ევროკავშირს, სადაც ერთი კი არა, ბევრი სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას­. ამიტომაც საყვედურობს ზურაბიშვილი ევროპას, რომ გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებაა აუცილებელი. რამდენად მიაღწევს ამას, არ ვიცი, ევროკავშირი ერთგვაროვანი ხომ არაა, ბოლოს და ბოლოს, იქ უნგრეთის პრობლემაა და ა.შ.

- "ოცნებაზე" სანქციები მუშაობს, რა ჩანს მათი განცხადებებიდან?

- "ქართული ოცნება" რასაც ამბობს,­ გასაგებია, სხვა სათქმელი, უბრალოდ, არა აქვს. თუმცა კობახიძის ბოლო განცხადებები, რომ ბრიტანეთი ვერ იქცევა დემოკრატიულად, ნიშნავს, რომ მათ, მინიმუმ, დისკომფორტი აქვთ. სანქციებს­ ნელ-ნელა აუცილებლად ექნება მნიშვნელოვანი შედეგი.

ამიტომაც ახლა გაძლებაზეა მთელი პოლიტიკური სპექტრი. გაუძლებს ამ ვითარებას? მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება. თუ ვერ გაუძლებს და ვერ მოახერხებს უფრო აქტიურ ფაზაში გადა­ყვანას, მაშინ "ოცნებას" უკვე უპირატესობა ექნება და ეს სადამდე მივა, კაცმა არ იცის.

თუმცა მთავარი ის არის, რომ ოპოზიციური საზოგადოება ქუჩაში იქნება­ თუ, როგორც ამბობენ, "სამზარეულოში­ გადაინაცვლებს", მაინც ოპოზიციური დარჩება. რესურსი იმისა, რომ "ოცნებამ"­ ეს ხალხი თავისკენ შეატრიალოს, ნულის ტოლია. "ოცნებამ" რაც არ უნდა გააკეთოს, ამას ვერ შეძლებს. შესაბამისად, მას ორი ვარიანტი რჩება: ან წავა იმ გზით, რომ დაპირისპირება შეიძლება საბოლოოდ­ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს. აი, ეს ორი ფაქტორია.­ ჯერჯერობით, თუ ოპოზიციური საზ­ოგადოება გააგრძელებს­ ქუჩაში პროტესტს, დიდია ალბათობა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ხელისუფლება­ მართლაც დათანხმდეს რიგ­გარეშე არჩევნებს, მაგრამ თუ პროტესტი სამზარეულოში გადა­ინაცვლებს, მაშინ­ არის ალბათობა­ იმისა, ეს პროტესტი ოდესმე რაღაც ფაქტორის გამო (სულ არ არის აუცილ­ებელი პოლიტი­კური იყოს) ქუჩაში გადმოიღვაროს და მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება.

უნდა ვეცადოთ, რომ პროტესტი გაგრძელდეს­ და მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე ცესკოს სხვა შემადგენლობითა­ და სხვა ფაქტორებით.

- კახი კახიშვილმა, რომელიც "ოცნების" წარმომადგენელია, თქვა, რომ მისი პირადი მოსაზრებით, რიგგარეშე არჩევნები 2026 წელს იქნება და ვარაუდობს, რომ ივანიშვილი ახალი ოპოზიციის გაჩენის დაპირებასაც შეასრულებს.

- ივანიშვილმა რამდენიც არ უნდა გაყოს თავისი მომხრეები, მისი შექმნილი ოპოზიცია ვერ გაამართლებს. თეორიულად შეიძლება თქვა, რომ ბიძინა შექმნის ახალ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებზე ხმებს მიიღებს, მაგრამ არ გამოუვა. ივანი­შვილის რეიტინგი დღეს საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ მან რაღაც რესურსი გამოძებნოს და ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ძალა გააჩინოს. არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაც არაპირდაპირი გავლენები ჰქონდეს ივანიშვილს. თუმცა ის, რომ აშკარად გაემიჯნოს "ქართულ ოცნებას", ოპოზიციაში გადავიდეს და რამე წარმატებას მიაღწიოს, გამორიცხულია.

- რიგგარეშე არჩევნების 2026 წელს ჩატარება რეალური გგონიათ?

- ვადამდელი არჩევნები აუცილებლად­ დაინიშნება, თუ ოპოზიცია სწორად იმოქმედებს. ჩემი აზრით, ზურაბიშვილმა მეტი უნდა აიღოს თავის თავზე. გასაგებია, რომ დღეს ის შეუცვლელია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს არ კმარა ვითარებაში გარღვევის მოსახდენად.

საშინაო ფაქტორზეც უფრო კატეგორიული უნდა იყოს. დღეს საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, ზურაბიშვილს მრჩეველთა რა გუნდი ჰყავს, რას ურჩევენ, რატომ არის ლაპარაკი სულ ამ ოთხ პარტიაზე, რატომ ხდება იგნორირება იმ საზოგადოებრივი ჯგუფებისა, რომლებიც რუსთაველზე დგანან და რამდენად აქვთ მათ იმის რესურსი, რომ უფრო გააქტიურდნენ, და ხომ არ არის აუცილებელი ამ პროტესტში უფრო მკვეთრი პოზიცია დაიკავოს ზურაბიშვილმა?­ არა ისეთი, როგორიც "ქარტია" თუ წინააღმდეგობის მოძრაობა იყო, არამედ უფრო აქტიური უშუალოდ საპროტესტო მოძრაობაში, რადგან დღეს თუ ვინმეს შეუძლია პროტესტის წინამძღოლობა, ჯერჯერობით სწორედ ის არის. ჩემი აზრით, რატომღაც ამისგან თავს იკავებს. ან ფორმას ვერ ნახულობს, ან მრჩევლები ცოტა სხვაგვარად უყურებენ სიტუაციას­. ფაქტი ერთია, ვერ ხერხდება საპროტესტო მოძრაობის კოორდინირება, რბილად რომ ვთქვათ, აღარაფერს ვამბობ, ხელმძღვანელობაზე.

- "ოცნება" გადასულია რადიკალურ ზომებზე და იქამდეც კი მივიდა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აპირებს. თქვენ რას ფიქრობთ, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს?

- "ქართული ოცნება" საკანონმდებ­ლო­­ ბაზას სულ უფრო და უფრო რეპ­რეს­იულს ხდის, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ აგენტების შესახებ კანონი,­ რომელიც შარშან არასამთავრობო ორგა­ნიზაციების­ წინააღმდეგ მიიღეს, ფაქტობ­რივად, ვერ აამუშავა. ერთია კანონის მიღება და მეორე­ - მისი იმპლემენტაცია ანუ ამოქმე­დება. კი ამბობენ, რომ "ნაც­მოძრაობას" გავაუქმებთო და დავუშვათ, გააუქმეს, მათ ელექტორატს რას უზამენ, მათაც ხომ ვერ გააუქმებენ? სხვათა შორის, დიდი ხანია ვამბობთ მეც და სხვებიც, რომ პოლიტიკური სპექტრი გასაახლებელია და ამაში "ქართული ოცნება" თუ დაგვეხმარება, არ იქნება ცუდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, როგორც ამბობენ, ივანიშვილი შექმნის ოპოზიციას და ეს ხალხი იქით წავაო. არ წავა იქით. შეიქმნება სხვა პოლიტიკური ძალები და ეს ხალხი იქ წავა. ამიტომ პროტესტში სალომე ზურაბიშვილის როლი გასააქტიურე­ბელია, რათა პროტესტს მისცეს ცოტა სხვა ფორმა. თუმცა, თუ დაინახეს, რომ ეს ხდება და სალომე ზურაბიშვილი ისედაც თვალში ეჩხირებათ თუნდაც მისი საგარეო აქტიურობის გამო, არ გამოვრიცხავ, ქვეყანაში აღარც შემოუშვან. მაგრამ ეს იქნება ძალიან რადიკალური ნაბიჯი, ნიშანი იმისა, რომ დასავლეთთან სრულ კონფრონტაციაზე მიდიან, და, ალბათ, იმ მეორე ვარიანტის დასაწყისი, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება ჰქვია.

საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია და არა აქვს იმის რესურსი, რომ ავტორიტარული სისტემა ბოლომდე ჩამოაყალიბოს, თუ სხვა ქვეყნის ჯარი არ დაგეხმარა. მაგრამ აქ თუ რუსის ჯარს შემოიყვანენ, მაშინ აღმოვჩნდებით ისევ იმ ვითარებაში, რაშიც ვიყავით 1801 თუ 1921 წელს.

ვიმეორებ - სხვა შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" აქვს ორი არჩევანი: დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და შეინარჩუნოს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ან წავიდეს სამოქალაქო დაპირისპირების გზით, რაც მათთვისაც კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება და ქვეყნისთვისაც.

წაიკითხე ვრცლად