ჩატარდება თუ არა საქართველოში 2026 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები?!
გთავაზობთ ეპიზოდს ვახტანგ ძაბირაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ინტერვიუების ეპიზოდს. ექსპერტები განიხილავენ საკითხს - რამდენად რეალურია საქართველოში 2026 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა.
ვახტან ძაბირაძე:
- ივანიშვილმა რამდენიც არ უნდა გაყოს თავისი მომხრეები, მისი შექმნილი ოპოზიცია ვერ გაამართლებს. თეორიულად შეიძლება თქვა, რომ ბიძინა შექმნის ახალ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებზე ხმებს მიიღებს, მაგრამ არ გამოუვა. ივანიშვილის რეიტინგი დღეს საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ მან რაღაც რესურსი გამოძებნოს და ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ძალა გააჩინოს. არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაც არაპირდაპირი გავლენები ჰქონდეს ივანიშვილს. თუმცა ის, რომ აშკარად გაემიჯნოს "ქართულ ოცნებას", ოპოზიციაში გადავიდეს და რამე წარმატებას მიაღწიოს, გამორიცხულია.
- რიგგარეშე არჩევნების 2026 წელს ჩატარება რეალური გგონიათ?
- ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, თუ ოპოზიცია სწორად იმოქმედებს. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა მეტი უნდა აიღოს თავის თავზე. გასაგებია, რომ დღეს ის შეუცვლელია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს არ კმარა ვითარებაში გარღვევის მოსახდენად.
საშინაო ფაქტორზეც უფრო კატეგორიული უნდა იყოს. დღეს საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, ზურაბიშვილს მრჩეველთა რა გუნდი ჰყავს, რას ურჩევენ, რატომ არის ლაპარაკი სულ ამ ოთხ პარტიაზე, რატომ ხდება იგნორირება იმ საზოგადოებრივი ჯგუფებისა, რომლებიც რუსთაველზე დგანან და რამდენად აქვთ მათ იმის რესურსი, რომ უფრო გააქტიურდნენ, და ხომ არ არის აუცილებელი ამ პროტესტში უფრო მკვეთრი პოზიცია დაიკავოს ზურაბიშვილმა? არა ისეთი, როგორიც "ქარტია" თუ წინააღმდეგობის მოძრაობა იყო, არამედ უფრო აქტიური უშუალოდ საპროტესტო მოძრაობაში, რადგან დღეს თუ ვინმეს შეუძლია პროტესტის წინამძღოლობა, ჯერჯერობით სწორედ ის არის. ჩემი აზრით, რატომღაც ამისგან თავს იკავებს. ან ფორმას ვერ ნახულობს, ან მრჩევლები ცოტა სხვაგვარად უყურებენ სიტუაციას. ფაქტი ერთია, ვერ ხერხდება საპროტესტო მოძრაობის კოორდინირება, რბილად რომ ვთქვათ, აღარაფერს ვამბობ, ხელმძღვანელობაზე.
დავით ზურაბიშვილი:
ივანიშვილს წარმოდგენაც არა აქვს, დანიშნავს თუ არა არჩევნებს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დანიშნავს, და არც იმის, რომ არ დანიშნავს, მაგრამ ის ახლა ამაზე არ ფიქრობს. ის ახლა ფიქრობს, როგორ მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია, როგორ მოსპოს ოპოზიცია ისე, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეინარჩუნოს დასავლეთთან და არ დასანქცირდეს.